ნაწარმოებები



ავტორი: გვანცა ბახუტაშვილი
ჟანრი: პოეზია
7 აგვისტო, 2012


სარეველების სიყვარული

ჯონათანს




მე ვნახე შენი მკვდარი გული.
ეს არ იყო ცუდი სიზმარი.
მე ვნახე შენი მკვდარი გული
და არ გამკვირვებია, რომ ყველა გზა
შენკენ მოდის.
არ გამკვირვებია, რომ გადავეშვით ამ უფსკრულში.
გადავიყოლეთ მძაფრი რწმენა და იმედი,
რომ სიყვარული მოგვიტანდა უცხო სიმშვიდეს.
უცხო სიმშვიდეს სარეველების.
სარეველების, რომლებიც ხარობენ საფლავებზე,
სახლებში, ადამიანებში...
ყველგან, გარდა სასახლეების.
ჩვენ გვწამდა, რომ არსებობს კაცი,
რომელიც მოკვდება სიკვდილთან ერთად.
და ის (კაცი) როცა მოკვდება,
თვითონ სიცოცხლის გარდა არავის ემახსოვრება.
ამ კაცს ერქმევა სიყვარული.
მერე კი ვნახე შენი მკვდარი გული.
როცა ჩვენ ვცადეთ ამოგვეხსნა საიდუმლო,
ჩვენ დავიწყეთ ბღუჯა–ბღუჯა ჭამა ბალახის.
ჩვენი ტკბილი სარეველების.
ჰო, ტკბილი რომ გვეგონა და ჩაგვწვა მუცელი.
მას დაჰყვებოდა მწარე გემო თავისუფლების.
(ვერ გავუძელით)
ჩვენმა იმედმა შეასრულა მოვალეობა: ის დროულად ამოიწურა.
როცა გავიგეთ, რომ ის კაცი (სიყვარული) არ მომკვდარა.
არც მოკვდება.
ის ზის რომელიღაც სასახლის წინ და ითხოვს შველას.
(დახმარებას)
შენ სწორედ მაშინ შეგეცოდა სიყვარული. მოგიკვდა გული.
და მე ვუყურებ დღეს შენს მკვდარ გულს
და მიხარია, რომ ის კაცი(სიყვარული) შენი გულის სასახლეში
არ შემოუშვი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები