ნაწარმოებები



ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
10 სექტემბერი, 2012


Qui pro quo ( ზაზა შათირიშვილის მონოგრაფიის კრიტიკა)

        ,,დაინტერესებული მკითხველი მალე მიიღებს ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ,,გალაკტიონის კვლევის ცენტრის” სამეცნიერო-ლიტერატურულ კრებულს ,,გალაკტიონოლოგია VI”.
Gგთავაზობთ ერთ მონაკვეთს ნინო დარბაისელის ვრცელი კრიტიკული წერილიდან, რომელიც ამ კრებულშია შესული".

                                    ( ჟურნალი ,,ჩვენი მწერლობა"' № 18(174), 7 სექტემბერი, 2012


ნინო დარბაისელი

                            Qui pro quo



        2004 წელს გამოვიდა ზაზა შათირიშვილის მონოგრაფია ,,გალაკტიონის პოეტიკა და რიტორიკა~. ამ დაახლოებით ორასგვერდიანი გამოცემის გარეკანის ბოლო გვერდზე ვკითხულობთ:
      `ზაზა შათირიშვილის წიგნი, გამორჩეული – კონცეპტუალური სიახლით, დახუნძლული _ მოულოდნელი (ანდა მოსალოდნელი) მიგნებებით, შთამბეჭდავი – კონტექსტური თვალსაწიერით, ზუსტი – მეთოდოლოგიური გააზრებით, სანდო – დასკვნებითა და განზოგადებებით, ასახავს არა მარტო თანამედროვე ლიტერატურულ კვლევათა გაფართოებულ შესაძლებლობებს, არამედ წარმოადგენს ტექსტის ანალიზის ნიმუშს, შესრულებულს აზრობრივი დამუხტულობითა და სრულყოფილი ფორმით, და ეს წიგნი – არა ოდენ თანადროულ მკვლევართათვის, და არა ოდენ გალაკტიონ ტაბიძის პოეზიის შემსწავლელთათვის – კიდევ დიდხანს გამოდგება ნიმუშად~ (მერაბ ღაღანიძე).
      როცა წიგნს ამგვარი ზეაღმტაცი წარდგინება ახლავს, მიმნდობი მკითხველი კი, მოწადინების მიუხედავად, ბევრს ვერაფერს გაუგებს, კითხვას მიატოვებს, ვერგაგებას თავს დააბრალებს და კიდევ უფრო ირწმუნებს ცნობადი რეკომენდატორის ქება-დიდებას.
        მაინც რას წარმოადგენს ეს წიგნი? გადათვალიერებით გამოწვეული პირველი შთაბეჭდილება ასეთია: მონოგრაფიას, გარდა შენიშვნებისა და ბიბლიოგრაფიისა, ერთვის საკუთარ სახელთა, გალაკტიონის პოეზიის რჩეული ინვარიანტული ხატებისა და მოტივების, აგრეთვე _ ცნებათა საძიებლები. ეს ყოველივე, როგორც მოგვიანებით, წიგნის კითხვისას გამოჩნდება, ნაკლულოვანი კი არის, მაგრამ დასაწყისისთვის ნაშრომს მაინც სოლიდურ იერს ანიჭებს. წინათქმაც, ერთი შეხედვით, შთამბეჭდავია: რა და რა მეთოდი და მიდგომა არ არის მასში მოხსენიებული! ახლა ავტორებს არ იკითხავთ?! მაგრამ პირველი ეჭვიც სწორედ აქედან იბადება: როცა ერთ მცირე მონოგრაფიაში წამოჭრილია ამდენი სხვადასხვა დონისა და სპეციფიკის საკითხი, მოხმობილია ამდენი განსხვავებული მეთოდი, ხომ არ არის ეს ნიშანი იმისა, რომ მკვლევარმა ან პრობლემა/პრობლემები ვერ დააყენა მართებულად, ან მეთოდი ვერ მიუსადაგა _ ერთი სიტყვით, ვერ შეძლო, სწორად განესაზღვრა კვლევის სტრატეგია...
        ამ ეჭვს საფუძვლიანად აძლიერებს წინათქმაშივე დაფიქსირებული ფაქტი:
    ,,რიფატერის თანახმად, ჰიპოგრამა შემდეგნაირად განიმარტება:~ _ წერს ზ. შათირიშვილი და ამ სიტყვებს მოსდევს მოზრდილი ინგლისურენოვანი ტექსტი _ ყოველგვარი თარგმანის ან ახსნის გარეშე. მკვლევარი ციტირებულ ტექსტში ერთგან ქართულად ერთვება, მხოლოდ იმის სათქმელად, რომ `(კურსივი ავტორისაა _ ზ.შ.)~, თითქოს ამ ნიუანსის გარდა, სხვა ყველაფერი უკვე ცხადი შეიქნა. ქართველი მკითხველი, რომელსაც სულაც არ მოეთხოვება ინგლისური ენის იმ დონეზე ცოდნა, რომ უთარგმნელად გაიგოს, რისი თარგმნაც თავად წიგნის ავტორს გასჭირვებია, ალბათ, წიგნის ბოლოში დართულ შენიშვნებს მიაშურებს, იმედით, იქნებ ტექნიკური ხარვეზი გაიპარა _ ციტატას განმმარტავი შენიშვნის ნომერი არ ეთითებაო. იქ კი _ არაფერია!
      სამაგიეროდ, შენიშვნებში იგივე ქართველი მკითხველი ასეთ რამეს წააწყდება: ,,mise en abyme ესაა~ _ და აქაც კვლავ ,,განმმარტავი~ მოზრდილი ინგლისურენოვანი ტექსტი, ციტირებული პრინსის ,,ნარატოლოგიის ლექსიკონიდან~, თუმცა ეს შემთხვევა მაინც განსხვავებულია. თუ მკითხველი გამოკვლევაში ამ შენიშვნის შესაბამის ტექსტს მოიძიებს, თავში ,,რუსთაველის რეცეფცია ქართულ კულტურაში~ ასეთ რამეს წაიკითხავს: `პოემა მშვიდობის წიგნი მოგვითხრობს `მშვიდობის წიგნის~ დაკარგვისა და დაბრუნების შესახებ: mise en abyme-ს35 მეშვეობით აქ ზღვრული სახითაა გამოხატული მეტანარატიულობა და მეტატექსტუალობა~.
წაიკითხავს და დარწმუნდება, რომ ამჯერად ეს ყოველივე სხვა არაფერია, თუ არა ავტორის მიერ მოხმობილი `რიტორიკული~ ხრიკი _ ტექსტის სამშვენისად უადგილოდ გამოყენებული უცნობი mise en abyme-ს კიდევ უფრო უცნობით `ახსნა~.
      მაინც რას ნიშნავს ამგვარი ბურუსით შემოსილი ტერმინი _ mise en abyme?
        ფრანგული წარმოშობის ეს ცნება, რომელიც სათავეებით ჰერალდიკას უკავშირდება და ძირითადი გაგებით გერბში ჩახატულ პატარა გერბს აღნიშნავდა, სხვა არაფერია, თუ არა ხელოვნების სხვადასხვა დარგში გავრცელებული ხერხი – ე.წ. `მატროშკას პრინციპი~: ამბავი _ ამბავში, სიზმარი – სიზმარში, ფილმი – ფილმში და ა.შ. ამ ხერხს უძველესი დროიდან იცნობს მსოფლიო და ჩვენი მშობლიური ლიტერატურაც, _ მაგალითად, სულხან–საბას `წიგნი სიბრძნე სიცრუისა~, _ მაგრამ საკუთრივ გალაკტიონის `მშვიდობის წიგნი~ მის ნიმუშად ვერაფრით გამოდგება. ამ პოემის `ვეფხისტყაოსანთან~ კავშირი ღიად ინტერტექსტუალურია, თავად კონცეპტი _ `მშვიდობის წიგნი~ კი `ვეფხისტყაოსნისგან~ დაშორებული, უცხოური ლიტერატურულ-კულტურული სივრციდან მომდინარეობს. ეს გარემოება ნაწარმოებს, რომლის გმირთა მეტყველება, ლექსიკა და ფრაზეოლოგია პოეტის მშობლიური – იმერული დიალექტით არის შეფერილი, არა მხოლოდ ნაციონალურ, არამედ გაცილებით ფართო _ გლობალურ ინტერტექსტუალურ კავშირებში რთავს.
      წვალობს ჩვენი წარმოსახული გულმოდგინე მკითხველი, ვიდრე წიგნს საფუძვლიანად ჩაუჯდებოდეს, ამასობაში კი, თურმე, ჩვენს სამეცნიერო საზოგადოებაში _ მეტადრე, აკადემიურ წრეებში რა ხდება:
    ,,დროთა განმავლობაში ზაზა შათირიშვილის წიგნის _ `გალაკტიონის პოეტიკა და რიტორიკის~ _ მნიშვნელობა, ალბათ, ემოციური დამოკიდებულებიდან უფრო მეტად რაციონალურში გადაიზარდა, _ ანუ იმ საკითხების გააზრებასა და შეფასებაში, რაც ამ ნაშრომშია განხილული. და ეს იმის გათვალისწინებით, თუ გავიხსენებთ, რომ წიგნის გამო-ქვეყნებამდე, პერიოდულ გამოცემებში სტატიების სახით დაბეჭდილი ნაშრომის ფრაგმენტები აკადემიურ წრეებში ერთგვარ გაოგნებას თუ დაბნეულობას იწვევდა. შესაძლოა, წლების წინ იმავე აკადემიური წრეებისთვის უჩვეულო იყო თანამედროვე ლიტერატურისმცოდნეობითი ლექსიკით თავისუფალი ოპერირება, ან იქნებ უცნაური ეჩვენებოდათ გლობალური პერსპექტივიდან დანახული საკითხები და მათი მასშტაბური ანალიზი. ამ თვალსაზრისით, იქნებ ზაზა შათირიშვილის „გალაკტიონის პოეტიკა და რიტორიკა~ ამბოხად თუ არა, ერთგვარ რევოლუციად მაინც მივიჩნიოთ ქართულ ლიტერატურისმცოდნეობაში~ - წერს გაგა ლომიძე 2009 წელს მისდამი მიძღვნილ წერილში ,,ინტერტექსტუალური ანუ გლობალისტური კრიტიკა“.
      იმ დროს, როცა ამ წიგნის ფრაგმენტები აკადემიურ წრეებში, თურმე, ჯერ კიდევ ,,ერთგვარ გაოგნებას თუ დაბნეულობას იწვევდა~, ლიტერატურული კონკურსის _ `საბას~ ჟიური სულაც არ დაიბნა: ელვის უსწრაფესად აუღო ალღო, _ კიდეც წაიკითხა, კიდეც გაიგო! _ და ,,წლის საუკეთესო კრიტიკული ნაშრომის~ პრემიაც მიანიჭა.
        ვნახოთ, რა ნაყოფი მოაქვს ამ `ერთგვარ რევოლუციას~ კონკრეტულად გალაკტიონოლოგიისათვის – ქართული ლიტერატურათმცოდნეობითი მეცნიერების დარგისთვის, რომ-ლის ფუნდამენტურ პრობლემათა შესწავლა თანამედროვე დასავლური ლიტერატურულ-თეორიული აზროვნების მონაპოვართა გათვალისწინებით, მართლაც, საჭიროა.


* * *
        საკვლევი საკითხების შესახებ არსებულ ქართულ სამეცნიერო ლიტერატურას ზ. შათირიშვილი რომ არ იცნობს ან არ სცნობს, ამის დანახვა თანდართული ბიბლიოგრაფიისა და პირთა საძიებლის გადათვალიერებითაც ადვილია. თავისთავად, ამაში კარგი რა შეიძლება იყოს, მაგრამ ფაქტი, რომელსაც ახლა წარმოგიდგენთ, მინდა, სწორედ ამ მიზეზით ავხსნა და პლაგიატად არ მოვიხსენიო.
        წიგნში ავტორს პრობლემები _ `გალაკტიონი და ბრიუსოვი~ და `გალაკტიონი და ბლოკი~ ცალკე ქვეთავებად გამოუყვია და შესაბამისადაც დაუსათაურებია. ამ მიმართულებებით საკვლევი გალაკტიონოლოგიაში მცირე როდია, მაგრამ აქ 10-დან მთელი 7(!) გვერდი ქართული და რუსული პოეტური ტექსტების სრულ ციტირებას ეთმობა!
        რამდენად მნიშვნელოვანი, ახალი და, ამავე დროს, მკითხველისათვის გამაოგნებელი უნდა იყოს აღმოჩენა, რომ მკვლევარმა ლამის მთელი სათქმელი მხოლოდ თვალსაჩინოდ წარმოდგენილ ფაქტს მიანდოს, თავად კი `პირველაღმომჩენის~ ღირსებით ესღა აუწყოს მკითხველს:
      ,,დავიწყებთ ერთი კურიოზული ფაქტით: გალაკტიონის თორმეტტომეულის მე-7 ტომში `დაუმთავრებელი ლექსების~ რუბრიკით (ტაბიძე გ. 1966-75, ტ.7, 151-152) დაბეჭდილია შემდეგი ტექსტი (ამას მოსდევს ერთგვერდიანი ქართული ტექსტი _ ნ.დ.). ეს ტექსტი სხვა არაფერია, თუ არა ალექსანდრ ბლოკის ქრესტომათიული ლექსის Пушкинскому дому–ს დაუმუშავებელი თარგმანი. თვალსაჩინოებისთვის მოგვყავს ბლოკის შედევრის სრული ტექსტი~.... ამას მოსდევს ერთგვერდიანი სრული რუსული ტექსტი.
      სინამდვილეში, ზ. შათირიშვილის წიგნის გამოცემამდე ზუსტად ოცდაათი წლით ადრე, პოეტის თხზულებათა თორმეტტომეულის მეშვიდე ტომის ლამის გამოცემისთანავე ეს ფაქტი ირაკლი კენჭოშვილმა უკვე აღმოაჩინა და მალევე გამოცემულ საკუთარ გალაკტიონოლოგიურ წიგნშიც შეიტანა:
      ,,1934 წელს მას უთარგმნია ბლოკის ლექსი ,,პუშკინის სახლს~ (1921). გ. ტაბიძის თხზულებათა თორმეტტომეულის მეშვიდე ტომში (1972, გვ. 15) ეს ლექსი შეცდომით არის წარმოდგენილი პოეტის ორიგინალურ, `დაუმთავრებელ~ ლექსთა შორის. გალაკტიონისეული თარგმანი საკმაოდ ახლოს არის დედანთან. სანიმუშოდ მოგვაქვს დედნისა და თარგმანის პირველი და ბოლო სტროფები~.
      ახლა ზ. შათირიშვილის მეორე ,,აღმოჩენაც~ ვნახოთ _ მის წიგნში იმგვარადვე რეპრეზენტირებული, როგორც უკვე განხილული შემთხვევა:
      ,,ამავე კრებულშია მოთავსებული ლექსი ვილანელი, რომელიც როგორც თემატურ-მოტივურად, ისე სათაურითა და სტროფიკით აშკარა ინტერტექსტუალურ კავშირშია ბრიუსოვის ამავე სახელწოდების ლექსთან~.
        აქ მართლაც არის ერთი დიდი სიახლე!
        გასულ საუკუნეში ჩვენში ტერმინები ინტერტექსტი და ინტერტექსტუალური, გასაგები მიზეზების გამო, შემოსული არ იყო და ამგვარ შემთხვევებში მკვლევარები სხვანაირად, მაგალითად, ასე წერდნენ:
      ,,ვფიქრობთ, ბრიუსოვის ვილანელა ,,Все это было сон мгновенный~ წარმოადგენს იმ ნიმუშს, რომლის მიხედვითაც გ. ტაბიძემ შექმნა ლექსი ,,ვილანელი~ – ამ სალექსო ფორმის პირველი ნიმუში ქართულ პოეზიაში... ბრიუსოვის ვილანელას გალაკტიონისეული ჰგავს თემითა და რეფრენით _ ,,ყოველივე ქარია და ჩვენება~, არსებითად კი დამოუკიდებელი და დახვეწილი ლექსია~ ... ისევ კენჭოშვილი!
      ცნობისათვის: ზ. შათირიშვილს არც ბიბლიოგრაფიაში, არც საკუთარ სახელთა საძიებელში საერთოდ დასახელებული არა ჰყავს ირაკლი კენჭოშვილი _ მკვლევარი, რომლის შრომების მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ მონოგრაფიაში განხილული საკითხების გაშუქებას ეძღვნება და რომელიც, თითქმის ნახევარი საუკუნეა, იღვწის გალაკტიონის შემოქმედების დასავლური ლიტერატურათმცოდნეობითი თვალთახედვით გაშუქებისა და დასავლურ ლიტერატურულ-კულტურულ კონტექსტში ჩართვისათვის, ანუ მისი წინამორბედია.…მაგრამ ზ.შათირიშვილს, როგორც წიგნში არაერთგან ჩანს, სწორედ იმ ქართველ ავტორთა მიმართ სჭირს ღრმა გულმავიწყობა, ვისი ნაშრომებითაც ყველაზე მეტად სარგებლობს. მას ,,ავიწყდება~ ისიც, რომ ნებისმიერი პრობლემის შესწავლას მეცნიერებაში აქვს განვითარების დიდი თუ მცირე ისტორია, რომელსაც მკვლევარი უნდა იცნობდეს. თუ იგი დამკვიდრებულ აზრს არ იზიარებს, ვალდებულია, საკუთარი, ახალი თუ განსხვავებული იდეა, პოზიცია დამაჯერებლად დაასაბუთოს. მაგალითად, იმისათვის, რომ გალაკტიონის შემოქმედება და პიროვნება ნაუცბათევად, ჰაიჰარად გაცნობილ ჰაროლდ ბლუმის ფროიდისტულ ,,მამაშვილობის~ მოდელს მოარგოს, ზ. შათირიშვილს ჰაერივით სჭირდება, რომ გ. ტაბიძე შემოქმედების პირველ პერიოდში გამოიყვანოს აკაკის ეპიგონად, მაგრამ რა უყოს რეალობას, რომელიც ამ სურვილსა თუ ახირებას მეტისმეტად ,,უძალიანდება~?
        პრობლემის შესწავლის დინამიკა ძალზე მოკლედ ასეთია: ადრეულ სტადიაზე გალაკტიონის შემოქმედების პირველი პერიოდის შესახებ არსებობდა აზრი, რომ იგი ,,შეგირდობის ხანას~ წარმოადგენდა (რ. თვარაძე), რომ ეს იყო ,,სტილური სიჭრელით~ აღბეჭდილი ,,დიფუზიური პოეზია~ (თ. ჩხენკელი), რომ ამ პერიოდში გალაკტიონი ძირითადად ბარათაშვილის წყობის ,,სევდის პოეტად~ გვევლინება (ა. ხინთიბიძე) და ა.შ., გასული საუკუნის ოთხმოციანი წლების დასაწყისში კი თეიმურაზ დოიაშვილის გამოკვლევაში ,,გალაკტიონის პოეტიკის სათავეებთან~ საკითხი ამგვარად იქნა დაყენებული:
      ,,გალაკტიონ ტაბიძის ადრეული ლირიკა (1908-1914წ.წ.) მხოლოდ მოსამზადებელი პერიოდი კი არ არის პოეტისათვის, როგორც ამას ჩვეულებრივ აღნიშნავენ, არამედ განსაკუთრებული ეტაპია მისი შემოქმედებისა.… თავისი პირველი წიგნის მიხედვით, გალაკტიონი გარკვეული მსოფლაღქმისა და სტილის დასრულებული პოეტია~.
        შემდგომმა კვლევებმა, მართლაც, გამოავლინა ამ პერიოდის რეალური მნიშვნელობა და მრავალფეროვნება. მაგალითად, ზ. შათირიშვილის მიერ ტაბუდადებული ავტორი ი. კენჭოშვილი მიიჩნევს, რომ: ,,გალაკტიონ ტაბიძის პირველი პერიოდის ლირიკაში გარკვეულწილად შესუსტებულია კავშირი უშუალო წარსულის პოეტიკასთან, მათ შორის _ ,,შინაარსთანაც~ [...] შენარჩუნებულია მხოლოდ რომანტიკული ელემენტები, მაგრამ ამასთანავე ჯერ კიდევ ძლიერია კავშირი ნეორომანტიზმთან. [...] შეხება ,,ახალ პოეზიასთან~ ყველაზე ნათლად და თვალსაჩინოდ ბალმონტიზმის (აქ ედგარ პოუც იგულისხმება) სახით არის გამოხატული~.
      ამ საკითხის ფუნდამენტურ გაშუქებას ეძღვნება თ. დოიაშვილის გამოკვლევა ,,გზა ,,არტისტული ყვავილებისაკენ~, რომელიც, დაწყებული 2001 წლიდან, სამჯერ გამოქვეყნდა. დღესდღეობით დამაჯერებლად დასაბუთებულია, რომ ,,დიდი პოეტური რეფორმის წინარე პერიოდს არ შეიძლება ისტორიულ-ლიტერატურული პროცესის ზედაპირული აღქმის გამო ,,შეგირდობის~ იარლიყი მოვაწებოთ (ხაზი ჩემია – ნ.დ.). რეალურად, ეს იყო ეროვნულ და უცხო ზოგად-პოეტურ ტრადიციებთან ურთიერთობის გარკვევის – ძიების, უარყოფისა და სიახლეთა ათვისების – ურთულესი პროცესი, რომელმაც გალაკტიონი უნივერსალური პოეზიის ევროკულტურულ მაგისტრალზე გაიყვანა~ (თ. დოიაშვილი).
        ამ ყოველივეს გათვალისწინებით, რა საბუთი აქვს ზ.შათირიშვილს იმის სამტკიცებლად, თითქოს გალაკტიონ ტაბიძე შემოქმედების პირველ პერიოდში, ანუ აკაკის გარ-დაცვალებამდე მისი ეპიგონი იყო? არ შველის ამ ახირებას თ. სანიკიძის ,,გალაკტიონ ტაბიძის ენის ლექსიკონიდან~ გადმოწერილი ნაირ-ნაირი ციტატების დახვავება და ბუქის დაყენება; არც წინარე მკვლევართა აზრის ,,მივიწყება~ და, მობოდიშებასავით, გამოკვლევის ბოლოს, კომენტარებში საერთო ადგილის მიჩენა. განსხვავებულ თვალსაზრისს და-საბუთება, თანაც კარგი დასაბუთება სჭირდება, მაგრამ ეს რომ ობიექტურად, რეალური სურათის გამო, შეუძლებელია?! სად არის გამოსავალი? სად და _ ასეთ რიტორიკულ აბრუ-ნდში: საკმარისია, ამ პერიოდის ლექსებიდან მკითხველი საზოგადოებისთვის ყველაზე ცნობილი ნაწარმოებები, ვითომც გაკვრით, ერთი ხელის მოსმით დაამცირო და დაუყოვნებლივ სხვა ,,მნიშვნელოვან~ საკითხებზე გადაიტანო ყურადღება, რომ ილუზორული შედეგიც არ დააყოვნებს. მაგალითად ასე:
        ,,არტისტულ ყვავილებამდე~ გალაკტიონი უშვებდა მედიაციის გარკვეულ ფორმებს და ქმნიდა მედიატორულ ფიგურებს. შეიძლება გავიხსენოთ რამდენიმე ადრეული კიჩი მისი პირველი 1914 წლის კრებულიდან – გურიის მთებს, მე და ღამე, მესაფლავე – სადაც მეეტლე, მესაფლავე და ღამე ფლობენ მედიაცურ სიბრძნეს საიდუმლო ცოდნის, საღი აზრის თუ სწორი მიმართულების სახით~.
        რა მაღალი პილოტაჟია: თან – მედიაციური სიბრძნეებიო, თან _ კიჩიო!
        კიჩის ბუნების გათვალისწინებით, სხვა რა უნდა ვთქვათ: აფერუმ ქართველ მასობრივ მკითხველ-მომხმარებელს, რომ გასული საუკუნიდან დღემდე, თურმე, გალაკტიონის ამ ლექსებში სულ მედიაციურ-მედიატორულ სიბრძნეებს დასწაფებია, კიჩის სახელით!
        თანამედროვე, პოსტმოდერნისტული ეპოქის ესთეტიკური ხედვით, კიჩი, იქნებ, ზოგჯერ კომპლიმენტიც კია, მაგრამ მკვლევარს ძალზე მწირი წარმოდგენა უნდა ჰქონდეს არა მხოლოდ გალაკტიონის ადრეულ შემოქმედებაზე, არამედ ზოგადად _ გასული საუკუნის ათი-ოციანი წლების ლიტერატურის კონტექსტზე და თვით ტერმინ კიჩზეც, რომ, როგორც იტყვიან, ,,უკანა რიცხვით მიაწეროს~ ამ ქმნილებებს კიჩობა; ან იმდენად უნდა ეფამილარულებოდეს გალაკტიონსა და თავის მკითხველებსაც, რომ აქ სლენგის მნიშვნელობით იყენებდეს ამ სიტყვას. გავიხსენოთ: ლექსში ,,მერი~ პოეტი თავის ორ ყველაზე მნიშვნელოვან ქმნილებას ასახელებს და ორივე ზ. შათირიშვილისთვის, არც მეტი, არც ნაკლები, კიჩი ყოფილა: ,,ან ,,მესაფლავეს~ რისთვის ვმღეროდი, /ან ვინ ისმენდა ჩემს ,,მე და ღამეს~. (აქ ,,გურიის მთები~ რომ არ ,,დაგვეჩაგროს~, იმასაც აღვნიშნავ, რომ ,,მერის~ მოგვიანო პუბლიკაციებში ,,მესაფლავეს~ ნაცვლად იკითხება ,,გურიის მთებს~).
          ლექსის ,,მე და ღამე~ განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე ცოტა როდი თქმულა და დაწერილა, მაგრამ საკვლევი და სათქმელი კიდევ ბევრია. ჩვენ რამდენიმე ავტორის აზრი გავიხსენოთ: მაგალითად, ა. ხინთიბიძე მას მაღალი ხელოვნების ნიმუშად მიიჩნევს და კიდეც ასაბუთებს, რომ ,,ქართული ლექსის განახლებისათვის ბრძოლაში მნიშვნელოვან ეტაპს ქმნის 1913 წელს ჟურნალ ,,ოქროს ვერძის~ მეოთხე ნომერში გამოქვეყნებული ,,მე და ღამე~; ამავე ლექსის გამო რ. თვარაძე წერს: ,,აქ დასრულდა მეცხრამეტე საუკუნის ხელწერა და შეიქმნა ახალი ეპოქის ,,სული ობოლი~; ი. კენჭოშვილის აზრით, ,,მე და ღამე~-ს საიდუმლოს ესთეტიკა ერთგვარი მიახლოვებაა მოვლენათა არსის გამოხატვის შეუძლებლობის სიმბოლისტურ იდეასთან“.
ზ. შათირიშვილს ეს აზრები ხსენებად და გათვალისწინებადაც არ უღირს. დასჭირდა, ლექსისთვის ეწოდებინა ,,კიჩი~? – უწოდა და მორჩა!
          მაგრამ ეს რიტორიკული აბრუნდი მაინც მკრთალად გამოიყურება ლოგიკური ჩიხიდან თავდასაღწევად მოხმობილი ამგვარი უკიდეგანო ,,მეცნიერული ეგზალტაციის~ ფონზე:
,,გალაკტიონი წარმოადგენს ქართული (და არა მხოლოდ ქართული) ლიტერატურის (და არა მხოლოდ ლიტერატურის) ერთადერთ უნიკალურ სხეულს (,,როგორც ერთია ქვეყანა მთელი...~) – ერთადერთ ტექსტს – ყველა სხვა ტექსტი არის მხოლოდ მისი მოდუსი. ე. ი. თუ შესაძლებელია ქართული ლიტერატურა, მაშინ შეუძლებელია გალაკტიონი, ხოლო თუ შესაძლებელია გალაკტიონი, მაშინ შეუძლებელია სხვა დანარჩენი ლიტერატურა (გავიხსენოთ ცნობილი მითოლოგიური გადმოცემა მეორე პოეტის შესახებ, სადაც პირველიც და უკანასკნელიც – ალფა და ომეგა – გალაკტიონია, ე.ი. იგი ისევე აღიწერება, როგორც აპოკალიფსის ქრისტე). მაშასადამე, თუ აკაკის სიკვდილის შემდეგ გალაკტიონი იქცა ,,ძლიერ პოეტად~, 1927 წლის კრებულის გამოსვლიდან მოყოლებული და, განსაკუთრებით 50/60-იან წლებში, ის ხდება ,,ერთადერთი პოეტი~ _ ,,მეორე რუსთაველი~.
          ამ ერთ ფრაგმენტში იმდენი ნონსენსია შერწყმული, მათ გამოცალკევებასა და ანალიზს ცალკე წერილი არ ეყოფა და, როგორც ილია იტყოდა, ,,მთქმელიც ტყუილად მოცდება და მსმენელიცა~.
          ასეთ წიაღსვლებს თუ გულისხმობდა მ. ღაღანიძე, როცა გვპირდებოდა, ეს წიგნი – არა ოდენ თანადროულ მკვლევართათვის, და არა ოდენ გალაკტიონ ტაბიძის პოეზიის შემსწავლელთათვის – კიდევ დიდხანს გამოდგება ნიმუშადო?!
          `და არა ოდენო~ _ რამხელა სტილური თანხვედრაა ავტორისა და ავტორიტეტად შერაცხული მისი რეკომენდატორის ტექსტებს შორის. ნუთუ ასეთი გადამდები სენია ,,მეცნიერული ეგზალტაცია~...


* * *
        რაკი ცნობადმა რეკომენდატორმა ამ წიგნს ტექსტის ანალიზის ნიმუში უწოდა, ვნახოთ, რამდენად სანდოა ეს ანალიზი.
        ეძიებს რა ,,არტისტულ ყვავილებში~ აკაკის, როგორც დაღუპული მამის კვალს, ზ.შათირიშვილი მიმართავს ლექსს `ჭიანურები~, რომელშიც გარკვევით არის ნათქვამი:

ხშირად ვიგონებ ვერლენს,
როგორც დაღუპულ მამას.

        იგი წერს:
      ,,მოცემული ტექსტი მკვეთრი ,,მონტაჟური ბმების~ მეშვეობით იგება, რაც აძნელებს ინტერპრეტაციას. მაგრამ მოხმობილი მასალა საშუალებას იძლევა გავშიფროთ ერთი ასეთი მკვეთრი ბმა. ამ ხატამდე ერთი სტროფის ზევით ჭიანურებში შემდეგი სურათი გვაქვს: ,,განა მეხუთე სართულს / განა მეათე მთვარეს / უხმო, მჭვარტლიან სანთელს / გადავავლებდი თვალებს?” მიუხედავად იმისა, რომ აქ სანთელი, ერთი შეხედვით, სავსებით ,,რეალისტურად~ შემოდის ტექსტში, ცხადი ხდება, თუ რატომ იგონებს სტროფის გამოტოვებით ვერლენს, როგორც დაღუპულ მამას, ლირიკული გმირი. ამ უკანასკნელი ხატის (დაღუპული მამა) პროვოცირება სწორედ ,,უხმო~ სანთელმა მოახდინა~.
      შენიშვნა, რომელიც მონოგრაფიის ამ ფრაგმენტს უკავშირდება, ,,აზუსტებს~: ,,შეადარე აკაკის ლანდში: ,,არ მოგვაკლებს...…… შუქს უსიტყვოს /... პოეტის... მაღლით ანთება~ ე.ი. პოეტი, როგორც სანთელი~.
ყველაფერი თითქოს მშვენივრად ჟღერს, მაგრამ ერთი ნაკლი აქვს _ სინამდვილეს არ შეეფერება.    არასრული ციტირების გამოყენებით ზ. შათირიშვილი მკითხველს უმალავს, რომ ლექსში ,,აკაკის ლანდი~ არსადაა ნახსენები ,,პოეტი, როგორც სანთელი~. რეალურად მგოსნის ლანდს სანთელი/სანთლები ხელში უჭირავს და ,,ჩუმად / დაღლილ სანთლებით მოდის / მწუხარე ლანდი… მაღალი ლანდი~, გალაკტიონს კი სჯერა:

ოჰ! ასეთია დღეს განსაცდელი
და არ დაგვტოვებს პოეტი ობლად,
რომ არ აანთოს ისევ სანთელი
დავიწყებული ხატის მახლობლად.

        იმაში გასარკვევად, თუ სათავისოდ როგორ ცვლის ტექსტს, როგორ ,,ასხვაფერებს~ ფაქტებს მონოგრაფიის ავტორი, მოვიყვანოთ მის მიერ ,,გაანალიზებული~ კიდევ ერთი სტროფი ,,ჭიანურებისა~, რომელიც უცვლელად მეორდება ,,არტისტულ ყვავილებსა~ და ყველა სხვა გამოცემაში:

განა მეხუთე სართულს,
განა მეათე მთვარეს,
უხმო, მჭვარტლიან სანთელს
გადავალევდი თვალებს?

      მაშასადამე, ლირიკული სუბიექტი ამბობს (ვიღაცას მიმართავს), განა შენს ლოდინში უხმო, მჭვარტლიან სანთელს თვალებს გადავალევდიო. ხომ ძალზე წააგავს ჟღერადობით ეს ორი სიტყვა: გადავალევდი და გადავავლებდი? ხომ შესაძლებელია, რომ მონოგრაფიაში კორექტურა გაპარულიყო და ასე გაჩენილიყო შათირიშვილთან ,,გადავავლებდი~? ცხადია, შეიძლებოდა, მაგრამ საქმე ისაა, რომ ავტორს თავისი ,,თეორიისთვის~ ძალიან სურს და სჭირდება, აქ დაინახოს აკაკი-პოეტი, როგორც სანთელი, ეს კი ერთმნიშვნელოვნად პოზიტიურ ხატს მოითხოვს. ამის გამო ჩნდება წინააღმდეგობა: როგორც კი დავუშვებთ, რომ ეს პოეტი-სანთელი არა მხოლოდ უხმოა (როგორც შათირიშვილმა წარმოგვიდგინა), არამედ მჭვარტლიანიც (როგორც ეს მკვლევარმა ,,მიგვავიწყა~ თუ მიგვიჩუმათა ციტირების შემდგომი მსჯელობისას) და თანაც ლექსში ,,სანთლისადმი~ ლირიკული სუბიექტის (და შესაბამისად – გალაკტიონის) დამოკიდებულება სულაც არ არის იმგვარად ამაღლებული (,,გადავალევდი თვალებს~), როგორც ავტორის ლოგიკა მოიხდენდა, _ ეს ხუხულასავით დაშლის მთელს ნაწვალებ კონცეფციას! _ სწორედ ამის გამო, ნეგატიური ,,გადავალევდი~ თვითნებურად იცვლება სასურველი სიტყვით ,,გადავავლებდი~, მთელი მსჯელობა კი შემპარავ ევფემისტურ იერს იღებს: ,,აქ სანთელი, ერთი შეხედვით, სავსებით ,,რეალისტურად~ შემოდის ტექსტშიო~. იქნებ ვცდები და ასე არ წერია? მაშინ გამოდის, რომ შათირიშვილის გაგებითა და ნება-სურვილით, ,,სავსებით ,,რეალისტურად~ აკაკი გალაკტიონისათვის... ,,მჭვარტლიანი სანთელი~ (!) ყოფილა.


* * *
      ზ. შათირიშვილი, რომელიც ჰ. ბლუმის, რ. ბარტისა და სხვათა გამოცდილებაზე დაყრდნობით თითქოს გზასაც იგნებს თავისივე ნება-სურვილით შექმნილ სააზროვნო უღ-რანში, ვერა და ვეღარ ინარჩუნებს საკვლევი ობიექტისადმი დისტანციასა და წონასწორობას. მისი მუდმივი ძალადობების მოგერიებით გადაღლილი კვლევის ობიექტი _ გალაკტიონის პოეტური ტექსტი კი, სადაც მოიხელთებს, შურს იძიებს მკვლევარზე _ თამაშობს მისით, როგორც იტყვიან, ,,თამაშობს, ანუ ისვენებს!~
აი ასე:
    ,,მაშასადამე, გალა-კ-ტიონი ერთდროულად ფლობს და ვერ ფლობს თავისი საკუთარი უნიკალურობის ერთადერთ ნიშანს, რომელიც სიმბოლიზებულია გრაფემა ,,კ~-ს მეშვეობით. სახელი გალა-კ-ტიონი, მთელი მისი უნიკალური და ერთადერთი სხეული მოთავსებულია იმ სივრცეში, რომელსაც ქმნის კ/ქ. კ მიუთითებს ფუნდამენტურ ,,ნა-კ-ლულობასა~ და ,,უ-კ-მარობაზე~, რომელიც ამასთანავე პოზიტიურად ქ-მნის გალაკტიონს გალა-ქ-ტიონისაგან. ქ-ს წაშლა და გადაწერა, კ-ს მიერ მისი ჩანაცვლება უნდა წავი-კ-ითხოთ, როგორც კონტა-ქ-ტის შეუძლებლობა, როგორც მ-კ-ვდარი მამის ტოპოსში შესვლა, როგორც ფრთების მო-კ-ვეცა, როგორც სი-კ-ვდილი.
      ამიტომაც ქ, როგორც სა-ქ-ართველო, მოვალეა, რომ ნატრობდეს კ-სთან, როგორც გალა-კ-ტიონთან, მეგობრობას უფრო მხურვალედ, ვინემ ის (ე.ი. გალა-კ-ტიონი) სა-ქ-ართველოსთან.
ამიტომაც მას სულაც არა აქვს ქ-ნარი მ-კ-ერდს მიდებული, ისე, როგორც უნდა. ამიტომაც, ბოლოს და ბოლოს, ა-კ-ა-კ-ი შეიძლება წავიკითხოთ, როგორც მ-კ-ვდარი მამის სახელი~ (ხაზგასმა ზ. შათირიშვილისაა.  ციტატაში  ავტორის მიერ გამუქებული კ და ქ გრაფემების  გადმოტანა ორიგინალის ადეკვატურად  -  არ ხერხდება საიტის ტექნიკური შეზღუდულობის გამო.  ამიტომ მივმართე  ტირეებით გამოყოფის ხერხს.  დაინტერესების შემთხვევაში იხ. ლინკი: http://forum.lit.ge/index.php?showtopic=81&pid=415770&st=220&#entry415770 ).
      ვის და რას ენდოს ამის წამკითხველი? – ზ. შათირიშვილს თუ გ. ტაბიძის საარქივო მასალებით არაერთგზის დადასტურებულ ჯიუტ ფაქტს, რომ აკაკის გარდაცვალებამდეც და გარდაცვალების შემდეგაც პოეტის სახელი ორივე ფორმით გვხვდება, თან გ. ტაბიძისავე ხელით ნაწერი? ცხადია, გალაკტიონს საკუთარი სახელის უფრო გამორჩეული _ გაევროპულებული ფორმა უჯობდა ქ-გრაფემიანს, რომელიც საქართველოში ბევრს შეიძლება რქმეოდა... (აქ ხელი გამირბის, ზემოთ ციტირებულიდან გადმოდებული ინერციით, სიტყვაში _ ,,რქმეოდა~ ქ გავამუქო). …განა ამავე მოტივით, სამწერლო ასპარეზზე იმ პერიოდში გამოსულ მის თანამოკალმეთაგან პავლე _ პაოლო არ გახდა? ტიტე _ ტიციანი? ნიკოლოზი – ნიკოლო? მეორეNნიკოლოზი, იგივე კოლია – კოლაუ? (სხვათა შორის, იმ დროს ცნობილი ექიმის _ გალაქტიონ ნადირაძის ძე) და ა.შ.? მათგან განსხვავებით, გ. ტაბიძეს საკუთარ სახელში არავითარი(!) ცვლილება არ შეუტანია. Uუბრალოდ, უკვე არსებული სახელის ორი პარალელური ვარიანტიდან ლიტერატურულ ასპარეზზე გასულ ადამიანს რომელიღაც ხომ უნდა ამოერჩია. ამოირჩია უფრო მშობ-ლიური – კ-გრაფემიანი, რადგან, როგორც თავადვე წერს, დედა და შინაურები ასე მიმართავდნენ, თანაც _ ნაკლებად გავრცელებული იყო. პოეტის ჩანაწერებში ამგვარი ფრაზაც არის დაცული: ,,რატომ დამსაჯეს ასე – არაქართული სახელი დამარქვეს~.
        აღსანიშნავია, რომ პოეტის ხელით გალაქტიონი აწერია მის არქივში დაცულ ოცდაათიანი წლების ერთ ოფიციალურ დოკუმენტსაც.
        დავუშვათ, ზ. შათირიშვილს თავისი ძალადობრივი კვლევითი სტრატეგიის განუხრელი დაცვით დავერწმუნებინეთ, რომ სახელში ,,გალაკტიონი~ კ გრაფემა აკაკის, როგორც დაღუპული მამის ნიშანია, რადგან ა.წერეთელს სრულიად გამორჩეული ადგილი ჰქონდა ახალგაზრდა პოეტის არსებაში. არის კი ეს ,,მოულოდნელი (ანდა მოსალოდნელი) მიგნება~ რაიმე არსებითი ნიშნით ახალი და ღირებული გალაკტიონოლოგიაში? განა გ. ტაბიძეს ან ვინმე სხვას როდესმე, რაიმე მოტივით უცდია ამის დაფარვა? ნუთუ იმისთვის დაიხარჯა უცხოური თეორიული წყაროებიდან მოზიდული ეს ვეებერთელა მეთოდური არსენალი, რომ ხელთ შეგვრჩენოდა ერთი მაგალითი დასავლური კულტურული სივრციდან სახელდახელოდ იმპორტირებული მეთოდების ქართულ ნიადაგზე აპრობაციისათვის მეცნიერული ძალ-ღონის არაპროპორციული ხარჯვისა, ანუ, როგორც ეს მკვლევარი იტყოდა, ,,პოტლაჩისა~.
        თუმცა, სინამდვილეში, საქმე ამაზე ცუდადაა!
        არსებობს ურყევი ფაქტი, რომელიც მთლიანად აუქმებს ზ.შათირიშვილის ნაჯახირევ კონცეფციას და აზრს უკარგავს ყველა შემდგომი საფეხურის მსჯელობებსა და დასკვნებს, რომელსაც ეს კონცეფცია საფუძვლად ედება: აკაკის გარდაცვალებამდე, ანუ 1915 წლამდე გამოიცა გალაკტიონის პირველი პოეტური კრებული, რომელმაც 1914 წელს იხილა დღის სინათლე. წიგნის პირველივე გვერდზე, ბიოგრაფიულ ცნობაში შავით თეთრზე წერია:
      ,,გალაკტიონ ტაბიძე _ დაიბადა 1892 წელს, სოფ. ჭყვიშში~.
აი, სადამდე მიიყვანა მკვლევარი რეალური ფაქტების არცოდნამ თუ უგულებელყოფამ, სანაცვლოდ ყველგან სასურველი ასოების ძიებამ, ,,მოულოდნელი (ანდა მოსალოდნელი) მიგნებების~ ნდომამ!






კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები