ნაწარმოებები



ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
11 ივლისი, 2012


ტირილი - არათემატური, ამეთვისტური

ადგილი - ჩემთან.
დრო - დღეს საღამოს.
დრეს კოდი - რამე თავისუფალი.

არ დაიშვება,
ვისაც ცხოვრება
მწიფე მდოგვივით
ან დაპნეული პილპილივით
ცხვირში არ ურტყამს -
- არ ეტირება,
თუმცა,
რატომაც არ დაიშვება!

ყველა - თავისას.

ვიწყებთ ცალ-ცალკე ანდა ერთად,
როცა ყელში მოგვაწვება,
როცა ხორხი ჩაგვეხერგება,
ან სხვას ავყვებით.

დასაშვებია სულის მოთქმა,
თემის გაცვლა,
ანდა გამოცვლა,
შიგადაშიგ - გახუმრება,
პარტნიორის ცივი თითების მუჭში მოქცევა,
უცხო უბეში თავის ჩარგვაც,
ქანცგაწყვეტილზე
ღრმა მთქნარება და ჩათვლემაც კი დასაშვებია.

მერე - თავიდან.
მთავარია - ხავილამდე,
ხმის ჩახშობამდე,
გულის დაცლამდე
და ცერზე დაპირქვავებამდე.

წყალში თევზის ცრემლი არა ჩანს.

დამშვიდობებას ნურც ეცდებით,
უბრალოდ, წადით,
დაივიწყეთ, ვინ - ვინ იყო,
ვინ - ვინ არ იყო,
ვინ - რაზე - როგორ
და დაიხსომეთ ოქროს წესი:
როგორც ბანკირი თავის კლიენტს -
- ამიერიდან გარეთ ერთმანეთს
თავის დაკვრითაც არ ვესალმებით.
არც ერთი-ერთზე დარჩენას ვცდილობთ.

იქ, ცხრა მთასა და ცხრა ზღვას იქით,
ერთი გზის პირად
ერთი პატარა სასახლეა,
იმ სასახლეში
ერთი ქვა-რკინა შეიჯახუნებს ოთახის კარს,
სიმარტოვეში კედლებს,
კარადებს წაუშენს მუშტებს,
ცას აწყდებიან მიმომსხვრეული სარკეებიდან
დაფეთებული
გამრავლებული ორეულები...

(როგორ იელვა!
მიწის ძირამდე ჩაიკლაკნა!
და მერე დასცხო!)

ის კი ეცემა მოცელვით სკამზე
და ხელისგულთა ბალიშებს იკბენს
და როცა სუნთქვა გაეხსნება,
წყვილი პეშვის ზიარჭურჭლიდან
დაიგემოვნებს ამეთვისტოებს
და ლოყაზე ჩამოგორებულ ბოლო მარცვლებს რომ
ენის წვერით ეთამაშება,
თვალებს მოჭუტავს მონაცვლეობით
და გეგონება, კიდეც იღიმის,
ან იქნებ მართლა ეღიმება.

გამოგეტირე.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები