ნაწარმოებები



ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
28 ივლისი, 2012


ვცვლი

ვცვლი მყუდრო ბინას,
გარეუბნიდან ქალაქის ცენტრში.
(კარგი ხედი,
სრული კომფორტი,
გაჩერება სახლთან ახლოა).

ვცვლი წმინდა სისხლის ტოი-პუდელს,
მოვლილს და გაწვრთნილს, -
- ჩინურ კატაზე.
(იპარავს ნამცხვრებს,
არ მოაკლოთ სახრავი ძვლები
და მოარიდეთ აუცრელი ძაღლების ხროვა).

ვცვლი ძველ მეგობრებს,
ერთგულებს და დაუზარებლებს
...საკუთარივე თავის მიმართ, -
- ერთ მეგობარზე,
ერთადერთზე...
სასურველია,
მონაყოლი კარებამდეც არ მიჰყვებოდეს.
(მათი არ იყოს,
ზოგჯერ გულგრილი მეც კი ვიყავი,
მათი გულისთვის განსაცდელსაც
ბევრჯერ შევები,
ყველა მათგანი მარტოა და
საყვარელია.
ერთურთის მჯობნი,
დანარჩევის დანარჩევები).

ვცვლი სამშობლოსაც,
ანტიკვარულს,
ჩუქურთმებიანს, -
- დიდ ქვეყანაზე.
(ასაწყობია.
შესაცვლელია სარკის გარდა,
თაროს ფიცრები.
რემონტის მერე
მისატოვებლად ვერ დაიძვრები).

ვცვლი ნატვრებს,
მიზნებს,
მოგონებებს,
ღირებულებებს.
არ მენანება
დასაფიცარ-დანაფიცრები.

ჰო, ასეთი ვარ.
ვარ გამცვლელი მარადიული
და ვცვლი ყველაფერს - ყველაფერზე,

მე - არ ვიცვლები!


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები