ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანი მატისი
ჟანრი: პროზა
1 ივლისი, 2012


ფერნუშ თორაბი

                       

      ამ ჟურნალებშიც ხომ საინტერესოს  ვერაფერს წაიკითხავ, ერთი და იგივე უაზრო სტატიები, სულელური ინტერვიუები და hariis interactives სასაცილო კველევები,- დანიცამ სათვალე მოიხსნა, ჟურნალის წაკითხულ გვერდებს შორის ჩადო და უკმაყოფილო სახით გადახედა ფერნუშს.
      ფერნუშ თორაბი ჭრელ, ყვავილებიან, სასაცილო ტრუსებში გამოწყობილი დივანზე ნებივრობდა და საერთოდაც, ყველაზე ზარმაცი თურქი იყო  ფლორიდაში-მთელ „რედლენდ როუდზე“ . მას შემდეგ რაც ველორბოლას შეეშვა, სახლში ჩაჯდა, მთელი დღე ტელევიზორთან, დივანზე წამოკოტრიალებული იწვა, სპორტულ გამოშვებებს ადევნებდა თვალს  და ღერი-ღერზე ეწეოდა, სამსახურის ძებნა რათქმაუნდა არც კი უცდია, აკვიატებული აზრით, რომ ორმოცდსამი წლის ასაკშიც კი ისეთივე პოპულარული იყო, როგორც ზუსტად ოცი წლის წინ, როცა ფლორიდის ტელევიზია თუ პრესა, მის მიღწევებზე  საუბრობდა და წერდა, ამიტომ თვლიდა, რომ თუ მისი სამსახურის გაწევა ვინმეს დასჭირდებოდა აუცილებლად თავად მიაკითხავდნენ, მანამდე კი წინ დიდი დრო ჰქონდა დასვენებისთვისა და დივანზე ნებივრობისთვის, სინამდვილეში დიდი ვერაფერი სპორტსმენი ვერ იყო, ველოტრეკზე 20 კილომეტრიან დისტანციებზე 2 - ჯერ აიღო მესამე ადგილი, დანიცა კი მთელი იმ წლების მანძილზე, რაც ერთად ცხოვრობდნენ აკლებული ყავდა ერთი და იგივე ამბის მოყოლით, რაც დანიცამაც კარგად იცოდა,  ეს იყო  ჰოლანდიელი სანდერ დოუმას - ველოტრეკების ერთ-ერთი საუკეთესო  დამპროექტებლის პროექტი, რომელიც ფერნუშმა გახსნა, თუმცა არა სპორტში მიღწევებისა და დამსახურებების გამო, უბრალოდ სანდერ დოუმა ფერნუშის დედის საყვარელი იყო წლების განმავლობაში, ნუ როგორც ხდება ხოლმე...     
    ტელევიზიებიც სწორედ ამ ფაქტს აშუქებდნენ რამდენიმე დღის მანძილზე, რამდენჯერმე გაუშვეს ფერნუშზე სიუჟეტი, ეს კი  სრულიად საკმარისი აღმოჩნდა, რომ  შემდეგი ოცი წლის მანძილზე, თვითკმაყოფილი, ჭრელი, ყვავილებიანი ტრუსებით დივანზე წამოგორებულიყო და საკუთარი თავით ეამაყა.
-  მთელი დღის ისევ უაზროდ გატარებას აპირებ?-ჰკითხა დოინჯშემოყრილმა დანიცამ.
-  რამე უკეთესი იდეა გაქვს?
-  ჩადი და Patisserie Valerie-ს საფუნთუშედან გოგრის ღვეზელები ამოიტანე, სახლში გაკეთებულს ნამდვილად აჯობებს, მერე შეიძლება რამე მოვიფიქროთ რომ კვირა დღეც, სხვა დღეების მსგავსად ასე უაზროდ არ გავატაროთ.
- მშენივრად იცი, რომ სულ არ ვართ იმ სიტუაციაში, საფუნთუშეებიდან ღვეზელები შევუკვეთოთ, თანაც ეს გოგრის ღვეზელი საიდან გაგახსენდა, რამე ახალი ახირებაა?
- მთელი დღე გაუნძრევლად წევხარ დივანზე, სულელური გადაცემების ყურებაში ატარებ დროს, არც მე მაქცევ ყურადღებას და არც იმას ცდილობ, რომ სამსახური იშოვნო, რომ  რამე შეცვალო ცხოვრებაში, ჩვენ კარგი, ჯანდაბას და ბავშვი? ბავშვს რა ეშველება?
- სამსახურს რაც შეეხება სწორედ გუშინ გავაგზავნე რეზიუმე, იმედია პასუხი მალე მოვა და ამიყვანენ სამსახურში,-მშვიდად უპასუხა ფერნუშმა, ისე, რომ თვალი არც კი მოუშორებია ტელევიზორისთვის, -და რაო, ვინ ბავშვზე მელაპარაკები?- უცებ გამოერკვა ფერნუში და გაკვირვებული სახით გახედა დანიცას.
- ხო რას მიყურებ, ბავშვზე გელაპარაკები, ხომ შეიძლებოდა გვყოლოდა, მაშინაც ასე უსაქმოდ იქნებოდი მთელი დღე?
-  გითხარი ზუსტად გუშინ გავაგზავნე რეზიუმეთქო.
-  კი მაგრამ რა ჩაწერე, ის რომ არსად გიმუშავია და მთელი ცხოვრება უაზრო ველორბოლას შესწირე? და რა მიიღე?- არც არაფერი. ჯობდა სხვა სპორტით დაინტერესებულიყავი, ან რამე სხვა საქმე გეცადა, სხვათაშორის იმ დღეს წავიკითხე ჟურნალში, ვინც ველორბოლაში მონაწილეობს და კვირაში 160 კმ-ს მაინც გადის, გენიტალიური შეგრძნებები უქვეითდებათო. ხანდახან სიმართლესაც წერენ ამ ჟურნალებში, შენ მარტო გენიტალიური კი არა, ყველა შეგრძნება გაქვს დაქვეითებული, ის მაინც თუ გახსოვს სექსი ბოლოს როდის გვქონდა.
- ნეტავ როდის მოეშვები ამ სისულელეებს...
- როცა სამსახურს იშოვნი, როცა ყურადღებას მომაქცევ, როცა...
- ხომ გითხარი რეზიუმე გავაგზავნე და პასუხს ველოდებითქო,- გააწყვეტინა ფერნუშმა ლაპარაკი.
- კი მაგრამ რა ჩაწერე?
- ის რომ ფლორიდის ჭაობებში ალიგატორების თვალთვალი მიყვარს, თუმცა არასდროს ვყოფილვარ და არ მითვალთვალია, ის, რომ ჩემმა დამ მარწყვის ჭამის კონკურსში პირველი ადგილი აიღო და სწორედ ამის მერეა რომ ალერგია აქვს ფლორიდულ პაპაიაზე, რომ შიშველი უკეთ ვმუშაობ, მაგრამ ბოლო ორმოცდასამი წელი საყვარელი კატის სიკვდილის გამო არსად მიმუშავია, რეზიუმეს დედაჩემის წერილი და ფოტოც დავურთე, ვიფიქრე გავლენას მოახდენსთქო, ხო, სულ დამავიწყდა, ისიც აღვნიშნე, რომ პარასკევიდან კვირის ჩათვლით ვერ ვიმუშავებ, რადგან ეს დრო ალკოჰოლის მისაღებად მაქვს განკუთვნილი, მაგრამ დასაიმედებლად, რეზიუმეს ჩემი ველოსიპედის კარიკატურა მივახატე წარწერით, რომ სამსახურში აყვანის შემთხვევაში, ამ საჩუქარს დამქირავებელი აუცილებლად მიიღებდა.
- იდიოტი ხარ და მეტი არაფერი, ვერ ვხვდები რა გიშლის ხელს, რომ...
- მეორე ხელი,- არ დაამთავრებინა ფერნუშმა ბოლომდე თქმა დანიცას და ხმამაღლა გადიახარხარა.
უმაქნისი,- ჩაილაპარაკა დანიცამ და სამზარეულოში გავიდა გოგრის ღვეზელების გამოსაცხობად. მუყაოს გრძელი ყუთიდან ლავანდის არომატული  ჩხირები ამოიღო, ხის ვიწრო სპეციალურ დაფაზე დაამაგრა და აანთო.
      მთელ ოთახში ლავანდის სასიამოვნო სურნელი დატრიალდა.
ფერნუში ამ დროს ისეევ დივანზე წამოკოტრიალებული ტელევიზორს უყურებდა, არც კი შეუმჩნევია როგორ გავიდა დანიცა სამზარეულოში.
სპორტულ გამოშვებას უყურებდა.
-  ტრევიმ უოქერსი ხო გახსოვს?- აი ველოტრეკის გახსნაზე რომ გაგაცანი,-გასძახა ფერნუშმა სამზარეულოში დანიცას, თან სიცილს ვერ იკავებდა.
- მახსოვს, კი, და რა ხდება?-დანიცამ ფქვილიანი ხელები წინსაფარზე შეიწმინდა და ოთახში გამოვიდა.
- რა ხდება და,- სიცილს ვერ იკავებდა ფერნუში,- ახლა გამოაცხადეს, სამხრეთ აფრიკაში მინდორში სეირნობის დროს ველომრბოლელ ტრევიმ უოქერს მოულოდნელად ანტილოპა დაეჯახაო.
- და შენ სპორტულ გამოშვებას უყურებ თუ  animal planet-ს,-გადაიხარხარა დანიცამ,-ახლა როგორაა?
- ვინ ანტილოპა?-სიცილს ვერ იკავებდა ფერნუში,-ამბობენ ანტილოპა ტრევიმს უჩივის, საქმე აღძრა სასამართლოში მე ჩემს ტერიტორიას ვიცავდი და ეს კიდევ ველოსიპედით შემომეჭრაო.
- იდიოტი,- ჩაილაპარაკა დანიცამ და ისევ სამზარეულოში გავიდა.

    სახლი ლავანდისა და გოგრის ღვეზელის სასიამოვნო სურნელით გაიჟღინთა, ფერნუშმა ცხვირი შეიჭმუხნა, რაღაც უჩვეულოდ იგრძნო თავი, ტელევიზორში საინტერესო ვეღარაფერი მოძებნა და დივანთან ახლოს, პატარა მაგიდაზე დადებულ პრიალაყრდიან ჟურნალს გადასწვდა, ბევრი მოძრაობა არც დასჭირვებია, ხელის გადაწვდენა სრულებით საკმარისი აღმოჩნდა.
ჟურნალის გვერდებს შორის დანიცას სათვალე იყო მოთავსებული, ფერნუშმაც სწორედ ამ გვერდებზე გადაშალა, გვერდები აჭრელებული იყო პატარ-პატარა სტატიებით, კვლევებით, ათასგვარი რჩევებით...ფერნუშს თვალში ჩარჩოში დიდი ასოებით დაწერილი წარწერა მოხვდა: „მამაკაცებისთვის ყველაზე აღმგზნები არომატი ლავანდისა და გოგრის ღვეზელის კომბინირებული სუნია, ამტკიცებენ ჩიკაგოს  სუნისა და გემოს კვლევის ფონდის სპეციალისტები“.
  ფერნუშს ჩაეღიმა, დივანიდან წამოდგა და სამზარეულოში დანიცასთან გასწია.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები