ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: დავით შემოქმედელი
ჟანრი: პროზა
26 ივლისი, 2012


ჩიტისა და მგლის ამბავი

სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა იმდენად მოულოდნელი იყო, რომ ყველა გააოგნა.  მიცვალებულის  გაკვეთისას  აღმოჩნდა,  რომ  გული  გამქრალიყო.  რაც დღემდე არ მომხდარა, რაღა ამ უბედურს დაემართაო, კითხულობდნენ ჭირისუფლიდან დაწყებული სენსაციას გამოდევნებულ ჟურნალისტამდე. თუმცა უმეტესობა მაინც არ იჯერებდა, რაღაცაშია საქმე, თორემ როგორ შეიძლება ცოცხალი ადამიანის გული გაქრესო. ეკლესიის მსახურნი ამ შემთხვევას აპოკალიფსისთვის თანდაყოლილ ნიშნად აღიქვამდნენ, სეირის მოყვარულნი უბრალოდ ერთობოდნენ, ექიმები _ დღემდე უცნობი, ახალი ავადმყოფობის შედეგიაო _ იმეორებდნენ. ის კი იწვა თავისი ერთოთახიანი ბინის ერთ ძველ, ნახევრად მორყეულ ტახტზე და ვინმეს რომ არ ეთქვა, ვერაფრით წარმოიდგენდით, თქვენ წინ ცხედარი რომ ესვენა. ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, თითქოსდა კი არ მომკვდარიყო, არამედ ადამიანებს გაჰქცეოდა და მათზე გულნატკენს გადაეწყვიტა, სამუდამოდ დადუმებულიყო. დაკრძალვის წინა დღეებში მხოლოდ გარდაცვალებულის შესახებ ლაპარაკობდნენ, იხსენებდნენ ყველა წვრილმანს მასთან ურთიერთობიდან. მართლაც, ვინ იყო, რა უცნაური ბედისწერის კაცი იყო გურამ სანთებლიძე, რომ სწორედ მას შეემთხვა ასეთი დაუჯერებელი რამ.
      იმ წელიწადს აუტანლად ცხელი ზაფხული იდგა. ქალაქის უხუცესთაც კი არ ახსოვდათ მსგავსი რამ. ისეთ უცნაურ ამბებს ჰყვებოდნენ, ხალხი შიშისაგან იზაფრებოდა. თითქოს ქალაქი უზარმაზარ კოცონზე მოთუხთუხე ქვაბს ჰგავდა, შიგ ჩაყრილი ადამიანებით. გეგონებოდათ, უფალმა სიცოცხლეში დაანახვა მათ ჯოჯოხეთის საშინელებანიო. გურამი ამქვეყნად აღარ იყო და, ბუნებრივია, სრულებითაც არ აწუხებდა, რა ჭირის ოფლში იწურებოდნენ მისივე თანამოქალაქენი. ცნობილი სპეციალისტებიც კი ვერ გარკვეულიყვნენ გულის გაქრობის მიზეზში. ბოლოს კანადიდან ჩამოყვანილმა კარდიოლოგმა უახლესი სამედიცინო საშუალებებით დაადგინა _ გული შეჭმულ იყო. გაოცებას უფრო მეტად ის იწვევდა,  რომ რენტგენზე დათვალიერებისას აშკარად შეიმჩნეოდა ადამიანის კბილების გამოსახულებები. ინტერესი ამ მოვლენის მიმართ თანდათან უფრო იზრდებოდა, ხალხი გარდაცვალებულის ირგვლივ უმნიშვნელო ცნობასაც კი ხარბად ეტანებოდა. მის საწერ მაგიდაზე უცნაური ნაწარმოები აღმოაჩინეს, რომელიც მეორე დღესვე ლიტერატურულ გაზეთში დაიბეჭდა.
,,ერთ ქალს საყვარლად ჩიტი ჰყავდა. შეფრინდებოდა თუ არა მის  ოთახში, ქალს ფრთები უმალ  გამოესხმებოდა და ერთად იწყებდნენ ქროლვას. ბოლოს იმდენად მოუხშირა ჩიტმა საყვარელთან ფრენას, რომ ჩიტი და ქალი სულ ცაში იყვნენ, ხოლო დედამიწაზე რა ხდებოდა, არც კი იცოდნენ და, თუ მართალნი ვიქნებით, აღარც აინტერესებდათ. ერთ დღეს ქალი დაფიქრდა და თქვა: ქალაქში ყველა ქალის საყვარელი მგელია, მე რატომ ვიქცევი ასე, რომ მაინცდამაინც ცა ავიხირე?! მიწაზე ყოფნას რომ ზეცა სჯობდეს, მაშინ ეს ხალხი ჩიტებს მგლებს  არ ამჯობინებდა.  იფიქრა, იფიქრა და ერთ საღამოს ჩიტს განუცხადა’:
    _ მორჩა, დღეის შემდეგ ან მგლად გადაიქეცი, ან ჩვენ შორის ყველაფერი დამთავრებულიაო.
    დაბნეულმა და ნირწამხდარმა ჩიტმა ძლივსღა მოახერხა, ეკითხა:
    _  რატომ?!
    _ იმიტომ, რომ მგელი ძლიერია, მე კი არ მინდა, ჩემი საყვარელი სუსტი იყოს;
    _ ჰო, მაგრამ საიდან დაადგინე, მგელი ჩიტზე ძლიერია?_ კითხვაზე კითხვითვე მიუგო ჩიტმა. ამაზე სულ გადაირია ქალი.
    _ როგორ, ესეც საეჭვოაო?!
    _ როგორ და, აი, ასე_ რომელი უფრო სწრაფია _ ჩიტი თუ მგელი?
    _ რა თქმა უნდა, ჩიტი. _ უპასუხა ქალმა.
    _ ფრენაში?
    _ ჩიტი. აბა, მგლის ფრენა ვის გაუგია? _ გაიკვირვა ქალმა.
    _ რომელი უკეთესად გალობს?
    _ ამას რაღა კითხვა უნდა, ჩიტი. _ მიუგო ქალმა.
    _ მგელმა რომ ჩიტის განადგურება გადაწყვიტოს, შეძლებს მის მოხელთებას და დამარცხებას თუ არაო?
    _ ვერა. _ მყისიერად უპასუხა ქალმა.
    _ მაშინ რითღაა მგელი ჩიტზე ძლიერი?
      ქალი დაიბნა, ეს ერთი შეხედვით მარტივი კითხვა პასუხგაუცემელი რჩებოდა. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ გახარებულმა იმით, ჭეშმარიტ პასუხს მივაგენიო, წამოიძახა:
    _ მგელი ისეთი ღონიერი და ძლიერია, შეუძლია ნებისმიერი Aადამიანი შეჭამოს, ჩიტს _ კი არაო.
      _ეგ მართალია. _ მიუგო ჩიტმა და წამის უსწრაფესად მგლად იქცა. მოულოდნელობისაგან შეშინებულმა  და დამფრთხალმა ქალმა შეჰყვირა:
    _ რაო, უნდა შემჭამო?
    _ არა, ჩემო საყვარელო, ეგ როგორ იფიქრე, _ გაიღიმა და დიდი თეთრი  კბილები გამოაჩინა, _ მე მხოლოდ სხვებს ვჭამ.
    ქალი, როგორც იქნა, დამშვიდდა. გადიოდა დღეები. ქალს ჩიტი უკვე აღარც ახსოვდა, ან კი სად ჰქონდა ფიქრის დრო. მგელს იმდენი ხორაგი და სარჩო_საბადებელი მოჰქონდა, რომ ქალს უამრავი საქმე დაუგროვდა. ასე რომ, ხანდახან მთელი დღე ისე ჩაივლიდა, ცისკენ გახედვასაც ვერ ასწრებდა. სახლს  ყოველდღიურად ახალ_ახალი მინაშენი ემატებოდა. ქალს ეს ისე ახარებდა, რომ სხვა  საფიქრალ-სადარდელი არც ჰქონდა. სახლში დაბრუნებულ მგელს კბილებზე ზოგჯერ სისხლის წვეთები აჩნდა, ქალი კი ჯაგრისით საგულდაგულოდ უთეთრებდა. ერთი უხერხულობა ნამდვილად შეიმჩნეოდა; მგელს იმდენად დიდი კბილები ჰქონდა, რომ როცა  ეფერებოდა, ძალაუნებურად კბილები ქალის სხეულში ეფლობოდა. პირველ ხანებში ტკივილი იმდენად უმნიშვნელო გახლდათ, ქალი ამას ვერც გრძნობდა, ქალები ხომ, საერთოდ, მამაკაცებზე ადვილად იტანენ ტკივილს. გასაკვირი ის იყო, რომ უსიამოვნო, მძაფრ შეგრძნებებს სხეულზე კი არა, გულზე გრძნობდა. რაც ხანი გადიოდა, მწარე განცდები თანდათან  უფრო  ემატებოდა. ყოველ მოფერებაზე გულის საშინელ ტკივილს გრძნობდა, მეტის მოთმენა უკვე აღარ შეეძლო. ერთხელ მორიდებით შეჰკადრა:
    _ შენი მოფერება გულს მტკენსო.
    _ აბა, რას ამბობ?! _ გაიკვირვა მგელმა. _ მე შენ იმიტომ გეფერები, რომ შენი გული  ტკივილს კი არა, ტკბობას უნდა განიცდიდესო.
    მალე ქალი იმდენად დაუძლურდა, საუკეთესო წამლებიც ვერ შველოდა. მგელმა ცნობილი ექიმებიც კი მოიყვანა. ყველა ერთსა და იმავეს იმეორებდა: _ არ გადარჩებაო.  ბოლოს,  აგონიაში მყოფმა, ჩიტი მოინატრა, უფრო  სწორად  დრო,  როცა ის მის ოთახში შემოფრინდებოდა. ქალსაც უმალ ფრთები  გამოესხმებოდა და ცაში ფრენას იწყებდნენ. რას არ მისცემდა ახლა, რომ ის წამები თავიდან განეცადა. მაგრამ რაღას გააწყობდა?! მის წინ ღეჯოიანი, შავი, ბალანაბურძგნილი, გასისხლულკბილებიანი მგელი იდგა. ის ცისფერთვალება ჩიტი კი აღარსად ჩანდა, მომკვდარიყო თუ გამქრალიყო. ქალი მუხლებზე დაეცა და ღმერთს მის დაბრუნებას ევედრებოდა.  მოულოდნელად  მგელი კვლავ ჩიტად იქცა, ქალმა სიხარულისაგან აღარ იცოდა, რა ექნა. მერე  თავს  ვეღარ მოერია და აქვითინდა:
    _ რა ჰქენი ეს? რატომ დამღუპე? მგელს როგორ შეაჭმევინე ჩემი გული?!
    _ მე დამნაშავე არა ვარ, არჩევანი ხომ შენ გააკეთე...
    _ ახლა რაღა მეშველება?!
    _ უკვე გვიანაა.
    _ მაპატიეო,_ ამოიკვნესა ქალმა და ჩიტის ფრთებზე დალია სული”.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები