ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანი მატისი
ჟანრი: პოეზია
29 აგვისტო, 2012


პლაზმური ფერწერა

                                    „Мы не врачи, мы - боль.“

                                          /А.И. Герцен/



როდესაც,
მოძრაობაში დანაწევრებულ სივრცეებს
ავსებენ
სიაში შეტანილი სახელები, _
ჩრდილებად ქცეული შვილმკვდარი დედები
კარგავენ მოცულობას,
დადიან მწყობრში
და გულის ფეთქვის ნაცვლად დააქვთ ტანკების ხმაური,
მათი თვალები კი
დაუმთავრებელი სახლებივით ცარიელია.
სხეულის ფასადებს
უშვერენ პლაზმურ ეკრანებთან ჩამწკრივებულ
თვალების ბომბდამშენებს,
სიშლეგით ივსებენ პირის ღრუს ვაკუუმს,
საჰაერო ხიდით ცისკენ მიიწევენ
და მერე, დანაღმულ ღრუბლებზე ფეთქდებიან.
ჩვენ კი ვსხედვართ შუშის მაგიდებთან,
სიგარეტითა და ყავით ხელში,
ყალბი აღშფოთებით პირგამოტენილები
და ექიმების თეთრ ხალათებში გამოწყობილი შეშლილებივით
ბატალური ფერწერის ჭრილობებს ვამუშავებთ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები