ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ლელა მგელაძე
ჟანრი: პროზა
20 ოქტომბერი, 2012


გზა სოფლისკენ

დიდი ხანია მოდიდან გადავიდა ბუნების მიერ აღძრულ ემოციებზე წერა. დღეს ამ ხერხით მკითხველის გულს ვეღარ მოინადირებ. მაგრამ რა ქნას ავტორმა, თუკი თვლის, რომ ობუნებასთან განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს; თუ ქარაფშუტულად ფიქრობს, რომ მასავით არავის შეუძლია, ტრანსპორტში მჯდომი მზერით აედევნოს ტყეში ჩაკარგულ ბილიკს, ან ცაში აჭრილ ფრინველს; თუ ჯიუტად სჯერა, რომ ბუნებასთან იდამალი ძალით არის დაკავშირებული; თუკი მას, ბუნებით გლეხს, გურიის ერთ ულამაზეს სოფელში გაზრდილს გახრიოკებულ ქალაქში ერგო ცხოვრება, ხოლო ბუნება ბავშვობის დღეებს აგონებს. მისი მოფერებით კი ძვირფას გარდასულ ადამიანებს ეალერსება.
ასე, რომ დროდადრო ამ არაპოპულარული ხერხის გამოყენება მომიწევს, მაგრამ თუ მკითხველი შუა გზაზე არ მიმატოვებს, იქნებ დავაინტერესო კიდეც.
მატარებელი გამთენიისას შედის გურიაში. თვალებით ვჭამ პეიზაჟის ყველა დეტალს, რაც ფანჯრიდან მოსჩანს.
აი, ასეთი, სუროშემოხვეული კარალიოკი ჩემი სახლის ქვემოთაც დგას. ზამთრობით მამა იქ შაშვებზე ნადირობდა.
ასეთი ანკარა, დაკლაკლინი ღელე ჩემი ეზოს ქვემოთ რომ კორომია – სატურია, მასაც ჩამოუდის.(ჩემი სოფელი მთაგორიანია და ყველა ეზოს აქვს თავისი აღმართ-დაღმართი და ხრამი.)
ზუსტად ასეთი, შავ-თეთრი ძაღლი ჩემს მეზობელს ჰყავდა. ჯეკა ერქვა. ჯეკა ჩემი ძაღლის - ლონდას ხშირი სტუმარი იყო. აბა რის მეგობარი ვიქვებოდი ლონდა რომ სტუმართან შემერცხვინა და მეც ორთავეს პურის ნატეხით ვუმასპინძლდებოდი. სამაგიეროდ ყანაში,მამასთან სადილი ორი მცველის თანხლებით მიმქონდა. ყანაში მიმავალი გზა ჩემი ფიზიკის მასწავლებლის ეზოსთან გადიოდა. სიამაყით უნდა ვაღიარო, რომ სწორედ მე და ჩემი ძაღლები ვიქეცით გერონტი მასწავლებლისთვის უდიდესი აქსიომის აღმოჩენის მაპროვოცირებლად. დაგვინახავდა თუ არა ღიმილიან სალამს მიძღვნიდა და მრავლისმეტყველი სახით დააყოლებდა: “ასეა ბიძიკო! მიღებული სითბოს რაოდენობა პირდაპირპროპორციულია გაცემულის რაოდენობისა და რამდენჯერმე აღემატება მას.”
ერთ დღეს მეზობელთან გადასულმა ჯეკა მოვისაკლისე. იცოდნენ, რომ ძალიან მიყვარდა და შორიდან დაიწყეს სათქმელი: “ჯეკა ძალიან დაბერდა, სულ ბეწვები ცვიოდა... მანქანაში ჩავსვით და ნასაკირალის ტყეში გავუშვითო”. გული ყელში მომებჯინა. “მრცხვენია ადამიანი რომ ვარ-მეთქი”, მივაძახე მეზობლებს და ატირებული სახლში გავიქეცი.
ასეთი ფრანგულა მსხლები ჩემს ეზოშიც ბევრია.
ერთხელ, ხუთი წლის ასაკში პირველად ვიგრძენი “შემოქმედებითი წვა”. აზრად მომივიდა -  რომ ჩემი ხეები გამელამაზებინა. სამზარეულოს დანა გამოვიტანე და გულმოდგინედ დავიწყე გათლა. ერთი მსხლის ხე, სანამდეც მივწვდი სულ გავაპრიალე. მერე რამდინიმე ნაბიჯით უკან დავიხიე და დისტანციიდან შევათვალიერე ჩემი “შედევრი. საკმაოდ რთული სამუშაო იყო და დანარჩენი ხეები მეორე დღისთვის შემოვინახე.
ეს რომ მშობლებმა დაინახეს, ერთი ამბავი ატეხეს. ქვეყანას მოსდეს: ამ აბდალამ ხე გაგვიხმოო. “რა უმადურები არიან” – ვფიქრობდი საკუთარ ნიჭიერებაში დაეჭვებული.
ჩვენი სასიმინდეც ასეთ მაღალ ბოძებზე დგას. ბავშვობაში მეგობარებთან ერთად იქ ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლი “ბონი-აბბა” ჩამოვაყალიბე. დასარტყამი ინსტრუმენტების ფუნქციას მთელ კუთხეში მოგროვილი გახვრეტილი ქვაბები და ტაშტები ასრულებდა. ბაზ-გიტარა (ცოცხი) ჩემს უმცროს ძმას ებარა, რომლის სიმუნჯით უკმაყოფილოიყო და ხან ტარით ტაშტებს დასცხებდა-ხოლმე. ერთი კვირა იარსება ჩვენმა “ანსამბლმა”. მერე მეზობლებმა მშობლებთან გვიჩივლეს: გააჩუმეთ აი ბაღნები თვარა გულგახეთქილი ქათმები ტყე-ღრეში გარბიან და იქედან ნახევარი აღარ ბრუნდება უკანო.
აი, ამაზე ბევრად დიდი წიფელი ჩემი ეზოს ქვემოთ დგას. მის ტოტებში უამრავი ფრინველი ბინადრობს. ფესვებიდან კი უგემრიელესი ანკარა წყარო მოედინება. მისი გაშლილი ტოტების შუაგულში მიყვარდა ჯდომა და ოცნება. იქ ოცნებაც კი ულამაზეს ფერებში იმოსებოდა.
ის ქალი, რა დილაადრიან მიდენის ძროხას საბალახოდ. დედაჩემმაც ისე იცოდა თავსაფრის უკან წაკვრა. ჩემი სტუდენტობისას ყოველთვის გრძნობდა როდის უნდა ჩავსულიყავი. ავტობუსის დროს შუკაში გამოდიოდა და სიხარულის ცრემლნარევი ღიმილით მეგებებოდა.
ის გლეხი უკვე მხარზე ბარგადებული მიდის ბოსტნისკენ... მამაც ასეთი ჭაღარა და გამხდარი იყო, ბოლო წლებში. დილაუთენია იწყებდა საქმეს. სულ შრომობდა და ფუსფუსებდა. დალევაც შრომაზე არანაკლებ უყვარდა. მის ჭიშკართან მისული კაცი უპურმარილოდ ვერ წავიდოდა.

                                              ***

.სასაფლაოზე მე, ჩემი ძმა და ჩემი ოთხი წლის ძმისშვილი – ლიზი ავედით. ჩვენი სასაფლაო სამი სოფლის გასაყარზე, ყველაზე მაღალ გორაკზეა გაშლილი. რამდენიმე კილომეტრის რადიუსში მცხოვრებნი, სამივე სოფლის მკვიდრნი აქ ჰპოვებენ საბოლოო სამყოფელს. როგორც ყველა სასაფლაო, ესეც ვრცელი და მკვიდრთა ასაკით მრავალფეროვანია. აქაურები ადმინისტრაციულ საზღვრებს არ სცნობენ, სამეზობლოები ერთმანეთში გაუცვლიათ.
ჩემები აქ, განაპირას ბინადრობენ. მამას სურვილი იყო: ისეთი ადგილი შემირჩიეთ, ჩემი სახლი კარგად რომ ჩანდესო.
ლიზი საფლავზე დარბის, სურათებს ეალერსება, ტიკტიკებს. შეუძლებელია, რომელიმე ახსოვდეს მაგრამ ბუნებით მოსიყვარულე–მესაკუთრეს ესმის, რომ მისები არიან. ისეთი ბავშვია ყველა დარდს ძალას აცლის. მთელი სამყარო მისია და უყვარს. სხვა საფლავებიც აინტერესებს. ჩვენც მორჩილად დავყვებით.
აქ ბებია-ბაბუის საფლავზე ადრეც დავდიოდი, მაგრამ ეს უზარმაზარი მუხა აღარ მახსოვდა.
-რამხელაა და რა ლამაზია! – ლიზიზე არანაკლებ გაოცებული ვეუბნები ძმას.- რამხელა ფუღურო აქვს!
-ჰო, ამას წინათ ბიჭები კოლიე მამალაძის საფლავს რომ თხრიდნენ, გუუწვიმდათ და ხუთმა კაცმა თავისულად შეაფარა თავი შიგ.
ყველა გურულში თითო პატარა მიუნჰაუზენი ზის, მაგრამ ამჯერადარ არ აჭარბებს. მუხის დიამეტრი ოთხი მეტრი იქნება. ამის ნახევარი ფართობი წლების სიმრავლეს გამოუფუღრავს. მივედი, დამსკდარ კანზე თითები ჩამოვუსვი, თითქოს მისი იდუმალი ენერგეტიკა შევიგრძენი. ისტორიულ სიძველეებთანაც ასე ვიქცევი: ჩუქურთმებს თითებს ჩამოვაყოლებ და ყელში გრძნობების ნაზავის ბურთი გამეჩხირება. სულ ეს არის ჩემი პატრიოტიზმი.
ნეტა წამით მაინც გადამავლებია თვალი იმ მოვლენებისთვის, რომელსაც ეს მუხა შესწრებია.
იქნებ მისმა ფესვემა ჩემი დიდი ბაბუა-ბებიის – კოწიას და ესმას სხეულები შეითვისეს და ახლა, რომელიღაც ტოტში მოკალათებულნი, უმშვენიერესი ხედებით ტკბებიან.: აღმოსავლეთით და სამხრეთ დასავლეთით მთელი გურია და ქუბულეთი ხელისგულზეა გადაშლილი, ვიდრე გურია-აჭარის მთებამდე. შორს, თუ კარგად დააკვირდებით ჰორიზონტისგან ზღვის გარჩევასაც შეძლებთ. დასავლეთით ჩემი სოფლის გორაკებია, ხოლო ჩრდილოეთით სუფსის დაკლაკნილი, პრიალა ტანის იქეთ ლანჩხუთის რამდენიმე სოფელი მოსჩანს. ბავშვობისას, სკოლაში წასვლამდე აუცილებლად გადავხედავდი-ხოლმე მდინარეზე დავანებულ, უფლის სუნთქვასავით ქათქათა ნისლს.
მუხას რომ ენა ჰქონდეს კოწიას შესახებაც გამოვკითხავდი. გადმოცემით, ოციან წლებში იგი ყაჩაღებს მალავდა. მაშინ ხომ ეროვნულ გმირებსაც ყაჩაღებად მოიხსენიებდნენ. იქნებ ჩემი წინაპარიც ამ გმირებს უმალავდა ბოლშევიკურ ხელისუფლებას.
ამ ციხის ნანგრევზეც ბევრი რამ ეცოდინება მისგან რამდინიმე მეტრში რომ ასვენია. ნანგრევი ოთხკუთხა ფორმით შემორჩენილა. მისი სიმაღლე სამ მეტრამდე იქნება. სიგრძე-სიგანე კი ალბათ ორ-ორი მეტრია. მის გვერდით მეორე, მომცრო ნანგრევია. სასაფლაოს ბოლოში ახლადაღდგენილი ბაზილიკა დგას.
-აქანე მასემე საუკუნის ციხე-სიმაგრე ყოფილა, - მახსენებს ჩემი ძმა, ბავშვობაში გაგონილ ლეგენდას. – იგი თურმე გვირაბით უკავშირდებოდა ჯუმათის ეკლესიას - და სოფლების იქეთ, მთაზე გუმბათის ოდნავ გასარჩევ სილუეტს მანახვებს.
- აი ეკლესია რომ აღვადგინეთ, შენ მაშინ გათხოვილი იყავი. ზოგმა ფული დადო, ზოგმა შიფერი მეიტანა, ზოგმა რა და რა. სამივე სოფელმა მივეღეთ მონაწილეობა. იქნება ამით მაინც გამევისყიდოთ ის ცოდვები, მაშინ რომ ეკლესიები დავანგრიეთ.
“დავანგრიეთ”- მესიამოვნა ასეთი ზუსტი ინტერპრეტაცია.
ვცდებით, როცა ვფიქრობთ, რომ წინაპრებზე უკეთესები ვართ. არა მგონია ბებიაჩემზე  ჭკვიანი ვიყო, რომელსაც, შესაძლოა სხვებთან ერთად სიამაყით განმსჭვალულს მიჰქონდა სადილი, ეკლესიის ნგრევით დაღლილ ბაბუასთან და დარწმუნებული იყო, რომ პროგრესს ემსახურებოდა. ვერც მე დავაღწევდი თავს კომუნისტური პროპაგანდის ბადეს.
-აი კარები ჩვენმა კახაიამ გამოთალა. ორი თვეი იწვალა. კაი ნახელავი კი გამოვიდა – მეუბნება კარებზე, რომელსაც მთელ სიგრძეზე რელიეფურად ამოკვეთილი ნინოს ჯვარი და ქართული ჩუქურთმები ამშვენებს. ძნელი დასაჯერებელია, რომ იგი უბრალო დურგალმა შექმნა.
გურულად რომ ვთქვა: ჩემი ხნის ქვაი არ გდია რიყეზე, მაგრამ ხანდახან მაინც წავიოცნებებ-ხოლმე.
“ნეტა მანახა აქაურობა არქეოლოგებშესეული. ვინ იცის, რამდენ საამაყო ისტორიას აეხდებოდა ფარდა. მინდა უამრავმა ადამიანმა დაიტკბოს სული ამ ადგილის მშვენიერებით.” და ამ ამაღლებულ განწყობას ცოტა ეგოისტური ოცნება მოსდევს: “იქნებ მაშინ მაინც ეღირსოს ჩემს სოფელს გზა და წყალი. გაზზე ხომ ოცნებაც ზედმეტია”.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები