ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანი ხარაიშვილი
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
12 ივლისი, 2012


პროტესტი

        წლებია,ინტერნეტ სივრცეში იბეჭდება კრიტიკა-პუბლიცისტიკა. რასაკვირველია, ყველა მათგანს თავისი კონკრეტული იდეა, კონკრეტული შინაარსი აქვს, თუმცა, მინდა გამოვყო ბოლო დროს განსაკუთრებით გავრცელებული, ე.წ. ,,ქართველობის დაკარგვის პრობლემა საქართველოში’’.  ყველა წუხს, რომ ერი ,,დალაჩრდა’’, რომ ქართველებს სამშობლო აღარ ადარდებთ, რომ ყოველმა მეორემ ქართველობასთან ერთად ადამიანობაც დაკარგა და ცხოველებს დაემსგავსნენ. 
     
ამ თემასთან დაკავშირებული იმფორმაციის  ორი ,,წყარო’’გვაქვს.  წერილობითი, კრიტიკა-პუბლიცისტიკის სახით, და მეორე, მარტივად რომ ვთქვათ ,,ფუჭმეტყველება’’. 
       
ჩვენთვის ყველასთვის ცნობილია, რომ პუბლიცისტური წერილისათვის დამახასიათებელია საუბარი, მსჯელობა მეორე პირში. რაც ხშირად გამაღიზიანებელი ხდება ხოლმე მკითხველისათვის. ილია ჭავჭავაძისეული პრინციპი, ,,ჩვენ საზოგადო ჭირზედა ვწერთ’’  გადაიზარდა  საზოგადოების ,,ერთ ქვაბში მოხარშვაში’’,  რაც პირადად ჩემშიც პროტესტის გრძნობას იწვევს.  განსაკუთრებით მოდაში შემოვიდა უმოქმედობის დაგმობა, უნდა ვაღიარო- კარგად წერენ ამის შესახებ, იშველიებენ ფრთიან ფრაზებსაც, მაგრამ ჯერ არ წამიკითხავს წერილი სადაც ნაჩვენებია გზა გამოსწორებისაკენ.  ეს გზა ტაძარში სიარული, საკუთარ სულებზე ზრუნვააო - მარტივად ამბობენ. თითქოს საკუთარ სულზე ზრუნვა მარტივი საქმე იყოს. 
       
კარგად ჩამოყალიბებულ, რაიმეს მომცემ  პუბლიცისტურ წერილს კიდევ წაიკითხავს ადამიანი, მაგრამ ამ პრობლემაზე ხალხი უკვე  მზესუმზირით ხელში,  საღამოს ,,სკამეიკაზე’’ ჩამომჯდარი,  ან სავარძელზე მოკალათებული, ტელეფონით საუბრობს.  საკითხი განიხილება  ავტობუსებშიც, ახალგაცნობილი მგზავრების მიერ. ინტერნეტ სივრცეში ასევე ახალგაცნობილი  ინტერნეტმომხმარებლების მიერ. - მთავარი პრობლემაც სწორედ ეს არის: საბედისწეროდ მნიშვნელოვან ფაქტზე საუბარი ახლა ხალხისათვის ერთმანეთის სიმპათიების მოსაპოვებელ საშუალებად იქცა  და  მცდელობა რეალური გამოსწორებისაკენ როგორც წესი ამ საუბრის დამთავრებისთანავე ქრება ხოლმე.
   
რატომ გახდა ეს თემა ასეთი პოპულარული საზოგადოებისათვის?  იქნებ ეს სხვისი ნაკლის დანახვებით  საკუთარი ნაკლის დაჩრდილვის  პრინციპია?...
   
ყველაზე მთავარი ის არის, რომ კრიტიკა დღევანდელი ქართველის საკვებად იქცა...  და ამ  ,,ტკბილეულს’’ თითქმის ყველა ეტანება...  მაშინ ვინ არის გამოსასწორებელი,  ვის ვაკრიტიკებთ, თუკი თავად ის ,,განკითხულიც’’  ამ პრობლემაზე საუბრობს...
   
იქნებ პრობლემა თავად ჩვენშია!... იქნებ ვაჭარბებთ და სულაც არ არის ასე ტრაგიკულად საქმე?!  იქნებ ყველას გვიყვარს სამშობლო ჩვენებურად, იქნებ არსადაც არ დაკარგულა ქართველობა, არც არავინ დალაჩრებულა... არამედ, ლაჩარი ლაჩრად დარჩა, ცხოველი ცხოველად და ჩვენ  მხოლოდ ამის საფუძველზე ვკიცხავთ მთელ ერს- დაუმსახურებლად....
მიმოვიხედოთ ირგვლივ!  ჩვენ, ყველამ !  მკითხველო, შენ  დაკარგე  პატრიოტიზმი?! დედაშენი არ გავს იმ მედგარ ქართველ დედას, რომელიც ყოველთვის ყველაფერს აკეთებდა თავისი შვილებისათვის და როცა საჭირო გახდებოდა ქვეყნისათვის ომშიც უშვებდა მათ?!  (მაშინ ვინ გაუშვა ქართველი მამაცები აგვისტოს ომში?) 
შენი და-ძმა არ არიან დასაფასებელი ადამიანები, შენი მეგობრები?!
   
მაშინ ვიზე ვსაუბრობთ, ვის ვკიცხავთ!
   
იქნებ არაფერი შეცვლილა საერთოდ?...  იქნებ ჩვენ  ამ ფუჭი კრიტიკით თავად ბუნების კანონონს ვეწინააღმდეგებით?!...  დიახ, ბუნების კანონი ვთქვი და არა ღვთის დაწესებული...
    ჯერ კიდევ უხსოვარ დროშიც ასე იყო... 
    იყო ორი ყმაწვილი, კაენი და აბელი. აქედან ერთი კარგი, მეორე-ცუდი.
    ნუ მოვიხსენიებთ ნურც ერთ უდანაშაულო ადამიანს უსამართლოდ!  ვისაუბროთ კონკრეტულზე და ვეძებოთ ამ კონკრეტულის გამოსწორების გზა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები