ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
16 ივნისი, 2012


წაბლის "ძაფის" ამბავი



როცა შენს თვალწინ კაცებს, როგორც ძველ სახლებს, შლიდნენ,
როცა მოგთხოვეს გასცე და შენც დათანხმდი მშვიდად,
როცა წაგებულ ომის ზეიმზე დასცხე ტაში,
მაშინ იქეცი მონად, მონად იქეცი მაშინ...
როცა ნაომარ ბიჭებს შენს თვალწინ ფეხით შესდგნენ,
არ გაწუხებდა ეჭვი, ვინ იქნებოდა შემდეგ...
ერთგულება რომ რაცხეს ძაღლის თვისებად მხოლოდ,
მაშინ დაიწყო მარცხის ეს უსასრულო სოლო...
დაგაზეპირეს როცა უსამშობლობის განცდა,
მაინც არჩიე მოცდა, ხმის ამოღების ნაცვლად...
როცა გიჭედდა უცხო ყურებს ათასგვარ ნაგვით.
შენ სულ უფრო და უფრო „ახალ ქმნილებას“ ჰგავდი...
თურაშაულის პატრონს სხვისას გიქებდნენ პანტას,
არც კი გიკითხავს - რატომ? მონა იყავი რადგან...
როცა დაგაჭრეს ყურზე შენი სამყოფი ხახვი,
ისევ გადექი განზე, სათქმელი ისევ არ თქვი...
რად არ გიყივლა სისხლმა, როცა უსისხლოდ გკლავდნენ,
როცა მისხალ და მისხალ სხვა სისხლს გისხამდნენ მკლავში?
როცა აბუჩად იგდეს შენი რწმენისთვის ლოცვა,
როგორ გეძინა იმ დღეს, როცა გასწავლეს ხოცვა?..
ცაში არწივებს როცა ცოცხლად დააჭრეს ფრთები,
ისევ არჩიე მოცდა, ყალყზე შემდგარი თმებიც
გადაივარცხნე მშვიდად, თავზე საცხიც კი იცხე.
სულ არ გიწვავდა შიგანს, თავი რომ გექცა ციხედ...
არც ხუთკუნჭულას ხერხით სცადე გეჯაბნა ღონე,
მონობა ყველა ქედს ხრის, სანამ შიში აქვთ მონებს...
ეს დროც უგზავნის გზავნილს უსასრულობის "რვიანს",
ყველა ამ სოფლის მგზავრნი წავალთ ადრე თუ გვიან...
აღარც ღირსების ლანდი, არც სიამაყე წამლად,
არ გაქვს და... აი, დარდი! „ძაფი“ ხომ მოგცა წაბლმა...
                14.06.12



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები