ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
13 ივნისი, 2012


სტრიქონებს შორის...

თვალახვეული ბედი ხელზე მიმინოდ მეჯდა.
რასაც აქამდე ვწერდი, ესვა ტკივილი ბეჭდად...
რისი ამოთქმა მსურდა სტრიქონს და სტრიქონს შორის?
უძიროს ჰგავდა გუდა, ხმამოგუდული ჭორით,
რომ დავიცალე უკვე, რომ წლებმა წელში გამჭრეს.
გულს ვუზოგავდი ლუკმად ხსოვნის უთბილეს ნაჭრებს...
თავს ვუამბობდი ალბათ, რაც თავს გადამხდა დღემდე,
წამსვლელი იყოს კარგად, მე თუ ქიმერებს ვენდე...
ოცნების ყველა ხომალდს, გულის ფსკერზე რომ სძინავს,
მოვისაკლისებ ხომ არ, როცა საქარე მინა
სახეში მაყრის წვეთებს, არ გაწვიმებულ ღრუბლის?
ხო, ალბათ, უნდა ვწერდე, როცა ახლოა ზღურბლი
წარსულისა და აწმყოს, დღევანდელის თუ ხვალის,
არც არა უთქვამს, არც ჰო - ფიქრს უცნაური ქალის.
მე კარგად მესმის მათი, ვისაც არ ესმის ჩემი...
თავს თუ ვიმართლებ თავთან, უკმაყოფილო ვრჩები...
გადმოვიფერთხე განცდა, როგორც სარჩული ჩანთის,
და არაფერიც არ ვთქვი, თუმცა, გულწრფელი ვჩანდი...
                    11.06.12

***
იყო რაღაცა იმაზე მეტი,
ვიდრე მოჩანდა ერთი შეხედვით.
იდო კოლოფი ცარიელ ”კენტის”,
მინაზე წვიმის სუსტი შხეფები
თითქოს, განწყობას ხატავდნენ ჩემსას.
ვისხედით მე და ხსოვნა მარტონი,
მე მოგონების კიმონო მეცვა...
ორივე ჩუმად იმას ვნატრობდით,
რასაც არაფრით ეწერა შეცვლა...
ჩემი წარსულის ბატონ-პატრონი,
ხსოვნასთან ერთად, ცოტათი მეც ვარ...
                      12.06.12



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს