ნაწარმოებები


26 ოქტომბერი არჩევნების დღეა. არჩევნებში მონაწილეობა ნიშნავს თქვენი მოსაწონი მთავრობის შანსს. არ გაუშვათ ეს შანსი, აუცილებლად მიდით 26 ოქტომბერს არჩევნებზე და გააფერადეთ სასურველი ნომერი     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლ. ლორია
ჟანრი: პროზა
26 ივლისი, 2012


ტამბა (V ნაწილი)

V ნაწილი

... ცოტა ხანში მართლა წაეკიდა თივას ცეცხლი. ახლა, სანამ გაძლიერებულა, ჩააქრეთო. იოლად  ჩავაქრეთ.  ანუ ექსპერმენტი, ასე ეძახის ამ ამბავს ალბერტი, გამოვიდა. 
-      აბა ახლა დავნიშნოთ გასვლის დღე! – ამბობს ალბერტი.
-      არ შეიძლება დღესვე გავიდეთ? – ვკითხულობ მე. 
-      დღეს გამორიცხულია. ხო ვთქვი გასვლა უნდა მოხდეს დილის საუზმის შემდეგ, ახლა კი უკვე შუადღეა.
-      მაშ როდის გავდივართ. – კითხულობს მილენა, ასე მგონია ჩემს სიტყვებს ამბობს მილენა.
-    ნუ გააკეთებ მას ზეგ, რაც შეიძლება გაკეთდეს ხვალ. წინადადება შემომაქვს, ხვალ  გავიდეთ ნიას სანახავად. – ამბობს ალბერტი, - ვინმე წინააღმდეგი ხომ არ არის?
მე და მილენა ჩუმად ვართ, ანუ წინააღმდეგი არავინ არ წასულა.
-    ახლა მთავარია ხვალ  კარგი ამინდი იყოს, იმიტომ რომ მზე გვჭირდება.  აბა მილენა დასავლეთით გაიხედე, ღრუბლები ხო არა ჩანს?
-    ჩანს რამდენიმე!
-    თეთრია თუ შავი?
-    რამდენიმე თეთრი ფაფუკი ღრუბლის ქულაა...
-    შეგიძლია მითხრა რა სიჩქარით მოძრაობენ?
-    სულაც არ მოძრაობენ, მგონი არც იძვრიან...
-      ანუ ქარი არ არის,  ამინდის ცვლილებას ნაკლებად უნდა ველოდოთ. ანუ, ხვალ გავდივართ.  გადაწყვეტილება მიღებული და გასაჩივრება გამორიცხულია! – ამბობს ალბერტი.
გამოდის ხვალ ნიას ვნახავ. ბანდურასაც,  ჩვენი ბელადია თან ნიას მამა. რა სოცარია, რატომ აირჩია ნიამ მამად მაინც და მაინც ეს ბანდურა.  დიდად არ მეპიტნავება მასთან შეხვედრა. გაბღინძული დადის, ძალიან ჭკვიანი ჰგონია თავი... აი ჭკვიანი ვინ არის -  ალბერტი. თითქოს ჩემი ფიქრი ესმოდაო, მილენა ეკითხება.
-    ალბერტ, მართლა ასეთი ჭკვიანი ხარ თუ თავს გვაჩვენებ? – ეკითხება მილენა. 
-    თავს გაჩვენებთ! - ამბობს ალბერტი.
-      მომისმინე, სანამ აქ წამომიყვანდნენ, ჟირაფებს ყველას ენაზე მხოლოდ ჰიგსის ბოზონი ეკერათ, სიმართლე გითხრა მე ვერაფერი გავიგე, შენ  ხო არ იცი რა არის?
-    არის რა... აი, ტამბა გეტყვის! ტამბა  შენ ხო იცი ჰიქსის ბოზონი რა არის...
-      ბიზონი და ბოზონი მე არ ვიცი,  მამონტი მაინც გეკითხა!?
-      კარგი, აბა მამონტი რაღაა?
-      როგორც დედა მეუბნებოდა, ჩვენი წინაპრები ყოფილან  დიდი ხნის წინ.
-      ყოჩაღ... იგივეა ჰიქსის ბოზონიც... – ამბობს ალბერტი. 
-      რა, ანუ შენ გინდა თქვა, რომ ეს ნაწილაკი თუ რაც არის, ჟირაფები რომ საუბრობდნენ,  ტამბას წინაპარია?! – უკვირს მილენას.
-      კი ასეა და  არა მარტო ტამბას,  შენიც, ჩემიც,  ამ ქვის ამ ბალახის, მოკლედ რასაც ირგვლივ ხედავ, ყველაფრის...
-      საოცარია...  ანუ  რომ არა ჰიქსის ბოზონი, მე არ ვიარსებებდი? – ეწყინა მილენას. 
-      ყოველ შემთხვევაში ფიზიკოსები ასე ფიქრობენ.
-      მაინც რა გააკეთა ამ ჰიგსის  ბოზონმა? – მეც ვერევი საუბარში, თუმცა ის უფრო მაინტერსებს ხვალ როგორ ვნახავ ნიას, თუმცა ესეც მაინტერსებს, გამოდის რომ  თუ ეს ბოზონია თუ რაც არის, არ იქნებოდა,  არც მე ვიქნებოდი, არც ნია, ანუ ხვალ ნიას ვერ ვნახავდი. რა საშინელებაა.
-      ვაა, პატარა დიდო, რა მაგარი ხარ!  არადა შენგან მხოლოდ ერთ კითხვას ველოდი, -  იჭმება თუ არას!
-    … ხო, იჭმება თუ არ იჭმება.
-    გიპასუხებ,  არ იჭმება იმიტომ რომ ვერ დაინახავ, ისე მცირეა, თან ისე ცოტა აქვს არსებობის დრო, რომ ჩაყლაპვასაც ვერ მოასწრებ – გაქრება.. სამაგიეროდ მისი დამსახურებაა, რომ რაღაცას ჭამ...
-      ეს როგორ გავიგოთ? – კითხულობს მილენა.
-      ახლა ყურადღებით  მომისმინეთ: ჰიგსის ბოზონის პოვნამ შეიძლება ახსნას მასის წარმოშობა, ანუ არ იყო არაფერი და მივიღეთ ნაწილაკი, რომელსაც აქვს მასა... – ამბობს ალბერტი  და თან ჩვენს წინ აქეთ-იქეთ დადის,  -  ავიღოთ  თუნდაც ყველაზე ცნობილი ნაწილაკები, რაც ატომს ქმნიან, ელექტრონი, ნეიტრონი  და პროტონი.
-    პროტონი, პროტონი...  რას პრუტუნებს რა ეს ალბერტი? – მეჩურჩულება მილენა. დიდად არც მე ვიცი, რას პრუტუნებს, მაგრამ ვუსმენ. ზრდილობის ნიშანია.  ალბერტი კი კვლავ აქეთ-იქეთ დადის ჩვენს წინ და აგრძელებს.
-    ატომების ერთობლიობამ შექმნა სხვადასხვა ელემენტები. ელემენტების სინთეზით კი მივიღეთ სხვადასხვა ნვთიერებები, რამაც თავი მოიყარა ერთ მთლიანობაში, რომელიც იყო ზომით ძალიან პატარა და სიმკვრივით ძალიან დიდი. მასის უსასრულოდ გაზრდამ გამოიწვია წნევის ზრდა, შესაბამისად უსასრულოდ გაიზარდა შიდა ფენების ტემპერატურა და მოხდა დიდი აფეთქება.
-      აფეთქებები გვაკლდა, - კვლავ მეჩურჩულება მილენა.
-      დიდი აფეთქების თეორიის მიხედვით ყველაფერი რაც ჩვენს ირგვლივაა, ანუ სამყარო,  წარმოიქმნა თოთხმეტი მილიარდი წლის წინ. ეს ყველაფერი კი ბრალდება ჰიგსის ბოზონს. უნდა ყოფილიყო ამის აფეთქების დამადასტურებელი რადიაციის კვალი, რაც მართლაც აღმოაჩინეს...
-      დიდი მადლობა, ყველაფერი გავიგეთ. - ბოლოს გაბედა და ხმამაღლა ამბობს მილენა, -  ტამბოს საქმეს დავუბრუნდეთ რა!
ალბერტმა ისეთი თვალით გამოგვხედა, ალბათ თვითონაც მიხვდა, რომ ვერაფერი ვერ გავიგეთ. ისე მე,  პირადად,  სიმართლე რო გავამხილო, დიდად არც მაინტერესებს. რა ჩემი საქმეა, ვიღაცამ რაღაცა ააფეთქა და ვიღაც ბოზონი. მე ახლა ნიას ნახვა უფრო მინდა. მაგრამ ამას ხმამღლა არ ვამბობ, იქნებ და გაბრაზდეს და გადაიფიქროს ალბერტმა ჩემი დახმარება.
-    ალბერტ, მართლა ყველაფერი გავიგეთ. ახლა სჯობს ხვალინდელი დღე დავგეგმოთ, ვის რა გვევალება?! –  ამბობს მილენა...
რაღაც ეჭვი მეპარება, რო ყველაფერი გაეგო, იმიტომ რომ ალბერტის საუბრის დროს ისეთი სახე ჰქონდა, ვფიქრობდი ახლა გული წაუვა-მეთქი. სულ თავის თავს დააბრალოს, აბა მე ხო არ მიკითხავს  ალბერტისათვის ვიღაცა ჰიქსის ბოზონი რა არის-მეთქი.
-      კარგი ვუბრუნდებით ტამბას საქმეს. სად გავჩერდით?
-      დილით გავდივართ ადამიანებთან ერთად სასეირნოდ...
-      დიახ, სწორია. შემდეგ, დაახლოებით მდინარესთან რომ ვიქნებით მაშინ აბოლდება თივა. ადამიანებს ჩვენთვის არ ეცლებათ. ყველანი ხანძრის ჩაქრობით იქნებიან დაკავებულები და  ავითესებით.
-      ალბერტ, გეთაყვა, თუ შეიძლება ცენზურული სიტყვები გამოიყენე! – უცებ გაბრაზდა მილენა.
-      უცენზურო რა ვთქვი? ავითესებით ანუ  ავახვევთ!
-      რა გამოუსწორებელი ხარ!
-      მერე კი, როცა ხანძარს ჩააქრობენ, მთავარია ვერ მოგვაგნონ. ადამიანები ყოველთვის ყველაფერს აფუჭებენ.
-    და როგორ? – ერთხმად  ვამბობთ ჩვენ.
-      ჩავდივართ ყველანი მდინარეში. ავყვებით მდინარეს ზემოთ. ცოტა ხანში ამოვდივართ და რამდენიმე ნაბიჯს გავიართ ისე რომ მიწას კვალი დაეტყოს, თან ისე თითქოს ზემოთ მივყვებით მდინარეს... მერე კვლავ ჩავდივართ და უკვე დაბლა დავუყვებით... 
-      და უკაცრავად, აქ ნიანგები ხომ არ არიან? – შეშფოთება დაეტყო მილენას.
-      არიან, ამიტომ რაც შეიძლება სწრაფად უნდა ვიაროთ!  არავითარ შემთხვევაში არ წამოწვეთ მდინარეში და გაცხრომას არ მიეცეთ, არც წაბორძიკდეთ! წყალში წამოწოლილი ნებისმიერი ჩვენთაგანი ნიანგის  კარგი საკბილოა. გასაგებია?
-      რატომ?
-      იმიტომ, რომ ნიანგი მოუხერხებელი არსებაა, ფეხებზე თუ ვიდგებით ცოტა შანსია აქვს, რომ ჩაგვყლაპოს! 
-      ანუ შანსი მაინც არის, რომ ნიანგების საბილო გავხდეთ, რამე სხვა გზა არ არსებობს?! – დარდობს მილენა.
-      ყოველთვის არის სხვა გზა, ვინა თქვა რომ არ არსებობს?! 
-      ხოდა ის გზა ავირჩიოთ სადაც ნიანგები არ გვყლაპავენ, ტამბა, შენ რას იტყვი?!
-      კი, მეც ასე ვფიქრობ, ნიანგმა თუ გადამყლაპა, მაშინ როგორღა ვნახავ ნიას?
-      კარგი მაშინ ავამუშავოთ გეგმა ბე. საერთოდ რო ვაკვირდები გეგმა ბეე უფრო კარგია, აბა ერთად  ვთქვათ:  გეგმა ბეეეს გაუმარ-ჯოს.
-      ...… ჯოს!
-      ...  ჯოს! – ავყევით ჩვენც. 
-      აბა ახლა ვთქვათ:  ბეე...! – უკვე ბღავილზე გადავიდა ალბერტი, მგონი ცოტა აურია. თუმცა მე ნიას ხათრით,  მილენა კი ალბათ ჩემი ხათრით ერთხმად ვამბობთ:
-      ბეეე...



V ნაწილის დასასრული
გაგრძელება იქნება

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები