ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანი მატისი
ჟანრი: პროზა
5 სექტემბერი, 2012


ლეგენდა იაკუშიმაზე

                               


    მე იასუკო ვარ და იაკუშიმაზე ვცხოვრობ.  ჩვენთან მუდმივი ბინდია და თვეში ოცდათხუთმეტი დღე წვიმს. ირგვლივ მხოლოდ კრიპტომერიების გაუვალი ტყეები და რამდენიმე ნასახლარია. ჩვენი სახლის წინ პატარა მდინარე ჩამოდის. გამთენიისას,  წვიმისგან  ადიდებულ მდინარეში, მუხლებამდე შარვალაკეცილი შევდივარ, ორაგულს ვიჭერ და სახლში მიმაქვს. დედა ორაგულისგან ნამბებს ამზადებს და თავი ამით გაგვაქვს. ადრე, გვერდით სახლში ჩემი მეგობარი ჰიდეკო ცხოვრობდა. გამთენიისას, როცა დილას მუდმივი ბინდისგან გამძაფრებული სინესტის სუნით-ღა თუ ვარჩევდით,  _  მე და ჰიდეკო ერთად ვიჭერდით მდინარეში ორაგულს, მერე სახლში მივარბებიბენდით  და სანამ დედები საჭმელს ამზადებდნენ, ჩვენ კრიპტომერიების გაუვალ ტყეებში დავეხეტებოდით. ხანგრძლივ წვიმებს ვერავინ გაუძლო და ყველა გაიკრიფა კუნძულიდანო,  _  მეუბნებოდა დედა, როცა კუნძულზე დარჩენილ ნასახლარებზე ვეკითხებოდი.
    ერთ დღეს მე და ჰიდეკო  თამაშს ისე შევყევით, ტყის სიღრმეში აღვმოჩნდით, მშობლებისგან აკრძალული გვქონდა ტყეში ღრმად შესვლა. უცნაური, მანამდე ჯერარგაგონილი ხმა შემოგვესმა, როგორც წესი, იმ დღესაც წვიმდა, თუმცა სიბნელეში და წვიმის ხმაურში მაინც გავარჩიეთ, ხო, სიმღერის ხმა იყო:

                              „თუმც ძირში მომაჭრეს ფესვები,
                              დილიდან დაღამებამდე,
                              საკუთარ ცრემლშივე ვიზრდები...”

ქალის ხმა იყო. შეგვეშინდა, ვიცოდით ტყეში არავინ ცხოვრობდა. ჰიდეკოს გავხედე, შიშისგან თვალები იმხელაზე გაფართოვებოდა, საფლავივით მზადმყოფი იყო გადავეყლაპე.
_  გავიქცეთ ჰიდეკო,  _  ვუთხარი აკანკალებული ხმით.
ჰიდეკო გაშეშებული იდგა და ადგილიდან დაძვრას არ აპირებდა
_  სახლში წადი იასუკო,  _  მე ამ ხმას გავყვები, ოღონდ სახლში მისულს არაფერი წამოგცდეს,  _  მკაცრად გამომხედა ჰიდეკომ (თითქოს წამებში გაიზარდა, ასეთი სერიოზული არასდროს მენახა), ადგილს მოსწყდა და ტყის სიღრმეში გაუჩინარდა.

ხმის ამოღებაც ვერ მოვასწარი, დიდხანს ვიდექი შუაგულ ტყეში და უშედეგოდ ვყვიროდი,  _  ჰიდეკო, ჰიდეკოო…  _  თუმცა ხმას საკუთარი ექოს გარდა არავინ მცემდა, მხოლოდ სიმღერა ისმოდა ისევ:

                            „თუმც ძირში მომაჭრეს ფესვები,
                              დილიდან დაღამებამდე,
                              საკუთარ ცრემლშივე ვიზრდები...”

ტყიდან მარტომ ძლივს გამოვაღწიე, ჰიდეკომ ჩემზე უკეთ იცოდა გაუვალ ტყეში გზები. წვიმისგან ატალახებულ ტყეში გზის გაკვლევა მიჭირდა. სახლში ერთიანად წვიმისგან გაწუწულმა და ტალახში ამოსვრილმა ძლივს მივაღწიე, აქოშინებული მივვარდი ხის კარებს,  _  ჰიდეკო, ჰიდეკო,  _  გაუჩერებლად  ვყვიროდი მეგობრის სახელს და ცრემლებს ვაღვარღვარებდი. ყვირილის ხმაზე ჰიდეკოს დედაც გამოვიდა, მარტო რომ დამინახა შეშფოთდა.
_  იასუკო, სადაა ჰიდეკო, მარტო რატომ დაბრუნდი,  _  კითხვებს მაყრიდა და მაჯანჯღარებდა.
სული ძლივს მოვითქვი, რომ ხმა ამომეღო და მეთქვა, შუაგულ ტყეში სიმღერის ხმას  გაყვათქო.
_  რა ხმას,  _  მკითხა და პასუხის მოლოდინში მომაშტერდა.
სიმღერა იმდენად ჩამბეჭვდოდა გონებაში წამსვე წავიღიღინე:

                            „თუმც ძირში მომაჭრეს ფესვები,
                              დილიდან დაღამებამდე,
                              საკუთარ ცრემლშივე ვიზრდები...”

შევატყვე, მასაც ჰიდეკოსავით როგორ გაუფართოვდა თვალები, მთელ იაკუშიმას წვიმიან დღეებს ჩაიტევდა შიგნით, გაუვალი ტყეებითა და დარჩენილი ნასახლარებით.
იმ დღეს პირველად მოვისმინე ლეგენდა იაკუშიმაზე.

* * *
    მაშინ, როცა იაკუშიმა მთლიანად დასახლებული კუნძული იყო და არც წვიმები მოდიოდა, ზღვის დონიდან 1 935 მეტრზე (კუნძულის ყველაზე მაღალ მწვერვალზე) ოქროსფერი ყვავილი იზრდებოდა და ყოველ დილას მთელ კუნძულს ანათებდა, ფესვები ღრმად ჰქონდა გადგმული კუნძულის ყველაზე მაღალ წერტილზე, ეს იყო ყველაზე უცნაური ყვავილი, რაც კი როდესმე ვინმეს ენახა ან გაეგონა. შორიდან ლამაზ, პატარა ტერფებიან იაპონელ ქალს ჰგავდა, ტანით მომცროს, თუმცა მისი ელვარება მთელ კუნძულს ასხივებდა და სწორედ ამიტომაც კუნძულის მოსახლეობამ, ამ ოქროსფერ, ქალივით ლამაზ ყვავილს „ჰარუ“ შეარქვა.
შორიდან ეთაყვანებოდნენ, მის საპატივცემულოდ დღეც დაარსეს, რომელსაც მთელი კუნძულის მოსახლეობა ერთად აღნიშნავდა, ყვავილი „ჰარუც“ ყოველ დილას იშლებოდა  და  კრიპტომერიების ტყით დაფარულ, ყველაზე მაღალ მწვერვალზე იწონებდა თავს. შორიდან ეტრფოდნენ, ახლოს მისვლა კი არავის უფიქრია.
  კუნძულზე უამრავი ლამაზი ქალი ცხოვრობდა, თუმცა მათგან ყველაზე გამორჩეული მაინც კაიდე იყო. შავ კიმონოში გამოწყობილი, პატარა ნაბიჯებით გამოივლიდა ხოლმე კუნძულზე, ღიმილი ტუჩებზე საკურას ვარდისფერი ყვავილივით გადაშლოდა  და თვალების ვიწრო ჭრილიდან ერთი გამოხედვით ატყვევებდა კუნძულის ყველა მამაკაცს. ვერავინ შესძლო მისი გულის მონადირება სამურაი ბენკეის გარდა. ცოტა ხანში კუნძულზე ხმა გავარდა, კაიდეს, ცოლობის სანაცვლოდ, სამურაი ბენკეი სასწაულს დაჰპირდაო. მთელი ერთი წელი ემზადებოდა მთელი კუნძული კაიდეს და სამურაი ბენკეის ქორწილის დღისთვის. საქორწილო რიტუალი შინტოისტურ ტაძარში უნდა გამართულიყო, მთელი წესების დაცვით, ქორწილის მესამე დღეს კი ბენკეის სასწაული უნდა ჩაედინა მთელი კუნძულის დასანახად კაიდესთვის, ასეთი იყო პირობა. ყველა მოუთმენლად ელოდა, თუმცა არავინ იცოდა ამ ორის გარდა, რა სასწაულზე იყო ლაპარაკი.
  ქორწილის დღეც მოახლოვდა. კაიდე,  შირო - მაკოს თეთრ კიმონოში გამოწყობილი, საქორწილო თავსაბურავითა და პატარა ხელჩანთით, ტაძრის კენ გაემართა. სამურაი ბენკეი ნაცრისფერი კიმონოთი, წელზე პატარა ხმლითა და მარაოთი ედგა გვერდით და თვალს ვერ სწყვეტდა. ჭრელ, ნახატებიან კიმონოებში გამოწყობილი კუნძულის მოსახლეობა ერთად შეკრებილიყო და სიხარულს ვერ მალავდა. „ჰარუც“ თავისთვის, კუნძულის ყველაზე მაღალი მწვერვალიდან იწონებდა თავს.
    ქორწილის ცერემონიიდან მესამე დღეს, მთელი მოსახლეობა ისევ  ერთად შეიკრიბა დაპირებული სასწაულის სანახავად. ყველას აინტერესებდა ის პირობა, რის საშუალებითაც სამურაი ბენკეიმ, კაიდე ცოლობაზე დაიყოლია.
როგორც იქნა კაიდე და ბენკეიც გამოჩნდნენ. ბენკეის ჭედური ლითონის კატანა ეჭირა ხელში და კაიდეს წინ მოუძღვოდა, კუნძულის შუა ნაწილს რომ მოუახლოვდნენ, კაიდე ადგილზე დარჩა, სამუაი ბენკეი კი კრიპტომერიების ტყის შუაგულში გაუჩინარდა. არავინ იცოდა რას აპირებდა ბენკეი, არავინ, კაიდეს გარდა. კაიდე კი იდგა ამაყად, კუნძულის შუაგულში, უშიკაკეს ჭრელ კიმონოში გამოწყობილი და სახეზე ღიმილი მარაოსავით გადაშლოდა.
    ხმას არავინ იღებდა. ყველა რაღაცას ელოდა მოუთმენლად.
სამურაი ბენკეიმ კრიპტომერიების ტყეში გზა გაიკვლია და კუნძულის ყველაზე მაღალ კლდესთან შეჩერდა, სწორედ იმ კლდესთან, რომლის წვერზეც, ოქროსფერ ყვავილ „ ჰარუს“ ღრმად გაედგა ფესვები და ყოველ დილას მთელი კუნძულის გასანათებლად იშლებოდა. სწორედ ეს იყო პირობა. სამურაი ბენკეის, კაიდესთვის ოქროსფრად მანათობელი ყვავილი „ ჰარუ“ უნდა მოეწყვიტა და მთელი კუნძულის დასანახად მიერთმია მისთვის.
  ბენკეი ცოტა ხანი იდგა კლდის ძირში, ბოლოს ღრმად ამოისუნთქა და კლდეზე აცოცება დაიწყო, წელზე კატანა ჰქონდა შემორტყმული, მიხვდა, მალე ვერ მიაღწევდა მიზანს, ძალიან მაღლა იყო „ ჰარუ“,  რაც  მეტად უახლოვდებოდა კლდის წვერს, მით მეტად უჭირდა, ოფლად იღვრებოდა თვალები ეწვოდა, თუმცა დანებებას არ აპირებდა. არ დაბრუნდებოდა „ჰარუს“ გარეშე  და თავს არ შეირცხვენდა მთელი კუნძულის დასანახად, თან, როცა კუნძულის ყველაზე ლამაზი ქალი ახლა მისი ცოლი იყო. დიდხანს მიცოცავდა ბენკეი კუნძულის ყველაზე მაღალი მწვერვალისკენ და ბოლოს „ ჰარუმდეც“ მიაღწია. ახლა როცა „ ჰარუს“ პირისპირ აღმოჩნდა, სულაც აღარ ეჩვენებოდა, როგორც მანამდე შორიდან  _  ლამაზ, პატარა ტერფებიან, მომცრო ტანის ქალად, რომელიც თავისი მომცრო ზომების მიუხედავად ასე ელვარებდა და იზიდავდა ყველას თაყვანისცემას. ახლოდან „ ჰარუ“ , უზარმაზარ, გიგანტურ, კლდეზე ფესვგადგმულ ურჩხულს ჰგავდა, პირიდან ცეცხლს რომ აფრქვევდა, სამურაი ბენკეიმ კატანა რამდენჯერმე ძლიერად მოუქნია ცეცხლისმფრქვეველ ურჩხულს და ძირში გადაჭრა, თუმცა ურჩხულ „ჰარუს“ ელვარებამ დააბრმავა და ადგილზე დაფერფლა.
  „ჰარუმ“ კაიდეს და სამურაი ბენკეის მთელი მოდგმა დაწყევლა, მერე ელვარებაც დაკარგა და მთელი კუნძული ჩააბნელა, თუმცა, რადგან სამურაი ბენკეიმ მისი მხოლოდ ძირში მოჭრა შეძლო და ფესვებიანად კლდიდან ვერ ამოძირკვა, „ ჰარუმ“  მთელი კუნძულის გასაგონად, ხმამაღლა დაიფიცა, რომ იმდენს იტირებდა, სანამ საკუთარი ცრემლებით თავს არ მოირწყავდა და კვლავ არ გაიზრდებოდა ამავე კლდეზე მათი მოდგმის დასაბრმავებლად.
      მას მერე კუძულ იაკუშიმაზე მუდმივი ბინდია და  ყოველ დღე წვიმს, ამბობენ ეს „ჰარუს“ ცრემლებია,  დანაპირების ასრულებას აპირებსო, რაც მეტ ცრემლს ღვრის, მით მეტად ირწყავს საკუთარ თავს და იზრდება, მისი სიმღერაც ამიტომ ძლიერდება და ახლა უკვე შუაგულ ტყეშიც კი ისმისო:

                            „თუმც ძირში მომაჭრეს ფესვები,
                              დილიდან დაღამებამდე,
                              საკუთარ ცრემლშივე ვიზრდები...”

წაიღიღინა ბოლოს და დაასრულა ამბის მოყოლა ჰიდეკოს დედამ. მთელი ამ ხნის მანძილზე, გაკვირვებული ვუსმენდი ამ საოცარ ამბავს, ვერაფერს მივხვდი, არც ის ვიცოდი, რა უნდა მეთქვა, ბოლოს, როგორც იქნა ამოვღერღე:
_  კი, მაგრამ იმ ხალხს, ვინც ამ კუნძულზე ცხოვრობდა რა ბედი ეწია? ან, ან… ჰიდეკო რა შუაშია,  _  უკვე  ძლივს ვლუღლუღებდი სიტყვებს.
_  იასუკო,  _  ხმადაბლა მომმართა დედაჩემმა,  _  ამ ამბის მერე ყველა  შეშინებული გაიკრიფა კუნძულიდან, ეს ნასახლარებიც, სწორედ მათია, მხოლოდ კაიდე  და რამდენიმე ოჯახი შემორჩა კუნძულს, მათ შორის ჩვენიც, ვინც დაბნეულობისგან კუნძულიდან გაღწევა ვერ შევძელით. კაიდე კი ხის სახლში ჩაკეტილა და დილიდან დაღამებამდე გლოვობდა დაფერფლილ სამურაი ბენკეის, სახლიდან მანამდე არ გამოსულა, სანამ არ გაუგია რომ ორსულად იყო,  სწორედ ჰიდეკოს დედაზე.
_  ჰიდეკო ჩემი ერთადერთი მეგობარია, უნდა მოვძებნო,  _  ისე მკაცრად წარმოვთქვი ეს სიტყვები, ჩემი თავისვე გამიკვირდა.
_  აზრი არ აქვს,  _  მითხრა თავჩახრილმა ჰიდეკოს დედამ და აქვითინდა.

  გაშეშებული ვიდექი, თვალები გაოცებისგან იმხელაზე გამფართოვებოდა, თავისუფლად ჩაეტეოდა შიგნით მთელი იაკუშიმა თავისი ბინდით, მუდმივი წვიმიანი დღეებით, გაუვალი კრიპტომერიების ტყით, ყველა ნასახლარითა და „ ჰარუს“ ლეგენდით.
 
          მე იასუკო ვარ და იაკუშიმაზე ვცხოვრობ.  ჩვენთან მუდმივი ბინდია და  თვეში ისევ ოცდათხუთმეტი დღე წვიმს.


____________________________________________________________
* ჰარუ - იაპონური უნისექს სახელი, ნიშნავს მზეს, მზის სინათლეს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები