ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანი მატისი
ჟანრი: პოეზია
26 ივნისი, 2012


შეყვარებულ თვითმკვლელთა სიმღერა (ჰარლემი 1920)

                  „მოდი
                  ერთად ვიხეტიალოთ ღამეში და
                  ვიმღეროთ ერთად

                  მე შენ მიყვარხარ“

                  Langston Hughes




მთელი ჰარლემი ჭაობია
და შიგ ჩავარდნილ მზეს ძირავენ ჰელოფიტები.
რა უცნაურად და მარტივად იწყება ღამე...

...................................

მოდი
ვაქციოთ ზურგი ამ მდიდრულ კვარტლებს,
გავყვეთ ჰარლემის ავადმყოფ ჰაერს
ღარიბთ კვარტლებში,
იქ სადაც ღამე,
გაწეპილი ქაღალდივით ცაზე კიდია
და ქერცლფრთიანი რაზმებივით იკრავს სუიციდს.
წელშიმოხრილებს სადაც დაყავთ თავისი ღმერთი,
ზურგზე ტვირთივით
და სადაც მხოლოდ იატაკქვეშა ალკოჰოლს სვამენ...

ვტკეპნოთ მუხლებით სარკინიგზო გზაჯვარედინი
ხომ იცი მაინც ვერ მივუსწრებთ ისტის ორთქმავალს...
წარმოვიდგინოთ
რომ ხიდის ქვეშ ჩვენ ვართ თევზები
და ერთმანეთის აცრემლებულ თვალებში ვყვინთავთ,
მაშინ როდესაც
თაღებს კრავენ ცაზე ნისლები.

და მერე ვთვალოთ
ნაქირავები ოთახების სახურავებზე ჩამომსხდარი ანგელოზები,
დახეული ტვიდის ფრთებით და
ლანჩამძვრალი ფეხსაცმელებით.

ნაქირავები ოთახების სახურავებზე
მოვუსმინოთ ჩვენ მშიერ კუჭთა სიმფონიას,
მაშინ როცა ჯაზით ივსებენ მდიდრები ფილტვებს.
და ჯანდაბამდე გზა ჰქონია თვით ელინგტონსაც....

ღამის ორგაზმით ჩავუტეხავთ მდიდრებს, მშვიდ სიზმრებს
და სახურავზე შედედებულ ნისლში ჩავწვებით,
ბოლო ღერიდან გამოვუშვებთ ავია-ნაფაზს
და როცა ღამე ჩაისუნთქავს, ჩვენს შავ ანფასებს
და როცა მიწა, აიწყვიტავს ცისკენ მთვრალ ქუჩებს,
ჩვენ ამოვზიდავთ ერთად მთვარეს,
კუნაპეტი ღამის ტბორიდან
და წარმოვიდგენთ რომ ვართ ჩიტები.
მერე რელსებქვეშ გავშლით დაღლილ ფრთებს,
ვიტყვით, ფრინველად დაბადება რა ადვილია,
და როცა ჩვენსკენ დააგორებს ღამე ვაგონებს
ცისკენ გავუშვებთ,-
ცოდვილ სულთა ესკადრილიას.
.......................................
და ღამით როცა ჰარლემს ხრავენ ჰელოფიტები,
ჩვენ ვართ ჩრდილები,
ჩვენ ვართ ხმები,
ამ ჭაობიდან აფრენილი ერთხმად ჩიტების.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები