ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლ. ლორია
ჟანრი: პროზა
30 სექტემბერი, 2012


ტამბა (VII ნაწილი)




ასე საუბრით გააგრძელეს გზა და დამტოვეს მარტო. ერთიც არ გამოუხედავთ. სამაგიეროდ ნია აქ არის. მიხარია. გულს ისეთი ბაგა-ბუგი გააქვს... ალბათ ამოფრენა უნდა, ვინ უშვებს? და სად უნდა რო? შორს? არა, შორს რატო, აქვე. ნია ხო აქ არის. რა ლამაზი თვალები აქვს. რა ნარნარად მობაჯბაჯებს. არა, შეიძლება ჩვეულებრივ დადის, როგორც ყველა სპლიყვი, მაგრამ გამოდის რომ თუ სპლიყვი გიყვარს, ბაჯბაჯიც გიყვარს მისი. ხოდა ახლა ბანდურაც მიყვარს, მამამისი. ახლა ვეტყვი რომ მიყვარს, არა მამისის რომ მიყვარს ამას არ ვეტყვი, ვეტყვი რომ  ნია მიყვარს, ცოტა რომ გავიზრდები მინდა ჩემი მეუღლე გახდეს და მერე ჩვენ გვეყოლება ბევრი, ბევრი სპლიყვი და მთელი აფრიკა ჩვენ ვიქნებით. მერე მე მისკენ გავიქეცი, ის კი ჩემსკენ... 
- ნია,  იცი?
- ვიცი, ტამბო!
- რა იცი, ნია?
- ცოტა რომ გაიზრდები, გინდა შენი ცოლი გავხდე!
საიდან იცოდა?
- და საიდან იცი?
- იცი, რამდენმა სპლიყვმა მითხრა უკვე ასე?
- არა, საიდან უნდა ვიცოდე?!
- ახლა ხო იცი?
-   იცი სულაც არ ვაპირებდი მაგის თქმას?! – არადა ვცრუობ, ზუსტად ეს უნდა მეთქვა და ცოტა მეტიც, არა ბევრჯერ მეტი.
- მართლა, აბა რა უნდა გეთქვა?
- ისა...
რა ვთქვა. ისევ ალბერტი მახსენდება.  მივიხედე, შორიდან არ მესმის, მაგრამ კვლავ რაღაცაზე კამათობენ ის და მილენა. რა უთხრა ბოლოს მილენას. ხო გლობალური დათბობაო. 
- გლობალურ დათბობაზე მინდოდა შენთან საუბარი...
- მე კი მეგონა...
- რა გეგონა...
-   ხო კარგი, დაივიწყე... ვაიმე, რა საყვარელი ხარ... ანუ დედამიწის მომავალი გაღელვებს?! 
- ხო, აბა რა...
ნეტა რა არის ეს გლობალური დათბობა, აი სად მჭირდებოდა ინტელექტი... სჯობს შევცვალო საუბრის თემა. აჰა, დათვლა... …
- იცი ნია, გარდა ამისა მე დათვლა ვისწავლე, გინდა ახლა სპილოებს დავუძახოთ და ყველა დავთვალო... 
- მამაჩემიც...
- კი, მამაშენსაც ზედ მივათვლი... თუ გინდა საერთოდ დათვლა მამაშენით დავიწყოთ: ერთი ბანდურა... 
- როგორ თუ ერთი?
- აი ნია, ხედავ ხეს, ის ხო ერთია, ასე ერთია მამაშენიც... 
- ანუ მამაჩემი ხეა? -  მგონი ტირილს იწყებს ნია. რა სულელი ვარ. სულ არ მინდოდა მისი ატირება. არადა მართლა ერთია მამამისი, რა ვუთხრა, ხო არ მოვატყუებ. ვატყობ, გამებუტა უკვე. ზურგიც შემაქცია.
- ნია, მობრუნდი რა! -
- გამანებე თავი!
რა რთული ყოფილა შეყვარებულთა საუბარი. ლამის ბღავილი ავტეხო -  დედაა..., შტერი ვარ. რას მოვინდომე ეს დათვლა. მინდა ხორთუმით ნიას  ხორთუმს შევეხო,  მაგრამ ამისაც მეშინია... არა, კი არ მეშინია, მერიდება. კიდევ კარგი ახლა ალბერტი არ არის აქ, გამაშავებდა...  რა ჯანდაბად მოვინდომე ეს დათვლა... მათემატიკამ დამღუპა... 
- ნია, იცი?
- ვიცი, რომ საზიზღარი სპლიყვი ხარ...
- სულაც არა ვარ საზიზღარი, ალბერტმა ხო თქვა ჩემზე, ღირსეული სპლიყვიაო... აი, თუ გსურს, მილენასაც ვკითხოთ?
- მელამ თავის კუდი მოწმედ მოიყვანაო, აბა შენი მეგობრები შენზე რას იტყვიან?
- ნია, მილენა  სულაც  არ არის კუდი. ალბერტი კი იცი რა ჭკვიანია?!…
- ხოდა გყავდეს შენი მილენა  და ის ალბერტი თუ ვინც არი, მე წავედი...
წავიდა.  ჯერ მინდოდა უკან გავდევნებოდი, მაგრამ,  ალბერტის სიტყვები გამახსენდა, თავი ღირსეულად გეჭიროსო. აბა რა ჩემი ბრალია თუ ნიამ მათემატიკა არ იცის, აბა რამდენია მამამისი? მერე რა  რომ გაბღენძილი დადის – მაინც ერთია.  უცებ მოვარდნენ ალბერტი და მილენა. …
- რა მოხდა? – კითხულობს მილენა, - რატო წავიდა? - სულს ძლივს ითქვამს...
- სპილოებს დავთვლი-მეთქი და გაიქცა...
- ხო გითხარი არა, ხო გითხარი? – ყვირის ალბერტი...
- რა უთხარი აბა, რა უთხარი, სულ შენ აუბნიე თავგზა! – ახლა მილენა ეჩხუბება ალბერტს.
- მოიცა, მე არ ვუთხარი დათვლა არ დაიწყო-მეთქი?! – მილენას მიუბრუნდა ალბერტი. გაცხარებულია. ასე გაცხარებული ცხვარი ჯერ არ მინახია.
-   ხო, შენ ისიც უთხარი ლექსები არ უთხრაო, არ იცი რომ ქალებს რომანტიკა იზიდავთ და არა მათემატიკა!
-   არა, აქ რაღაც სხვა ამბავია, მარტო მაგისთვის არ გაბრაზდებოდა! – ახლა მე მომიბრუდა ალბერტი. -  კიდე ეტყოდი რამეს?!
-   მამაშენი, ისე როგორც ეს ხე, ერთია-მეთქი!
-   აბა ეს უნდა გეთქვა? – მეკითხება მილენა.
-   ვა, რა ხართ ეს მდედრები?  აბა შენი აზრი ეს ხე რამდენია? – ახლა  მილენას მიუბრუნდა ალბერტი. 
-   იცი რა, ეს ხე კი ერთია, ჭკუის კოლოფო ალბერტ,  მაგრამ როცა საქმე ეხება მამას, არაეთიკურია ის ხეს შეადარო, იმიტომ რომ მამა ერთადერთია და არა ერთი - თანაც ხე!
-   ელაპარაკე ახლა ამას, თუმცა  რა მდედრია ესეც და მდედრს იცავს!  - ჯერ მე მომიბრუნდა ალბერტი, მერე კვლავ მილენას. - მაგრამ ჭეშმარიტებას  რას უშვები?
- ჩემთვის ჭეშმარიტება ის არის, რომ ტამბამ ნიას თავისი უჭკუობით აწყენინა. ყოჩაღ ნია. ასე ეკუთვნოდა ამ მათემატიკოსს! 
- უყურე ახლა ამას? – მე მეუბნება ალბერტი, - არა უფრო სწორად არ უყურო... არც უსმინო, გული არ გაიტეხო ტამბა,  არა უშავს... აბა შემოუძახე თავს და ყურები ნუ ჩამოყარე ცხოვრება გრძელდება, აი ნახე ცოტა ხანში თუ თვითონ არ შეგირიგდეს! 
-   კი, აბა, ამან სისულელეები ილაპარაკოს და შეურიგდება! 
- შენ, მშვენიერო, ხვალ დილით წამალი რომ გაქვს დასალევი დაგავიწყდა? აბა წავედით ახლა ბანაკში, სადაც იმედია ხანძარი ჩაქრა!
-   კარგი, ხო წავიდეთ! – ამბობს  მილენამ.
წინ ისინი მიდიან, უკან მე მივლასლასებ.  თამაში ხასიათზეც არ ვარ. მგონი ჭამაც არ მინდა. არაფერი არ მინდა. რა ყოფილა ეს სიყვარული...


VII  ნაწილის დასასრული

(გაგრძელება იქნება) 



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები