ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სერგეი
ჟანრი: პროზა
4 სექტემბერი, 2012


საშინელი ისტორია

    სამსახურიდან ყოველთვის ერთი და იმავე გზით ვბრუნდები,გამოვალ,ჯერ გავივლი ორ სუპერმარკეტს,მერე პატარა მოსახვევს, ცარიელ ავტოსადგომსაც გადავჭრი და გაჩერებას მივადგები.
    აკი მოგახსენეთ, სულ ასე დავდივარ მეთქი ,ამიტომ ყველა წვრილმანი ისე  მაქვს დამახსოვრებული და თვალს მიჩვეული, აღარც ვაქცევ ყურადღებას, აი მაგალითად თეთრხალათიანი , თეთრთმიანი მოხუცი,გზის პირას რომ დგას,მის უკან პაწაწკინტელა  ჯიხურია , ზედ აწერია " თმის შეჭრა 3 ლარი" დგას მოხუცი და კლიენტს ელოდება.
    იმ დღეს კი არ ვიცი რატომ, კარგად შევათვალიერე  , ის საცოდავად იდგა,მხრებში მოხრილი,ხალათის განიერ ჯიბეებში ხელები ჩაეწყო და მუდარით სავსე თვალებით სადღაც სივრცეში იყურებოდა.
---კლიენტი არ ჰყავს!--- გავიფიქრე---რაც მახსოვს , სულ ასე დგას, საწყალი!----მერე უცებ მივიღე გადაწყვეტილება , გადავუხვიე  და პირდაპირ მისკენ გავემართე.
    გაკვირვებულმა შემომხედა, მერე ნელ-ნელა სიხარული დაეტყო სახეზე.
----შეჭრა მინდა!--- შორიდანვე დავუყვირე მერე მოვუახლოვდი , თმაზე ხელი გადავისვი ინსტიქტურად და უკვე უეჭველი იყო ნამდვილად ასე ვაპირებდი.
    წინ გამატარა და  ბებრული ნაბიჯებით გამომყვა,  ჯიხურში შევედი,მყრალი სუნი მეცა და გამობრუნება დავაპირე, რაღაც მიზეზს დავუწყე ძებნა,სიგარეტიც მოვსინჯე ჯიბეში... მაგრამ ვინ მაცალა!...მოხუცმა უცებ მარჯვედ მკრა წელზე  ხელი ,სკამზე დავებერტყე,ხელებზე და ფეხებზე თასმები გადამეჭირა ,ვერ მოვასწარი რეაგირება, ხმაც კი ვერ ამოვიღე,აი პირი კი დავაღე და იქ  ჩვარი ჩამიტენეს.
  შემოვბრუნდი და ავმოძრავდი,კუნთები დავძაბე,მაგრამ სკამი ეტყობა მაგრად იყო იატაკზე მიხრახნილი, ძვრაც ვერ ვუყავი...მერე ავღმუვლდი, მოხუცი კი არ ჩქარობდა, ნელა მომცილდა ,ჯერ შუქი აანთო და წინ, მე რომ სარკე მეგონა, დიდი მონიტორი აღმოჩნდა.
    ---დიდხანს ველოდე ამ წუთს....---ჩაიბურდღუნა მოხუცმა ,ის  სადღაც უკნიდან ნელა მიახლოვდებოდა, დამცხა,ღმუილს ვუმატე ,კისერი მივატრიალე და ის დავინახე, ხელში უზარმაზარი , საგანგებოდ გაპრიალებული და წაწვეტებული მაკრატელი ეჭირა!...
      შიშისგან თვალები გადმოვკარკლე,მერე დავხუჭე და ღმუილს ვუმატე,მოხუცს კი ამაზე რეაქცია სულ არ ქონია,მხარზე ხელი მომიჭირა ,დაიხარა და  ყურთან ჩაისისინა:
----ჩავარდი ხომ ჩემს ხელში?....ახლა აღარაფერი გიშველის!..ყველა ცოდვაზე პასუხს გაგებინებ!..საზიზღარო!...
      ეს განცხადება იმდენად  მოულოდნელი აღმოჩნდა რომ, ღმული შევწყვიტე და საშინელი სისწრაფით დავიწყე ჩემი ცოდვების  გახსენება...მაგრამ ისეთი კი ვერაფერი ვიპოვე რომ ასეთი სასტიკი მოპყრობა მიმეღო. მოხუცმა  ჩემს წინ სარკის მაგივრად დამონტაჟებული მონიტორი ჩართო და ეკრანზე ჩემი თავი დავინახე....რატომღაც  ზამთრის ტანსაცმელში..ააააა...ეს ხომ ორი წლის წინანდელია!..ნეტავ საიდანაა გადაღებული?...ჯიხურიდან?...
    ----აი!!!----დაიღრიალა მოხუცმა---შენ ჩემს წინ ჩაიარე!....უკვე მერამდენედ!...ახალგაზრდა და ბედნიერი!....მე კი მოხუცი და  ავადმყოფი ვარ!...შენ სახეში შემომცინე და შენს მეგობარს გადაულაპარაკე,  "ნახე, ეს ტუტუცი ბებერი! ისევ აქ დგას!"
    შემდეგ კადრი შეიცვალა....ისევ მე, ამჯერად ლუდის ბოთლით ხელში.
----ხედავ?????....----ყურში ჩამყვირა ისევ მოხუცმა, თან მაკრატელს აჩხარუნებდა ,---შენ ახლა პრემია აიღე!...მერე რეკავ მეგობრებთან,უყურე!...კარგად უყურე!...ახლა მოტრიალდები..... წახვალთ საქეიფოდ და  დილამდე იგრიალებთ!...მე კი....მე კი....
    სიტყვა ვეღარ დაამთავრა, ისეთი გაბრაზებული იყო, მერე ერთი  მაგარი შემომკრა სახეში, პირიდან ჩვარი გამომვარდა და ყვირილი ავტეხე:
  ----გაგიჟდი????...ვინ ხარ!...თავი დამანებე!...შენი დედაც....
  ალბათ კი არა და უეჭველი დიდხანს ვიყვირებდი კიდევ, მაგრამ უცებ თავში საშინელი დარტყმა მივიღე...რომ გამოვფხიზლდი,პირი ისევ აკრული მქონდა,მონიტორიც ისევ ჩართული იყო, კადრი კადრს ცვლიდა..... მოხუცი გვერდზე მედგა ,  თმაში ხელი ჩაევლო ჩემთვის ,მანჯღრევდა,მწარე კომენტარებს არ იშურებდა და ილანძღებოდა...
----აქ შენ ქალთან ერთად მიდიხარ...უყურე მეთქი!!!...წელზე ხელი გაქვს მოხვეული!...ბედნიერი ხარ!...მე კი უბედური!..ავადმყოფი!...შენ კი დამცინი!...დამცინი!...დამცინი!!!!...მოვიდა შენი აღსასრულის დრო!...
    მოხუცმა მაკრატელი ზევით აღმართა, ხელი სიბრაზისგან უცახცახებდა, მაკრატელი ნათურების შუქზე საზარლად ლაპლაპებდა  და ის რატომღაც არაბუნებრივად დიდი იყო!....მე გავიბრძოლე,სანამ მაკრატელი ქვემოთ დაეშვებოდა, ერთიც შევხტი სკამზე და......გამეღვიძა!

P.S. მას მერე ჩვევად მექცა, სულ სხვადასხვა გზებით დავდივარ.



  სერგეი ნეველი  04.09.2012 13:13:10

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები