ნაწარმოებები


გთხოვთ დავეხმაროთ საიტის წევრს კონკურსში გამარჯვებაში. დეტალები იხილეთ ნაწარმოების ბოლოს https://urakparaki.com/?m=4&ID=113471     * * *         * * *         * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: jonatan livingstoni
ჟანრი: პროზა
9 ივლისი, 2012


იასამანი

ბიჭი სკოლის ჭიშკართან დგას და ელოდება - იცის, რამდენიმე წუთში მოსახვევიდან გოგონა გამოჩნდება. ბიჭის დანახვაზე მერცხალა წარბებს შეიკრავს, მოღიმარ, თბილ, თაფლისფერ თვალებში მრისხანება  ჩაუდგება, უბრად და აჩქარებული ნაბიჯით ჩაუვლის.
დიდი ხანია ასე გრძელდება.
ყველაფერი შვიდი წლის წინ დაიწყო.
სკოლის ეზოში, “მგელობანას“ თამაშში გართული მესამეკლასელი ყმაწვილი მთელი ძალით დაეჯახა პირველკლასელ, სიფრიფანა გოგონას, ტიტების თაიგულით ხელში, ზეიმზე რომ მიიჩქაროდა. უცებ წამოდგა წაქცეული გოგო, თეთრი წინსაფრიდან მტვერი ჩამოიფერთხა, გადაყვლეფილი მუხლებისთვის ყურადღებაც არ მიუქცევია, თაიგული აიღო. ყველა ტიტა გადატეხილიყო. ცივად გაუშვა თაიგულს ხელი, იქვე გაშეშებულ ბიჭთან მიიჭრა, აფშეკილ ქოჩორში თითებით წვდა, მაგრად დაქაჩა და მთელი სკოლის გასაგონად დაუყვირა - რატომ დამიმტვრიე “ტულპანები“, რატომ?
წყენისა და ტკივლისგან იტირა ბიჭმა.
გოგოს ნატკენი მუხლისთავებიდან წანწკარით მოდიოდა სისხლი, ქათქათა  წინდებს წითლად უხაზავდა, მაგრამ ცრემლიც კი არ გადმოვარდნია.
იმ დღიდან, გოგონამ სამუდამოდ დაიბუდა ბიჭის გულში. ბიჭმა ვეღარასდროს, ვეღარაფრით მოიგო გოგოს გული.
ახლა კლასამდე უნდა მიაცილოს.
გოგოს თანაკლასელი წამოეწია, იასამნებით ხელში.
-უკვე აყვავდა? როგორ მიყვარს იასამანი!
- ლეილა მასწავლებლისთვის მიმაქვს, იმასაც ძალიან უყვარს.
- სულ პატარას მოვტეხავ, კარგი?- იასამნის მოზრდილ ტოტს ერთი ციდა ყვავილი მოატეხა და ნეტარებით დაყნოსა.
“ ხვალ შენ მსოფლიოში ყველაზე დიდი იასამნის თაიგული გექნება“- გუნებაში დაჰპირდა ბიჭი.
იმ დღეს მთელი უბანი მოიარა, მაგრამ არსად ყვაოდა იასამანი. დილით ადრე წავიდა სახლიდან. სოფლის მეორე ბოლოსკენაც უნდა მოეძებნა. სკოლას სამასიოდე მეტრით გასცდა და დაინახა კიდეც იასამნის აყვავებული ბუჩქი.
-ეს როგორ არ გამახსენდაო? - ჯავრი მოუვიდა საკუთარ თავზე. ჭიშკარი შეაღო. რამდენიმე დიდი ტოტი მოტეხა, მაინც ეპატარავა თვალში და სულ დაკრიფა. ხელს ძლივს აწვდენდა თაიგულს.
- ვიცი, არ გამიბრაზდები, ცუცა ბებო. ვენახის ბოლოში, საადრეო ბალს სულ რომ გიცლიდი, იმაზე არ ბრაზობდი და... - ღიმილით უთხრა ხუთიოდე წლის წინ გარდაცვლილი მეზობლის საფლავის ქვაზე დახატულ სურათს. სასაფლაოს ჭიშკარი ფეხით გამოიხურა და სირბილით წავიდა სკოლისკენ. მაინც დააგვიანდა. ზარი უკვე დარეკილი იყო.
მეშვიდე ბე კლასის კართან დააწყო ყვავილები. არ მოეწონა- დაყრილს ჰგავდა. დერეფნის კუთხეში ცარიელი რკინის ყუთი დაინახა, ეზოში გაიტანა,  მიწით აავსო, ისევ შემოიტანა და იასმანის ტოტები სათითაოდ ჩაარჭო ყუთში. ნამდვილი ბუჩქივით იყო.
ამასობაში ზარიც დაირეკა. ბიჭი კიბის ქვეშ დაიმალა.
კლასიდან ჯერ ბიჭები გამოცვივდნენ და არც კი შეუმჩნევიათ მოულოდნელად აყვავებული ხე. ოთახიდან გამოსულმა პირველივე გოგონამ კი, იასამნის დანახავზე ტაში შემოჰკრა და დაიძახა - გოგოებო, გამოდით ჩქარა, ნახეთ, ჩვენს კართან იასამანი აყვავებულაო!
ის სულ ბოლოს გამოვიდა. იასამნის ირგვლივ შემოჯარულმა გოგონებმა უნებლიეთ დაუთმეს ყვავილებამდე მისასვლელი გზა.
გოგონა იასამანთან დაიხარა, ხელი შემოხვია და გულში ჩაიკრა საყვარელი ყვავილი. მერე მზერა ჩუმად მიმოატარა ირგვლივ. კიბის მოაჯირთან მიმალული ბიჭი შენიშნა. მყისვე კუშტად შეჰყარა წარბები, მაგრამ ბიჭმა მაინც  დაინახა- სიხარულის, ბედნიერების, მადლიერების ნაპერწკლებმა მოასწრო ამოციმციმება მრისხანების მორევიდან.
მეტი არც არაფერი უნდოდა.







კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები