ნაწარმოებები



ავტორი: გვანცა ბახუტაშვილი
ჟანრი: პოეზია
29 ივლისი, 2012


ერთი ღამის სამი სიზმარი

ერთი ღამის სამი სიზმარი




მე ვერახდენილ სიმშვიდეში ვაგრძელებ დევნას
ლოკოკინების, ვაგროვებ კენკრას,
ფოთლებიანად ვიყრი პირში და მიხარია
რომ არსებობდა ადრეც სიზმრები,
რომლის მთავარი გმირი ისევ მე ვიყავი .
არა მორალისტი და არა მორწმუნე,
არა თეთრი მაგრამ,იმაზე ცოტა მეტი
რაც ახლა დავრჩი: ორი მცოცავი შავი თვალი
და ორი ცივი, მთრთოლვარე ხელი.
და არ ვიყავი ორი მუხლი, რომელზეც ახლა
მაიძულებენ დავეცე და წყალობა ვთხოვო
არც ისე ცოცხალს და კაცთაგან ნაქებ დედოფალს,
დედოფალს მიწის.

......

მე ველოდები მოფრინდეს ჩემთან ოქროს თევზი
და მომიტანოს მარადისობა,
–პირში ჩაგუბებული ვერცხლისწყალი
და დამაძინოს მისმა სიმშვიდემ ზეზეულად,
მორთული კაბით როცა ვიდგები კოშკის თავზე
მომლოდინე წვიმის და თევზის ,
რომელიც სულაც არ ყოფილა არც სიცოცხლის,
არც მითუმეტეს ქრისტიანობის სიმბოლიკა.
თან აქ სამყარო გაცილებით თხევადია
და თვალებს მიწვავს
და უფრო სწრაფად ვახამხამებ.
მე ველოდები მარადისობის ოქროსფერ თევზს,
მწვანე თვალებით...

............


მე ტყემლის ხეს ვარ შეზრდილი და ღმერთზე ვშრიალებ,
ვშრიალებ ღმერთზე, როგორც რაღაც ლურჯზე და მშვიდზე
და ვცხოვრობ მჟავე სიხარულით გადავსებული.
ჩემს ნედლ ტოტებში და ფოთლებში მოძრაობს სისხლი.
მე მოხუც ხეზე აღმოვცენდი მეთევზის ბაღში,
ჩემს ნედლ ტოტებში ირწევა და ლოცულობს ქარი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები