ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: დავით შემოქმედელი
ჟანრი: პოეზია
15 ივნისი, 2012


ორი ვერლიბრი

***
ჩემგან საპირისპირო მხარეს ყურება
შენი ხელობაა.
რა ცოდვილი ვარ...
დამანახვე გზა,
გაუბედავი ცოდვის გამო
სინანულს რომ ამაშორებდეს...
ხეები კიდევ ბევრჯერ გაშიშვლდებიან
შემოდგომის მიწურულს
ზამთრის თეთრ სარეცელზე
დასაქორწინებლად.
მერე ორსულნი
გაზაფხულზე მშობიარე
კვირტებს გამოფენენ.
მათგან განსხვავებით ჩვენ
ვერ ვიყვავილებთ,
ნაყოფს ვერ გამოვიღებთ.
სხვადასხვა მხარეს
მოძრავ მატარებლებში ვსხედვართ
და ერთმანეთთან შეყრას
გულუბრყვილოდ ვლამობთ.
აიხედე ზემოთ,
ვარსკვლავებმა ამოხაპეს ცა
და ინსომნიასთან გამაძიძეს.
ჩამოაყრდნე მშვიდად თავი
ჩემს მხარს,
რომ შენი თვალების ჭებიდან
ჩემს ცხოვრებაში შემოჭრის
შიში გაიდევნოს.
მიზიდულობის სამკუთხედში
მესამე კუთხე ზოგჯერ
ზედმეტზე მეტად აუცილებელიცაა.
გავუყუჩდეთ ღამის
იდუმალ მდუმარებას.
დაიხსომე, მეგობარო,
ცხოვრება არც ისე საშიშია,
როგორც შენ ფიქრობ,
მაგრამ არც ისე უხიფათო,
ჩიტებს რომ ჰგონიათ ...

***
დაელოდე, სანამ საბოლოოდ
დაეშვება შენს ფანჯარასთან
წვიმის გამჭირვალე ფარდა...
ბუნდოვან, მკრთალ სივრცეში
იკვეთებიან მობორიალე ლანდები...
ერთი მათგანი შენც ხარ...
ცისქვეშეთში სად,
რომელ საგანს უნდა დაეყრდნო...
ყველაფერი მიდის ... მიდის ... მიდის...
არსად არაფერი ბოლომდე არ დგას,
რომ არსში ჩაწვდე.
მზის ვირტუალურ სხივებს
მაინც დაელოდე, თუმცა რასაც
ღამით ვერ შეიგრძნობ,
დღითაც ვერ დაინახავ.
რა მნიშვნელობა აქვს,
თაბახის ფურცლებს
რომაული წესით ავსებ,
თუ არაბულად.
დაელოდე,
მარჯვენა ჰემისფეროდან
გულის მარცხენა პარკუჭის
გავლით ტკივილს დაელოდე,
რადგან ბოლო ამოსუნთქვამდე
რამდენიმე წამით ადრეც
არსებობს შანსი
პოეტად დაბადების...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები