ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მანანა კაკაჩია
ჟანრი: პროზა
2 აგვისტო, 2012


ყველგან იპოვი ბედნიერებას?

უსიამოვნო შეგრძნებამ გამომაღვიძა. ქარის წუილი გარკვევით ისმოდა ოთახში. გათენებულიყო. ფანჯრიდან მარტისთვის დამახასიათებელი, მოღუშული ცა მოსჩანდა.
დღეს ცხრაა. დედამ ამ დღეს მიმატოვა სამუდამოდ. როგორ იწელებოდა ყოველი დღე და მაინც, რა უცებ გასულა სამი წელი. სასაფლაოზე უნდა გავიდე.
საწოლი ნაჩქარევად მივალაგე, წასასვლელად გავემზადე. დედიკოს ოთახში შევიხედე. ჯერ კიდევ როგორ მზაფრავს იქ შესვლა...
რვა მარტს ვიქეიფეთ თანამშრომლებმა. მინდვრის ყვავილების ულამაზესი თაიგულები მოგვართვეს მამაკაცმა კოლეგებმა. "მეტის ღირსები ხართ, მაგრამ ბევრნი ხართ და ვერ გავწვდითო"-მოგვიბოდიშეს. მართლაც, ორმოცდაშვიდი წევრიდან ორმოცდაერთი ქალია.
გვიან დავბრუნდი სახლში. დედა არ გავაღვიძოთქო და ფეხაკრეფით შემოვედი, შუქიც არ ამინთია. ის თაიგული ლამაზი ლარნაკით კარებთან დავუდგი, ძალიან უყვარდა მინდვრის ყვავილები, გაუხარდებათქო...
დილით უცნაურმა ხმაურმა გამომაღვიძა. ვერ მივხვდი, საიდან მესმოდა ეს ხმები. ცხრა საათი ხდებოდა. სამზარეულოში სიჩუმე იყო. მეუცხოვა.
-დედა! დედიკო! - ისევ სიჩუმე. სად უნდა წასულიყო?
ის უცნაური ბგერები განმეორდა. გიჟივით წამოვვარდი და დედიკოს ოთახის კარები შევაღე.
დედას სახე მოღრეცვოდა, მარცხენა  ხელს ასავსავებდა და რაღაცის თქმას ცდილობდა.
სასწრაფოს მოსვლამდე დედა გარდაიცვალა. ასე მეგონა, ჩემთვისაც ყველაფერი დამთავრდა. მე ხომ დედის გარდა არავინ მყავდა ახლობელი.
დედა ბავშვთა სახლში იყო გაზრდილი. ის ძალიან კარგად ხატავდა და აღსაზრდელთა ნახატების ერთ-ერთ გამოფენაზე გაუცვნია მამა, რომელსაც ჯერ ნახატები მოსწონებია, მერე ავტორი. დედა სკოლას ამთავრებდა, მამა - სამხატვრო აკადემიას.
ოჯახის მძაფრი წინააღმდეგობის მიუხედავად, "რომ ვიღაც უპატრონო მათ არ ეკადრებოდათ", მამამ დედაზე იქორწინა.
მათ უსაზღვროდ უყვარდათ ერთმანეთი, მაგრამ მშობლებმა არ მიიღეს რძალი, მამა რომ ვერაფრით დაიყოლიეს, სიძე შემოიყვანეს ოჯახში. დედ-მამა ნაქირავებში ცხოვრობდნენ. მამა მუშაობდა, დედა მე მზრდიდა და რომ არა უბედური შემთხვევა, რამაც მამის სიცოცხლე შეიწირა, ბედნიერები ვიქნებოდით. მე სამი წლის ვყოფილვარ მაშინ. დასაფლავების მეორე დღესვე მიუტოვებია დედას იქაურობა და თბილისში გადასულა. დღისით ფაბრიკაში მუშაობდა, ღამით კერავდა ან ქსოვდა. მამის საფლავზე მხოლოდ  ერთხელ ვიყავით. ბუნდოვნად მახსოვს ზღვა, ლამაზი სანაპირო, დილის სისხამზე საფლავზე მოქვითინე დედა და ჩიტების ჭიკჭიკი. შემდეგ სოხუმი მაინც დაიკარგა და დედა სურათსღა დასტიროდა ხოლმე. როცა წამოვიზარდე, ეს ბინა იყიდა და მშვიდად, ტკბილად ვცხოვრობდით.
მე დავამთავრე ჯერ სკოლა, შემდეგ უნივერსიტეტი, დავიწყე მუშაობა. დედისგან ვიცოდი, რომ მყავდნენ ბებია-ბაბუა, მამიდა, მამიდაშვილები, მაგრამ მათ არასდროს გასჩენიათ ჩემი მოძებნის სურვილი, მე ხომ...
დედა იყო ჩემთვის ყველაფერი. ძალიან სწუხდა, რომ ჯერ კიდევ კენტად ვიყავი.
-ალბათ ისე ჩავალ მიწაში, შვილიშვილს ვერ ვეღირსები- ასე იწყებოდა ყოველი დილა.
-კარგი რა დე, რა დროს მიწაში ჩასვლაა,  ვერ ხედავ, უცნობებს დები რომ ვგონივართ? - ვამშვიდებდი მე.
დედა ამოიოხრებდა,  ხელს ჩაიქნევდა და საუზმის გაწყობას შეუდგებოდა.
მართლაც ახალგაზრდად გამოიყურებოდა. ის ჩემზე თვრამეტი წლით იყო უფროსი. საშუალო სიმაღლის, სპორტული  აღნაგობის, ქერა, ლამაზად ჭაღარაშერეული თმით, დიდრონი, წყლიანი ლურჯი თვალებით სასიამოვნო ეფექტს ახდენდა. მე მამას ვგავდი. მაღალი, შავი თმებით, შავტუხა, მაგრამ დედიკოსნაირი დიდი, ლურჯი თვალებით.
მიუხედავად ნრმალური გარეგნობის და ხასიათისა, დღემდე მაინც მარტო ვიყავი. გამოჩნდებოდნენ ჩემს ცხოვრებაში მამაკაცები, მაგრამ ფლირტის იქით საქმე არც ერთთან არ წასულა. ზოგის ხასიათი არ მომწონდა, ზოგის განათლება, ზოგის მანერები. აი, გიოსთან თითქოს ყველაფერი კარგად დაიწყო. სახლშიც კი იყო რამოდენიმეჯერ. დედას უხაროდა, კარგი ბიჭიაო, მაგრამ...
პირველი ბზარი ჩვენს ურთიერთობაში მაშინ გაჩნდა, როცა მოკლე კაბის ჩაცმა ამიკრძალა.
-რატომ? დღეს ვისღა უკვირს მოკლე კაბა? მით უფრო, მე ზედმეტად მოკლე არ მაცვია- გავაპროტესტე მე.
-კარგი რა, დეა, მოკლე-მოკლეა. არ მსიამოვნებს, როცა კაცები შენს ფეხებს ააყოლებენ თვალს.
მაშინ დავუთმე. მორიგი აკრძალვა მაკიაჟს შეეხო.
-თვალებს ნუ იღებავ, წამწამებს ნუ იპრიხავ, არც ტუჩის საცხი გიხდება, შენ ისედაც ლამაზი ხარ.- მითხრა ერთ-ერთ შეხვედრაზე.
გაკვირვებისგან ენა ვერ დავძარი.
-განა ასეთ რამეებში ფულის გადაყრა ღირს?
-კიდევ რა არ მოგწონთ ბატონო გიორგი?- ბრაზით ვკითხე მე.
-ჩემი რომ  გახდები შორტებს, გულამოღეღილ ზედებს და "ელასტიკებსაც" გამოემშვიდობები- სრულიად სერიოზულად მიპასუხა.
გაგულისებულმა ეგრევე ტაქსი დავიჭირე და სახლში წამოვედი.
-არ ღირს ასეთ წვრილმანებზე მაგ ბიჭის დაკარგვა, რომ გაყვები, შეეჩვევა, დაგითმობს, ზოგი შენც დაუთმე და...აბა ცოლ-ქმრობა რა გგონია? სანამდე ივლი კენტად? ოცდაათს გადააბიჯე უკვე- მიმტკიცებდა დედა.
-არავითარ შემთხვევაში! ჯერ ქმარი არაა და რამდენს ბედავს, მერე ალბათ ჩადრსაც დამახურავს. რომელ საუკუნეშია ჩარჩენილი? გათხოვება მინდა, მონაზვნობა კი არა- ვსლუკუნებდი გულდაწყვეტილი.
მიუხედავად შერიგების რამდენიმე მცდელობისა, გიოს მიმართ გული გამიცივდა. მას მერე სერიოზულად არავინ მომწონებია.
სასაფლაოზე შემზარავ მდუმარებას ქარის წუილი არღვევდა. ისე მეკვეთებოდა და ცივ ხელებს მომისვამდა ცხვირ-პირზე, ძლივს მივდიოდი.
დედიკოს საფლავთან ჩავიმუხლე. ცრემლები ღაპა-ღუპით ჩამომდიოდა.
" როგორ მენატრები, როგორ მაკლიხარ, როგორ მიჭირს უშენოდ , დედა, ვერ შევეჩვიე სიცარიელეს შენ მერე რომ დარჩა. სევდა, დარდი დამიმეგობრდნენ დედი..."
კარგა ხანს ვეჩურჩულებოდი საფლავს. ასე მეგონა, დედა მისმენდა.გავითოშე. თავი რომ ავწიე, ქვიდან დედამ შემომღიმა თავისი თბილი, შეუდარებელი ღიმილით.
კარგა ხანი გასულიყო.სიცივისგან მაკანკალებდა. დედას დავემშვიდობე და გასასვლელისკენ დავეშვი. ქარი გაძლიერდა.აქა-იქ ფანტელებიც გაერია. თავი დავხარე, რათა ქარს ცხვირ-პირში არ შემოეყარა ფიფქები და კარიდან გავედი. მანქანის ხმა შემომესმა, სანამ გავაცნობიერე, საიდან , უეცარმა ბიძგმა შემატორტმანა. ტკივილისგან მივაკივლე და ჩავიკეცე.
                                                                                  ( გაგრძელება იქნება )

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს