ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
ბუკა შუბლაძე
ასფალტზე გაზრდილები
პირველის წუთები იქნებოდა, როდესაც მოზარდების ამაზრზენმა ღრიალმა და წივილ-კივილმა გამაღვიძა. ნამძინარებმა მხოლოდ ის გავარკვიე, რომ რაღაც დემონსტრაციის მაგვარი უნდა ყოფილიყო, რადგან გარკვევით ისმოდა – “საქართველო, საქართველო!”
ამ ფაქტმა კიდევ უფრო გამაკვირვა, თორმეტ საათზე დემონსტრაცია? თან ოქროსუბანში? ეჭვით წამოვდექი. თითქმის დარწმუნებული ვიყავი, რომ ძილბურანში რაღაც მეჩვენებოდა. ფანჯარასთან მივედი და პლეხანოვისათვის დამახასიათებელ ყვითლად განათებულ ვიწრო ქუჩას გადავხედე. გაოცებისაგან კინარამ თვალები შუბლზე ამივიდა. დემონსტრაცია სინამდვილეში ათიოდე 15 წლამდე მოზარდისაგან შემდგარ ჯგუფს წარმოადგენდა. მათ წინ შედარებით უფროსი, ასე 13-14 წლის წითური ბიჭი მიუძღვოდათ და განწირული ხმით გაჰკიოდა: "თავისუფალ საქართველოს გაუმარ..." - "ჯოოს!" კიდევვ უფრო განწირული და გარდატეხის ასაკში მყოფი ბიჭებისათვის დამახასიათებელი ხმით უბამდნენ მხარს დანარჩენები.
თავიდან ვიფიქრე, რომ ჩვენი პოლიტიკურ პარტიებს საბოლოოდ ისე წაუხდათ საქციელი, პატარა ბავშვებს უხდიდნენ ფულს ამ საოცარ დეგენერატიზმში. მერე კი ნათლად გავარჩიე, რომ ამ ბავშვებს სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების, ზოგსაც საფეხრბურთო გუნდების მაისურები ეცვა.
საბოლოოდ მივხვდი, რომ არანაირი დემონსტრაცია ეს არ იყო. ბავშვები უბრალოდ ასე თამაშობდნენ.
გაოცებული ვიდექი ტრუსიკით, სანამ "მიტინგობანას" მოთამაშე ბავშვებმა აღზნებული სახეებით არ ჩაუარეს ჩემს ფანჯარას. არ ვიცი, ეს ჩემი წარმოსახვის ფანტაზია იყო თუ მართალი, მაგრამ მომეჩვენა რომ თითოეულ ბავშვს რომელიღაცა გარკვეული პოლიტიკოსისთვის გამოემგვანებინა სახე; ან, უბრალოდ, ცდილობდნენ მათთვის მიებაძათ.
საბოლოოდ ჩემი აბსურდული წარმოსახვა ცხადში ახდა. წინ მიმავალმა წითურმა ლიდერმა გარკვევით წამოიყვირა ერთ-ერთი მართლაც არსებული პოლიტიკოსის გვარი და მოზარდების ჯგუფს მაშინვე გამოეყო დაახლოები თორმეტი წლის პატარა ბიჭი, რომელსაც ტანზე "ბარსელონას" მაისური ეცვა ზურგზე კი "მესი" ეწერა.
გულისრევის შეგრძნება გამიჩნდა. ამას მერჩივნა ამ ბავშვებს ძველებურად ხელში რკინის დრინები და კასტეთები სჭეროდათ და ერთმანეთისთვის ან თუნდაც გზადშემოყრილი პენსიონერისთვის სიფათი ეთქვიფათ.
საოცრად შეწუხებული, დამძიმებული დავბრუნდი საწოლში. მივხვდი, რომ ძილი აღარ მეწერა. რამდენჯერ მიოცნებია, რომ ტვინს "OFF"-ის ღილაკი ჰქონდეს, მიაწკაპუნებდი და დამთავრდა...
თავიდან არ ამომდიოდა იმ ბავშვების აღტკინებული სახეები. იმათ სურათს თუ გადაუღებდი, ეჭვიც ვერავის შეეპარებოდა, რომ ეს კადრები უნიკალურ რეალობას ასახავდა. მხოლოდ მე მეცოდინებოდა, რომ ეს ყველაფერი უბრალოდ თამაშია.
ეს ბავშვები გულს მოიყირჭებენ გაზუთხული ლოზუნგების ყვირილით, მერე სახლში წავლენ, "ჰარი პოტერს" უყურებენ, თვალებს გამოითხრიან კომპიუტერული სამყაროთი და დაიძინებენ. ძილში მათი ორგანიზმი აქტიურ რეჟიმში განაგრძობს გაზრდას და ჩამოყალიბებას.
ჩამოყალიბებას იმ იდიოტებად, რომლებსაც ყოველდღე ტელევიზორში ვხედავთ და რომლებიც მათსავით "მიტინგობანას" თამაშობენ, ოღონდ არა პლეხანოვის ყვითლად განათებულ ქუჩაზე, არამეტ 69 700 კვადრატულკილომეტრიან სათამაო მოედანზე. მერე სახლში მიდიან და გერმანული ჟანრის ფილმებს უყურებენ. ბოლოს თვალდახუჭულები დააწვებიან თავიანთ ცელულიტიან ან თავისთავთან სრულიად შეუსაბამო სილამაზის მეუღლეებს. ორი წუთის მერე საცოდავად დაიმანჭებიან სიამოვნებისაგან და დაიძინებენ.
ძილში მათი სხეული განაგრძობს დაბერებას და გახრწნას, რათა მათი სხეული ნელნელა დაემსგავსოს მათ სულს. მის გვერდით მძინარე ქალის მუცელში ნაყოფი იღებს ფორმებს. ჯერ მხოლოდ გულია, - ის ორგანო, რომელსაც, ალბათ, არასდროს გამოიყენებს და არც არაფერში დასჭირდება.
ამასობაში ჩამეძინა...
ვერც დილით ვპოვე შვება. დაღრეცილი სახით ვსვამ ყავას. გულისრევის შეგრძნება არსად ქრება. ვცდილობ რამე ისეთზე ვიფიქრო, რაც გამომიყვანს მდგომარეობიდან. და აი ისიც...
თორმეტი წლის ვარ. თავიდან ბოლომდე ვკანკალებ. არ მცივა, საშინლად მეშინია და თან ადრენალინისგან სისხლი საფეთქლებში მაწვება. ჩემ წინ ჩემზე ორი წლით უფროსი უბნელი ბიჭი დგას. სწორედ მისი მეშინია.
ვხვდები, რომ ყველა გზა მოჭრილია და თუ მინდა რამის იმედი მქონდეს, პირველმა მე უნდა დავარტყა. ასეც ვიქცევი... არ დაეცა... მხოლოდ წაბორძიკდა... აი, მაშინ მივხვდი, რომ განწირული ვიყავი და აღარ ვკანკალებ.
დასაკარგი აღარაფერია და შიშიც სადღაც გაქრა. მახსოვს ჩემი უმისამართო მუშტების ქნევა და მისი ძლიერი დარტყმები პირდაპირ სახეში.
რა საოცარია, ეხლა ვხვდები რომ დამცირების მაგივრად საოცარ ბედნიერებას ვგრძნობდი. ვცდილობდი ერთი მაინც გამერტყა, რომ დამჩნეოდა. რამე მაინც დამჩნეოდა... და აი ისიც... ძირს დაგდებულმა, დასისხლიანებულმა აგურის ნატეხი მოვლანდე, ხელი დავავლე და შიგ სიფათში, ცხვირსა და თვალს შუა მოვარგე.
ალბათ, თვალებში დაუბნელდა და ტრაკზე დაეცა. სურვილიც აღარ გამჩენია, ჩხუბი გამეგრძელებინა. ნესტოებით ხარბად ვისუნთქავდი ზაფხულის წვიმისაგან აშვებულ ასფალტის ოხშივარს და თვალები ბედნიერებისაგან ცრემლებით მევსებოდა. ვხვდებოდი, რომ ყველაფერი წინ იყო. ცხოვრება იყო წინ...
მერე ერთმანეთს დიდხანს ვუყურებდით დასისხლიანებულ, გათქვეფილ სახეებში და ვიცინოდით. ამ წუთასაც იმ სველი ასფალტის სუნი მცემს, ყოვლად უაზრო, აგრესიული, გაჭირვებული ბავშვობის - ცხოვრების სუნი.
ცხოვრების, რომელზეც გული მერევა, მაგრამ არჩევანი რომ მქონდეს, თავიდან რომ დავიბადო, ისევ იგივე ცხოვრებით ვიცხოვრებდი, კიდევ უფრო ღრმად დავბერავდი ნესტოებს და უფრო ხარბად შევისუნთქავდი მიწის იმ საამურ სურნელს. მერე ჩემს დასისხლიანებულ უბნელ ბიჭს მივვარდებოდი და იმ ჩემსმიერ დაჩეხილ სახეს დაუკოცნიდი.
2012
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. ტვინს "OFF"-ის ღილაკი ჰქონდეს, მიაწკაპუნებდი და დამთავრდა... ეს კი.... სხვა ვერაფერი. ტვინს "OFF"-ის ღილაკი ჰქონდეს, მიაწკაპუნებდი და დამთავრდა... ეს კი.... სხვა ვერაფერი.
1. "გერმანული ჟანრის ფილმებს" - ეს რაა? "გერმანული ჟანრის ფილმებს" - ეს რაა?
|
|
მონაცემები არ არის |
|
|