ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვიკა მჟავანაძე
ჟანრი: პოეზია
29 ივლისი, 2012


დავით, ოსანა!...

„ხოხბობას გნახე, მიწურვილ იყო
როცა ზაფხული რუსთაველისა“.

გიორგი ლეონიძე

შენ ყივჩაღები გამიქართველე,
სხვამ კი ქართველი გამიოსმალა!
დღესაც შენს მხრებზე ვდგავართ ქართველნი,
დიდება შენდა, დავით, ოსანა!...

შემოგვსევია სპარსი, თათარი,
თითო იუდა ყველამ მოგზავნა, _
ქართლი კვლავ დარჩა ალალ-მართალი,
ვითარცა თვალი პატიოსანი!

არ დავანებეთ ოშკი თუ ბანა,
განძი არ ვფლანგეთ გადანახული.
ქართველმა მომხდურს ბევრჯერ უგანა,
თუმცა დავკარგეთ მაინც ხახული!

და როცა სოფლად მოდუღს მარანი,
და როცა გობში წევს ჭირნახული,
ისე შორია მიწა ფარავნის,
ვით რუსთაველის მწველი ზაფხული...

ცოდვა ამხილე, შეიბ მახვილი
და მუსრე მტერი მეფე-მგოსანმა.
ისმის დიდება და მოძახილი:
დავით, ოსანა!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები