ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნეფერტარი
ჟანრი: პროზა
14 სექტემბერი, 2012


ბედუინი (ნაწილი XIV მოხეტიალე ქვიშა)

                                                                                                                  სანამ დიუნების დათვლას დაიწყებ
                                                                                                                  ხორკლიან სხეულზე შემოხვიე ხელი
                                                                                                                  იმაზე დაფიქრდი, რამდენ ხანს იქროლა ქარმა,
                                                                                                                  როგორ იმუშაკა_ მოექსოვა ქვიშის რიდე_
                                                                                                                  შენი ორივ თვალის ასახვევი.
                                                                                                                                                                       
                                                                                                                                                                          ნათია პაპიძე

          ძილით არ  ჩამძინებია. ჩემს მდგომარეობას თვლემა უფრო ერქვა. იმდენად დიდი იყო  წუთების უკან გადატანილი ემოციური ტვირთი, მოდუნების საშუალება რომ მიმეცა  ჩემი თავისთვის, - ნამდვილად გამსრესდა. თვალდახუჭული ვიწექი ბნელ გამოქვაბულში, თოკის წრეში და იმ უცნაურ სამყაროზე ვფიქრობდი, რომელშიც  გველის თვალებით  შევაღწიე. რისი დანახვაც მოვასწარი, მატერიალური თითქოს არაფერი შემინიშნავს, მთავარი აზრი რაც გამომყვა, ის იყო, რომ იქ, - დროის განზომილება ან საერთოდ არ არსებობდა, ან პირიქით საოცრად სწრაფი იყო მისი დინება. უზომო და უნაპირო  ძლიერი მიზიდულობის მომნუსხავი სივრცის აღქმა დამეუფლა...  შეგრძნებების ხილული სამყაროს ემოციაც გამომყვა.    ერთი რამ კი სრულიად ცხადი იყო: იმ სამყაროდან, ჩვენთვის ჩვეული გარემო, სრულიად უსარგებლო, წვრილმანი და პატარა მეჩვენა. მინდოდა  ფიქრით მეპოვა ზღვარი ჩემს სამყაროსა და „იმ“ სამყაროს შორის, მაგრამ ამაოდ.

        სანთებელა ხელის ცეცებით მოვძებნე ქვიშაზე და მის მბჟუტავ ალზე საათს დავხედე. დილის ექვსი საათი ხდებოდა.  წამოვდექი, მეორე ფეხზეც გავიხადე აქლემის ტყავის ქალამანი და ჩემი განთქმული ფეხსაცმელები შიშველ ფეხებზე ამოვიცვი. ცხენს აღვირში ხელი ჩავავლე და გამოქვაბულიდან გარეთ გამოვედით. 

ციოდა.

კლდეებს შორის მოქცეული ქვიშიან ტაფობზე  საფლავის სახელდახელოდ აღმართული ბორცვი თვალში უამურად მეცა.
რაღაც აკლდა...       

          მდევრის ღამისთევის ადგილს  გარშემო ნელ-ნელა და ფრთხილად  შემოვუარე. ქვიშაზე ორი ქილა შესქელებული რძე ეგდო, როგორც ჩანს აქლემზე აკიდებული ბარგიდან გადმოცვენილი. „ცივილიზებულმა“ საჭმელმა  ხასიათზე მომიყვანა, კარგა ხანს ვატრიალე ხელში ქილები, ისე მინდოდა მეგემა ტკბილი და ბლანტი რძე, განსაკუთრებულ არომატს რომ ტოვებდა ყელში,  დანაც მოვიმარჯვე ქილის გასახსნელად, მაგრამ ბოლო წუთში თავი შევიკავე და გადავწყვიტე უფრო შავი დღისთვის შემომენახა.

      ცეცხლისგან მოშორებით თეთრი ლაქა შევნიშნე ქვიშაზე, ეს რძე იყო, ქვიშაზე მიყინული რძე.
„ალბათ რძის სუნმა მიიზიდა გველი და აზიზმა ვერ შენიშნა...“ - გამიელვა გონებაში. 
გამოქვაბულში დავბრუნდი.  სანთებელას შუქზე ტომრები და გუდები მოვაგროვე და  გარეთ გამოვიტანე.  ჯერ მე დავლიე წყალი, მერე ჯადარს გავუშვირე გუდა, ცხენმა ფრთხილად მოსინჯა წყლის გემო, ამოიფრუტუნა,  დინჯად და ფრთხილად დალია წყალი.  მეორე გუდაში გამომშრალი ხორცი, თხის  ყველი და პურის გამხმარი ნაჭრები იდო. ჩემს საუზმეს ერთი ნაჭერი გამხმარი ყველი, ორი ნაჭერი გამომშრალი ხორცი და ერთი პატარა ნატეხი წყალში დამბალი პური შეეწირა.

      - „ცეცხლი მჭირდება, როდემდე უნდა ვიყო უცეცხლოდ, პირველყოფილი ადამიანივით...“ -  გავიფიქრე და  თვალით ისევ ნაცეცხლარ ადგილს მივაჩერდი. კერიაზე ნაცარმოკიდებული ნახშირის მთელ-მთელი ნაჭრები შევნიშნე.  ჩამქრალი კოცონიდან ნახშირის გამორჩევა დავიწყე. მორიგი ღამისთევისას, სიცივე ნაკლებად შემაშინებდა. ნახშირს ნამდვილი განძივით ვაგროვებდი, თითო ნატეხს ხელში ვიღებდი, სულს ვუბერავდი, ნაცარს ვაცლიდი და თოკის ყოფილ ტომარაში სათითაოდ ვალაგებდი. ცოტა ხანში ნაცეცხლარზე ნაცარიღა დარჩა. ვარსკვლავა-ფესვები  ცხენისთვის უნაგირის ჩანთაში გადმოვყარე, საგზალიც ორად გავყავი.

მეორე ტომარაში  თეთრი აბრშუმისგან ნაკერი მამაკაცის ორი ხელი არაბული სამოსი ელაგა, ერთი ხელი  ჩემთვის გადავდე, გადავწყვიტე, ტანსაცმელი, ოაზისთან ახლოს გამომეცვალა, ჩემი ჭუჭყიანი და დაფლეთილი კაბით  თვალში რომ არ მოვხვედროდი დამხვდურებს. კაცის  სამოსი, ზედმეტ ცნობისმოყვარეობას თავიდან ამარიდებდა.  ორმეტრიანი თეთრი აბრეშუმით ბურნუსი შევიკარი და თავზე შავი ოკალით  დავიმაგრე, მისი ცალი კალთა კი სახეზე ავიფარე. მარჯვენა ფეხსაცმელის ყელში ისევ დანა დავაბინავე, მარცხენაში - სანთებელა. წყლიანმა გუდამ, ნახშირიანმა ტომარამ, საგზლმა, ტანსაცმელმა, აქლემის ტყავებმა, ლამპარმა  და შესქელებული რძის ქილებმა  უნაგირზე დაიდეს ბინა, წყლიანი ბოთლები გამოქვაბულში დავალაგე საგზალთან და სამოსთან ერთად. იქედან ჩემი მხსენლი თოკი გამოვიყოლე და ისიც უნაგირს მივაკიდე.

ბედუინის რუკა ამოვიღე და დავაცქერდი.
რუკის მიხედვით  ჩემი მორიგი მიზანი ვარსკვლავით მონიშნული ადგილი იყო. ვარსკვლავის ქვეშ კლაკნილი გრძელი ხაზი ვერტიკალურად იყო გაწოლილი, მის მახლობლად რუკაზე კლდის ან სამალავის მაჩვენებელი რაიმე სხვა ნიშანი დახატული არ იყო, როგორც ჩანს ჰამადი მალე გათავდებოდა  და  ქვიშიანი უდაბნო მექნებოდა გადასავლელი.  ახლა  უკვე ის ცხელი ჩრდილებიც აღარ გვექნებოდა მე და ჯადარს,  - რასაც კლდეები გვჩუქნიდნენ. 

კლაკნილ ხაზს ვაკვირდებოდი. თითქოს მდინარეს თუ ნაკადულს გავდა, მაგრამ საჰარაში ერთადერთი მდინარე ნილოსი იყო. ანუ,  ეს ხაზი  რაღაც სხვას ნიშნავდა. დავცქეროდი ქაღალდის  ნაგლეჯზე ნახშირით დახატულ რუკას და ვერაფრით ვხვდებოდი რას მიჩვენებდა ბედუინის ნახატი. რუკა ყველა მხრიდან შევაბრუნე, რებუსივით დავცქეროდი ნიშნებს. ვარსკვლავის თავზე მზე ეხატა სრული წრით, ესე იგი ამ ადგილას შუადღემდე უნდა მოვხვედრილიყავი ან თუ ღამით მოვხვდებოდი, დღისთვის უნდა დამეცადა.  გამოცდილებამ მაჩვენა რომ დღე-ღამის ის მონაკვეთები, რომლებიც ბედუინმა რუკაზე დახატა მნიშვნელოვანი იყო. არწივისთავიან კლდესთან ღამით მოვხვდი და  სრულიად შემთხვევით, მაპოვნინა ცხენის უთავო ჩრდილმა გამოქვაბულში შესაძვრომი ნაპრალი, მე ხომ სულზე შევასწარი მდევარს გამოქვაბულში.
        ალ კაბირი არა მარტო ვარაუდობდა, არამედ ელოდა  მდევარს. მისი სიფრთხილე,  იარაღი და ჯადარის ფეხებზე ჩაცმული ტყავები, რომლის წყალობითაც ცხენი კვალს არ ტოვებდა,  - ამაზე მიუთითებდა.  ცხენს ფეხებზე შევხედე. წინა ფლოქვებზე ტყავები გამოხეოდა.  რუკა გვერდზე გადავდე და ცხენის ფეხებთან დავიჩოქე. ჯადარი მშვიდად დამემორჩილა.  დახეული ტყავები შემოვხსენი,  აქლემის ტყავი ქვიშაზე გავშალე, ძველი ტყავის ნაჭრები ზედ გაშლილად დავაწყე და ჩემი დანით ახლების გამოჭრას შევუდექი.

ვგრძნობდი რომ შინაგანად შევიცვალე, ისე დინჯად და აუჩქარებლად ვმოქმედებდი, თითქოს არსად არ ვაპირებდი წასვლას. სულაც არ ვაქცევდი ყურადღებას ყინვას, რომელიც მართალია დღის მობრძანებას  უკვე გაეტეხა, მაგრამ თხელ აბრეშუმში სიცივის ხიწვები შემაწუხებლად იკბინებოდნენ. აღარც ეს უსასრულო უდაბნო მაწუხებდა, აღარც არსად მეჩქარებოდა, აღარც რამის მეშინოდა და აღარც ჩემიანების დარდი მიჭამდა გულს. მივხვდი რომ წყლის და საჭმლის მაგარის ნახევარიც ქვეცნობიერად დავტოვე გამოქვაბულში, თითქოს დარწმუნებული ვიყავი რომ ალ კაბირი აქ ნამდვილად მოვიდოდა და დასჭირდებოდა.

        მე, „ახალი მე“ ვიყავი, სრულიად სხვა, რომელსაც ემოციები მთლიანად გამოცლოდა და  „იყო მხოლოდ იმიტომ, რომ იყო“...  არ მომეწონა ჩემი ასეთი მდგომარეობა, მაგრამ რაკი იმ აკვიატებულმა შიშმა მიმატოვა - ჩემი გონება სხარტად და ნათლად  აზროვნებდა. ახლა ამითაც კმაყოფილი  ვიყავი, მაგრამ  ვერა და ვერ ვეჩვეოდი ჩემს ახალ შინაგან მდგომარეობას, რატომღაც დარწმუნებული ვიყავი, რომ სახის გამომეტყველებაც შეცვლილი მქონდა.
        ჯადარი ფრუტუნებდა,  ხან თავზე დამადებდა დრუნჩს, ხან მხარზე მეხებოდა, კეთილშობილი ცხოველი მოფერებით ცდილობდა ჩემს გამხიარულებას.  ახალი „ფეხსაცმელებიც“ მშვენივრად მოერგო. კოჭებზე თასმები ზომიერად შემოვუჭირე და კარგად დავამაგრე რომ ჭენებისას ტყავი ფლოქვებიდან არ გაძრობოდა.

სამზადისს მოვრჩი. გასამგზავრებლად მზად ვიყავი.

ისევ ავიღე რუკა და ყურადღებით დავაცქერდი.  რუკის ნიშნების მიხედვით, ნახევარი მზე მთვარესთან ერთად, - საღამოს ნიშნავდა, მხოლოდ ნახევარი მზე - დილას, მზის სრული წრე შუადღეს. მხოლოდ მთვარე,  - კი ღამეს. სამალვაზე მინიშნება არსად აღარ იყო ვეებერთელა სოკომდე. ესე იგი მორიგი სამალავი  მხოლოდ სოკოსთან უნდა მეძებნა. 
- „იქნებ არსადაც არ წავიდე და აქ დაველოდო ბედუინს. ალბათ არ მიმატოვებდა, ალბათ დამედევნებოდა...  ბედუინის რუკას გავყვე ? ალბათ არ მომიწონებს აქ  რომ დავრჩე, ან რუკაზე ნაჩვენებ გზას რომ გადავუხვიო.  იქნებ სულაც  უკან დავბრუნდე,  იქნებ სადმე გზაში გადავეყარო, ვინ იცის როგორ უჭირს უცხენოდ, უწყლოდ, მშიერს ან  რა დღეშია...იქნებ მოკლეს ან დაჭრილია და არაბებმა ტყუილი თქვეს...  ან  იქნებ სულაც მდევარს ვდიო კვალზე, ისინი ხომ სწრაფად დამეწივნენ, ვიღაცამ მოკლე გადასასვლელები იცის.... აქლემების ნაკვალევს ხომ გადაშლილი წიგნივით წავიკითხავ, უფრო მალე მივალ ფარაფრაში... ახლა,  წინ მდევარია, მე შუაში ვარ, უკან -  ის...
რა ვქნა როგორ მოვიქცე?“ 

        ფარაფრას ოაზისში ძალიან მიმეჩქარებოდა, მაგრამ უფრო მშვიდად ვიქნებოდი თუ ალ კაბირი ჩემს გვერდით იქნებოდა. მას მერე, რაც მდევრის მონაყოლიდან გავიგე  რომ სხვისი გასაჭირის გულთან მიმტანი  ლამაზი და ტანადი ახალგაზრდა, რომელიც საჰარაში ყველას უყვარდა, ყველა იცნობდა,  - მხოლოდ ძვირფასი ქვებისა და ლითონების მაძიებელი გეოლოგი იყო და არა მონებით მოვაჭრე, - გულზე მომეშვა.  ჩუმი დარდი და  ნაღველი უკვალოდ გაქრა. თითქოს მომესმა კიდეც  თბილი  და რბილი ხმა რომელსაც ისედაც მუსიკალური არაბული ენა,  კიდევ უფრო მიმზიდველს ხდიდა, მისი ცოცხალი და წყლიანი მწვანე თვალები პირდაპირ სულის კარებს აღებდნენ... გამახსენდა მისი ღირსეული დაჩოქება ცალ მუხლზე,-  დახრილი თავით და მკერდზე მიბჯენილი ნიკაპით,  შემთხვევით  რომ არ შეესწრო თვალი უხერხულად ამხტარი კაბისთვის, შიშველი კოჭისთვის,  წვივისთვის, როცა მისი მუხლის გავლით, - ცხენზე ვჯდებოდი. როგორი მოკრძალებით მისწორებდა თავზე ჩადრს, როგორ მაჭმევდა თავისი ხელით...  ახლა მისი  ნაკლებად მეშინოდა, მაგრამ მაინც, რაღაც მეწეოდა გულზე.  რა იყო ეს „რაღაც“  ვერა და  ვერ ვერკვეოდი. ყველა სიზმარი გამახსენდა რაც გაქცევის შემდეგ ვნახე, არცერთი ხილვას მის  გარეშე არ ჩაუვლია. 

სევდა შემომაწვა, დამღლელი, ყოვლისმშთანთქავი, სულისშემხუთავი...

„რა ჯანდაბა მჭირს!“... - გავიფიქრე გულმოსულმა და ფეხზე ავდექი... ფიქრისგან გაქცევა მინდოდა.

    რუკა ხელში ავიღე,  შევეცადე მანძილი გამომეთვალა, რამდენი კილომეტრი უნდა ყოფილიყო ჩემგან ამ ვარსკვლავამდე. 
არაქნიდების გამოქვაბულიდან სათვალთვალო ბექობამდე,  სადაც ოქროს კენჭები ვიპოვე, - არანაკლებ  შვიდასი  კილომეტრი მაინც იქნებოდა.  ჩვეულებრივ, არაბული ბედაური  ჭენებით სამოცდაათ კილომეტრს  ფარავდა საათში, მაგრამ ჯადარი ხომ გაცილებით სწრაფი იყო.  ეფემერების მდელოზე  შესვენების და იმ დროის გამოკლებით, რაც ვერტმფრენს ვდიე,  ცხენზე რვა  საათი მაინც მქონდა გატარებული,  ყოველ საათში  ათი - თხუთმეტ  წუთიანი შესვენებებით.  ალ კაბირს, ამ  რუკის დახატვისას,  მასშტაბზე ფიქრისთვის ალბათ არც ეცალა, რუკა მხოლოდ ორიენტირებს უჩვენებდა, მანძილის გამოთვლაში არ გამომადგებოდა. არანაკლებ  იმდენივე მანძილის გასავლელად  მაინც უნდა ვყოფილიყავი მზად, რაც აქამდე მარტომ ვიარე. ყველაზე ცუდი ჩემთვის ერთ ადგილას გაჩერება იყო, უკან დაბრუნება და ბედუინის მოძებნა ყველაზე მეტად მინდოდა, მაგრამ მეშინოდა რომ ამას  ორი დღე მაინც დასჭირდებოდა, თანაც ვიპოვიდი თუ არა ღმერთმა იცოდა, იქნებ  უფრო მოკლე სხვა გზით მიდიოდა ფარაფრასკენ და გზაში ავცდენოდი. წყლის მარაგს უკანა გზაზე დავხარჯავდი. ეს სიკვდილით გათავდებოდა. მაისი იწურებოდა. ივნისში კი სამუმი მთელ უდაბნოს გადაუვლიდა და თუ ოაზისამდე არ მივასწრებდი, სადმე ცოცხლად ჩამმარხავდა.

დიდი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე, გზა გამეგრძელებინა და რუკას გავყოლოდი. 

ქვიშიან უდაბნოში სიარული გაცილებით ძნელი იქნებოდა ვიდრე საჰარას კლდოვან ნაწილში.  ჰამადში ნიადაგი შედარებით მყარი იყო, ალაგ-ალაგ ცხელ ჩრდილებს ვეფარებოდით  კლდეების ძირში, ბევრს არაფერს გვშველოდა, მაგრამ პირდაპირი მზე მაინც  არ გვაცხუნებდა. ახლა ყველაფერი შეიცვლებოდა. ქვიშის მტვერი მცირე ნიავზეც კი თვალებს და ყველა ნაოჭს თუ ნაკეცს ამოგვივსებდა, ოფლიან კანს დაგვიკაწრავდა. მგზავრობის დრო ისევ ადრიანი დილა და გვიანი საღამო უნდა ყოფილიყო, მაგრამ შუადღის თაკარა მზისთვის სად უნდა შეგვეფარებინა თავი - ეს იყო მთავარი. რაღაც ჩარდახის მსგავსი დაგვჭირდებოდა მეც და ჯადარსაც შუადღის მხურვალე მზისგან თავის დასაცავად. ჩემი ნიკაბი გამახსენდა, მეტრნახევარი სიგანის და ორ მეტრის სიგრძის აბრეშუმი ადვილად შესალევი ნამდვილად არ იყო, ფასდაუდებელი თავშესაფარი იქნებოდა მისი ჩარდახი ჩემთვის და ცხენისთვის თაკარა სიცხეში, რომელიც  დილის თერთეტ საათზე  უკვე ორმოცდაათ გრადუსს აღწევდა. 

მეზარებოდა გველის მოჭრილი თავის დანახვა, მაგრამ ისევ გამოქვაბულში შევბრუნდი. ნიკაბი მალევე შევნიშნე, გველის თავი ეშვებით ტყავის ქალამანს ჩაფრენოდა, გვერდზე გადაწოლილიყო და ჩამქრალი თვალებით ირონიით მიცქერდა. რატომღაც მისი დანახვა დღის სინათლეზე მომინდა. ნიკაბს და ქალამანს  ხელი წავავლე  და გარეთ გამოვიტანე. 

          გველის თავი ქვიშაზე დავდე და დავაცქერდი.

არაფერია იმ გრძნობაზე  უცნაური, რაც დამარცხებული მტრის ცქერა იწვევს.
ერთი რომელიმე კონკრეტული გრძნობის სახელს  ჩემს განწყობას ვერ ვარქმევდი. ეს იყო განსაცდელისგან დატოვებული გამოცდილების, ხელდახელ შეძენილი ცოდნის, დაუნდობლობის, სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე სიარულის, ბრძოლის უცნაური ჟინის და შეუპოვრობის ნაზავი, რასაც თან ერთვოდა იმ  ზეადამიანური ძალის მოვლინება-გაქრობით გამოწვეული რეალურობის და მოულოდნელობის აღქმა. ვფიქრობდი იმაზე, რომ გულწრფელი ლოცვა, ქვესკნელიდანაც შეისმინებოდა. 
სიხარულს  კი ყოველივე ამაში ყველაზე მცირე და თანაც ბოლო ადგილი ეჭირა.

თავად არ ვიცოდი რატომ ან რისთვის მოვიმოქმედე ის,  რაც გავაკეთე.
ასპიტის ხახადაღებული და გაქვავებული პირიდან ქალამანი წვეტიანი ქვით ამოვიღე, ხოლო თავად გველის თავი, ახლადშესვენებულის სამარის  ახორხლილ ლოდებს  ზემოდან დავადე.
ახლა საფლავს აღარფერი აკლდა.
„განუსვენე უფალო და ... აპატიე“- მშვიდად გავიფიქრე და მოვტრიალდი. რა იცოდა ამ ქვების ქვეშ მწოლარე ჩემმა მდევარმა, მუსლიმანმა არაბმა, რომ მისი დევნილის,  ქრისტიანის  და თანაც ქალის ხელით იქნებოდა შურნაძიები შუა საჰარაში. 

    გამოქვაბულის შესასვლელზე გადმოფარებული  ნაპრალის შიდა მხარეს, კედელზე ბრტყელი ხელისგულისხელა ადგილი შევარჩიე და ნახშირის პატარა ნატეხით სამი სიტყვა არაბულად მივაწერე:
„გავიარე. მილოში. გელოდები.“
ამ ბოლო სიტყვას ეჭვით მივაჩერდი. რაღაც იმაზე მეტის მინიშნებას გავდა ვიდრე მინდოდა და არ მომეწონა, მაგრამ აღარ წამიშლია. ფილას ბოლოში ჩემი სახელი ლათინურად მივაწერე და კარგად ამოწვერილ მზეს  გავხედე.

„ღმერთო, დაიფარე.“ -ჩურჩულით შევესიტყვე აღმოსავლეთს. 

როგორც კი ჰამადს უკან მოვიტოვებდით, ამ სამყაროში მხოლოდ ოთხნი ვიქნებოდით: მე, ცხენი, ქვიშა და მზე.  გარემოს თვალი მოვავლე. არწივისთავიან კლდეს რომლის დანახვაზეც სიხარულით ვცეკვავდი და მერე კინაღამ საფლავად მექცა, თვალი გავუსწორე და მშვიდად ვუთხარი:

- „შენ მე ვერ მომერიე. მე შენ გაგექეცი !“ 

      საჰარაში ჩემი დაკარგვიდან ოცდამეათე დღეს, მე, ჯერ კიდევ ცოცხალი, ჯანმრთელი და საღ გონებაზე მყოფი ვიყავი და  ამ უკიდეგანო უწყლო უდაბნომ, თავისი უკაცრიელობით,  აუტანელი სიცხით და გამყინავი სიცივით, უსიცოცხლობით  და მირაჟებით,  -  ჭკუაზე ვერ შემშალა, ვერ გამტეხა და ვერ დამაჩოქა - ნამდვილი სასწაული იყო.
მე ჩემი მიწიერ-ზეციური სამება მყავდა: სამხრეთის დაუღალავი და თბილი ქარი, რომელიც  ლეგენდის მიხედვით ღმერთმა არაბულ ბედაურად აქცია, ხოლო იღბალმა  - ჩემს ერთგულ და საიმედო თანამგზავრად;  იმედი, რომელიც ჯერ-ჯერობით ისევ ჩემთან ერთად იბრძოდა და  ის, ვინც გასულ ღამეს ჩემი მუდარა შეისმინა. 

ახლა, რაკი წინ უსასრულო ქვიშის სივრცე და ცხელი ბარხანები მელოდა, მთავარი გამძლეობა, მოთმინება და გონიერება იყო. ჩემი ავლადიდება სულ სამიოდე პატარა აბგაში მელაგა, მათგან ყველაზე მთავარი , - წყალი, უნაგირის წინა მხარეს გადმოვიტანე. ქალამნები ისევ ჩავტენე აბგაში, აქლემის ტყავებიც უნაგირს დავაკარი, მსუბუქი მოძრაობით ცხენს ზურგზე  მოვექეცი და ამომავალ მზეს ზურგი ვაქციეთ.
ცხენი  დაიძრა,  ჩვეულად სიმძიმე მოსინჯა,  აცეკვდა,  ლაგამი მოხრა და  აქლემების ნაკვალევს შორიახლო მსუბუქი ნავარდით გაჰყვა. მე მშვიდად ვიჯექი ცხენზე, ვგრძნობდი რომ  მზად ვიყავი ძალიან ხანგრძლივი და მომქანცველი მგზავრობისათვის, მაგრამ არ ვიცოდი რა მელოდა იმ ვარსკვლავთან რაც ბედუინის რუკაზე ეხატა და  ჩემთვის გამოუცნობ ამოცანად რჩებოდა.
...
        საათზე მეტი იყო რაც ცხენი დასავლეთისკენ მიქროდა, დილის მზე ძალას იკრებდა, აბრეშუმის ბურნუსი კარგად მიცავდა, არც ზურგი მეწვოდა არც მხრები.  ცოტა ხანში უნდა შევჩერებულიყავი,  ცხენი უნდა  შემესვენებინა,  ოფლისგან და გადაღლილობისგან დამეცვა. ასე წყალიც ნაკლები დასჭირდებოდა და ფილტვებიც არ დაეღლებოდა. წინ შუადღის სასტიკი სიცხე გვქონდა გადასატანი. ჯერ კიდევ ჰამადიში ვიყავით, მაგრამ ქვიშა უკვე უფრო მეტად მოსდებოდა ჰორიზონტს ვიდრე ქვა და კლდეები.  ერთი დღის  სავალზე ალბათ უკვე ქვიშის მთებში გავაგრძელებდით გზას.  გზადაგზა აქლემების ნაკვალევს ვაკვირდებოდი, ჯერჯერობით ჩვენი გზა ერთმანეთს მისდევდა. ერთი საშუალო სიმაღლის კლდე ამოვარჩიე და მის ძირას შევისვენე. მაწუხებდა რომ ცხენისთვის საკმარისი საკვები არ მქონდა, ვარსკვლავა ფესვებს თუ გამოვიზოგავდი, -  სამი-ოთხი დღე ეყოფოდა იმისთვის რომ არ დაცემულიყო, მაგრამ იმისთვის რომ ენერგია მოეკრიბა და ქვიშიანი უდაბნო გადაგვეარა -  სამყოფი  არ იყო. 

        კლდეები მოვათვალიერე და მოლურჯო ფერის ხავსივით  "რაღაც" შევნიშნე მის ჩრდილოეთ კალთებზე, „ხავსი“ ძალიან მწირად იყო აქა იქა მოდებული. საკვების მარაგისთვის ყველაფერი გამოდგებოდა.  ჩემი ნიკაბი  ცხენს გადავაფარე,  აბრეშუმის ნაჭერმა მთლიანად დაფარა ცხენის შავი სხეული, მხოლოდ თავი, ფეხები და ძუის ბოლო უჩანდა. გამეხარდა ცხენი მზის სხივებისგან კარგად რომ იყო დაცული. მოვეფერე, თავზე ლოყით მივეხუტე და ჩურჩულით ვუთხარი:
-  „დამელოდე, შენი სადილი უნდა მოვაგროვო, არსად წახვიდე მეგობარო...“ - მან თავი დაიქნია, თითქოს გაიგო რაც ვუთხარი, დასავლეთს  ზურგი შეაქცია და აღმოსავლეთს მომლოდინედ მიაჩერდა. გული ამეწვა, ცხენმა ზუსტად იცოდა საით მხარეს იყო მისი პატრონი. ის ბედუინს ელოდა. 

        კაბის კალთა წელთან გამოვიკვანძე  და უცნაურად ლურჯი "ხავსის " შეგროვებას შევუდექი. მცენარეს  ჯავშანი ქონდა.  ძლივს ვაგლეჯდი ბასრი დანით კლდეს, უცნაური მოხაზულობის ჯავშანიან მცენარეს  ვარსკვლავის ფორმა ქონდა და  წიბოებზე „ნაკერი“ გასდევდა, დანით გავსერე ნაკერები, თეთრი  გული გამოჩნდა წვნიანი და სასიამოვნო სუნის მქონე. ეს ის  მცენარე იყო, რასაც ასე გემრიელად მიირთმევდა ცხენი და რომლის მარაგიც გამოქვაბულიდან წამოვიღე. გახარებული აღარ ვეპუებოდი კლდის წვეტიან შვერილებს.  ჯადარის საკვები უფრო მნიშვნელოვანი იყო. „ხავსს“  ვჭრიდი და პირდაპირ ქვიშაზე ვისროდი.  მისაწვდენზე მთლიანად მოვასუფთავე კლდე. გადავწყვიტე უფრო ყურადღებით ვყოფილიყავი, არცერთი  მცენარე ან რაიმე საჭმელად ვარგისი,  ჩემი უვიცობით  არ უნდა გამომრჩენოდა.  ათიოდე ვარსკვლავი გავასუფთავე და ცხენს მივეცი, წვნიანი და სქელი ვარსკვლავები ჯადარმა გულიანად შეახრამუნა. ახლა წყალი გავუწოდე, მან მხოლოდ ორი პეშვი წყალი დალია.  მეუცნაურა,  ერთსაათიანი ჭენების შემდეგ  ხუთი პეშვი  მაინც ჭირდებოდა წყურვილის მსუბუქად მოსაკლავად. ესე იგი მცენარე ნოყიერი წვენის შემცველი იყო, რომელიც წყლის დაზოგვის საშუალებას იძლეოდა. აი რატომ ქონდა მომარაგებული ბედუინს ეს „ვარსკვლავები“.  მცენარეს გემო მეც გავუსინჯე, მას წვნიანი და თეთრი რბილობი ქონდა, ოდნავ მომჟავო არომატი დაჰკრავდა. გასაჭირში გამომადგებოდა. თუმცა ამაზე მეტი გასაჭირი რაღა უნდა დამდგომოდა.
          გული დამწყდა რომ ჩემი უვიცობით, ვინ იცის რამდენი „მარაგი“ მოვიტოვე უკან ისე, რომ არც შემიმჩნევია.  მე ხომ  არ ვიცოდი რა მანძილი მედო წინ რომ ზუსტად გამომეზოგა და გამენაწილებინა წყლის და საკვების მარაგი. 
წასვლის დრო იყო. კმაყოფილი  ცხენი ხალისიანად ფრუტუნებდა.

    აღმოსავლეთისკენ მობრუნებულს თვალი  ულამაზესმა მირაჟმა თვალი მომჭრა.
მოლივლივე ცისფერი ზღვა  ჩემგან ორიოდე კილომტერზე გადაწოლილიყო,  პატარა თეთრი გემები წყვილად დაცურავდნენ,  წყალზე თეთრად მოფარფატე თოლიებიც გუნდად ფრიალებდნენ.  ზღვის ნაპირს თეთრი მარმარილოს ბულვარი მიუყვებოდა,  ორივე მხარეს მაგნოლიის აყვავებული ხეები ჩარიგებულიყვნენ.  სადღაც თითქოს უკვე მენახა ეს ყველაფერი, მაგრამ სად, - ვერ ვიხსენებდი.  ულამაზეს სანაპიროს და  მშვენიერ  მწვანე ბაღნარს ვხედავდი.  ვიღაც ბიჭი მხარულით მიცურავდა ზღვაში და მკლავის ყოველ მოქნევაზე მშორდებოდა.  ზღვის ნაპირზე ქალი  იდგა, ლაჟვარდისფერი კაბა ეცვა, ხელში თეთრი თავსახვევი და მაგნოლიის დიდი ყვავილი ეჭირა და  ხელს მიქნევდა.

          მირაჟი, კუდიანის გამოგზავნილი  ნამდვილი  ჯადო იყო.  ბიძაჩემის ნაამბობით, საჰარაში უმრავი ქარავანი იყო დაკარგული უგზოუკვლოდ,  მირაჟმა აცდუნა, მას გაეკიდნენ და მხარი ექცათო, სანამ სამშვიდობოს გამოაღწევდნენ წყალი გაუთავდათ და დაიღუპნენო... ხომ ვიცოდი რაც იყო, გამოცდილებაც მქონდა მირაჟის აღქმის, აღარ ვტყუვდებოდი და მაინც, ისე ძალიან იმოქმედა დანახულმა,  ლურჯად მოლივლივე ზღვის, თოლიების, მაგნოლიების და ადამიანების დანახვაზე  ისტერიის ტალღა  მომაწყდა და კინაღამ მომგუდა, ზედ ყელთან  ძლივს შევაკავე და ცხენზე შევჯექი, უსიტყვოდ შევაქციე ზურგი აღმოსავლეთს და ცხენს შევუძახე.

        ცხენი უხალისოდ მიბრუნდა, დიუნაზე გაწოლილ საკუთარ ჩრდილს  გახედა და დაიძრა.
წინ ჩრდილი მიქროდა,  უკან ცხენი მისდევდა.  ჯადარი გაბრაზდა და სისწრაფეს უმატა, ჩრდილიც გაფრინდა, ცხენმა უკმაყოფილოდ ამოიფრთქვინა და  ფრთები შეისხა...
        ცხენი საკუთარ ჩრდილს დაუღალავად ეჯიბრებოდა.
ქვიშა აღმოსავლური, შემპარავი მოწიწებით ეშლებოდა ფეხქვეშ არაბულ ბედაურს და ახალ ახალ ფარდაგებს უფენდა. ქვიშის მტვერმა  იმატა.  ჯადარის ფეხით აშლილი მტვრის ღრუბლები კვალზე მოგვდევდნენ. ნელნელა მზემ აიწია, ჩრდილი ჯერ დამოკლდა, მერე სულაც ცხენის კისრის სიგრძეს გაუტოლდა.
მივქროდით და თვალში მეჩხირებოდა  მომძლავრებული დიუნები. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ რაღაც მშობლიურს ვტოვებდი უკან კლდოვანი მთების სახით.
       
        დილის ათ  საათზე  ორ პატარა კლდეს შორის  შევჩერდით, კარიბჭის საყრდენებივით ერთმანეთის პირისპირ ისე იდგნენ, თითქოს ქვიშის უდაბნოს ჭიშკარს დარაჯად დასდგომოდნენ.  ოქროსფერი ქვიშა თვალისმომჭრელად ელავდა. ნიავის კვალი ქვიშის მთების კალთებზე უთვალავ პაწაწინა  შლილ ტალღებად მიფენილიყო. თვალისმომჭრელი სანახაობა იწყებოდა. ჩემს წინ ოქროს ოკეანის სანაპირო გადაშლილიყო და ატალღულ სიღრმეში გულღიად მეპატიჟებოდა.  დაკვირვებით გავცქეროდი ქვიშის სამყაროს,  ახალ  და არცთუ ადვილ  განსაცდელს.  ულამაზესი, უნატიფესი ტალღებითა და ფერებით, უდაბნოს ყვითელი და უდაბნოს კაშკაშა ყავისფერი - თვალს იტაცებდა, დიუნას წახნაგები ისე იდეალურად იყო მოხაზული რომ უდიდეს მხატვარსაც კი აღტაცებაში მოიყვანდა.  აქა იქ ამოჩრილი კლდეები კუნძულებივით მოჩანდნენ. ცა, ისეთი წყნარი და ლურჯი იყო, რომ ნამდვილს სულ არ ჰგავდა. 

    გამახსენდა როგორ ვთამაშობდი ბავშვობაში ზღვის პირას. ყირამალა დგომას ვცდილობდი, ცა -ზღვა რომ გამხდარიყო და  ზღვა კი ცა...როცა ჩვენი სახლის ეზოში ხანდახან  ქვიშის მთა გაჩნდებოდა ხოლმე, მე და ჩემი ძმა ქვიშაში საათობით  ვიჯექით. ათასგვარი გვირაბი გაგვყავდა, პატარა ციხე-გოდოლებს ვაშენებდით, წყლით ვასველებდით რომ მთელი დღით გაეძლო. სახლში ამოგანგლულები ვბრუნდებოდით. დედა გვიწყრებოდა, მაგრამ მეორე დღეს მაინც გაწკრიალებულებს გვიშვებდა სათამაშოდ. ჩვენც მაშინვე ქვიშას მივადგებოდით, პატარა ნიჩბებით ლამის მთელ მთას ვუნაცვლებდით ადგილს. გახარებულები საოცნებო კოშკებს ვაგებდით, ქალაქებს და სახელმწიფოებს ვაშენებდით  და  მათ შორის ქვიშის ოქროს  გზები გაგვყავდა. ეს ჩვენი ქალაქები და ჩვენი ციხე-სიმაგრეები იყო.
ახლა ყველაფერი ახდენილიყო. ზღვა მართლა ცად ქცეულიყო, ქვიშა კი ოქროს გზებად, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ ახლა მე, თავად ვიყავი ცოცხალი სათამაშო, - ჩემი ყოფილი სათამაშოსთვის.   

        ათიოდე "ვარსკვლავი" სიამოვნებით მიირთვა ცხენმა, მეც დავადგი კბილი ჩემს მშრალ საუზმეს და ერთი  "ვარსკვლავიც" გავღეჭე. მესიამოვნა მისი მომჟავო გემო. ერთ საათში მზე ზენიტში  მოექცეოდა. შუადღის გასაძლებად მომზადება იყო საჭირო.  ჩემი ნიკაბი იმ მომცრო კლდეებს შორის გავჭიმე, კარიბჭის საყრდენებს რომ გავდა, ქვის ნატეხებით დავამაგრე კლდეების თავზე, კარგი ჩარდახი გამომივიდა და ჩვენც  სასწრაფოდ  შევეფარეთ, მზის სხივებს ქვიშისფერი აბრეშუმი კარგად ირეკლავდა.  ცხელი შუადღე მხურვალებით გვიახლოვდებოდა. სასტიკად დაცხა. მაისი ბოლო ათეულს ითვლიდა და ზაფხული თავის ძალას სწრაფად იკრებდა. 
        სუნთქვა ჭირდა, მცირე მოძრაობაც კი ოფლის მდინარედ იღვრებოდა ჩემს სხეულზე.  სველი კაბა ტანზე მომესალტა, აქლემის ტყავი ქვიშაზე ზედ ცხენის კისრის ქვეშ გავშალე და მივწექი.  ცხენმა ამოიფრუტუნა, თავი რამოდენიმეჯერ გააქნია, მშვიდად დამაცქერდა, ფაფარი შეიბერტყა და გაირინდა.  საღამოს ხუთ საათამდე როგორმე უნდა გაგვეძლო.  ბურნუსი ძალიან მშველოდა, უმისოდ ალბათ თავი გამისკდებოდა სიცხისაგან.

        ყველაზე საშიში ღია უდაბნოში მზის დარტყმა იყო, რამოდენიმე წამში ისე ვითარდებოდა, ვერც კი იგრძნობდი.  მხოლოდ ცოტა ხნის შემდეგ იწყებოდა თვალის აჭრელება, გულისრევა, მაღალი სიცხე და იმის შეგრძნება რომ ტვინის მაგივრად მდუღარე სიბლანტე გქონდა თავში რომელიც სიმხურვალით თავის ქალას ადნობდა. სხეულის დამწვრობასაც საშინელი ტკივილი ახლდა, ყვითელსითხე ჩამდგარი და ფუფხებით დაფარული  სხეულით, - ნაბიჯის გადადგმაც კი შეუძლებელი იქნებოდა.

ჩრდილები გაქრა, მზე ზენიტზე დადგა.
სუნთქვა  შეუძლებელი გახდა, ცხელი ჰაერი ბრონქებს და ფილტვებს მიწვავდა, ზურგი შიგნიდან მეწვოდა. ცხენს დავაკვირდი, ჯადარი „მოკლედ“ სუნთქავდა, მეც მივბაძე. ფილტვების წვა მართლაც შემიჩერდა. აუტანლად მწყუროდა, პირი გამომიშრა, ტუჩები დამისკდა. ენა სასაზე მიმეკრა და ვეღარ ვამოძრავებდი.
ქვიშას ცხელი ოხშივარი ასდიოდა. ბურნუსი წყლით დავასველე.  არ მიფიქრია რომ წყალი ამისთვისაც დამჭირდებოდა.  დასველებული ნაჭერი თავზე მოვიხვიე და ცხენსაც მოვახვიე, როგორმე მზის დარტყმას რომ გადავრჩენოდით.  ამისთვის წყლის დახარჯვა ნამდვილი სიგიჟე იყო. მცირე მოძრაობამ ოფლად დამღვარა. სითხის დაკარგვა სიკვდილის ტოლფასი იყო. არანაირი მოძრაობა, მხოლოდ გაუნძრევლად წოლა იყო გამოსავალი. გადავწყვიტე სხვა რამეზე მეფიქრა, ერთი „ვარსკვლავი“ კიდევ გავღეჭე.  ვფიქრობდი როგორ მომეპოვებინა წყალი, რომ დარჩენილ მარაგს გავფრთხილებოდი.

დილის შვიდიდან ათ საათამდე  არანაკლებ  სამასი კილომეტრით  მაინც გამოვცდით არწივის თავიან კლდეს. ხანგრძლივი შესვენება ნამდვილად დავიმსახურეთ. მაგრამ...წყალი  დიდი გამოზოგვით, ალბათ სამიოდე დღე თუ გვეყოფოდა. 

„კონდენსატი!“ - გამიელვა გონებაში.  თუ გამიმართლებდა, ნახევარ პეშვ წყალს  მაინც მოვაგროვებდი ერთი ორმოდან. ეს ნამდვილი საჩუქარი იქნებოდა. აქლემის ტყავები, ვარსკვლავა მცენარე  და ნაფცქვენი ჯავშნებიც გამოდგებოდა.
მზე დამაბრავებლად აკაშკაშდა. ცხენი უძრავად იდგა, ისიც არიდებდა თავს ზედმეტ მოძრაობას.
სიცხემ ისე გამთანგა, თითქოს საჰარაში პირველ დღეს ვატარებდი. მზე იხრებოდა, ცხელმა ჩრდილმა დაბადება დაიწყო და ნელნელა დაგრძელდა. სიცხე ყურთასმენის წამღებად ხმაურობდა. სადღაც ლოდების ჭახანი ისმოდა, ეს თაკარა სიცხე ხეთქავდა უდაბნოს კლდეებს. 

        რამოდენიმე საათს გარინდული ვიწექი და კონდენსანტის მოპოვებაზე ვფიქრობდი. ამისათვის არანაკლებ ნახევარმეტრიანი სიღრმის ორმო უნდა ამომეთხარა, შიგნით აქლემის ტყავი ჩამეფინა ზედ მცენარის ჯავშნიანი ქერქი დამელაგებინა მერე ბრტყელი ქვები ჩამელაგებინა, ზემოდან  ისევ ქერქები, ბოლოს აქლემის ტყავი უნდა გადამეფარებინა, ღამის ყინვის და დილის  სიცხის ტემპერატურის სხვაობა ყოველ დილას წყლის წვეთებს დააგროვებდა ქვებზე, ტყავიც დანოტივდებოდა და  შუადღეზე თავზე მოსახვევად  გამოდგებოდა, ეს მზის დარტმისგან გადარჩენა და სიცოცხლის შენარჩუნება იყო. შეიძლება მორიგი ორიენტირი მალე დამენახა, მაგრამ თუ  მგზავრობა გამიგრძელდებოდა, მზის დარტყმისგან მარტო აბრშუმის ჩარდახი ნამდვილად ვერ დაგვიცავდა.
          კონდენსატის მოსაგროვებლად ბრტყელი ან ჩაღრმავებული ქვები დამჭირდებოდა. ჩემს წყლიან გუდას ღამით ორმოში თუ შევინახავდი,  ყინვა  დილის ათ საათამდე ცივი სასმელი წყლით მომამარაგებდა.
როგორც იქნა  მზემ გადახრა დაიწყო, დღის ოთხი საათი ხდებოდა.  ჯერ ძალიან ცხელოდა, მაგრამ სუნთქვა შესაძლებელი გახდა. კიდევ ერთი მტანჯველი საათი გავიდა, მე ისევ გაუნძრევლად ვიჯექი ცხენის კისერის ქვეშ. ორიოდე საათიც და საღამოს ექვს საათზე უკვე ძილიც შესაძლებელი იქნებოდა. საღამოს რვა საათისთვის კი ისევ უნდა გამეგრძელებინა გზა.  გარშემო ვათვალიერებდი ყველაფერს, რაც ჩანაფიქრში გამომადგებოდა, მხოლოდ დანით, ორმოს ამოღებას დიდი დრო დასჭირდებოდა, სანამ ჯერ კიდევ ვხედავდი კლდეებს, მისი ნატეხები უნდა მომეგროვებინა.
          როგორ იქნა მტანჯველი სიცხის და გაუნძრევლად ჯდომის შემდეგ, მზე კარგად გადაიხარა და ცხენის კისრისქვეშ  არაქათგამოცლილს მკვდარივით და უსიზმროდ დამეძინა.

დაბარებულივით, ზუსტად საღამოს რვა საათზე გამეღვიძა. არც კი მჯეროდა რომ ასე გრილოდა იმ თაკარა სიცხის შემდეგ. ჩარდახი ავკეცე.  მახლობელი კლდეები შემოვიარე ქვების ასარჩევად. ქვები  ერთი მხრიდან ბრტყელი უნდა ყოფილიყო, ხოლო მეორე მხარეს მცირე ჩაღრმავებები უნდა ჰქონდა. დიდი სიმძიმის ტარება არ მაწყობდა, ამიტომ სულ ექვსოდე ქვის არჩევანზე შევჩერდი. 

        ჯადარმა, მიუხედავად დიდი მცდელობისა და ათასგვარი ხრიკისა, მაინც ვერ გამომტყუა ათ ცალზე მეტი „ვარსკვლავი“. ხელებში ცხვირს მჩრიდა, თავს მხარზე მადებდა, ძაღლივით დგებოდა უკანა ფეხებზე, ანცობდა და ხაოიანი ენით ილოკებოდა, მაგრამ მე გავჯიუტდი. ცხენმა წინა ფეხებზე ჩაიჩოქა და თავი რამოდენიმეჯერ დაიქნია, საჭმელს ითხოვდა. ისეთი გულიანი სიცილი ამივარდა რომ მუხლებზე ძალაუნებურად ჩავიკეცე.  ცხენი  ეშმაკურად მიცქერდა და დაჩოქილი მთხოვდა გემრიელ სასუსნავს. ჩემი კისკისი კლდეებს გასცდა და სადღაც ქვიშაში ჩაიკარგა. მაგრამ ჯადარმა,  ახლა საწყალი გამომეტყველება მიიღო და ისე აგრძელებდა  „მათხოვრობას“, თანაც, ფეხზე წამოდგომას სულაც არ ფიქრობდა.  ისე შემეცოდა, რომ გული მომილბა და კიდევ ათიოდე ვარსკვლავი გავუშვირე ხელისგულით.  ჯადარმა გამარჯვებულის გამომეტყველებით და ჩემსკენ მომართული აშკარა ნიშნისმოგებით, ღირსეულად მიირთვა მაიმუნობით დამსახურებული ვახშამი და ცოტა ხანში ორივე ოქროს ქვიშაზე მივქროდით, რომელსაც ჩამავალი მზე ნელ-ნელა წითელ ფერს ადებდა.

        უდაბნო წითელ ოქროს დაემსგავსა. ქვიშის მცირე და დიდი დიუნები ერთმანეთს ენაცვლებოდნენ, ნამგალა წიბოები დახვეწილი ხაზებით გადადიოდნენ ერთმანეთში, გარემო სილამაზით ბრწყინავდა. თვალი ათასგვარ გარდამავალ წითელს იჭერდა, რომელსაც ქვიშის ოქროსფერი ერთვოდა. მზე ოქროცურვილ წითელ ოკეანეში ჩადიოდა. მნათობი  სიამაყით დასცქეროდა მისი სხივებით შეღებილ, ულამაზეს ფერებში ჩაძირულ,  მოლივლივე საჰარას და საკუთარი შემოქმედებით ტკბებოდა. წარმოვიდგინე როგორ  ეჩხირებოდა თვალებში მზეს ჩვენი შავი მოძრავი ლაქა, რომელიც შეუპოვრად, კვალდაკვალ მისდევდა მოსასვენებლად  წაბრძანებულ ციურ გვირგვინოსანს.  მზე ზუსტად ისე ჩადიოდა როგორც შავ ზღვაში. ჯერ წითელი ბილიკი  ხალიჩასავით დააფინა ქვიშის ტალღებს, მერე ბილიკი ნელნელა დაავიწროვა, ბოლოს სულ აკრიფა და ქვიშის ოკეანეში ჩაიძირა. 

დაღამდა. მთვარის ამოსვლამდე დასვენება ვარჩიეთ.

მალე მთვარე ამოვიდა და გრილი სიმშვიდით გადმოხედა იქაურობას. ქვიშის ოქროს, ახლა თეთრი ფერები ედებოდა და მზით გადახურებულ უდაბნოს გავარვარებულ შუბლს უგრილებდა.
       
    ღამის თორმეტის ნახევარზე უკვე თითქმის ერგში ვიყავით.  მხოლოდ ორიოდე კლდე იყო ამოჩრილი ქვიშის უდაბნოში და ისიც მხოლოდ მუხლამდეღა მწვდებოდა.
ჰამადი გათავდა. ღამისთევა  გაშლილ  ერგში, ქვიშიან უდაბნოში მიწევდა.


    ქვიშიდან კუნძულივით ამოჩრილ კლდესთან გავჩერდით. სწრაფად დავიწყე მზადება. ქვები გადმოვალაგე და ქვიშის თხრა დავიწყე. არც ისე იოლი აღმოჩნდა როგორც მეგონა. დანით ჩაპრესილ ქვიშას ვთხრიდი, ბრტყელი ქვით სწრაფად ამომქონდა რომ უკან არ ჩაპნეულიყო, ვგრძნობდი რომ ცუდი კვების და  წყლის ნაკლებობის გამო, ძალა აღარ მყოფნიდა. სვენებ-სვენებით ძლივს ამოვიღე ორმო და ტყავი ჩავაფინე, ბეწვიანი მხარე ქვემოთ მოვაქციე, მცენარის ქერქი მოვაფინე და ზედ ქვები დავალაგე, ისევ მცენარის ნაფცქვენები მოვალაგე და აქლემის ტყავი გლუვი მხრიდან ზემოდან გადავაფარე.  წყლიანი გუდაც შიგნით ჩავდე.
      ოციოდე ნახშირით და  ჩემი სანთებელათი ცეცხლი გავაღვივე. შესქელებული რძის ქილა დანით ორ ადგილას გავჩხვლიტე და „ალადინის ლამპარში“ ორიოდე კოვზი ჩავასხი, წყალში გავაზავე, ცეცხლზე შემოვდგი და  შიგ ორიოდე ხმელი პურის ნატეხი ჩავაგდე. ჯადარსაც ვუწილადე „ვარსკვლავები“  და  ნამდვილი მეფური ვახშამი მოვიწყე. ცხელმა რძემ გუნებაზე მომიყვანა, თითქოს ტვინი გამეხსნა. ნელ-ნელა მთელი სიამოვნებით დავლიე მაცოცხლებელი სითხე და ბედნიერება  ვიგრძენი იმდენად, რამდენადაც შეიძლებოდა  საჰარას უდაბნოში  დაკარგული მარტოხელა ადამიანი ბედნიერი ყოფილიყო.  კომპასის და მთვარის მიხედვით დასავლეთის მიმართულება კიდევ ერთხელ შევამოწმე. მცირე ვახშამს  მოვრჩი თუ არა, ცეცხლს ნახშირი მივამატე, თოკისგან წრე შევკარი  შიგნით ბურნუსი გავფინე და ზედ მივწექი.
      სიცივემ იმძლავრა, ჩემი სუნთქვა ფთილებად იღვრებოდა ჰაერში,  მაგრამ ცეცხლის სითბო კარგად გვიცავდა, გველების და მორიელების  აღარ მეშინოდა, ვიცოდი რომ ცხვრის მატყლისგან დაგრეხილ თოკს ვერ გადმოლახავდნენ და მშვიდად ვიყავი.
ცას შევცქეროდი. მაკვირვებდა კოსმოსის ასეთი სიახლოვე დედამიწასთან. ისე ახლოს იყვნენ ვარსკვლავები, თითქოს ჩემს წინ ეკიდნენ და ხელის გული რომ გამეშვირა - ზედ დავისვამდი.  მთვარე მომნუსხველად ენთო,  მისი ვარსკვლავებიანი მანტია მთელ ცაზე გაშლილიყო და  ჯადოსნური სხივებით ციმციმებდა.

      ჭეშმარიტად საოცარი სილამაზის იდუმალი ღამე იდგა საჰარაში, რომელიც სრულიად ახალი, მაგრამ ათას ერთი ღამესავით ძველი ზღაპრის შესავალივით იწყებოდა...
      ალბერ კამიუ  გამახსენდა, იგი  საჰარას  „უსიცოცხლოდ მბრწყინავი იდეალური სილამაზის  უდაბნოს“ უწოდებდა.
ჭეშმარიტად  საოცარი მიგნებით იყო ერთ  წინადადებაში დახასიათებული მისი სამშობლო. ის ხომ ალჟირელი იყო, დასავლეთის დიდი ერგის მკვიდრი და საჰარას  ნამდვილი შვილი. 
    - „უსიცოცხლოდ მბრწყინავი იდეალური სილამაზე!“ ნამდვილად ასეა“. - ისე ვთქვი, თითქოს კამიუს ნათქვამი დავამოწმე. 

მე და ცხენი თოკის წრეში როგორღაც ორივე დავეტიეთ, გვერდზე  მოკუნტულად მივწექი და მთელი დღის დაღლილს და ძალაგამოცლილს,ცეცხლის სითბომ და გაღვივებული ნახშირის მოღადღადე სიწითლემ ჰინოზივით იმოქმედა და - ჩამეძინა.

დილის რვა  საათზე ცხენის მოძრაობამ გამაღვიძა. ჯადარი მოუსვენრად როკავდა და ქვიშას ტორით თხრიდა. უკვე ვიცოდი რასაც მოასწავებდა ცხენის ასეთი საქციელი და აქეთ-იქით ფრთხილად მიმოვიხედე. ცეცხლი ჩამქრალიყო, სანთებელით ისევ ავანთე და სული შევუბერე, ჯერ კიდევ ციოდა. მაცოცხლებელი სითბო სწრაფად ჩამეღვარა ძარღვებში. მაგრამ  ცხენმა ფრთქვინვას უმატა. ფეხზე ავდექი და ცხენი ისევ თოკის წრეში შემოვყვანე.  ლოდინი თითქოს უსასრულოდ გაიწელა...  ჯადარი თვალმოუცილებლად მისჩერებოდ მაღალ დიუნას, რომელიც სამხრეთიდან გვესაზღვრებოდა.

    საფრთხე იქედან მოდიოდა.
          -„ნუთუ მდევარია, ნუთუ ასე ახლოს მივედი“- გავიფიქრე, ჩემი დანა ხელში მოვიმარჯვე და ცხენზე შევჯექი.
დიუნას წვერზე ქვიშამ მოძრაობა დაიწყო და  კალთებზეც ჩამოიშლა.  ქვიშის ჩუმი წკრიალი გავიგონე, რომელიც გაბმულად ჟღერდა და ნელნელა ძლიერდებოდა.
        -"არა, ეს ადამიანი არ უნდა იყოს, აბა რა არის?“ - უკვე გასაქცევად ვიყავი მზად, მაგრამ  ცხენის აღვირი მაინც მოკლედ მეჭირა.

დიუნას წვერიდან რაღაც უცნაურად მოთეთრო,  სამიოდე მეტრის სიგანის გამჭვირვალე სითხის მაგვარი ტალღოვანი ნაკადი დაიძრა.  მდინარესავით მოედინებოდა და ჩქერებს და  ხვეულებს  იკეთებდა. ალაგ-ალაგ იბურცებოდა და დიუნას კალთაზე იღვრებოდა. მირაჟი არ იყო, რადგან ნაკადი სწრაფად მოძრაობდა, წყალიც ნამდვილად არ იყო, ის ხომ ქვიშაში ჩაიკარგებოდა და მხოლოდ სინესტეს დატოვებდა.

ვერაფრით ვერ ვხვდებოდი რა შეიძლებოდა ყოფილიყო. ტალღების ნაკადი სწრფად მოგვიახლოვდა და თოკს გარშემო შემოეჭდო, მოულოდნელად ორად გაიყო თოკის წრე შუაში კუნძულივით მოიქცია.რაც არ უნდა ყოფილიყო ეს მოძრავი ნაკადი, თოკის აშკარად ეშინოდა და წრეს არ გადმოსცდენია. მოძრავ ნაკადს  კარგად დავაკვირდი.
ეს იყო პაწაწინა, თითქმის გამჭირვალე ობობების მთელი ქარავანი, ისინი სრულიად არაჩვეულებრივად მოძრაობდნენ, კი არ მორბოდნენ, არამედ ყირაზე გადადიოდნენ და მიხტოდნენ. თოკის  წრიულად შემოურბინეს,  ცეცხლის კერას გვერდი უქციეს, ისევ შეერთდნენ და ნაკადმა ჩრდილოეთისკენ გააგრძელა დინება. ცხენი მოუსვენრობდა, გაქცევას ცდილობდა, მაგრამ აღვირი ისევ მოკლედ მეჭირა. არ ვიცოდი ეს უცნაური მწერები შხამიანები იყვნენ თუ არა, ამიტომ რაკი წრეში ვერ შემოდიოდნენ დაცდა ვამჯობინე.

ნაკადი არ ილეოდა, დიუნას წვერიდან ახალი და ახლი ტალღა მოდიოდა, ისინი რაღაცას გაურბოდნენ, ესე იგი ჩვენც უნდა გავქცეულიყავით. მხოლოდ ნაკადის გამოლევას ვუცდიდი, უცანურად მიხტოდნენ არაქნიდები, ხუთიოდე „ნაბიჯის“ შემდეგ მიჭყა -მალაყებს გადადიოდნენ და თავდაყირა ეკიდებოდნენ.  ჯამბაზი ობობების სირბილი სასაცილო სანახაობა  იქნებოდა ხიფათის მაჩვენებელი რომ არ ყოფილიყო.  ობობების მდინარის ჩავლას თითქმის მთელი საათი დასჭირდა. როგორც იქნა დიუნას კალთაზე ნაკადი შეწყდა, ჩვენს „კუნძულს“ ჩამორჩენილმა ტალღამ ჩაუქროლა და ჩრდილოეთისკენ მიმავალ ქარავანს შეუერთდა. ჩემს გარშემო ათასობით ობობამ ისე ჩაირბინა,  რომ ყურადღება ჩვენთვის არც კი მოუქცევიათ.

        მოცდა აღარ შეიძლებოდა. ცეცხლი ფეხით და ქვიშით ჩავაქრე სასწრაფოდ ავალაგე გადარჩენილი ნახშირები. რძიანი ქილა და ლამპარი უნაგირის ჩანთაში ჩავტენე, ორმოს ვეცი, წყლის გუდა და ქვები ტყავებშივე გახვეული ამოვიღე,  ნიკაბი ჯვარედინად გადავუჭირე და ფუთა პირდაპირ უნაგირს მივაკიდე, დანა და სანთებელა მოვსინჯე,  ცხენზე შევჯექი და სადავე მთლიანად მივუშვი.

ცხენი ადგილს მოწყდა და დასავლეთისკენ შავი ძერასავით გაიჭრა, უკან მოუხედავად მივქროდით. ცხენის ალღოს მივენდე, აშკარად რაღაც ძალიან ცუდი გველოდა  სამხრეთიდან,  რომლისთვისაც უნდა გაგვესწრო.  ორი საათი შეუჩერებლად ვკეცავდით ქვიშის ულევ გზას. ცხენი დაიღალა, მძიმედ სუნთქავდა, სიცხეც მომძლავრდა, მაგრამ ჯადარს შეჩერება არც უცდია, ისევ მიქროდა. დილის თერთმეტ საათი გახდა, ერთ საათში მზე ზენიტში დადგებოდა და განძრევაც შეუძლებელი გახდებოდა, მაგრამ ცხენი  ჭენებას არ ანელებდა. აღვირი მოვზიდე, ვცადე შემეჩერებინა, მაგრამ გამაფრთხილებლად დაიჭიხვინა და თავი წამართვა.  კისერზე მივეკარი, აღვირზე აღარც მიფიქრია, მხოლოდ თვალის შევლებას თუ ვასწრებდი გარემოზე იმ იმედით, იქნებ სიცხისაგან თავშესაფარი მეპოვა.

დიუნების სიმაღლემ იმატა. უკვე სამსართულიანი სახლის სიმაღლე ქვიშის მთებს შორის მივქროდით. მათ შორის ჩაკარგული ხეობის ბილიკზე ცხენი შეუჩერებლად მიექანებოდა.

ხმაური მომესმა, რომელიც ჩუმ გუგუნს გავდა. ამ ხმის გაგონებაზე ცხენმა ჭენებას უმატა, ოფლი ღვარად ჩამოსდიოდა, მაგრამ შეჩერებას არც აპირებდა. გუგუნი მომძლავრდა.  თავაწყვეტილ რბოლაში ორმოციოდე წუთი კიდევ გავიდა. ცხენმა მკვეთრად მოუხვია მარცხნივ,  ნამგალივით გადაწოლილ დიუნებს შორის ჩრდილოდასავლეთსკენ შეჭრილ  ვიწრო ხეობაში მოულოდნელად  გაჩერდა.  ჯადარი მთლად ოფლში ცურავდა, ძალიან შემეშინდა, ამდენი დაკარგული სითხის აღდგენას ჩვენი წყლის მარაგი არ ეყოფოდა. აღვირში ხელი ჩავავლე მინდოდა გამეტარებინა ოფლის შესაშრობად მაგრამ არ დამემორჩილა, ნაბიჯიც ვერ გადავადგმევინე.

        ჩამოვხტი და ფუთა გავშალე, ტყავები კარგად იყო დანოტივებული, ქვებს ნამიც კი ქონდათ მოკიდებული, ჩემმა ჩანაფიქრმა გაამართლა, მაგრამ სიხარულის დრო არ იყო.  მზე  უკვე თავზე გვადგა. ერთი ტყავი მე მოვიხვიე თავზე, მეორე ცხენს მოვახვიე. ნიკაბი და ბურნუსი ორივე გავშალე და მზისაგან დასაცავად ის იყო ცხენისთვის უნდა გადამეფარებინა რომ ჩვენი დიუნას წვერიდან ვეებერთელა მტვრის ღრუბელი ცაში აიჭრდა და სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ დაიძრა.
        ქვიშიანი ქარიშხალი დაგვეწია.  ნიკაბი სასწრაფოდ გადავაფარე ცხენს, თავი კარგად შევუხვიე, ყურები,  თვალები, ნესტოები და პირი მთლიანად ორკეცი ნაჭრის ქვეშ მოვუქციე. მეორე ბოლო მკერდსუკან, წინა ფეხებთან კარგად შევუკარი. ქარმა რამოდენიმეჯერ მიმანარცხა დიუნას კალთას, მაგრამ უნაგირის ქამარს ვეჭიდებოდი და  ფეხზე ვდგებოდი. პირი ქვიშით გამევსო, სასწრაფოდ შევიხვიე თავი და კისერი, ბურნუსის  ბოლო  წელზე ქამარივით შევიკარი. თვალები და ფილტვები ქვიშის მტვრისგან უნდა დაგვეცვა. წყლის გუდა გულზე მივიკარი, ცხენს კისერზე მივეხუტე და ხელები მაგრად შემოვხვიე.  სასტიკი სიცხე და ქვიშის ქარიშხალი, ორი ერთმანეთში არეული და ერთნაირად საშიში სტიქია ჩვენს თავზე იკრებდა ძალას.

აი თურმე რას გაურბოდნენ ყირამალა მოხტუნავე ობობები. 
მზე ქვიშაზე შეწვას გვიპირებდა, ქვიშის ქარიშხალი - ცოცხლად დამარხვას გვიქადდა.
      ისე მძლავრად დაუბერა, გარემო ქარის ღმუილმა გააყრუა. უცნაური ცხელი სიბნელე ჩამოწვა. ცაში აჭრილმა ქვიშის მტვერმა მზე  დააბნელა. თითქოს დაღამდა. სიცხემ იმატა. გახურებული ქვიშა ნემსებივით მესობოდა, სიმწარე ძვალსა და რბილში ატანდა.  . ვიგრძენი რომ ცხელი ქვიშა  კოჭებზე შემომადგა, სიმხურვალე ისე შემომენთო თითქოს ფეხები პირდაპირ კოცონში მედგა. ცხენმა ფეხები გაინთავისუფლა და ქვიშაზე ზედ შედგა, მეც იგივე მოვიმოქმედე. ქვიშა გვმარხავდა, ჩვენ კი ზემოთ-ზემოთ მივიწევდით. ქარი გაძლიერდა. ცხენი გვერდზე გადაიხარა, თითქოს ქარს საყრდენად იყენებდა. ჯადარმა ჩუმად ჩაიფრუტუნა და გაირინდა. ქარის ღმულისგან ყურთასმენა აღარ იყო. მოყრილი ქვიშა სწრაფად იწევდა ზევით, ჩვენც ფეხებს ვითავისუფლებდით და ზევით მივიწევდით. ქარი დაუსრულებლად ქროდა და გუგუნებდა,  ცას მარტოხელა მგელივითი დაუსრულბელად და ავად შეჰყმუოდა, თავისუფლად დანავარდობდა, ყველაფერს ხვეტდა თავის გზაზე,  ზეცაში აჰქონდა და სადღაც მიაქროლებდა.

ისევ ცოცხალი ვიყავი და ეს ისევ ცხენის დამსახურება იყო ამ ვიწრო ხეობაში რომ მომიყვანა, აქ შედარებით დაცულები ვიყავით,  ქვიშის ქარბუქი  ზემოთ ქროდა, ჩვენ მხოლოდ ქვიშის  მცირე ნაწილი თუ გვეყრებოდა თავზე და მაინც შავ დღეში ვიყავით.  გაშლილ ქვიშრობზე რომ დაგვწეოდა ქვიშის ქარიშხალი, ცოცხლები აღარც ვიქნებოდით. ქარი თავის ჭკუაზე აგვაბურთავებდა, ათასჯერ მიგვანარცხებდა დიუნების აშლილ კალთებს  და სადღაც მიგვმარხავდა. 

    როგორ იქნა ბინდმა გაფანტვა დაიწყო. დღე ნელ-ნელა იბრუნებდა ნათელს. ქვიშის ქარიშხალი ძალას კარგავდა, ცხენმა ამოიფრთქვინა და ჩაიმუხლა. მეც მუხლებზე ჩავიჩოქე.  ჯერ ღმუილი შეწყდა, მერე როგორც იქნა ქარი ნიავად იქცა. ბურნუსი მოვიხადე და ცას შევხედე. ისეთი სუფთა ლურჯი ფერის იყო, თითქოს არაფერი მომხდარაო. საღამოს ექვსი საათი გამხდარიყო. მტვრით მთლიანად ვიყავი დაფარული, სახე ხელით ჩამოვიწმინდე, ყველა ნაოჭში და ნაკეცში ქვიშა გამეფებულიყო. პირშიც ქვიშა მიხრაშუნებდა. ცხენს ნიკაბი და ტყავი მოვაშორე, ფრთქვინვით ფეხზე ადგა  და მთელი სხეული შეიბერტყა. ოფლიან სხეულზე ქვიშა აწებებოდა, მეც იგივე დღეში ვიყავი, ორივეს ერთნაირი ფერი გვედო, უდაბნოს ქვიშისფერი,  მაგრამ ორივე ცოცხლები ვიყავით. ჩვენი ავლა დიდება აქეთ იქეთ იყო მიმოფანტული და ქვიშამიყრილი, მაგრამ ხეობაშივე ეყარა და რაკი წყალი ადგილზე გვქონდა - ესე იგი ყველაფერი რიგზე იყო. აქლემის ტყავით კარგად გავწმინდე ცხენი, მე მხოლოდ ტანსაცმლი გავიბერტყე.  ხეობაში გაფანტული ნივთები მოვაგროვე, ჯადარი ოცდაათი „ვარსკვლავით“ დავაჯილდოვე და მთელი ხუთი პეშვი წყალიც დავალევინე. აქამდე ხომ მეგონა რომ მე მიმყავდა ცხენი, მაგრამ ახლა დავრწმუნდი რომ თურმე მას მივყავდი.
„ნანემსარები“ მეწვოდა, ამას ქვიშის მტვერი და ოფლი ემატებოდა, გაუსაძლისად მექავებოდა მთელი სხეული, მაგრამ რაკი ამ უბედურებას გადავურჩით, ეს აღარაფრად მიმაჩნდა. 

          საღამოს რვა საათისთვის ხეობიდან უკან გამოვედით და ისევ დასავლეთისკენ შევბრუნდით.
გარემო სრულიად შეცვლილი დამხვდა, აქლემების ნაკვალევი პირწმინდად წაშლილიყო.
          ქარს საოცარი  სანახაობა  შეექმნა ქვიშისგან და სულ სხვანაირად დამხვდა მოხატული გზასავალი.ქვიშის მთებს კალთებს ათასნაირად ნაქსოვი უნაზესი მარმაში მოსდებოდა  ... და მე, დავრწმუნდი რომ  სწორედ ქარი იყო საჰარაში ნამდვილი შემოქმედი და ყველა იმ მხატვარზე დიდი მხატვარი, ვისი სახელიც საერთოდ გაეგონა კაცობრიობას...
        უდაბნოს ულამაზეს პეიზაჟს მუქი წითელი ფერი ედებოდა, ჩამავალი მზის ფერი. მესამე საათი იყო მივდიოდით დასავლეთისკენ, ნელა,  ვმოძრაობდით. მსუბუქი ნავარდს იორღას ვუნაცვლებდით. გადავწყვიტე,  რომ საღამოს მგზავრობა უფრო ნელი ყოფილიყო, ისედაც გადაღლილები ვიყავით დილით თავსდამტყდარი უბედურების გამო. დღეს ისევ გადავრჩი, ჩემი სამების ერთმა მესამედმა გადამარჩინა, ღმერთის მიერ,  არბულ ბედაურად გადაქცეულმა სამხრეთის თბილმა ქარმა. 

        ღამის სათევად ახლა უფრო გონივრულად მოვემზადე, დიუნებს შორის გაწოლილი ხეობა შევარჩიე. ცხელი რძე დავლიე, ცეცხლისთვისაც ნახშირის ათიოდე ნატეხი გავიმეტე. უფრო ღრმა ორმო ამოვიღე და ტყავები და ქვები უფრო მჭიდროდ ჩავალაგე რომ მეტი წყალი მოგროვილიყო.  ისევ თოკის წრე შევკარი, გვერდზე ჩარბენილ მორიელს მხოლოდ თვალი გავაყოლე.
ახლა სხვა დარდი მქონდა, წყლიანი გუდა გვარიანად დაჩუტულიყო. გამოზოგვით მხოლოდ  ერთი დღეღა გვეყოფოდა.  გუდა ორმოში მოვათავსე რომ დილით ცივი წყალი გვქონოდა, ცხენის  აღვირში მკლავი გავუყარე და ძილიც მეწვია.

        ბედუინი მესიზმრა.
აქლემზე ამხედრებულიყო, ჩვენსკენ მოქროდა,  სახეს აღარ მალავდა,  მთლიანად მოუჩანდა. შეწუხებული აკვირდებოდა ქვიშას, ჩვენს ნაკვალევს ეძებდა და ვერ პოულობდა...  სიზმარში ვეძახდი, ცხენი ხმამაღლა ჭიხვინებდა, მაგრამ მას ჩვენი ხმა არ ესმოდა, თითქოს ჩვენს შორის უხილავი კედელი აღმართულიყო რომელიც ხმას სრულიად ახშობდა. ბედუინი ხან ზეცას შესცქეროდა, ხან მიწას დასცქეროდა, მაგრამ ჩვენსკენ არ იხედებოდა...
       
        მეორე დღეს, უპატიებლად გვიან და ცუდ გუნებაზე გამეღვიძა. სიზმარი ცუდად ჩამყვა. რაღაც უბედურებას მაუწყებდა თითქოს. დილის ათი საათი სრულდებოდა. მხოლოდ ერთი საათი თუ ვივლიდით. ჩემს თავზე გავბრაზდი. მზე უკვე ცაზე ეკიდა, არემარეს მირაჟები მოჰფენოდა. ცა მიწაზე ლივლივებდა, ქვიშის დიუნებს კი  პირამიდების ფორმა მიეღოთ მიწაზე გაწოლილი ციდან ამოწვდილები იმ სიმაღლეზე ატყორცნილიყვნენ  რომ წვერები არ უჩანდათ. პირამიდებს შუაწელზე ღურბლების ქამარი ერტყათ რომლის ჩრდილებიც მათ  გლუვ კედლებზე მისრიალებდნენ. ხელშესახებად ნამდვილი იყო პეიზაჟი.  მხოლოდ ჰაერის ოდნავი ლივლივი ამჟღავნებდა რომ ეს საოცარი სანახაობა, - მხოლოდ მირაჟი იყო.
   
        ადგომა მეზარებოდა, დაღლილობას თავისი გაჰქონდა.  მირაჟმა გამართო, მაგრამ თავს ძალა დავატანე და ფეხზე ავდექი. გვარიანად ვიყავი დასუსტებული, ცხენის ფერდებიც შევარდნილი მეჩვენა.  ჯადარს მივეფერე, მან ჩვეულად მხარზე დამადო ლამაზი თავი და ისევ აღმოსავლეთს დააცქერდა. 
      - „ნუ ნერვიულობ ჯადარ, მოვა ალ კაბირი. ის შენ არასოდეს მიგატოვებს“ - ვუთხარი ცხენს, პატრონის სახელის გაგონებაზე ცხენმა დაიფრუტუნა და ყურები დაცქვიტა.     

          ორმოს ვეცი, წყლიანი გუდა გვარიანად გაცივებულიყო. სიხარულით დავლიე სამი ყლუპი ცივი წყალი. სითხემ გრილად ჩაიარა ქვიშიანი ცხელი ჰაერით ჩაკაწრული ყელი. ძალა მომეცა. ახლა ტყავები ამოვალაგე და ქვები გამოვაჩინე... რაც დავინახე ეს სრული გამარჯვება იყო, მთელი ერთი პეშვი წყალი დაგროვილიყო ტყავში. დიდი მოწიწებით გადავასხი გუდაში, მაგრამ წყალი უკვე ცოტა გვქონდა, სულ ერთი დღის სამყოფი. ტყავები მჭიდროდ დავკეცე ნესტის შესანარჩუნებლად. ცხენისთვის „ვარსკვლავები“ გადავთვალე, ნელ-ნელა ვაჭმევდი ხელისგულიდან.
          ვნერვიულობდი. დღესაც რომ ვერ მიმეღწია ორიენტირისათვის, ხვალ უკვე წყალი აღარ გვექნებოდა.  უწყლოდ ერთ დღეს თუ გავძლებდით, მეტს ვერა.  მე და ჯადარი ერთმანეთს ნელი სიკვდილით შევაკვდებოდით. ვუცქერდი  როგორი ნეტარებით, ფრთხილად სვამდა ცხენი დამსახურებულ ცივ წყალს.   
       
        ისევ გზას დავადექით,  ნელა მივდიოდით, ენერგიას ვუფრთხილდებოდით, წყალი არ უნდა მოგვწყურებოდა, ახლა ეს იყო მთავარი.  ცხელი შუადღე ჩვეულად მძიმედ გადავიტანეთ, თავზე ტყავმოხვეულებმა, ოღონდ ჩარდახი კარგად  ვერ ავაწყე, ძალა აღარ მყოფნიდა. ბურნუსის ცალი მხარე პირდაპირ ქვიშაზე დავფინე და ზედ ქვები დავალაგე, მეორე ბოლო კი ცხენის უნაგირის კეხზე და ძუის თასმაზე დავამაგრე, ნიკაბი მხოლოდ ცხენს გადავაფარე თავზე და სხეულზე. მე ჩარდახის ქვეშ ვიჯექი და  ორ ცალ მომჟავო "ვარსკვლავს" ვღეჭავდი რომ წყალი არ მომწყურებოდა, თავზე აქლემის ნოტიო ტყავი მეხვია, „მოკლედ“  ვსუნთავდი. მზის დარტყმა არ მემუქრებოდა.  მაგრამ გაუსაძლისად მიჭირდა. სულის ამომრთმევად მცხელოდა. თითო წუთი საათს ემსგავსებოდა ისე ნელა მიღოღავდა დრო. მზე ისე კაშკაშებდა რომ აბრეშუმის ფარდიდანაც შეუძლებელი იყო თვალის გასწორება. ფიქრიც არ შემეძლო, ისე გამომიშრა პირი, რომ ენა გამხმარივით მედო შიგნით. წყლის გარდა არაფერზე არ შემძლო ფიქრი. უბრალოდ გაშტერებული ვიჯექი და წყლიან გუდას შევცქეროდი. როგორ, როგორ მინდოდა წყალი, თანაც წინ მედო. მაგრამ  ცხენი და ორიენტირის სიშორე არ მასვენებდა.  ჯობდა მე არ დამელია წყალი და ცხენისთვის შემენახა, ის თუ დაეცემოდა,- ჩემს სიცოცხლეზე ფიქრიც არ ღირდა.

- "არა, არ დავლევ, წყალი ცხენისაა, ცხენის! გეყოფა სულმოკლეობა, რას ერჩი ამ ცხოველს, რომელიც ლამის ერთი თვეა ზურგით გატარებს, რამდენჯერ გიხსნა, რამდენჯერ გადაგარჩინა!  ნუთუ ერთ ყლუპ წყალზე გაცვლი სინდისს და ასეთ უსიტყვო ერთგულებას ?!, მაშინ ხომ არაფრის ღირსი არ იქნები, არც იმ სიცოცხლის, რომლისთვისაც ახლა ასე იბრძვი!" - ხმამაღლა ველაპარაკებოდი ჩემს თავს. კოჭებთან ფეხები გვარიანად მქონდა დასივებული, ხელები მიცახცახებდა,- ეს უწყლობის ბრალი იყო.
        თოკის წრეში უღონოდ მივწექი. თვალები დავხუჭე და ერთადერთი რაც ვინატრე ეს იყო წყალი, ულევი რაოდენობით ცივი წყალი. უკვე ერთი თვე იყო რაც წყალი ნორმალურად არ დამილევია.  დაუსრულებელ ოცნებად მქცეოდა,  ერთი ბოთლი  ცივი წყლის სულმოუთქმელად  დალევა. 
             
          საღამოს ექვს საათზე ისევ ცხენზე ვიჯექი. უდაბნო უფრო და უფრო შლიდა მხრებს.  საითაც არ უნდა გაგეხედა, ყველგან ქვიშა, დიუნები, მზე და  ალბერ კამიუს თვალისმომჭრელი,  "უსიცოცხლოდ იდეალური უსასრულო სილამაზე" გამეფებულიყო. ამ ვეებერთელა  უდაბნოს ოქროს დიუნებით მოხატულ მკერდზე, მე და ცხენი, დაკარგული ჭიანჭველებივით მივღოღავდით დასავლეთისკენ. გამახსენდა თვითმფრინავიდან დანახული ნუაქშოტი. ნათლად დავინახე როგორ დასდგომოდა ჩრდილოეთიდან ქვიშის ვეებერთელა მთები მავრიტანიის დედაქალაქს და დღე-დღეზე წალეკვას უქადდა. 

        ამ ფიქრში შევნიშნე, რომ ძალიან უცნაურ ადგილას აღმოვჩნდით. 
ქვიშა სადღაც გამქრალიყო. მთელი ჰორიზონტის მანძილზე მთლიანად დახეთქილ-დამსკდარი ნიადაგი გადაჭიმულიყო. ჩვენ ზუსტად იქ გავჩერდით სადაც ეს დახეთქილი ადგილი იწყებოდა.  ბედუინის რუკა გამახსენდა და სასწრაფოდ ვეცი უნაგირის ჩანთას, ზუსტად ის ადგილი უნდა ყოფილიყო, სადაც კლაკნილი ხაზი იყო გავლებული. აბა სხვანაირად როგორ მონიშნავდა დახეთქილ ნიადაგს რუკაზე ნაჩქარევად ბედუინი. რაღაც არ მეამა ეს ადგილი და  რუკაზე დასმულ ვარსკვლავს დავაკვირდი. ის სამხრეთისკენ, კლაკნილი ხაზის ბოლოში იყო მიხატული. სამხრეთისკენ დავიძარით. ორი საათის შემდეგ მივაღწიეთ ადგილს, სადაც დახეთქილი მიწა ძალიან ვიწრო იყო და ცხენით გადახტომა შეიძლებოდა, მაგრამ რას ნიშნავდა ასეთი გრძელი თითქმის ორასკილომეტრიანი შემოვლითი გზა ? მთელი ამ ორი საათის მანძილზე ნიადაგი არ იცვლებოდა, დახეთქილი და დაბზარული ტერიტორია საკმაოდ დიდ სიგანეზე იყო გადაჭიმული. გუშინდელ ქვიშიან ქარს აქამდე  ვერ მოეღწია, მაგრამ ვერც აქლემების ნაკვალევს ვხედავდი. ჩემს მდევარს ან გვერდი ქონდა ნაქცევი ამ ადგილისთვის, ან ჯერ არ იყო  აქამდე მოსული. 
                     
        ცხენიდან ჩამოვხტი და დახეთქილ მიწას დავაკვირდი. ჩემი ყურადღება უცნაურმა ხმამ მიიქცია. თითქოს სადღაც წყალი შხუოდა.
      - „მოჩვენებები დამეწყო წყურვილის ნიადაგზე, ნამდვილად ვგიჟდები“.- გავიფიქრე. ხმას ყურს ვუგდებდი და ვცდილობდი გამერკვია მართლა მესმოდა თუ მელანდებოდა. ისევ გამახსენდა რომ ხმას მირაჟი არ აქვს.
კარგად დავაყურადე. ეს ნამდვილად წყალი იყო, მაგრამ  სად იყო?  გავწექი და მიწას ყური დავადე. არ ვცდებოდი, ეს ნამდვილად წყლის ხმა იყო. სადღაც ჩემს ქვემოთ,  მიწისქვეშა მდინარე მიედინებოდა.  ესე იგი რუკის კლაკნილი ხაზი მიწისქვეშა მდინარეს უჩვენებდა, ხოლო ვარსკვლავი გასასვლელ ფონს. ბედუინი ხომ გეოლოგი იყო, ამიტომ კარგად ეცოდინებოდა მიწისქვეშა მდინარის არსებობაც და მისი ადგილმდებარეობაც.

      - „ღმერთო, წყალი,  რამდენი წყალია, მე კი წყურვილით ვიხრჩობი“... - დავიწყე ნაპირების ავლა ჩავლა, იქნებ სადმე სისველე შემეჩნია, ცოტა გამეთხარა და ნანატრი წყლის ნაჟურით შემევსო ჩემი წყლიანი გუდა...  ერთ ადგილას სისველე მართლაც შევნიშნე, „ნაპირიდან“  ოთხიოდე გაშლილი მკლავის სიგრძეზე  გაწელილი ელიფსის ფორმის სველი ლაქა ოდნავ მუქად მოჩანდა.  დახეთქილი მიწაზე გადავირბინე და სისველეს ხელი და ლოყა ერთდროულად დავადე. წყლის ხმამ წყურვილი გამიასმაგა, თვალები დამიბნელდა, ველურივით ვიქცეოდი, ქვიშას ფრჩილებით ვფხაჭნიდი მერე მიწას ყურს ვადებდი, მერე ისევ ვფხაჭნიდი და ისევ ვაყურადებდი...
      -  „ნამდვილად აქ ამოდის წყალი, ნამდვილად მოვაგროვებ წყალს, ჯერ ბევრს, უსაშველოდ ბევრს დავლევ, იმდენს დავლევ რამდენიც არასოდეს არ დამილევია, იმდენს დავლევ რომ სიცოცხლის ბოლომდე მეყოს, მერე ბევრს მოვაგროვებ და ფარაფრამდე გამოვიზოგავ!“  - სიხარულისგან ავიტრდი, ცრემლი ქვიშიან სახეზე გზას იკვალავდა და წყლით დასველებულ ადგილს ეწვეთებოდა.

          უკან დავბრუნდი და ფეხზე გავიხადე.  ცხენს დავუძახე, ჯადარი მაშინვე ჩემს გვერდით გაჩნდა.
წყლის გუდა მხარზე გადავიკიდე  ბრტყელი, წვეტიანი  ქვა და დანა მოვიმარჯვე,  შიშველი ფეხით, ფრთხილად მოვსინჯე დამსკდარი  ზედაპირი და ნელ-ნელა მივუახლოვდი ნოტიო  ლაქას.  მუხლზე დავიჩოქე და თხრას შევუდექი. დამსკდარი ზედაპირი ისე იყო მოჭიმული, თითქოს ზედაპირზე დასხმული ბეტონი გამშრალიყო და დახეთქილიყო. ქვიშა გლუვ კირქვად ქცეულიყო. „ბეტონის“  ნატეხებთან ბრძოლა გამიჭირდა. ბასრი დანა ძალიან გამომადგა, გადავწყვიტე ვიწრო და ღრმა ორმო ამომეღო. მთელი საათი ვთხრიდი და ამომქონდა უცნაურად  გაქვავებული კირქვის კენჭები.  რაღაც მონაკვეთის შემდეგ ქვიშის ფენას მივადექი. უფრო  სწრაფად ჩავდიოდი სიღრმეში. თხრილში  ხელი უკვე იღლიამდე მემალებოდა, ორმოს ბოლოში წყალმა დაიწყო დაგროვება. დაველოდე, სწრაფად ჩავაფინე შიგ აბრეშუმის ბურნუსი, წყალი ამოვაშრე და გუდაში ჩავწურე. ორმოში ისევ დაგროვდა წყალი. ისევ ჩავაფინე ბურნუსი და ისევ ჩავწურე. ათიოდე ასეთი ჩაწურვა, ჩემს გუდას შეავსებდა, ეს  სამი  დღის წყლის მარაგი იყო. ამიტომ რაკი ბედმა გამიღიმა, რაც არ უნდა დავღლილიყავი, როგორმე გუდა მთლიანად უნდა ამევსო. 
          ცხენი მოუსვენრობდა, უკმაყოფილოდ ფრუტუნებდა და დამსკდარ ქვიშაზე არ გადმოდიოდა. „ნაპირზე“  იდგა და ხანდახან ჩუმად ხვიხვინებდა.
          მართალია „ჩემი წყალი“ არც ისეთი სუფთა იყო, მაგრამ მიწა დაილექებოდა და გასუფთავდებოდა, მთავარია ჭურჭელი სავსე მქონოდა. გუდის გავსებას საათნახევარი დასჭირდა.  ბოლოჯერ ჩავწურე აბრეშუმი და გუდას თავი მოვუკარი. სველი ბურნუსი თავზე მოვიხვიე და „ნაპირისკენ“ წამოვედი. წყალი  დავტოვე და მოვბრუნდი, დანა და ქვა უნდა გამომეტანა.  ორმოს ჩავხედე, წყლით ივსებოდა. თავი ვერ შევიკავე, შიგნით ხელები ჩავყავი და პეშვებით წყალი დავლიე, ხარბად ვისრუტავდი სითხეს, დაუსრულებლად ამომქონდა ორმოდან წყალი პეშვებით, ვსვამდი და ვსვამდი, ვერ ვჩერდებოდი. წყალი გულზე დამადგა, მე კი მაინც დაუსრულებლად მიმქონდა პეშვი ტუჩებთან და შეუძლებელი იყო ჩემი გაჩერება. თვალებში სინათლე დამიბრუნდა, გონება ამუშავდა, გული  ისე ძლიერ აღარ მიცემდა, ხელების ცახცახიც შემიწყდა, ფეხების დასივება თვალსა და ხელს შუა ქრებოდა. გონზე მოსულმა წყლის დალევა შევწყვიტე. სასწრაფოდ ხელები და პირი დავიბანე, დანას და ქვას ხელი ვტაცე და ნაპირისკენ უნდა მოვბრუნებულიყავი,  მაგრამ ...ნაბიჯიც ვერ გადავდგი. 
        ფეხებზე დავიხედე. მუხლამდე ჩაფლული ვიყავი წებოვან ქვიშაში. ფეხის ამოღება ვცადე, მაგრამ ისე სწრაფად წავედი სიღრმისკენ, თითქოს რაღაც ძლიერმა ტუმბომ შემიწოვა  და...  მენჯებამდე აღმოვჩნდი ჩაფლული.  ვცადე  მეორე ფეხს დავყრდნობოდი მაგრამ უფრო ჩავიძირე. მოხეტიალე ქვიშა საჰარაში დახრჩობას მიპირებდა.

        -  „მოხეტიალე ქვიშა!  რა რეგვენი ვარ ღმერთო!  წყურვილით და წყლით გაბრუებულს, ეს  როგორ დამავიწყდა, როგორ!...“- სასოწარკვეთილებამ კინაღამ გონება დამაკარგინა. დანა და ქვა მყარ ზედაპირზე დავდე და გაუნძრევლად გავჩერდი, როგორც კი მოძრაობა შევწყვიტე, ქვიშაც გაჩერდა. ეს თიხანარევი ქვიშა იყო, რომელიც ჩაფლულ სხეულზე მჭიდროდ შემომდგომოდა და  სიღრმეში დაუნდობლად მითრევდა.  „ქვიშის ჭაობი“ სადაც იყო წელამდე შემომადგებოდა.         
        სიკვდილის უცნაური მახე, -  მოძრავი ქვიშა წამში ნთქავდა  ადამიანებს, ნივთებს, მანქანებს, გემებს და  თვითმფრინავებს. ალიასკაზე ასორმოცდაათკილომეტრიანი სანაპირო მთლიანად ვერაგ ხაფანგად ქცეულიყო.  ფიორდებზე დამსხვრეული გემები, რომლებიც ამ ადგილას ირიყებოდნენ, რამოდენიმე დღეში ქვიშის უძღებ წიაღში უკვალოდ იძირებოდნენ.  მეჩვიდმეტე საუკუნეში მოხეტიალე ქვიშამ  ექვსიოდე  წუთში ჩამარხა  ცნობილი ქალაქი პორტ-როიალი, რომელიც იამაიკაზე, მონათვაჭრობის ცენტრში, ინგლისის მეფის მიერ ქალაქის მერად დანიშნულმა ცნობილმა მეკობრემ, -  ჰენრი მორგანმა  გააშენა.
დიდმა ნავსადგურმა  ეკონომიკა სწრაფად ააყვავა და  პორტ-როიალი მსოფლიოში ცნობილ უმდიდრეს ქალაქად იქცა.
მაგრამ ადგილი სადაც ქალაქი გაშენდა, თექვსმეტკილომეტრიანი ქვიშრობის კონცხი იყო.

      ერთ უბედურ ღამეს, მიწისძვრამ, რომელიც მხოლოდ ექვსი წუთი გრძელდებოდა,  ქვიშა გააცოცხლა. მოხეტიალე ქვიშამ მთელი ქალაქი შეიწოვა და ორიათასზე მეტ მაცხოვრებლიანად ყველა შენობა რამოდენიმე წუთში მთლიანად ჩამარხა თავის წიაღში. მაგრამ უბედურება ამით არ დამთავრებულა. როგორც კი მიწისძვრა შეწყდა, ქვიშა წამში გაქვავდა, ნაქალაქარი "ბეტონის"  ხსნარით მოჭიმულ ველად იქცა. სრულიად მოულოდნელად ადამიანების დიდი ნაწილი, რომელიც მოხეტიალე ქვიშისგან თავის დაღწევას ცდილობდა  ზოგი წელამდე, ხოლო ზოგიც კისრამდე ჩამარხული აღმოჩნდა. ადამიანები ვეღარ ინძრეოდნენ, ამოსვლა შეუძლებელი იყო. რამოდენიმე დღე ისმოდა მათ განწირული  ძახილი. ენით აუწერელ, თავზარდამცემ კივილ-წივილს, ქალაქის მაწანწალად ქცეული დამშეული ძაღლების ღრენა ერთვოდა, რომლებიც ცოცხლად ჭამდნენ ქვიშაში ნახევრად ჩაკირულ ადამიანებს. მოხეტიალე ქვიშიდან ამოჩრილი შენობების ნაკედლარები თითქმის მთელი ასი წელი,  ძეგლებივით იდგნენ პორტ-როიალში, ამ ახდენილი წყევლასავით საზარელი უბედურების მაცნედ. მაგრამ ერთი საუკუნის შემდეგ მომხდარმა კიდევ ერთმა მიწისძვრამ ტრაგედიის ეს კვალიც სრულად წაშალა.
     
        ეგვიპტეში  ლეგენდები დადიოდა საჰარას მოხეტიალე ქვიშებში გამქრალ ქარავნებზე. ამ ლეგენდებს უდაბნოში  მომთაბარე ტუარეგების ტომი ავრცელებდა. ისინი ხშირად უამბობდნენ  ხალხს, რომ ღამით, უდაბნოს მიწისქვეშეთიდან იმ ადამიანების  საწყალობელი ყვირილი და კვნესა ესმოდათ, რომლებიც მოხეტიალე ქვიშამ ცოცხლად დამარხა.
        ამ მოვლენაზე უამრავი რამ მქონდა წაკითხული. რამოდენიმე მეცნიერის ნაშრომსაც ვიცნობდი. ბებიაჩემს, რომელიც თბილისში ცნობილი ფიზიკოსი იყო,  მონაყოლი ჰქონდა ჩემთვის უმცირესი ნაწილაკების თვისებების შესახებ და არაერთხელ ქონდა ახსნილი ქვიშისა და წყლის მოლეკულების შეჭიდულობის ძალის მოქმედების პრინციპი.  მეკობრის დიდ  ქალაქის ქვიშის მიერ ჩაყლაპვის ამბავიც პირველად სწორედ მან მიამბო. ისიც ამიხსნა, რაში შეცდნენ და რატომ ვერ ამოვიდნენ ადამიანები "ქვიშის ჭაობიდან“. მაშინ  ზღაპარვით ვისმენდი მის ნაამბობს, მაგრამ ბავშვის ნათელ მეხსიერებაში კარგად იყო გადანახული - განთქმული მეკობრის ქალაქზე თავსდამტყდარი  უცნაური ამბავი...

        ვბრაზობდი რომ  ცხენმა მაჯობა ჭკუით.  ფეხიც არ დაადგა დახეთქილ მიწას...  დავუძახე და ჩამუხლება ვანიშნე, ჯადარმა დაიჩოქა. მინდოდა აღვირს მივწვდომოდი.  ზურგზე, გულაღმა გავწექი ზედაპირზე და ხელი ცხენისკენ გავიშვირე, მაგრამ აღვირს ვერ ვწვდებოდი, ამ მოძრაობამ ქვიშაში წელამდე ჩამსვა. თუ ღამემდე აქედან ვერ ამოვაღწევდი, წყლიანი თიხა გაიყინებოდა, ცემენტნარევივით გამაგრდებოდა და მე ცოცხლად ნახევრად დამარხულს, შუადღის  მზე რამოდენიმე საათში მომიღებდა ბოლოს. ისევ ცხენისკენ გავიწოდე ხელი, ჯადარი წუხდა, ჩუმად ხვიხვინებდა, ჩაჩოქილი იდგა, თავს იქნევდა, მაგრამ აღვირზე მიწვდომა ვერ შევძელი. 

          ზურგით გულაღმა გავწექი და ხელები გავშალე. გადავწყვიტე აღარ გავნძრეულიყავი. უნდა დამესვენა და ძალები მომეკრიბა. მერე კი ძალიან  ნელი, თითქმის შეუჩნეველი მოძრაობით უნდა მეცადა ფეხების ამოთრევა მოხეტიალე ქვიშიდან. ამას დიდი მოთმინება და დრო დასჭირდებოდა. მთელი ნახევარი საათი, გაუძრევლად ვიწექი, ხელები ჯვარზე გაკრულივით მქონდა გაშლილი და ცას შევცქეროდი. 
          ცხენი წამოდგა ჯერ მიწას ტორავდა.  არ გავეპასუხე, აფრუტუნდა, მაგრამ ისევ ჩუმად ვიყავი. ცხენი წამოდგა, ყალყზე შედგა, ხმამაღლა დაიჭიხვინა,  შებრუნდა და გაჭენდა, აღვირი მიწაზე დასთრევდა. ცხენის გაქცევაზე კინაღამ შევიშალე, განწირული ხმით ვეძახდი, მაგრამ მას აღარ ესმოდა და  ისარივით მიფრინავდა სამხრეთისკენ. ჯადარი თვალს მიეფარა. უდაბნოში საშინელი  სიჩუმე გამეფდა. იმ გაქცევის შემდეგ, ცხენი სულ თან მახლდა, სულ მის გულისცემას ვუსმენდი. უმისობამ შემზარა. წარმოუდგენელი და ამ უდაბნოსავით უსაზღვრო მარტოობა უჩუმრად შემომერტყა გარშემო. წელს ქვემოთ მოხეტიალე ქვიშა შემომდგოდა, წელს ზემოთ კი საშინელი მარტოობა.     

        მთელი ძალღონე მოვიკრიბე და ზურგზე გაწოლილმა და ხელებგაშლილმა ფეხების ამოზიდვა ვცადე. მხოლოდ ორი სანტიმეტრით ამოვწიე. დაველოდე, სანამ ფეხისგულზე ქვიშის საყრდენი არ ვიგრძენი. ფეხქვეშ ქვიშის გამაგრებას დაველოდე, თან ზურგზე გაწოლილი ვცდილობდი სხვა მოძრაობა არ გამეკეთებინა. როგორც კი ფეხისგულებით გამაგრებული ქვიშა ვიგრძენი, ისევ ორიოდე სანტიმეტრით ამოვიწიე ზემოთ. ძალიან ნელი იყო ქვიშის ჭაობიდან თავის დაღწევის ხანგრძლივი და დამღლელი პროცესი, მაგრამ სხვა გამოსავალზე ფიქრიც არ ღირდა.
      ნელა, თითქმის ყოველ ჯერზე, მხოლოდ ორი სანტიმეტრის სიმაღლეზე ვიწეოდი ზემოთ, ველოდი როდის შეივსებოდა ფეხისგულის ქვეშ ცარიელი ადგილი ქვიშით და მერე საყრდენად ვიყენებდი, შემდეგ კიდევ ორ სანტიმეტრზე ვიწევდი  და ისევ ველოდი როდის ვიგრძნობდი ფეხისგულზე ქვიშას.  გვარიანად დავიღალე, საკუთარი ფეხების სიმძიმე მღლიდა, ორსაათიანი წვალების შემდეგ, - მხოლოდ მენჯებით ამოვცდი მოძრავი ქვიშის ორმოს. დანას ხელი წავალე,  კაბა შემოვჭერი და ისევ დასვენება გადავწყვიტე. ნახევარი საათი უმოძრაოდ გავატარე, ახლა ყველაფერი ისევ თავიდან უნდა დამეწყო. 
გვარიანად შებინდდა.
        ქვიშის გამაგრებამდე თუ ვერ ამოვაღწევდი,  ყველაფერი ამაო იქნებოდა. მთელი ერთი თვის წვალება, ფეხით ბოდიალი, მორიელებით და გეველებით გადავსებული გამოქვაბულები, მდევრისგან გაქცევა, ამდენი შიშის გაძლება და ატანა, წყურვილი, შიმშილი, აუტანელი სიცხე და ძვლისგამყინავი სიცივე...

-"არა ნილნა, შენ აქ არ მოკვდები. რაც გველთან ბრძოლისას გადაიტანე იმ შავბნელ გამოქვაბულში, მას მერე მოხეტიალე ქვიშა ვერ მოგერევა! უნდა შეძლო. უნდა მოიკრიბო ძალები. ზღვა კოვზით დაილია და შენც ასე ცოტა-ცოტათი ამოლევ ამ ორმოს.  აბა შენ რა გეგონა! ასე ადვილად მოსაპოვებელი იქნებოდა შუა საჰარაში წყალი?! რამე საფასური ხომ უნდა გადაგეხადა, ჰოდა შენი სიცოცხლით  გადაიხდი თუ ახლა აქედან ვერ ამოხვალ! ჯადარი მაშველის მოსაძებნად გაიქცა, არ მიუტოვებიხარ! ხომ გახსოვს ალ კაბირთან რომ მიგიყვანა, მაშინაც გამოქცეული მშველელს ეძებდა პატრონის გადასარჩენად. მერე ორივე ერთად ცდილობდა შენს გადარჩენას. არა ნილნა, საჰარა შენი საფლავი არ გახდება!  გაინძერი, გაინძერი, თუ არ გინდა ამ ქვიშის სამარეში ცოცხლად დამარხვა!!! -  ხმამაღლა ვუყვიროდი ჩემს თავს თუ დაღლილ და გასავათებულ სხეულს.

გადაჭრილი კაბის კალთა  ფეხებზე შემომეკრა, ამან ძალიან  მიშველა. აბრეშუმზე ადვილად სრიალებდა ფეხის კუნთები, საქმე კუს ნაბიჯებით მაგრამ მაინც წინ წავიდა.  ერთ საათში მუხლებამდე უკვე ამომძვრალი ვიყავი. ვგრძნობდი რომ ქვიშა გამაგრებას იწყებდა. ზურგით "ნაპირისკენ" გავიჩოჩე, ახლა ცხენი რომ აქ ყოფილიყო, ნამდვილად მივწვდებოდი აღვირს... კიდევ ერთი საათი მჭირდებოდა  "ქვიშის ჭაობიდან" ამოსაძვრომად, მაგრამ დასვენება აღარ შეიძლებოდა. ქვიშა სქელდებოდა, სიმყარეს იძენდა. ისევ შევუდექი ამოზიდვას, ისევ ორი სანტიმეტრი, ისევ ლოდინი, -  როდის ვიგრძნობდი ფეხისგულზე საყრდენს. მეჩვენებოდა რომ უსასრულოდ გრძელი ფეხები მქონდა, რომელიც არა და არ თავდებოდა.
        აცივდა. დიდი ყურადღებით და მთელი ძალ-ღონის დაძაბვით, როგორც იქნა კოჭებამდე ამოვძვერი. ძალა გამომეცალა, ღრმად სუნთქვისაც მეშინოდა, ისევ თავიდან შევუდექი ამოზიდვას, ნახევარ საათში ფეხის თითებიც დავინახე. ამასობაში მთვარე ამოვიდა, ზურგზევე მწოლი, ძალიან ფრთხილად დავიძარი „ნაპირისკენ“ . ხოხვით მოვდიოდი, ნელა ვმოძრაობდი, დანას ხელს არ ვუშვებდი.
          ნახევარ საათში  უკვე სამშვიდობოსგავაღწიე.  სრული ოთხი საათი ვებრძოდი მოხეტიალე ქვიშის სამარეს. საშინლად მწყუროდა, თითქოს წვეთიც არ მქონოდა დალეული. გუდას ხელი წამოვავლე  და დახეთქილ მიწას კარგა მანძილზე მოვცილდი.

- "ღმერთმა დალოცა ჩემი მიწაწყალი, ყველა კუთხეში მდინარე და წყაროა. კინაღამ შევეწირე ათი პეშვი წყლის მოპოვებას. მართლა დაწყევლილია ეს ადგილი, მართლა დედამიწის სასაფლაოა... " - ვფქრობდი და  სხეულზე მოწებებულ ქვიშას პირდაპირ დანით ვიფხეკდი, ყინვამდე უნდა მომესწრო, თორემ მიყინული და გამარებული თიხა  სხეულიდან ტყავს ისე ამაძრობდა, როგორც  ხბოს ატყავებენ უდანოდ.  წყალიც კი გავიმეტე რომ თიხაში აზელილი ქვიშა სხეულიდან მომეცილებინა.

      სიცივისგან გვარიანად მაკანკალებდა, კბილს კბილზე ვაცემინებდი. ახლა, აღარც ცეცხლი მქონდა და აღარც ცხენი მყავდა. მხოლოდ ბურნუსი, ერთი გუდა წყალი და დანაღა მქონდა.  ფეხსაცმელები გამახსენდა. ისევ დავუბრუნდი „ნაპირს“. მოხეტიალე ქვიშა სრულიად გაქვავებული დამხვდა. ზედაპირზე ჩემი კაბის გახევებული ნაგლეჯი ამოჩრილიყო. მის დანახვაზე მივხდი რომ ბეწვზე გადავრჩი.  ფეხებზე დავიხედე, ლამის არ მჯეროდა რომ ორივე კიდური ისევ სხეულზე მქონდა.   
        ჩემი მიყრილი "ტიმბერლენდები" მთვარის შუქზე თვალში მომხვდა. შიგნით ოქროს კენჭები და სანთებელა ძველებურად იდო. ფეხსაცმელებს ხელი ვტაცე და უკან მოვბრუნდი. როგორც იქნა გაყინულ ფეხებზე ამოვიცვი. თუ ფეხები გამითბებოდა, ყინვასაც გავუძლებდი.

        კაბის ნაგლეჯი მკერდქვემოთ გადავჭერი და მოკლე ქვედაბოლოდ ვაქციე.  ცალ მხარეს თეძოზე გავკვანძე, ზედა ნაწილი  მოკლე "ტოპად" იქცა. ჩემი ბურნუსი მოსასხამად და თავსახვევად ერთდროულად უნდა გამომეყენებინა. დანარჩენი რაც გამაჩნდა, ცხენზე დარჩა.  დაღლილობისგან მუხლი მეკვეთებოდა,  თვალები თავისით მეხუჭებოდა, ისევ ვებრძოდი ჩემს თავს. უცეცხლოდ დარჩენილს, ჯობდა მეარა და გავხურებულიყავი. არაქათგამოცლილი და მშიერი  როგორ შევძლებდი -არ ვიცოდი, მაგრამ უმოძრაოდ, ყინულის ლოდად ვიქცეოდი.

      -  "ახლა, უნდა ვიპოვო ის, რაც არ არის და ძალიან მჭირდება !  თავსზევით ძალა !" - ჩუმად ვთქვი და მთვარეს გავხედე. ახლა უდაბნოში სამნიღა ვიყავით: მე, ქვიშა და მთვარე.

      ბურნუსი თავზე ერთი კუთხით მოვიხვიე და არაბულად გავკვანძე, მისი დაბლა დაშვებული ორი კუთხე მოსასხამივით მხრებზე მოვისხი, ცხვირ-პირზეც მოვიფარე რომ გაყინული ჰაერის ნაკადი პირით გამეთბო. დანა ჩვეულად მარჯვენა ფეხსაცმლის ყელში ჩავაცურე, წყლის გუდა მხარზე გადავიკიდე  და ცხენის ნაკვალევს  სამხრეთისკენ მივყევი.
       
                                                                                          (იხილე როგორ გაგრძელდა)

--------------------------------------------------------------------------------------------------------

© საავტორო უფლება დაცულია საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის მიერ.
_______________________________________________________________________________
http://www.youtube.com/watch?v=qpa9Cyzobc8&feature=related     
               

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები