ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნეფერტარი
ჟანრი: პროზა
21 ოქტომბერი, 2012


ბედუინი (ნაწილი XV თავსზევით ძალა)

                                                                               
                                                                                                                                         

რაკი ფეხებზე აღარ მციოდა, მოძრაობის ჩემი საკუთარი რიტმი შევარჩიე და გზას დავადექი. ზედმეტი გადაღლისგან თავს ვიცავდი. ძილი თავს  მართმევდა,  დაღლილობას და შიმშილს თავისი გაჰქონდა.

მივდიოდი დაუსრულებლად ვიმეორებდი:

- „ღმერთო მომეცი თავს ზევით ძალა! ღმერთო მომეცი თავს ზევით ძალა!  თუ ვინმე ლოცულობს ახლა გაჭირვებულებისთვის, ცოტა მეც შემეწიოს. მე, ახლა ის ერთი დაკარგული ცხვარი ვარ, რომლის საძებნელად იქნებ არც ღირდეს მწყემსის გარჯა, მაგრამ მომეცი საშუალება დავინახო, - ვინ ვარ სინამდვილეში. იქნებ ღირდეს ჩემი გადარჩენა და იმ უღიმღამო ფარაში დაბრუნება,  მაშინ რომ მოგმართავს გულწრფელად როცა ძალიან უჭირს. მაპატიე ეს სულმოკლეობა, ეს უძლურება და ჩემი ზედმეტი ცნობისწადილი, რამაც აქ მომახვედრა...“

ლოცვა მამშვიდებდა, გონებას მინათებდა. ძილი უკან იხევდა, ფეხები რითმულად მოძრაობდნენ. დაღლილობა „ცოტავდებოდა“. ჯერ კოჭებში მოიჭმუჭნა, მერე მუხლებისკენ ამოყვა ძვლებს და იქ ცდილობდა გამაგრებას და დაბუდებას.  ცოტახანს იწრიალა, ყურში მესმოდა მუხლის სახსრების ტკაცუნი, მაგრამ მე, თუ მუხლები, - არ ვნებდებოდით. ის უფრო მოიჭმუჭნა და გულისკენ დაიძრა. გული კი შეუჩერებლად მუშაობდა, ცხელ სისხლს სხეულში ისროდა და დაღლილობისთვის არ ეცალა. მარჯვენა მხარი მეტკინა. გუდა შევისწორე, უფრო მოხერხებულად მოვიკიდე. მხარი მტეხდა, კისერი დამეძაბა, მაგრამ რაკი ფეხები მიაბიჯებდნენ, იმედმა იმძლავრა და გაიშალა.  მარჯვენა მხარზე, ერთმანეთისგან განუყოფელი ორი რამ  დაბინავებულიყო - წყალი და იმედი. 

ლოცვამ მიშველა თუ მეორე სუნთქვა გამეხსნა არ ვიცი, მაგრამ ჩემი ნაბიჯი მტკიცე და მხნე გახდა. სიცივეს აღარ ვეპუებოდი,  მივდიოდი და ნაბიჯებს ვითვლიდი. ორიათასს რომ გადავცდი, მხრებში გავიშალე, ჩემი თბილი სუნთქვა პირზე შემოხვეულ იჰრამს ათბობდა, ფილტვებში კრიალა და ცივი ჰაერი უკვე გამთბარი ჩადიოდა. გული უღალატოდ მუშაობდა. საიდან მოდიოდა ენერგია არ ვიცოდი და არც მაინტერესებდა, მუხლში მგლის ძალა ჩამიდგა, ნაბიჯს ვუმატე. „ნაპირს“ მივუყვებოდი, აღვირს ლენტივით კვალი დაეტოვებინა და მიყოლა არ ჭირდა.  მთვარის შუქზე გარემოს ვათვალიერებდი, ვცდილობდი ორიენტირი შემერჩია და მიწისქვეშა მდინარეზე  ის „ფონი“ მომეძებნა, რუკაზე რომ იყო მონიშნული.
რუკამ ბედუინი გამახსენდა,  უცნაური კაცი, რომელიც მოულოდნელად იქცა ჩემი ცხოვრების ნაწილად.

    - „ღმერთო უშველე მას! მშვიდობიანი გაუხადე გზა-სავალი, თავი რომ დააღწიოს საჰარას, მივიდეს იქ სადაც გეზი და მიზანი აქვს!“- გულში მიხაროდა რომ შიმშილით და წყურვილით გამოწვეულ სიხარბეს მოვერიე და მისი წილი წყალი და საგზალი არწივისთავიანი კლდის გამოქვაბულში დავტოვე, მაგრამ თან ვამუნათებდი ჩემს თავს, რადგან შესქელებული რძე, ორი ქილა მქონდა და ორივე მე წამოვიღე. 
    - ჰო ცუდად გამომივიდა, ბოდიშს მოვუხდი რომ ვნახავ!“ - ამ ფიქრზე გული გამეხსნა, რწმენა გამიჩნდა რომ მას ნამდვილად ვნახავდი, კიდევ მომეცემოდა საშუალება შემხედა მისი აუწერლად ლამაზი მწვანე თვალებისთვის, საიდანაც სითბო, სიკეთე, შეუპოვრობა  ერთდროულად მოედინებოდა, სადაც ხანდახან გაიბრწყინებდა სიმშვიდის, იმედის და ბედნიერების სხივი, დამენახა პალმის ფოთლებივით სწორი და გრძელი წამწამების ჩრდილი, მომესმინა მისი თბილი დაბალი და რბილი ხმით აუწერლად ლამაზად ნათქვამი „ნილლნა,ჟამილლ, ტეს მი ალ კაბირ“... 

სითბო გულისკოვზთან მოღადღადე ნაღვერდალივით აფეთქდა და ცხელი ტალღა წამში მოედო მთელ სხეულს. ძალიან ძნელად, მაგრამ როგორც იქნა, თავს გამოვუტყდი რომ ბედუინი უსაშველოდ, სულის შეხუთვამდე მენატრებოდა, ძალიან მაკლდა  და უდაბნოსთან ბრძოლის ძალას სწორედ მასთან შეხვედრის იმედი მაძლევდა. ადრე ის, ჩემთვის მხოლოდ იმედი იყო აქაურობისგან თავის დასაღწევად.  ახლა კი ვატყობდი რომ ის იმედზე მეტი იყო, გაცილებით მეტი. ვიხსენებდი სადღაც ტვინის კუნჭულში ჩაბუდებულ  ჟასმინის, გვირილის, იასამნის და ჟენშენის შერეულ სურნელს და ვფიქრობდი რომ მართლაც შეუცნობია ბედ-იღბლის გზა.  არავინ იცის სად დაკარგავს და სად იპოვის ჭეშმარიტ საპოვნელს. 

    - ესაა სიყვარული? ნუთუ მიყვარს ეს კაცი, რომლის არც ენა ვიცი ნორმალურად და  არც ზნე.  ნუთუ ეს საშინელი სულისხუთვა და ეს დამანგრეველი მონატრებაა სიყვარული, რომლის აღიარებასაც - ამდენი ხანია გავურბივარ. არა ასე არ უნდა იყოს, მხოლოდ მენატრება. ახლა ისეთ დღეში ვარ, რომ გონი მილოშის დანახვაც გამახარებდა, ან უბრალოდ ადამიანის დანახვა...  იქნებ ამ კაცს სხვა უყვარს, სხვა ედარდება და მე უბრალოდ მეხმარება.  რა საჭიროა ემოციების აყოლა და ქვიშის კოშკის აშენება. მისთვის რაიმეს თქმა ხომ მთლად სისულელეა, სად - ის და სად - მე. ტყულიად უნდა ავაფორიაქო, ვანერვიულო და ახალი თავისტკივილი გავუჩინო - ვითომ თავისი აკლია. სად მისი ცხოვრების წეს-ადათი და სად - ჩემი. ის თავად სტიქიაა  და მე, მე ვინ ვარ? სათბურის ყვავილივით გაზრდილი, მუსიკას და წიგნებს გადაყოლილი  სხვა რჯულის, ვიღაც ჩრდილოელი, ქალაქელი  გოგო, რომელიც ცხენზე პირველად საჰარაში შეჯდა... რა შემეძლო გამეკეთებინა ისეთი რომ მის გულში ადგილი მეპოვა? -არაფერი.

    - ჰმ, სიყვარული!!! რაზე ვფიქრობ ახლა თუ რეგვენი არ ვარ?! ეგღა მაკლია ახლა ამ შიშველ უდაბნოში, ქვიშის მთებში შუაღამისას მარტოკა მოხეტიალეს, დაღლილს, უძილოს, გაყინულს, ნახევრად შიშველს, მშიერს და დევნილს...“ - და მაინც, უკეთესად ვიყავი ვიდრე ერთი თვის უკან, დელტაპლანიდან ჰამადში რომ  ჩამოვვარდი, კარგა ხანს რომ ვფიქრობდი, ჩემი ნებით „დროზე ადრე“ მომკვდარიყავი თუ სიცოცხლისთვის მებრძოლა. ახლა მხოლოდ სიცოცხლეზე ვფიქრობდი. თითქოს  სიკვდილი საერთოდაც აღარ არსებობდა... და ვისი დამსახურება იყო ეს?  ჩემი?  -არა, ბედუინის? -  რა თქმა მისი. მივდიოდი და ვფიქრობდი იმაზე, რომ ჯერ ალ კაბირს ვნახავდი, მერე კი ჩემებს და საქართველოს... მაგრამ მერე, მერე რა მოხდებოდა?

მასაც რომ მოენდომებინა ჩემთან ერთად ყოფნა, -  შევეჩვევოდი მის წესებს, ადათებს, მის რელიგიას და სხვა ათასგვარ მოულოდნელობას? - ეს საჰარაში უგზო-უკვლოდ ბოდიალზე რთული იქნებოდა. აქ მხოლოდ სიკვდილი მელოდა, - იქ, იქ რა მელოდა? ...  ადამიანში ხომ არსებობს ათასგვარი დამანგრეველი ძალა: უძლურება, დაღლილობა, შიმშილი, მარტოობა, უძილობა, ბრაზი, სიძულვილი, ტკივილი, ნერვიულობა, სიხარბე, სიცრუე, ეგოიზმი, ღალატი, იმედგაცრუება... ფიზიკური და სულიერი ენერგიის წამრთმევი და დამანგრეველი... რომელიმე ხომ წამომეწეოდა მასთან ერთად? დაიწყებოდა  თვითგანადგურება - რასაც ყველა გაურბოდა. გამახსენდა როგორ ენგრეოდათ ოჯახები ჩემს ნაცნობებს, კურსელებს, ნათესავებს.  მოყვარული ადამიანები ერთმანეთს გაურბოდნენ, მცირეწლოვან შვილებსაც აღარ ზოგავდნენ  - თუმცა სული ელეოდათ ერთმანეთისთვის და მაინც,  აღარ შეეძლოთ ერთად ყოფნა.  ეწყებოდათ შავი მელანქოლია, უსურვილობა, უჭირდათ აღქმა - რატომ ამოდიოდა მზე ჩვეულებრივად, რატომ ეცვათ სხვებს მხიარული ფერის სამოსი, რატომ იცინოდნენ, რატომ მიდიოდა ცხოვრება ჩვეულებრივი რიტმით „გარეთ“ მათ გარეშე. ვერა და ვერ ეწერებოდნენ ხელახლა მის ორომტრიალში და მიედინებოდა მათ გვერდით ცხოვრება, რომელსაც მიჰქონდა უსურვილო, უცხოვრებელი და დაუბრუნებელი წლები... არა, ეს ნამდვილად არ მინდოდა, არადა რა მოჰყვებოდა ამ უსაშველო  მონატრებას სხვა ?

    - ამაზე მერე ვიფიქრებ, ჯერ ჯადარმა და მე ერთმანეთი უნდა ვიპოვოთ... ჩემი ულამაზესი არაბული, ჩემი ჭკვიანი მეგობარი, ჩემი ერთგული სულიერი... უცებ მოვიაზრე, რომ ალ კაბირი უფრო მშვიდად იყო ამ წუთში, ვიდრე მე. მას ცხენის იმედი ქონდა. დარწმუნებული იყო რომ ჯადარი არ მომცემდა შეცდომის დაშვების საშუალებას, სადაც მე წავიფორხილებდი ცხენის ძალა და გონიერება შემეშველებოდა, თუ სიარულს ვერ შევძლებდი ცხენი თავად მიმიყვანდა იქ, სადაც საჭირო იყო. როგორ ენატრებოდა პატრონი, როგორ შესცქეროდა აღმოსავლეთს და მაინც არასოდეს მომშორებია, ის პატრონის უსიტყვო დავალებას პირნათლად ასრულებდა.

    - რატომ არ ვეძახი სტვენით, აქამდე  რატომ არ გამახსენდა? რა ვალდებულებად ავიკიდე ეს დუმილი და ფიქრი, რაკი მოსაუბრე არ მყავს, ამიტომ ხმა არ უნდა ამოვიღო? ვინ მიშლის კივილის, ყვირილს და სტვენას ამხელა სივრცეში!  - ისე გავბრაზდი ჩემს თავზე რომ გავჩერდი და ჩემს უნებურ დუმილზე დავფიქრდი. გუდა ქვიშაზე დავაგდე და სტვენისთვის მოვემზადე, მაგრამ ორასიოდე ნაბიჯზე რაღაც უცნაური დავინახე. ისეთი რამ იყო, რაც უდაბნოს ჩვეულ პეიზაჟში არ ეწერებოდა და რისი ადგილიც აქ ნამდვილად არ იყო. სტვენა გადავიფიქრე და იმ ადგილს, დანამომარჯვებული, ფრთხილად მივუახლოვდი.

ჩემს წინ ჩონჩხი იდო, ხერხემალში გადატეხილი ცხოველის ჩონჩხი. აქა-იქა ნეკენის ძვლები  გასჩროდნენ ქვიშას, ლამაზი მოყვანილობის თავის ქალას წვეტიანი ცალი რქაღა შერჩენოდა. ეს ანტილოპას ნაშთები იყო. პირწმინდად გასუფთავებული ძვლები სითეთრეს აფრქვევდნენ.
ძვლები სატეხში მოყოლილივით  იყო დამსხვრეული.  არემარეს ყურადღებით დავაკვირდი, ათეულობით ანტილოპას იგივე ბედი გაეზიარებინა, დამსხვრეული ძვლები ზოგან ერთმანეთზე მიხორხლილიყო, ზოგან გაფანტულად ეყარა. როგორც ჩანს თავდამსხმელი მარტო არ იყო. ასეთი კვალის დატოვება მხოლოდ ერთად-ერთ სულიერს შეეძლო. იმას, ვისაც მტაცებელ ძუძუმწოვართა შორის ყველაზე მძლავრი ყბები ქონდა. ისეთი მძლავრი, რომ კამეჩის ძვლებსაც ადვილად ამტვრევდა. მის ყბებს თავად ცხოველთა მეფე, - ლომიც კი უფრთხოდა.  მის საზრიანობაზე თითქმის ყველა მონადირე ლაპარაკობდა და ათასგვარ ამბებს ყვებოდა. ანტილოპას ამდენი ჩონჩხი, მხოლოდ იმას მოასწავებდა რომ ჩემდა უნებურად,  სწორედ ამ საშიში მტაცებლის „სუფრას“ ვთელავდი ფეხით... 

ძვლებში ცივმა ჰაერმა ისე  დამიარა, თითქოს გამჭირვალე გავხდი. შიშმა ადგილზე მიმაჯაჭვა. თავში მხოლოდ ერთი სიტყვა მიტრიალებდა:

      - აფთარი!

დანამომარჯვებული სმენად ვიქეცი და კატის ნაბიჯით ძალიან ფრთხილად უკან დავიწყე დახევა, იქნებ  როგორმე მშვიდობიანად გავცლოდი ძვლების გროვას და მერე, საკმაოდ შორი მანძილიდან შემომევლო ამ დაბრკოლებისთვის. კიდევ კარგი სტვენა ვერ მოვასწარი, თორემ ახლა ჩემი უჩუმარი გაპარვის მცდელობა უაზრობა იქნებოდა. ყველაზე დიდი სისულელე  გაქცევა იყო. აფთარი არაბულ ცხენს სისწრაფეში არ ჩამოუვარდებოდა. რაკი ისინი ანტილოპებს დაეწივნენ, მე ხომ წამში მომიგდებდნენ ყბებში.  საჰარას ეს ნაწილი  ზოლიანი აფთრის სამფლობელო იყო. ღამის მონადირე დღისით გამოჩენას თავს არიდებდა, - ამიტომ სასწრაფოდ უკუვაგდე ფიქრი რომ ისინი ჯადარს დაესხნენ თავს. ჯერ კიდევ დღე იყო როცა ცხენი გაიქცა, ის სამშვიდობოს გააღწევდა.

აფთარი ნანადირევის ლეშს თავის ბუნაგში ინახავდა და მის ბუნაგთან ყოველთვის ხრწნის სუნი ტრიალებდა.  თვითონ ცხოველსაც გახრწნილი ლეშის  სუნი ასდიოდა. ხორცისგან გასუფთავებულ ძვლებს ბუნაგის გარეთ თავისი მაგარი კბილებით ამსხვრევდა. ეს სუნი იმდენად ადვილად იყო გამოსაცნობი, რომ მეც კი შევძლებდი ამას.

ჰაერს ნადირივით ვყნოსავდი,  მაგრამ სუნს ვერ ვგრძნობდი. ოდნავი ნიავი ჩემსკენ უბერავდა, ამიტომ შეუძლებელი იყო გარკვევა - საიდან მოდიოდა საფრთხე. 

ეს გაშლილი და დალეწილი ძვლები იმას მოასწავებდა, რომ არც თუ შორს აფთრის ბუნაგი იყო. აფთრები ოჯახებად ცხოვრობდნენ და წლის ნებისმიერ დროს მრავლდებოდნენ. მათ არ ახასიათებდათ  ხროვად მგლებივით თავშეყრა.  „ბუნების სანიტრები“  მხოლოდ ლეშის მჭამელები როდი იყვნენ, არამედ  თავს ესხმოდნენ ცოცხალ და ჯანმრთელ ცხოველსაც.  გაქცეულ ანტილოპებსაც იჭერდნენ და დასასვენებლად დაშვებულ გადამფრენ ფრინველებსაც. მათი კბილებში მოხვედრილ სულიერს გადარჩენის შანსი არ ჰონდა.  საზარელი შესახედაობის გარდა, მას კიდევ უფრო საზარელი სისხლის გამყინავი ხმა ქონდა, ოღონდ ზოლიანი აფთარი არ „ხარხარებდა“, იგი ყმუოდა,  ყეფდა ან იღრინებოდა.
მათი ახლო-მახლო ყოფნა ერთი რამეს  ნამდვილად მოასწავებდა, სადღაც არანაკლებ ოცდაათიოდე კილომეტრის რადიუსში, ადამიანის სადგომი უნდა ყოფილიყო. ამ გაავებულ უდაბნოში, აფთრებსაც კი, -  ადამიანთან ახლოს ყოფნა ერჩივნათ, იტაცებდნენ თხებს და  ციკნებს, უდაბნოში მოარბენინებდნენ და  ლეშს თავის მყრალ ბუნაგში ინახავდნენ. 

ყველაზე ცუდი ჩემთვის, - აფთართან შეხვედრა იყო. თუ მომწვდებოდა, ისე მომაკვნეტდა თავის მძლავრი ყბებით რომელიმე კიდურს, დაყვირებასაც ვერ მოვასწრებდი. ერთადერთი გამოსავალი ის იყო, რომ ახლოს არ მომეშვა. არც აფთარს სიამოვნებდა მაინცდამაინც ადამიანთან შეხვედრა, უცნაური შიში უჩნდებოდა ორფეხა ცხოველის დანახვაზე, რომელიც „ხანდახან ცეცხლს ისროდა წინ გამოშვერილი ძვლიდან“,  მაგრამ როგორც ჩანდა, - ეს შეხვედრა გარდაუვალი იყო. ერთადერთი შანსი ის მქონდა, რომ  „ადამიანობის უპირატესობა“ გამომეყენებინა და აფთარი როგორმე შემეშინებინა.

    - ცეცხლი! ცეცხლი მჭირდება. როგორ ვიშოვო... -უმწეოდ ვაცეცებდი თვალებს აქეთ-იქეთ, რაიმეს ვეძებდი, მაგრამ გარშემო არაფერი იყო, არაფერი, მხოლოდ ქვიშა და ძვლები... 

      -ჰეროდოტე! სკვითები! -  ჩემს გონებაში მზე აინთო.  ჰეროდოტეს ნაამბობით, ძველი სკვითები, ძვლებისგან გაჩაღებულ კოცონზე ამზადებდნენ საჭმელს. ღმერთისთვის მსხვერპლად შესაწირ ხარს სკვითები თოკით გუდავდნენ, ატყავებდნენ და მის კუჭში ათავსებდნენ ხარის მთელ ხორცს, ჩაასხამდნენ წყალს და ქვეშ ულაგებდნენ ხორცისგან გასუფთავებულ ძვლებს, დაანთებდნენ კოცონს და ცოტა ხანში ხორცი საჭმელად მზად იყო. ხარი საკუთარ თავს, - თავად ამზადებდა. ძვლებისგან გაჩაღებული ცეცხლი -  უფრო ფიცხი იყო ვიდრე შეშის...სკვითების მიწებზე ტყეები არ იყო,  ამიტომ საწვავად ძვლებს იყენებდნენ.  მე, როგორც ხელოვნებათმცოდნე  მათ მიერ კაცობრიობისთვის დატოვებულ უმშვენიერეს ხელოვნების ნიმუშებს უნივერსიტეტში სტუდენტობისას ვსწავლობდი და ძალაუნებურად მათი ცხოვრების წესსაც ვეცნობოდი. 

      გამახსენდა  როგორ გადავწყვიტეთ მე და ჩემმა კურსელებმა მაშინ,  შეგვემოწმებინა ჰეროდოტეს ისტორიული ჩანაწერი  და ქიმიის კათედრას ვესტუმრეთ. „ქიმიამ“, უნივერსიტეტის  სასადილოდან „მოპოვებული“ ძვლის გამოყენებით,  მცირე  ცდა ჩაგვიტარა.
    - ძვლები, ორგანული და არაორგანული ნაერთისგან შედგება, - ჩვეულად მშვიდად გვიყვებოდა ნათელსახიანი ქიმიის ლექტორი, – „ექსპერიმენტის დასაჩქარებლად ძვალი მარილმჟავას სუსტ ხსნარში ჩავაგდოთ, ამით, ორგანული ნაერთს მთლიანად შევინარჩუნებთ, ხოლო არაორგანულს თვისებებს შევუსუსტებთ.“ -  ცოტა  ხანში მან მარილმჟავაში მოთავსებული ძვალი ამოიღო და ხელში რეზინივით მოღუნა. - „ორგანული ნივთიერება, ცილა, - ძვალს მოქნილობას და ელასტიურობას უნარჩუნებს, კალციუმის და მაგნიუმის არაორგანული  მარილები კი  სიმაგრეს.“ -  ძვალი რკინის სამაგრზე დაამაგრა და გააგრძელა: - „ელასტიურობის და სიმაგრის შერწყმა, ძვლის სიმტკიცეს განაპირობებს.  თუ ძვლის შეკუმშვას მოვინდომებთ, მისი წინაღობა გრანიტისაზე ორჯერ მეტი ხდება, გაჭიმვისას კი თუჯის თვისებები აქვს. ორგანული ნივთიერების გამოყოფა არაორგანულისგან, წვის პროცესით ხდება. გაიხსენეთ გამხმარი ფოთლები და ტოტები, ისინი ორგანული ნაერთებია და მშვენივრად იწვიან. რაც მათი დაწვის შემდეგ რჩება, მხოლოდ არაორგანულია.  აბა ახლა შევამოწმოთ ჰეოროდოტე!“ - გაიღიმა „ქიმიამ“ და სპირტქურაზე ალს უმატა. ლაბორატორიაში „ტრუსის სუნი“ დადგა,  ძვალმა  წვა დაიწყო და დანახშირდა. 

ისე ნათლად გაცოცხლდა ჩემს მეხსიერებაში ეს მონაკვეთი, რომ ლამის ტრუსის სუნიც კი ვიგრძენი...

    - გაუმარჯოს ჰეროდოტეს! -  შევძახე და  ძვლებს ვეცი, სწრაფად ვაგროვებდი და ისე ვალაგებდი, როგორც შეშას, საჰაეროებს ვუტოვებდი რომ სწრაფად აალებულიყო. ძვლები უდაბნოს მზეს კარგად გამოეშრო. ესე იგი ის ახლა ჩემთვის იმ  ხმელი ტოტებივით და ფოთლებივით იყო, „ქიმია“ რომ ყვებოდა. თუ ცეცხლი მექნებოდა, იქნებ აფთარს ახლო ვერ მოებედა,  ყინვაც ვერაფერს დამაკლებდა და  დასვენებასაც შევძლებდი.

სანთებელაში ჩარჩენილი ბენზინი მისანთებად უნდა გამომეყენებინა. ჩემს „ტოპს“ საცოდავად შემორჩენილი სახელოები წავაგლიჯე, ძვლის წკირს ვეცი და სანთებელაზე პაწია ჭანჭიკი ძლივს შემოვატრიალე, ბენზინით მოვნამე ნაჭერი.  ერთი სახელო ძვლის გროვის შუაში ჩავაგდე და ზედ ძვლის წვრილი ნამსხვრევები პირამიდასავით დავალაგე, - სწრაფად რომ ანთებულიყო. მეორე, ანტილოპას თავის ქალაზე შერჩენილ რქას შემოვახვიე. ელვის სისწრაფით ვმოძრაობდი, თითო წუთს ოქროს ფასი ჰქონდა. როგორც იქნა მზადებას მოვრჩი. დავიჩოქე და ხელში სანთებელა ავიღე.

    - ღმერთო მიშველე ! - გავიფიქრე მაგრამ დასრულება ვერც კი  მოვასწარი  რომ საზარელმა, გონების წამღებმა და სისხლისგამყინავმა ყმუილმა ცივი ჰაერი შუაზე გააპო  და  პირდაპირ ჩემს თავზე ნაჯახივით დაეკიდა.     

ხმა ჩემს ზურგს უკან ისმოდა. მობურნების საშინლად მეშინოდა, მაგრამ მაინც ვარჩიე პირისპირ დამენახა საფრთხე.  ხელში მომარჯვებული სახელდახელო მაშხალა და სანთებელა მოვსინჯე და მოვბურნდი.

    მთვარის შუქით განათებულ ქვიშაზე ორი ცხოველი ჩემსკენ  მთელი სისწრაფით მორბოდა, ერთი უფრო დიდი ტანისა იყო, მეორე-შედარებით მომცრო. მხარდამხარ მოქროდნენ. სხეული უკანა ნაწილს თითქოს ქვიშაზე მოათრევდნენ. მათი თათები ისე სწრაფად ფხოჭნიდნენ ქვიშას, რომ მათ უკან მტვერი დგებოდა. წვრილი ფეხები სწრაფად ენაცვლებოდნენ ერთმანეთს. მიახლოვდებოდნენ, ახალი ნადავლის და გემრიელი საკბილოს მოლოდინმა როგორც ჩანდა, ჩვეული სიფრთხილე დააკარგვინათ  და შეუჩერებლად, გამბედავად მოიწევდნენ წინ. 

სანთებელას არც ამჯერად უმტყუვნია, მბჟუტავი ალი ალიცლიცდა, მაშხალა სწრაფად აინთო და ალი უცბად აგიზგიზდა. მაშხალიანი ხელი თავსზემოთ ავწიე და მბჟუტავი სანთებელა პირდაპირ მოგროვილი ძვლების შუაგულში ვისროლე.

სინათლე მჭირდებოდა, სხვაგვარად თავდასხმის არიდება ან მოგერიება შეუძლებელი იყო. აფთარი სიბნელეში ბრწყინვალედ ხედავდა და ადვილად მომიხელთებდნენ. 

მტაცებელი წყვილი ჩემგან უკვე ასიოდე ნაბიჯზე იყო.  ცალ ხელში მაშხალა მეჭირა, მეორეში მომარჯვებული დანა. კოცონმა ნელა მაგრამ მაინც დაიწყო ანთება,  სახელოს ნაჭერი ცისფერი ალით იწვოდა. ძვლებმა ტრუსვა დაიწყო და უცნაური სუნი დატრიალდა, მაგრამ ამან აფთრები ვერ შეაჩერა. ოდნავ წინ გადავიხარე და დანა მოვიმარჯვე.  მათ ჩემგან ოცდაათიოდე ნაბიჯიღა აშორებდათ,  როცა ცეცხლმა ტკაცუნი დაიწყო. ალი წითლად ამოვარდა ძვლების კოცონიდან და არემარე კარგად გაანათა.

დანა არ გამომადგებოდა, თუ მკლავის მისაწვდენზე მოვუშვებდი აფთარს, - ვეღარაფერი მიშველიდა. დანა მივაგდე და ჩემს ფეხთით ქვიშიდან ამოჩრილი ნეკნის დიდი ძვალი ხელში ხმალივით მოვიმარჯვე. კოცონმა  იმძლავრა. მისი ანარეკლი მათ თვალებში აკიაფდა.  ჩემგან თხუთმეტიოდე ნაბიჯზე აფთრები გაიყვნენ და წრეზე შემოვლა დაიწყეს.

ახლა უკვე კარგად ვხედავდი ველურ მტაცებლებს, რომლებზეც ათასგვარი ბნელი ლეგენდა მქონდა მოსმენილი. საფლავის მთხრელი და გვამისმჭამელი აფთრები, - ლეგენდების და ზღაპრების ყველაზე ცუდი პერსონაჟები, თავისი ზარდამცემი მახინჯი გარეგნობით მართლაც საშინელი სანახავები იყვნენ. გრძელი, წვეტიანი და დაცქვეტილი ყურები შუბის წვერებივით ამოზრდოდათ მახინჯად მოხაზულ თავზე. მთვარის და ცეცხლის შუქზე კარგად მოჩანდა მათი დაღრეჯილი თავ-ყბა,  შუბლს ქვემოთ ღრმად ჩამჯდარი თვალები, რომლებშიც კოცონის ანარეკლი ნაპერწკლებად ენთო. ჩუმად იღრინებოდნენ, თითქოს ერთმანეთს ელაპარაკებოდნენ, კბილები დაეკრიჭათ და ავის მომასწავებლად აღრჭიალებდნენ, ძლიერ ყბებს ატკაცუნებდნენ, მათი მოკლე და შავი დრუნჩები ჰაერს ავად ყნოსვდნენ,  ღია ხახა - საშინლად მყრალ სუნს აფრქვევდა. შუბლი შუაზე ქონდათ გაყოფილი ღრმა ღრმულით, რაც  მრისხანე გამომეტყველებას კიდევ უფრო საზარელს ხდიდა, სხეულზე შავი და ჭუჭყიანი რუხი ზოლები მონაცვლებოდა. თავებიც იგივე  ჭუჭყიანი რუხი ფერისა ქონდათ, კისერზე საზიზღრად აჯაგროდათ ბალანი, ხოლო  თათებზე ოთხი თითი  ისეთი წვეტიანი ბრჭყალებით თავდებოდა, - ლომსაც ადვილად გაფარტავდნენ.

აფთრები ცდილობდნენ წრე შეევიწროვებინათ, მაგრამ ფრთხილობდნენ. მაშხალიანი ხელი თავს ზემოთ მეჭირა და  წრეზე ვტრიალებდი, რომ მათთვის თავდასხმის საშუალება არ მიმეცა. კოცონის სიმხურვალემ და ცეცხლის ნათელმა იმატა. ვგრძნობდი, რომ რაკი ორნი იყვნენ, მაინც შეეცდებოდნენ თავდასხმას, ამიტომ ცეცხლისკენ ზურგით დავდექი, რომ იქედან თავდასხმა ამერიდებინა. აფთრებმა წრე დაავიწროვეს. ფეხით დანა ახლოს მოვწიე და მთლიანად დაძაბული ადგილზე გავიყინე.   

მოულოდნელად ჩემმა თვალებმა უცნაურად დაიწყეს აღქმა, მე მთელ გარემოს ვხედავდი, იმასაც კი, რაც ჩემს ზურგს უკან ხდებოდა.  მიწის ვიბრაციას ისე ვგრძნობდი, ქვიშის მარცვალიც რომ გარხეულიყო - არ გამეპარებოდა. წრეზე ტრიალიც კი აღარ მჭირდებოდა იმისთვის, რომ გამომეცნო სად იყვნენ აფთრები,  თვალის  დახამხამებაც აღარ მჭირდებოდა. გონების თვალით ვხედავდი მტაცებლებს, რომლებიც ჩემს გარშემო წრეზე მოძრაობდნენ. არცერთი მათი ნაბიჯი არ მრჩებოდა ყურადღების მიღმა. კოცონი ყვითელ ნათებად გიზგიზებდა, მაშხალა ჩემს ხელში თეთრი სინათლით ენთო, ხოლო ანტილოპას ნეკნი, რომელიც ხმალივით მეჭირა, ვერცხლივით ბრწყინავდა. მე, - სხვა სამყაროდან ვხედავდი. 

თავდასხმა მაინც ზურგიდან დაიწყო. ძუ აფთარი კოცონს თავზე გადმოევლო და  მოკლე ნახტომით სწრაფად დაძლია ჩემამდე მანძილი. არ ვიცი როგორ, მაგრამ ცალ მუხლზე ჩაჩოქილი აღმოვჩნდი, აფთარი თავზე გადამევლო, მარჯვენა ხელი მოწყვეტით ავიქნიე ზემოთ, „ხმალი“ სირბილეს შეესო და შიგ ჩარჩა, ხელი გავუშვი თუ არა,  სისხლის შხეფები სხეულზე მომესხა, ძაღლურმა წკავწკავმა არემარე გააყრუა და ცხოველმა მიწაზე მოწყვეტით გაადინა ზღართანი. წამოვხტი და ხვადის მოგერიებისთვის მოვემზადე,  მისმა სისხლისგამყინავმა ყმუილმა არემარე გააყრუა და სადღაც უდაბნოში ჩაიკარგა. აფთარი არ ელოდა მსხვერპლის ამგვარ რეაქციას. საკბილო შეშინებულს არ გავდა, არ გარბოდა, არ ნებდებოდა და მეწყვილესაც კარგავდა. ხვადი შეუჩერებლად იღრინებოდა და წრეზე ტრიალებდა. მიწაზე გაშოტილ ცხოველს მიუახლოვდა, დაყნოსა და უკანა თათებზე ჩაჯდა. მთვარეს ახედა და გონებისწამღები კივილნარევი ხმით აყმუვლდა. ეს არ იყო მხოლოდ ყმუილი, ეს იყო ცალად დარჩენილი ველური მტაცებლის თავგანწირული მოთქმა მისი მდედრის მომაკვდავ სხეულზე.

ხვადი ფეხზე წამოდგა და ჩემსკენ მობრუნდა. დანას ხელი ვტაცე, მარცხენაში ისევ რქის ანთებული ჩირაღდანი მეჭირა. ჩემსა და აფთარს შორის კოცონი გიზგიზებდა. ცხოველი მომაჩერდა, მეც თვალმოუცილებლად მივჩერებოდი. ოდნავ მოშორებით სასიკვდილოდ დაჭრილი ძუ აფთარი ქვიშაზე იწვა და უღონოდ წკმუტუნებდა.  ხვადმა რამოდენიმე ნაბიჯი გადმოდგა და ისევ ჩაჯდა. მან დაკვირვება და ლოდინი არჩია. მეც ჩავიმუხლე. ცხოველი თვალს არ მაცილებდა, ხანდახან წკმუტუნს თუ ამოუშვებდა. ვხედავდი  როგორც უძგერდა გული, როგორ ყლაპავდა ნერწყვს, როგორ ადი-ჩადიოდა მისი ხორხი მოკლე,  სქელ და აჯაგრულ კისერში.

თავდასხმას ვეღარ ბედავდა. მას ეშინოდა.

კოცონიდან ძვალი ავიღე და ვესროლე. ნელ-ნელა უკან დაიხია ათიოდე ნაბიჯის მოშორებით ჩაჯდა. ლოდინში ერთი საათი გავიდა, აფთარი ქანდაკებასავით იჯდა, მაცქერდებოდა და იცდიდა. ცეცხლთან ცალ მუხლზე ჩაჩოქილი მეც აფთარს ვუცქერდი. დილის სამი  საათი იწყებოდა. ორიოდე საათში ინათებდა და ჩემი გასაჭირიც  დასრულდებოდა, მაგრამ  დაღლილობას და სითბოს თავისი გაჰქონდა, მეყვინთებოდა, თვალები თავისით მეხუჭებოდა, ძილი თავს მართმევდა. გუდას მივწვდი, წყალი დავლიე და თვალები ამოვიბანე რომ ძილი დამეფრთხო. აფთარი ისევ იჯდა და იცდიდა.  ძუ - აღარ ინძრეოდა. 

აფთარი თავიდან უნდა მომეცილებინა. ვესროდი ცეცხლმოკიდებულ ძვლებს, მაგრამ ის მხოლოდ ადგილს იცვლიდა და იგივე მანძილზე რჩებოდა. ახლო - მახლო მოფანტული ძვლები კოცონს დავაყარე და რომ არ ჩამძინებოდა ფეხზე ავდექი.  აფთარი მოშორებით გადაჯდა და ისევ გაირინდა. ის მხოლოდ ჩემს მოდუნებას ელოდა რომ თავს დამსხმოდა. მისკენ  ნაბიჯი გადავდგი, არც შერხეულა,  ისევ ყურადღებით მაკვირდებოდა. ცხოველის მრგვალი შავი თვალები უცნაური, სიკვდილნარევი ბრწყინვით მომჩერებოდნენ.

მის თვალებში უცნაური არსება დავინახე:  გამხდარი, გაწეწილი და ჭუჭყიანი თმებით, ტალახიანი და ქვიშააკრული, სისხლის წვეთებით მოსვრილი სხეულით, ერთ ხელში  ანტილოპას რქით ანთებული მაშხალით, მეორეში მომარჯვებული დანით და სახის "გააფთრებული" გამომეტყველებით. დანახულმა შემაშინა. ძნელი იყო თქმა რომელი უფრო ველური იყო ახლა, აფთარი თუ მის თვალებში არეკლილი არსება. ახლა ორი ველური მტაცებელი უცქერდა  ერთმანეთს თვალებში, ერთში შიში და გაკვირვება იდგა, მეორეში კი მრისხანე გადაწყვეტილება - მოეკლა მომხვდური. 

სრულიად მოულოდნელად აფთარი ფეხზე წამოდგა, ისევ დაყონსა მეგობრის გვამი და შეტრიალდა, ჩემსკენ მოიხედა, კუდი ამოიძუა და გამეცალა. ცოტა ხანში თვალსაც მიეფარა და სადღაც ნახევარი კილომეტრის სიშორიდან, ისევ მომესმა ცალად დარჩენილი ველური მტაცებლის თავგანწირული მოთქმა. 

დილის ოთხი საათი შესრულდა. კოცონს ისევ დავაყარე ახლო-მახლო მოგროვილი ძვლები, ცეცხლისკენ ზურგით, ფეხმორთხმით დავჯექი და უდაბნოს იმ მხარეს დავაცქერდი საითაც აფთარი მიიმალა. ჩემგან ათიოდე ნაბიჯზე მკვდარი ძუ აფთრის სხეული ეგდო. სხვა არაფერი ჩანდა, უდაბნოს სიჩუმე აღარაფერს დაურღვევია. ღრმად ამოვისუნთქე, ნელ-ნელა ვმშვიდდებოდი. ახლა მხოლოდ რიჟრაჟს და მზის ამოსვლას ველოდი.

ღამე მიილია და თენებამ იმძლავრა. გადავიწყვიტე აღარ დამეცადა და გზა გამეგრძელებინა, რაიმე სიმაღლეზე უნდა ავსულიყავი და გარემო მომეთვალიერებინა, თუ საფრთხე ისევ მელოდა, უნდა მოვმზადებულიყავი. ჯერ კიდევ ციოდა და ცეცხლის სითბოს ვერ ველეოდი. მაგრამ რაღაც მეშვიდე გრძნობა მეუბნებოდა რომ აქ დარჩენა სახიფათო იყო. წყლიანი გუდა მხარზე მოვიგდე. ერთი ნეკნის ძვალი კიდევ ამოვარჩიე და ხელში დანამომარჯვებული აღმოსავლეთისკენ დავიძარი.

მზე ამოიწვერა და ქვიშა ააელვარა, ერთი საათის სიარულის შემდეგ ქვიშამ ფერი იცვალა, ის ყვითელი აღარ იყო, უფრო თეთრი ფერი დაიდო და თვალისმომჭრელად გაბრწყინდა. ჩემს წინ მაღალი დიუნა აღიმართა, ცოტა ფიქრის შემდეგ აღმასვლას შევუდექი. დიაგონალზე სიარული ვარჩიე, დაღლილობისგან გზადაგზა ვიჩოქებდი, მაგრამ დილამდე მინდოდა წვერამდე ამეღწია, ვისვენებდი და ისევ ზემოთ მივიწევდი. თეთრი ქვიშა თვალს მიჭრელებდა. ამიტომ უფრო მეტად თვალდახუჭული მივდიოდი  მწვერვალისკენ. ასვლას სრული ორი საათი დასჭირდა. დილის რვა საათზე უკვე დიუნას წვერზე ვიდექი და არემარეს ვაკვირდებოდი.

დასავლეთისკენ, დახეთქილი  ნიადაგი, რომლის ქვეშაც მიწისქვეშა მდინარე მიედინებოდა, სადღაც სამიოდე კილომეტრში მკვეთრად უხვევდა მარჯვნივ და დიუნებში იკარგებოდა. დანარჩენი  მხოლოდ ქვიშას ეჭირა.  დიუნას წვერზე ჩავიმუხლე,  წყალი მოვსვი, მინდოდა ცოტა გამომეძინა, დაღლილობისგან უკვე ნაბიჯის გადადგმაც არ შემეძლო. თავსზევით ძალაც - მთლიანად გამომელია. საკუთარი სუნთქვაც კი მღლიდა.  გვერდულად მივწექი, დანა ისევ ფეხსაცმელში ჩავიდე, წყლიანი გუდა თავქვეშ ამოვიდე და თვალი მივლულე. 

მესიზმრა. თითქოს აფთარი კვალზე ამყვა, ნელ-ნელა მიახლოვდებოდა. შურისმაძიებელი ცხოველი დაუღალავად მოიწევდა დიუნას წვერისკენ რომ ჩემთვის ყელი გამოეღადრა და ჩემი ლეში თავის მყრალ ბუნაგში წაეთრია. მე კი განძრევაც არ შემეძლო, ყვირილი მინდოდა და ხმა არ ამომდიოდა. აფთარმა ხახა დააღო და ჩემსკენ მოკლე ნახტომებით წამოვიდა, ვცდილობდი უკან გავხოხებულიყავი მაგრამ ამასობაში აფთარი თავზე დამადგა მე კი დანის მოქნევასაც ვერ ვახერხებდი.  მის თვალებში ჩემს შეშინებული სახეს ვხედავდი.  შორიდან კი ცხენის ჭიხვინი მესმოდა. 

თვალი შეშინებულმა გავახილე. მზე კარგად ამოწეულიყო. წამოვჯექი, სიზმრისგან ძლივს გემოვერკვიე, საშინლად გამეხარდა რომ ეს მხოლოდ სიზმარი იყო. ფეხზე ავდექი და დასავლეთს დავაკვირდი.  მიწისქვეშა მდინარის მკვეთრი მოსახვევიდან შავი წერტილი გამოჩნდა, რომელიც სწრაფად მოიწევდა წინ და თანდათან დიდდებოდა. სმენად და თვალებად ვიქეცი.

    - ოღონდ მირაჟი არ იყოს, ოღონდ ეს ახლა მირაჟი არ იყოს!

შავმა წერტილმა ფორმა მიიღო, ეს ცხენი იყო, შავი ცხენი, რომელზეც მხედარი იჯდა.

      -ჯადარი! ჯადარი, ეს ჯადარია ! - შევძახე, თავიდან იჰრამი მოვიგლიჯე და ჰაერში ავაფრიალე. ისინი ჯერ ვერ მამჩნევდნენ.
მხედარს  თავზე ოკალიანი იჰრამი არ ეხურა,  მხოლოდ ლურჯი თავსაბურავი ქონდა მოხვეული. ეს ალ კაბირი არ იყო.
    - ნუთუ მილოშია ? - მაგრამ მხედარი უცნაურად იჯდა ცხენზე, უფრო სწორად კი არ იჯდა, ცხენის კისერზე იყო მიწოლილი, რაც ევროპელებს არ ახასიათებთ, ის უდაბნოში გაზრდილი მხედარი იყო. ბედუინი არ იყო, მაგრამ არც მილოში.

      ხტუნვას და იჰრამის ფრიალს მოვყევი,  რომ როგორმე მოძრავი წერტილი დაენახათ.  თითები მოვიმარჯვე და რაც ძალი და ღონე მქონდა შემორჩენილი - სტვენაში ჩავაქსოვე. ცხენი აღმოსავლეთისკენ მობრუნდა. მხედარმა ხელი დამიქნია, მანიშნა რომ მხედავდა.  ჯადარი  ცაზე გაწოლილი შავი ღრუბელივით მოფრინავდა, წამებში კეცავდა თითქოსდა ულევად ქცეულ მანძილს. 

    - ჯადარმა მომაგნო, მომაგნო! - სიხარულისგან ვკიოდი, ვხტოდი და გაშლილ აბრეშუმს დროშასავით ვაფრიალებდი. ხტომაში ფეხქვეშ ქვიშა ისე ჩამეშალა - ვერც კი მივხვდი. დიუნას წვერიდან რაღაც მრგვალი, ქვიშის მთის კალთაზე  ჩაგორდა და ისიც ხტუნვა-ხტუნვით დაეშვა თავქვე.  ეს ჩემი წყლიანი გუდა იყო.

    - წყალი! - შევყვირე გაოგნებულმა. აღარ ვიცოდი წყალს გავკიდებოდი თუ ისევ ჯადარისკენ მეცქირა. წყალს თვალს არ ვაცილებდი, თან იჰრამს ჰაერში ვაფრიალებდი. მოულოდნელად ფეხქვეშ ქვიშა ვეღარ ვიგრძენი და  ყირამალა დავეშვი დიუნას კალთაზე. სწორად რომ დავცემულიყავი  ხელები მკერდზე მივიკარი და სხეულს ვარდნისას მხარი შევაშველე. შეუჩერებლად მივგორავდი თავქვე, ტრიალში თავბრუ დამესხა, თვალი ამიჭრელდა და ქვიშის ხეობაში მოვადინე ზღართანი. ზემოდან რაღაც დამეცა. ეს ჩემი წყლიანი გუდა იყო, დაჭერა ვცადე, მაგრამ ხელიდან გამისხლტა და მოშორებით გადავარდა. განძრევის თავი აღარ მქონდა. თვალებზე ბინდი მეკვრებოდა, მაგრამ მაინც დავინახე, როგორ იღვრებოდა  ქვიშაზე ჩემი სიწრით მოპოვებული  წყალი... 

... გონებაზე რყევამ მომიყვანა.

თვალი გავახილე, უცნობ მამაკაცს ძლიერ, დაკუნთულ მკერდზე ვყავდი ახუტებული. სახეზე ავხედე, რომელიც ლურჯი ნაჭრით მთლიანად ქონდა დაფარული. ერთადერთი რაც დავინახე, ლურჯად მოლივლივე თვალები დაკვირებით მაცქერდებოდნენ. ჩემს მოძრაობაზე მხედარმა ცხენი გააჩერა და ფრთხილად ჩამომსვა.

ჯადარს კისერზე მივეხუტე, ვარსკვლავიან შუბლს ვუკოცნიდი, მის თავს გულში ვიხუტებდი, ქოჩორს ვუჩეჩავდი და ათასგვარი მოსაფერებელი სიტყვით ვეფერებოდი.  ცხენმა ჯერ ჩვეულებრივ თავი მხარზე დამადო და ჩუმად ჩაიხვიხვინა. შემდეგ მოულოდნელად აცმუტდა და აცეკვდა, რიტმულად ამოძრავებდა ფეხებს და ადგილზე ხტოდა,  უხაროდა რომ მიპოვა, მშველელი მომიყვანა, გადამარჩინა და ისევ ერთად ვიყავით.

მოვბრუნდი და მხედარს დავაცქერდი. ჩემს წინ შესანიშნავი აგებულების ახალგაზრდა, ასე ოცდაათიოდე წლის კაცი იდგა, მას ბამბის ქსოვილის მუქი ლურჯი სამოსი ეცვა. თავზეც ლურჯი ბურნუსი ეხვია. თვალებში გაკვირვება შერჩენოდა, მაგრამ ცხენის ანცობაზე ღიმილის სხივი ჩაუდგა ლურჯ თვალებში  და ძალიან მშვიდი მზერა ჩემს სისხლით დაწინწკულ სხეულზე შეაჩერა... ხელით ვანიშნე რომ არაფერი მჭირდა. მან ცხენიდან თხის ტყავის მომცრო ტყავის გუდა ჩამოხსნა და გამომიწოდა.

ეს წყალი იყო.  სულ ორი ყლუპი დავლიე და უკან გავუწოდე. მანიშნა რომ კიდევ დამელია. ახლა სულმოუთქმელად დავლიე წყალი და მადლიერებით შევაჩერდი. მან საჰარაში წყალი მომცა, წყალი გაიმეტა, ესე იგი  - სანდო იყო. ის დუმდა. პირველ სიტყვას ჩემგან ელოდა.  გულზე ხელი მივიდე და ჩემი სახელი ვუთხარი:
    -ნილლნა.
    -ადრარ! - მშვიდად მიპასუხა კაცმა, მუქი ლურჯი ფერის ზედა ხალათი გაიძრო და მომაწოდა. ჩაცმა მაცალა და მშვიდად  მკითხა:
    - ალ კაბირ ?
მე უარის ნიშნად თავი გავაქნიე და ვანიშნე რომ ბედუნი ჩემთან ერთად არ იყო. თავი დამიქნია, - გავიგეო. მანაც ბედუინივით ცალ მუხლზე ჩაიჩოქა და მანიშნა რომ  მისი მუხლის გავლით ცხენზე შევმჯდარიყავი.

მე ცხენის კისერს მივეკარი, მხედარი უკან მომიჯდა, ცხენი მიაბურნა და იგივე გზაზე გავჭენდით, საიდანაც გამოჩნდნენ.
ერთ საათში მიწისქვეშა მდინარის „ფონი“ ჯადარმა მსუბუქი ნახტომით უკან მოიტოვა, მხედარმა ცხენი სამხრეთისკენ შეაბრუნა და სადავე ბოლომდე მიუშვა.   

                                                                (იხილე როგორ გაგრძელდა )

_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _

© საავტორო უფლება დაცულია საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის მიერ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები