ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: jonatan livingstoni
ჟანრი: პროზა
13 ივნისი, 2012


გზადაგზა ნაპოვნი ამბები

ძველისძველი, გვარიანად შელანძღული “ნივა“  ყოჩაღად მიიკვლევდა გზას სოფლის ოკრო-ბოკრო აღმართ-დაღმართებზე.  უძველესი ტაძრის ნანგრევების სანახავად მივდიოდით, რომელიც ადგილობრივთა თქმით, ტყის სიღრმეში იყო შემორჩენილი.
სოფლის ბოლო მოსახლესთან შევაჩერეთ მანქანა, წყალი გვინდოდა.
ხალიჩასავით რბილი, ხასხასა, მწვანე მოლი, დიდრონი ხეების საამურ ჩრდილქვეშ შეყუჟული, ქვის ბოძებზე კოხტად შემდგარი ხის ძველი, პატარა სახლი,  დახავსებული კრამიტით, ულამაზესი ჩუქურთმებით მოვარაყებული, რიკულებიანი აივნით, ქათქათა  ტილოს ფარდებით, კუთხეებში ამოქარგული ია-იების კონებით - ზღაპრულს გავდა.
  ეზოში ახალი სახლის მშენებლობაც იყო წამოწყებული. მშენებლებს იქვე, მოლზე სახელდახელო სუფრა გაეწყოთ და სადილობდნენ. იმერეთში, წყლისთვის ჭიშკართან შეჩერებულ მგზავრს, ასე იოლად ვინ გაუშვებდა? მიგვიპატიჟეს. ჩემს თანმხლებ მამაკაცებს ბევრი ხვეწნა არც დასჭირვებიათ, სუფრას შემოუსხდნენ. მე ჭასთან, სამფეხა ჯორკოზე ჩამოვჯექი.
“ალუჩა მაინც მივართვათ ქალბატონს, ალუჩაო“- გამომძახეს სუფრიდან.
ალუჩის დიდად მოყვარული არ გახლავართ, მაგრამ სიცხეში მთელი დღის ნამგზავრს,  მწვანე, წვნიანი, ხრაშუნა ალუჩის წარმოდგენაზე მაინც ძალუმად მომეძალა  ნერწყვი.
სუფრის ყველაზე ახალგაზრდა წევრი წამოდგა. ერთ, ალუჩისთვის უჩეულოდ მაღალ ხესთან  მივიდა, ახედა  და დაიძახა:
- ბებია, თინა ბებიაა! სტუმრები გვყავს!
ხის სამზადიდან კაფანდარა, გახუნებულ შავკაბიანმა ქალმა გამოიხედა. პირდაპირ ჩემსკენ წამოვიდა.  აკეცილი წინსაფარი გაისწორა გზად, თავსაფარსაც შეავლო ხელი. მომიახლოვდა, ოდნავ შეჩერდა და ჩამეხუტა.
-რავა ხართ დია, რავა გიკითხოთო.
სპილენძისფერი ნაოჭებიდან ცოცხალი, შავი თვალები ალერსიანად მიმზერდა. ოთხმოც წელს იქნებოდა გადაშორებული.
-მომკალით ვინცხამ ახლავე, რავა მარტო დაგიჟენიათ ე გოგო, “სტოლთან“ ვერ მიიპაიჯეთ? მარა, სადა გაქვენ “სტოლი“? მიწაზე ხვარ დაჟდებოდა. სახლში მობრძანდი, შენ გენაცვალე!
-არა, აქ მირჩევნია, ჩრდილში, სიგრილეში - ვუღიმი დიასახლისს.
-ბებია, ალუჩა მოვუკრიფოთო, იმ ახალგაზრდამ და მოლზე მიგდებული კიბე ალუჩის ხეს მიადგა. თინა ბებია სახლში შევიდა,  რკინის კაუჭზე დაკიდებული პატარა, მოწნული კალათა გამოიტანა, კიბესთან მივიდა, კაბა ფეხებშუა ამოიკეცა და გაოცებაც ვერ მოვასწარი, რომ უკვე ხეზე იყო.
შეშფოთებულ-აღშფოთებული მივიჭერი ალუჩასთან.
-სად აუშვით ამ ხნის ქალი?- ლამის ვუყვირე ახალგაზრდას.
- წელს ალუჩას ძალიან ცოტა ასხია, მე რომც ავსულიყავი, მაინც ვერ ვნახავდი და ბებიამ სულ კაკალ-კაკალ იცის, რომელ ტოტზე, რომელი ფოთლის ქვეშ იმალება ალუჩაო - ალალად შემომცინა ბიჭმა.
გზა ტაძრისკენ გვარიანად დაგრძელდა. ვახრაშუნებდი ალუჩას და ვფიქრობდი- მყვარებია თურმე!



*****

-ესაა საუკეთესო საპურმარილო ადგილი ამ კუთხეში, მთლად თანამედროვედ ვერაა მოწყობილი, მარა ბარეორი ძვირფასი რესტორანი ვერ შეედრება ამათ პურ-მარილსო - ასე “წარგვიდგინა“ რესტორნადწოდებული ის დაწესებულება ერთ-ერთმა მასპინძელმა.
ადგილი მართლაც რომ დიდებული იყო.
წაბლის, მუხის  და აკაციის ხეების ტევრში, წნელით ნაქსოვი რამდენიმე ფაცხა მიმოფანტულიყო.
ნაკადულობაში ვერჩატეული და მდინარეობამდე ვერმისული ანკარა წყალი თავპირისმტვრევით მიხტოდა ხავსიან ლოდებზე, კარგად თუ დააკვირდებოდით, ჩქერებში ასხმარტალებულ თევზებსაც შეამჩნევდით. ამას ჩიტების საამური ჭიკჭიკი, აკაციის ყვავილის თავბრუსდამხვევი სურნელიც დაუმატეთ და...
მდინარესთან ყველაზე ახლოს მდგარ ფაცხაში დავაპირეთ დასხდომა. 16-17 წლის ოფიციანტი შემოვიდა ამ დროს  და გვითხრა:
- მეორე ფაცხაში წამობრძანდით ბატონო, იქინა ჯობიაო.
- რითი ჯობია ბიჭო, ის ამასო? - უკვირს ჩვენს მასპინძელს.
მკვირცხლ იმერელ ყმაწვილს ლოყებზე სიწითლე შემოენთო.
- რითი ბატონო  და იქინა “სტოლსაფარს“ გარავაბრუნებ და უმფრო კაი იქნებაო.
მასპინძლებს უხეხულად ეღიმებათ, ჩვენ - გულიანად ვიცინით.
-აგერ გარააბრუნე ბარემ, შეკაცო! - ნახა გამოსავლი ერთ-ერთმა.
-აქანე ბატონო, იმდენჯერ მაქ უკვე გარანაბრუნები... ა, თვარ გჯერავთო - და ოდესღაც თეთრი სუფრა ააფრიალა.
მართლა ბევრჯერ “გარანაბრუნები“ იყო.




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს