ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თოლიგე
ჟანრი: პოეზია
28 სექტემბერი, 2012


ხალხი _ ეს მე ვარ...


ხალხი _  ეს მე ვარ!  მე შემიძლია  _
მიწა ვიყო და მიწადვე ვიქცე,
ან ის მიწა ვატარო მუჭით,
რომელსაც ჯერაც ასდის ოფლის
და სისხლის სუნი.
ხალხი _  ეს მე ვარ!
მე შემიძლია!..
დედამიწა ტრიალებს ჩემში,
მე კი ვტრიალებ მიწის ცოდვად, მადლად და ღერძად
და როცა მტკივა ტკივილი
და ტკივილი შემშლის,
მე შემიძლია სამყარო შევძრა.
ხალხი  _  ეს  მე ვარ!
მე შემიძლია
თეთრ ქაღალდზე დავწერო სიტყვა,
ქაღალდისგან დავკეცო ნავი
და მიამიტად მჯეროდეს, რომ
ნაპირს მივაღწევ...
მე შემიძლია თეთრ ქაღალდზე დავწერო სიტყვა,
მერე ვინანო
და ვილოცო დახრილი თავით,
ან სიტყვით მოვკლა
ბოროტებაც, შურიც... სიმართლეც,
ჩემი სიმშვიდით გამოვხატო ზიზღი და ბოღმა
და მიამიტად მჯეროდეს, რომ
ნაპირს მივაღწევ.
ხალხი _  ეს მე ვარ!
მე შემიძლია ვიყო მგელიც
და ვიყო კრავიც,
დავივიწყო, რაც ჩემს სულს ახსოვს,
მაცხოვარი გავაკრა ჯვარზე...
მერე მჯეროდეს _
მოგვიტევებს ცოდვას გამხელილს...
მერე ვეწამო მაცხოვრისთვის,
ვიქცე მის სამწყსოდ,
მერე... ვხოცო და ცეცხლს მივცე მისი სახელით,
მერე ვინანო...
და ვილოცო დახრილი თავით,
მერე აღდგომა ვიზეიმო ორიათასჯერ!!!
ხალხი _ ეს მე ვარ!
მე შემიძლია სიმართლე გითხრა,
ნაცარშეყრილი თვალებიდან
ნაპერწკლებს ვყრიდე,
ჩამოვბერტყო მთებიდან ზვავი
და თუ ავზვავდი,
გზა მომეცი და განმერიდე _
მე შემიძლია დავანგრიო და ავაშენო,
გადავთელო ტახტი და სკიპტრა
(მე რომ გარგუნე),
თუ უარგყავი,
თუ არ ჩავთვლი უკვე საშენოდ...
მერე თვალებზე ავიფარო
გულგრილად რიდე,
მერე ვინანო
და ვილოცო დახრილი თავით.

ვკვდები...
და ვცოცხლობ
და ვმოძრაობ ასე წრიულად,
სამართლიანიც რადგან მე ვარ
და უსამართლოც.
არაფერია მუდმივი და მარადიული,
არაფერია უსაზღვრო და დაუსაბამო _
აღარც სამყარო!!!

ხალხი _  ეს მე ვარ!
მე შემიძლია  _
მიწა ვიყო და მიწადვე ვიქცე,
ან ეს მიწა ვატარო მუჭით...




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები