ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ჭა
ჟანრი: პოეზია
8 სექტემბერი, 2012


გზა





წამოიშალნენ თეთრი ღრუბლები,
სადღაც მიდიან...
ამოვცდი მუხებს, აკაციებს,
კაკლის რიგია.

მიყვარს კაკალი,
-თაიგულივით გადაშლილი-
სხვანაირი მუქი ჩრდილი აქვს,
ეზო არ არის  მთელ სოფელში,
ეზო არ არის, -ლარნაკში თითქოს-
შიგ რომ არ იდგეს.
კაკლის ხეებმა  გამახსენა
დიდი კაკლნარი,
ალაზნის ველი,
სადაც მივყავდი ხშირად მამას, 
სადაც მივყავდი...
მამა,-  დევკაცა,
-ცისა და მიწის ზღაპარი ხომ მან შემაყვარა-
ყოველ საღამოს, ამ მოშრიალე, 
დიდტანება ხეივანში,
დამატარებდა...

სულ, სულ ბოლომდე
ჩამოსცილდა წარსულს საფარი
და ისე მკვეთრად დავინახე
მზე ჩამავალი..., მაშინ რომ იყო,
ზუსტად ისეთი, აი იმ მთებს იქით...
ვფიქრობ:  დრო  სულაც არ არსებობს,
ის დროც....-აქ არის!
მივყვები გზას და
გაურკვეველ დროის ყოფაში...
-ეჭვგარეშეა-
სადღაც იყავ  ჩემს ბავშვობაში.
იქნებ ის ბიჭი,
მამის თხოვნით ცხენზე რომ შემსვა?
ბავშვურად ვენდე ბოლომდე და
შემოვაჭდე ორივე ხელი.
მე მენატრება
სიცოცხლეზე მეტად ის ნდობა,
რას არ მივცემდი,
ახლაც  მქონდეს,
რას არ მივცემდი!

და იყო მერე, თვალუწვდენელი, 
მისტიური ალაზნის ველი...
და იყო მერე, ქროლვა, ქროლვა
შიშისმომგვრელი.
არ მეშინოდა!
მთელი გულით,
მთელი სისავსით,
მე შეგიგრძენი,
როგორც უფალი,
-არ მეშინოდა!...
და გეძებ დღემდე
გეძებ ასე,  გამუდმებით,
-ერთში და ბევრში-
და გეძებ დღემდე,
გეძებ ასე, ყველაფერში,
მათ შორის ლექსშიც.

...ათავდა ეს  გზაც, 
ჩემი სახლი,  -ასე ირიბად წამომჯდარი-
აგერ გზის ბოლოს.
მე უკვე ვიცი საიდუმლო,
რითიც  შეგიცნო,
უნდა მოგენდო, როგორც მაშინ,
უნდა მოგენდო,
ორივე ხელით, ბოლომდე და
არ შემეშინდეს!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები