ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლიჩელი
ჟანრი: დრამატურგია
24 ოქტომბერი, 2012


შავგვრემანი დათუნია ანუ გილოცავთ წმინდა ვალენტინის დღეს!

                      შავგვრემანი დათუნია
ანუ


  გილოცავთ წმინდა  ვალენტინის დღეს!
მელოდრამა ერთ მოქმედებად

მოქმედი პირები:

თათა-  ახალგაზრდა, სიმპათიური დიასახლისი, 27 წლისა.
გუგა - მისი მეუღლე, ტანსრული, ირონიული კაცი, 30 წლისა.
  რადიო-დიჯეის ხმა. რადიომსმენელის ხმა.

  ტიპიური ოროთახიანი ბინის ზალა.  ცენტრში დაბალი მაგიდა ორი სავარძლით, გვერდით სარკე. კედელზე უცხოელი პოპვარსკვლავების პლაკატები. პირდაპირ საძინებლის კარი, მარცხნივ- სამზარეულოსი. საძინებლიდან შემოდის ნამძინარევი გუგა. შუქის ანთებას ცდილობს. 
  გუგა: სინათლე, რა თქმა უნდა, გამორთულია. სამაგიეროდ რეფლექსია ჩართული  (ამთქნარებს) ეხ, უფალო პრომეთე, რა ტყუილად დაშვრით!  თქვენგან ნაბოძებ ცეცხლზე მხოლოდ ენერგომამები ითბობენ ხელს. თათა, თათა!  (თავისთვის) სად უნდა წასულიყო ამ დილაადრიან?  (უფრო ხმამაღლა) თათა! რა ხდება?  , როდის იყო ჩემზე ადრე დგებოდა, თანაც ამ სიცივეში.  სამზარეულოს კარი იღება, შემოდის თათა,  ფაციფუცით იწმენდს ხელებს წინსაფარზე.
  თათა: ბატონო, რა იყო, მეძახდი?
  გუგა: სად იყავი ამ დილაადრიან?
  თათა: მე? არსად!
  გუგა: ეგ “არსად” სად არის?  პასუხს რატომ არ მცემდი.
  თათა: (დაბნეული) ა, ისა წყალს ვავსებდი, ვინ იცის როდის შეწყდება.
  გუგა: კი, მაგრამ წყალი მოდის? 
  თათა: არ მოდის. მეც არ გამიკვირდა, ვედრო ამდენხანს  რატომ არ  აივსო-მეთქი.
  გუგა: რა გჭირს, რა დაბნეული ხარ?
  თათა:  კი მაგრამ, არ შეიძლება ადამიანმა საკუთარ ვანაში უბრალოდ ისეირნოს.
  გუგა: სხვათა შორის, ევროპაში მოდაში შემოსულა აბაზანაში სეირნობა დილაადრიან, შხაპის ნაცვლად, მაგრამ,  თუ მეხსიერება არ მღალატობს, შენ აბაზანიდან კი არა, სამზარეულოდან გამოხვედი.
  თათა: ვერ გავიგე, რა დაკითხვებს მიწყობ! (ტელეფონის ზარი).
  Gგუგა: გისმენთ! გამარჯობათ ქალბატონო მიმოზა, კი გუგა ვარ... რა გთხოვათ?... არ ვიცი... (თათას) მოდი უპასუხე.
თათა: გისმენთ… როგორ არა…რას ამბობთ ქალბატონო მიმოზა, გადასარევია. სულ ტყუილად ნერვიულობდით… არა, მაგისი  დამტვრევა ჩემთვის პრობლემა არ  არის…პირიქით, ვხალისობ კიდეც... აუცილებლად, აუცილებლად, მაგრამ ხომ იცით… ეს არავინ უნდა იცოდეს, როგორც მოვილაპარაკეთ. (ყურმილს დებს)
გუგა: ვის ამტვრევთ შენ და მიმოზა ამ დილაადრიან?
  თათა: ვის უნდა ვამტვრევდეთ. გაგიჟდი!  და საერთოდ რა გააჭირე საქმე ყველაფერი შენ ხომ არ უნდა იცოდე.
  გუგა: ის მაინც გამაგებინე, ჩვენი ნავთქურა სად წავიდა?
  თათა: რომელი ნავთქურა?
  გუგა: რომელი და ბობრი, ხალებიანი.  ჩვეულებრივი, რომლითაც ვთბებოდით.
  თათა: მე რა ვიცი.
  გუგა: აბა ვის ვკითხო. სამზარეულოში ხომ არ გაგიტანია?
  თათა: სამზარეულოში რად მინდოდა?
  გუგა: ისე გაგიკვირდა, თითქოს უნიტაზი მეკითხოს.
  თათა:  ა, ნავთქურა… სხვათა შორის, ნავთქურა ნავთის გარეშე იშვიათად ინთება.
  გუგა: (ირონიით) ბატონო, ააა, გასაგებია! მაგრამ, რამდენადაც მახსოვს, გუშინ ნავთი მოვიტანე.
  თათა: ის ნავთი ნავთქურაში აალდა, ასე ვთქვათ.
    გუგა: (გაბრაზებული) კი, მაგრამ ცოტა მაინც გადაგენახა,  განა დიდი მიხვედრა სჭირდებოდა იმას, რომ დილით სიცივეში აღმოვჩნდებოდით?
  თათა: მაშინ ის ერბოკვერცხი, გუშინ რომ მიირთვი, ნახევრადშემწვარი იქნებოდა.
  გუგა: აჰა, თუ სწორად გავიგე ნახევრადშემწვარსა და ნახევრადგამთბარს შორის ჩვენ უკანასკნელი ამოვირჩიეთ.
  თათა: დაახლოებით.
  გუგა: გასაგებია, ადამიანი ხომ დაწყევლილია არჩევანის თავისუფლებით.Aაი, ჩვენი მეზობელი მიმოზა კი სულ სხვა არჩევანს გააკეთებდა.  შემონახული ქალია.  ისე, რამდენად რეალურად გეჩვენება ჩვენი ღამურებად ქცევის პერსპექტივა?
  თათა: გააჩნია, რამდენად სწრაფად წავა ადაფტაციის პროცესი.
  გუგა: (შთაგონებით) მისი უკანასკნელი სიტყვები იყო: ,,ეხ, რად არა ვართ ცის ფრინველები!”  იცი, რა იქნება ჩემი უკანასკნელი სიტყვები?
  თათა: (იმავე ტონში) ,,ეჰ, რად არა ვარ ქუვეითელი შეიხ ალ-ედ-დინ- დინ-დინ მული!”
  გუგა: ოლოლო, ვერ გამაიცან, სიკვდილის წინ ჩემი უკანასკნელი სიტყვები იქნება: ეჰ, რად არა ვართ ტყის დათვები! ჩავიდებდი პირში თათს და ვიძინებდი უზრუნველად მთელი ზამთარი. გავიღვიძებდი გაზაფხულზე კვირტებთან ერთად ჩემს იზოლირებულ ბუნაგში, სადაც არ იქნებოდა ნავთის სუნი და ცოლის საყვედურები, სადაც ცივი ლოგინის მაგივრობას გამიწევდა ყვითელი ჩალა, ,,მარიამ ჩაის” ნაცვლად მივიღებდი ნატურალურ თაფლს და ჰუმანიტარული მაკარონის მაგივრად ტყის მჟავე პანტას.
  თათა: ისე, სულო ცოდვილო და დათვობა ზედგამოჭრილი იქნებოდა შენზე. ხასიათის გამოცვლა არ მოგიწევდა, მარტო ბალნით შეიმოსებოდი და მორჩა.
  გუგა: (ირონიით) ბატონო, მაქვს ეჭვი, რომ დათვური ხასიათის ელემენტები ბევრად უფრო აუტანელია ქალებში, ვიდრე მამაკაცებში.
  თათა: ამას ჩემზე ამბობ?
  გუგა: არა, დათვის ცოლზე.
  თათა: მოკლედ, კომპლიმენტებს ჩემთვის არ იშურებ, თანაც მაინცდამაინც დღეს... მე კი სულელმა...
  გუგა: კი, მაგრამ რა დღეა ასეთი? (თავისთვის) ქორწინების ერთიწლისთავი აპრილში იქნება; ალბათ, პირველი ღიმილის, პირველი გამოხედვის ან რაღაც ამგვარი ქალური  სისულელე. (ხმამაღლა) მაინც რა დღეა, ძვირფასო?
  თათა: ყოველ შემთხვევაში, არა დათვებისათვის.
  გუგა: ბატონო, დიდი მადლობა დათვების სახელითა და დავალებით!
  თათა: ისე, მახსოვს ერთი წლის წინ... (ცრემლი ერევა) სულ სხვა აზრისა იყავი ჩემზე.
  გუგა: ნუ მომაგონებ, ნუ გამახსენებ...
  თათა: გახსენებაც აღარ გინდა, არა. უნივერსიტეტის ბაღში იასამნის ყვავილს უბეში რომ მალავდი, ყვავილის გამოწვდაც გიჭირდა!
  გუგა: (პათეტიკურად) მახსოვს, რავა არ მახსოვს, მახსოვს.     
  თათა: არდადეგებზე ბაკურიანში რომ ამომაკითხე, ვითომ შემთხვევით; შენ ბედზე თხელი თოვლი იდო, ყველა თოვლის მოლოდინში ვიყავით, მარტო შენ გიხაროდა, თურმე თხილამურებზე შედგომა არ იცოდი. მეორე დღეს ისე დადო... ღმერთო, როგორ განსაკუთრებით თეთრი მეჩვენებოდა მაშინ ის თოვლი, როგორი წმინდა, ფეხის დადგმა რომ გენანება.
  გუგა: კაბა ჭადრაკული გეცვა, გიხდებოდა აივნის ბირკვილზე დაყრდნობა...
  თათა: (არ უსმენს) გახსოვს ჩვენთან რომ მოხვედი პირველად.  ვიცოდი ჯულია რობერტსზე გიჟდებოდი, მეც იმისი ვარცხნილობა გავიკეთე; ღმერთო, რა სულელი ვიყავი!  გავიგე ნამცხვარი ,,დათუნია” გიყვარდა თხილით. სასწრაფოდ ვიშოვე რეცეპტი და ჩემს ცხოვრებაში პირველი ნამცხვარი დაგახვედრე. გულის ფანცქალით ველოდი შენს განაჩენს.  მშვიდად შეჭამე ერთი ნაჭერი, მერე - მეორე, უფრო სერიოზული სახით; - როგორია-მეთქი, - რო გკითხე, - შეიძლება მესამეც გადავიღოო?  - ვითომ მორცხვად იკითხე; მეც ასევე დიდსულოვნად, - შეგიძლიათ სახლშიც წაიღოთმეთქი. - არა, მირჩევნია სახლში წავიყვანოო! - მიპასუხე.
  გუგა: ვაგლახ, რომ წავიყვანე. მერე ის ,,დათუნია” ქორწინების გარიჟრაჟზე გამომიცხვე და ,,ფინიტა ლა იდილია,” დარჩა ჩემი ოცნებების ნავთსაყუდარში, როგორც გარდასულ ბედნიერების დაფერფლილი მოგონება.
  თათა: რომ შემოხვედი, მახსოვს, იღლიაში დიდი ბომბონერის ყუთი ამოგეჩარა, არ იცოდი სად დაგედო, როცა დედაჩემმა ხელი გამოგიწოდა, ხელის მაგივრად ბომბონერი გაუწოდე.  სწორედ მაშინ შეგარქვეს ჩემმა კურსელებმა ,,ბომბონერის რაინდი.”  მახსოვს ჩალისფერი პიჯაკი გეცვა...
  გუგა: წინწკლებიანი.
  თათა: ლურჯი პერანგი.
  გუგა: მაღალი საყელოთი.
  თათა: ზუსტად.
  გუგა: (მოულოდნელად) მომკალი და არ მახსოვს.
  თათა: უსინდისო ხარ.  შენთან ლაპარაკი არ შეიძლება. (ტირილი ერევა. გადის საძინებელში, კარს აჯახუნებს).     
  გუგა: არარაობავ...  ოჯახური პროზა უნდა გერქვას შენ. სულ ცოტა ერთი კვირა ჩამოშვებული ცხვირი და მჟავე სიფათის ყურება მაქვს გარანტირებული.  ისე, მგონი მეტი მომივიდა, მესმინა ეს სენტიმენტალური მემუარები თემაზე: ,,რა კარგი იყო მაშინ.” რაღაც უნდა ვიღონო.
  (რთავს პორტატულ მიმღებს, ეძებს: მელოდია)
  დიჯეი: ვის ულოცავთ დღევანდელ დღეს ამ სიმღერით?
  მსმენელი: ჩემს მეგობრებს - ვასიკოს, იკას, ლუკას, კოკას და ნიკუშას, ასევე თქვენც.
  დიჯეი: დიდი მადლობა!
  (მელოდია).
მსმენელის ხმა: მსურს მივულოცო ჩემს მეგობარს, რომლის სახელსაც არ ვიტყვი და გამოვუტყდე, რომ ძალიან მიყვარს.
  დიჯეი: თქვენს რჩეულს მსოფლიო დღეს ულოცავს უიტნი ჰიუსტონი.
  მელოდია.
  გუგა: რა ხდება ამ მსოფლიოში უჩემოდ?
  დიჯეი: ამ დღეს შეყვარებულები თავიანთ გულისსწორს სიყვარულში უტყდებიან, ხშირად ეს ხდება ფარული წერილით, მოულოდნელი სიურპრიზით.  ასე, რომ, შეყვარებულებო, დღეს თქვენი დღეა. გილოცავთ წმინდა ვალენტინის დღეს!
  გუგა: აი თურმე რა-ა-ა. წმინდაო მამაო, ეს თქვენ დამირღვიეთ ოჯახური სიმშვიდე და გამოსავალსაც თქვენ მაპოვნინებთ.  საკმარისია ქაღალდის ფურცელი, პასტა, ცოტაოდენი განცდა გულის ამაჩუყებელი სანელებლებით და მეუღლის გამწყრალი გულიც მონადირებულია!
  ეძებს ფურცელსა და პასტას.     
  გუგა: მთავარია, თავდაპირველად ხელი არ იცნოს, თორემ, ადვილი შესაძლებელია, წერილი წაუკითხავად ნაგვის ურნაში აღმოჩნდეს. ჩვენი ამოცანაა ბოლომდე წავაკითხოთ როგორმე.
  ,,ძვირფასო თათა,” არა, ძვირფასო არ ივარგებს. ძალიან, ასე ვთქვათ, ცერემონიალურია. ,,საყვარელო თათული,” ნამეტანი სენტიმენტულია. ,,ჩემო თათა,” აჰა... ,ადამიანი მეტისმეტად გულმავიწყი არსებაა საიმისოდ, რომ გარდასულ მოგონებებით მოოჭვილი წარსულის დაფასება შეძლოს.” კარგია! (გაურკვევლად ბუტბუტებს, ისევ აგრძელებს) ,,ჩვენი გრძნობების სიფაქიზე ყოველთვის აღემატება მათი გამოხატვის საშუალებებს.” (ისევ ბუტბუტებს) ,,ადამიანურ სისუსტეთა გროვაში მიუტევებელი ცოდვა ისიცაა, რომ ახლო მდებარე საგანთა შეფასება გვიჭირს და დიადი სადღაც მიღმა გვეგულება.” ქვას გახეთქავს. ,,მუდამ მიჭირდა შენი სულის იდუმალების ამოცნობა, მაგრამ ყოველთვის მაიმედებდა ფარული რწმენა, რომ უსიტყვოდაც გესმოდა ჩემი. მიყვარხარ უსასრულოდ და გამოუთქმელად!” შენი მუდმივი თაყვანისმცემელი. ახლა საჭიროა სათანადო ადგილას მისი მოთავსება და შედეგიც არ დააყოვნებს. მაგრამ სად? ,,საკითხავი აი ეს არის.” (პაუზა) სამზარეულო - აი ქალის თვითრეალიზების ადგილი. სამზარეულო, ზედა თარო, ყავის სერვიზი. მოკითხვამდე დიდი მადლობა წმინდაო მამაო ვალენტინ!
  შედის სამზარეულოში. ისმის ჭურჭლის ხმაური. გამოდის.
  გუგა: ახლა საჭიროა მისი სამზარეულოში როგორმე შეტყუება. თათა, თათია! გადმომხედე ფანჯრიდან საკენკი დაგიყარე! (ინტონაციას იცვლის) თათული, გადმო-ხედე მოწყალე თვალით შენს მშიერ-მწყურვალ ქმარს, მოუდუღე შავი ყავა, თორემ შავადაა მისი საქმე!
  თათა: (საძინებლიდან) დამანებე თავი! ძალიან კარგად იცი, ყავა სადაც დევს.
  გუგა: ხო, მაგრამ, ხომ იცი, შენგან გამიხარდება.
თათა საწოლიდან გამოდის, გაბუტული მიაშურებს სამზარეულოს.
  გუგა: მაშ ასე, ოპერაცია წმინდა ვალენტინი იწყება.
სამზარეულოდან ისმის ჭურჭლის მსხვრევის ხმა.
  გუგა: (წარმოიდგენს) ღელავს... კითხულობს... იღიმება... ცრემლი ერევა...
  მშვიდად იღება სამზარეულოს კარი, თათა მაგიდაზე ფინჯანს დებს. იყურება სადღაც შორს, გუგას ვერც ამჩნევს. მალიმალ ფარულად ხალათის ჯიბეზე იდებს ხელს სასოებით, ჩანს რაღაცას მალავს.
გუგა: რამე ხო მარ გაგიტყდა?
თათა: მე? არა.
  გუგა: (გამომცდელად) თათა, რაღაც გაოგნებული ჩანხარ!
  თათა: მართლა? მე ვერ ვიტყოდი.
  გუგა: მაშინ - დაბნეული.
  თათა: არა მგონია.
  გუგა: აბა, აღტაცებული?!
  თათა: ვითომ?...
  გუგა: ამიტომაც, ნუ ვიჩქარებთ დასკვნების გაკეთებას. გჯეროდეს, რომ ის მაინც მოვა.
  თათა: მოიცა, ვინ ის?
  გუგა: ვინ კი არა, რა - მესიჯი.
  თათა: რატომ მაბნევ?
  გუგა: არა, მესმის ძნელია ასე უცბათ გამოტყდე, აღიარო...
  თათა: რა, რომ აღტაცებული ვარ?
  გუგა: ის, რომ ნანობ შენს გაგულისებას ქმარზე.
  თათა: არანაირად.
  გუგა: აბა რას მივაწერო შენი ასეთი თვინიერი იერი?
  თათა: როგორ აგიხსნა, ცხოვრება ხომ სავსეა მოულოდნელობებით.
  გუგა: მითუმეტეს, როცა ეს მოულოდნელობა სასიამოვნოა.
  თათა: რა თქმა უნდა.
  გუგა: აი, შენ კი რა ცუდს ფიქრობდი ცოტა ხნის წინ შენს ,,ბომბონერის რაინდზე”.
  თათა: არ მესმის, შენ რა შუაში ხარ!
  გუგა: (დაბნეული) ბატონო!
  თათა: სხვათაშორის, არიან ადამიანები, რომელთაც ჩემს დანახვაზე ზუსტად ვიცი, სხვადასხვა ტყიურის ასოციაციები არ უჩნდებათ.
  გუგა: (საქციელწამხდარი). რაა? დარწმუნებული ხარ? 
  თათა: ყოველ შემთხვევაში, დიდი ეჭვი მაქვს - დოკუმენტურად დადასტურებული. ჩვენი განცდების სიფაქიზე მათი გამოთქმის საშუალებებს აღემატება. (ჯიბეზე იდებს ხელს.)
  გუგა: რა თქვი?
  თათა: არაფერი, რაღაც ჩემთვის ვთქვი. 
  გუგა: მაინც, მაინც?
  თათა: ვშიშობ შენ ამის გაგება გაგიჭირდება.
  გუგა: ნუთუ... არც ასეა საქმე თათა, მეც მახსოვს რაღაც რაღაცეები, მაგრამ ხომ არ შეიძლება დღე და ღამ სულ ერთი და იგივეს ტრიალი.
  თათა: (ირონიით) ბატონო?
  გუგა: გახსოვს, როგორ ახლო მოჩანდა ცა მაშინ კოხტაგორიდან, თითქოს ფიფქების სიმძიმე დაბლა, მიწისკენ ეწევაო. როგორ სხვანაირად თოვდა იდუმალი მდუმარებით. ცისფერი სათხილამურო კოსტუმი გეცვა...
  თათა: ,,ადიდასის” ფირმისა.
  გუგა: (გახარებული) ზუსტად.თეთრი ბოტასები.
  თათა: მომკალი და არ მახსოვს.
  გუგა: (წონასწორობა დაკარგული) თათა, გეყოფა სისულელეები.
  თათა: შეცდომების გამოსწორება ჯერ კიდევ შეიძლება.
  გუგა: საინტერესოა შეცდომას რას ეძახი?
  თათა: ქალურ მიამიტობას, რომელსაც ასე ბოროტად იყენებთ. ქალს, თქვენი სწამს და მზად არის დაიჯეროს ყველა სისულელე, რასაც უშურველად სთავაზობთ. თხზავს ლეგენდას და მერე თავადვე იჯერებს. მამაკაცი პირველივე გამარჯვებისთანავე იცლება ენთუზიაზმისაგან. მოშინაურებული სიყვარული მოსაბეზრებელ მოვალეობად ექცევა.
  გუგა: საინტერესოა, როდის განათლდი ასე უსაშველოდ? თქვენ გინდათ გამუდმებით მამაკაცის ინტერესების ცენტრში იდგეთ, თქვენს გარშემო ტრიალებდეს პლანეტათა სისტემა და გიჟდებით, როცა ასე არ ხდება, ვერ გაგიგიათ, რომ სამყაროში არსებობს სხვა პრობლემებიც და თუ თქვენს ქალურ პატივმოყვარეობას მუდმივად გუნდრუკს არ უკმევენ, მაშინვე განგაშს ტეხთ ცრემლის სირენებით.
  თათა: იცი რა, თქვენ...
  გუგა: (არ აცლის) ვინ ჩვენ?
  თათა: გულმავიწყ თავდაჯერებულთა ბანაკს უბრალოდ გავიწყდებათ, რომ ქალი მუდმივი მოლოდინია, მოლოდინი არ უნდა გააცრუო, თორემ...
  გუგა: რა თორემ?
  თათა: (პაუზა) მიიღებ უბრალოდ დათვს, (პაუზა) ბალნის გარეშე.
  გუგა: ისევ დათვი, იქნებ მარტორქა?
  თათა: ეს უკვე გემოვნების საქმეა.
გუგა: სხვათაშორის, აფრიკაში მარტორქებს გადაშენების საფრთხე შეექმნათ. უცხოელი ტურისტებისათვის მეტისმეტად მომხიბვლელი აღმოჩნდა მარტორქის ეგზოტიკური რქა. მეცნიერებმა ბევრი იფიქრეს თუ ცოტა იფიქრეს, გადაწყვიტეს გადარჩენილი მამრი მარტორქებისათვის მაცდუნებელი რქები მოეშორებინათ, ჰოდა, ის მოახერხეს, რომ რქები მოახერხეს, რათა ამგვარი მინიმალური მსხვერპლით გადაშენებისაგან გადაერჩინათ. მაგრამ მოხდა პირიქით.
  თათა: ძუ და ხვადი მარტორქები ერთმანეთს ვეღარ არჩევდნენ?
  გუგა: ოლოლო, ვერ გამაიცან. პოპულაცია შეწყდა. როგორც გამოირკვა მდედრებმა ურქო მამრების მიმართ ინტერესი დაკარგეს. ,  ისევ დაფიქრდნენ მეცნიერები და სპეციალური ფერადი პლასტმასის პროტეზები შექმნეს. მარტორქათა პოპულაციის პრობლემა გადაწყდა.
  თათა: ასე რომ, მამაკაცებო გაუფრთხილდით რქებს, ვინ იცის, რაში დაგჭირდეთ. ისე საინტერესო იქნებოდა ერთი პლასტმასის რქა.
  გუგა: სად, ჩემს შუბლზე ხომ არა
თათა: თუნდაც.? 
  გუგა: (ნერვიულად, ხმაურით ხრუპავს ყავას). აჰა, ხელთათმანი ნასროლია, როგორც იტყვიან! მაეჭვიანებ, სიყვარული უფრო მძაფრად, რომ შევიგრძნო?
  თათა: არანაირად! იცი, სადღაც წავიკითხე, რომ ეჭვიანობა სულაც არ ყოფილა სიყვარულის გამოვლინება.
  გუგა: აბა რისი, ძალიან მაინტერესებს?     
  თათა: მესაკუთრული ეგოიზმიაო - ამბობენ.
  გუგა: ხოდა არა ვარ, ბატონო, ეგოისტი.
  თათა: ე.ი. მესაკუთრის განცდა არ გაგაჩნია.
  გუგა: მერე რა არის ამაში ცუდი?
  თათა: შენ იცი რა ამღერებს ბულბულს?
  გუგა:, ნაზი ვარდის სიტურფე.
  თათა: ბულბულის სტვენის მიზეზი გაცილებით საქმიანია – უსტვენს იმიტომ, რომ სხვა ბულბულებს აფრთხილებს, - ეს ჩემი ტერიტორიაა, არაფერი შეგეშალოთო.
  გუგა: მესიჯს უგზავნის? ღმერთო, რა პროზაა?!
  თათა სარკესთან მიდის, კეკლუცობს.
  თათა: (ღიღინებს)
    „როცა მარტო ვარ მოდი,
    სიზმრის დაგიგებ ლოგინს,
    ვეღარ გავუძლებ ლოდინს,
    მო-ო-ო-დი!”
  გუგა: რაღაც მეტისმეტად მხიარულად გამოიყურები!
  თათა: მერე შენ ეს არ მოგწონს?
  გუგა: (დაბნეული) არა, უბრალოდ მიზეზს ვერ ვხედავ. დავიჯერო შენც საკუთრების დაცვის ინსტინქტი გამღერებს?
  თათა: ბედნიერება მის მისაღებად მუდმივი მზაობაა. თუ ამას ხვდები, სულ უბრალო დეტალიც შეიძლება იქცეს ბედნიერების მიზეზად (ღიღინებს.)
    „მე მაინც ჩემი მომდის,
    ვეღარ გავუძლებ ლოდინს,
    მო-ო-ო-დი.”
  გუგა: (თავისთვის) ეს რა მახეში გავები, გაგიგიათ კაცი საკუთარ წერილზე ეჭვიანობდეს; ახლა არ გინდა იმის თქმა, რომ  ეს ნაბოდვარი... არა, ჯობია ბოლომდე შეტოპოს.
  თათა: (თავისთვის) ძალიანაც კარგი, ახია შენზე... იქნებ მიხვდე, რომ მას, რასაც შენ ვერ აფასებ, შეიძლება სხვა დამფასებელი გამოუჩნდეს.
გუგა სიგარეტს უკიდებს.
  თათა: შენ რა, ხომ არ ნერვიულობ?
  გუგა: ჰმ, არ მესმის რატომ უნდა ვნერვიულობდე?
  თათა: აკი სიგარეტს თავი დავანებეო?
  გუგა: იქნებ მინდა კიდევ ერთხელ განვიცადო თავის დანებების სიხარული?
  თათა: (გულგრილად) შენი საქმისა, შენ იცი.
,,ადამიანი ზედმეტად გულმავიწყი არსებაა საიმისოდ...”
  გუგა: ,,რომ ნაზი მოგონებებით მოოჭვილი წარსულის დაფასება შეძლოს!”
  თათა: (ვითომ შემკრთალი) შენ ეს საიდან იცი?
  გუგა: ეს სიტყვები ხომ იმ წერილიდანაა...
  თათა: რაა?
  გუგა: რომელიც სტენდალმა მისწერა მადამ დე მოფაჟუჟუას ინტერნეტით. ცხოვრებაში არ წამიკითხავს ამაზე უფრო სულელური ბარათი.
  თათა:  გინდა თქვა, რომ ამ ბარათის დამწერი ბრიყვია?
  გუგა: უბრიყვესი ბრიყვთა შორის. (თავისთვის) ვაი, შენს გუგას!
  თათა: (ყალბი აღშფოთებით) მე უფლებას არ მოგცემ შეურაცხყოფა მიაყენო!
  გუგა: ვის,  ბალზაკს?
  თათა: არა, ფლობერს.
  გუგა: (პათეტიკურად) “ჩვენი უბედურება ისაა, რომ ახლო მდებარე საგანთა დაფასება”...
  თათა: (ვითომდა აღშფოთებული აწყვეტინებს) არც კი გრცხვენია, სხვის წერილებს კითხულობ?
  გუგა: (თავისთვის) ნაგლობის დონე ნახე! ეს წერილი ავტორის თხზულებებშია შეტანილი, სხვათა შორის.
  თათა: კარგად იცი რა წერილზეც ვლაპარაკობ.   
  გუგა: ვფიქრობ უფრო უკეთ, ვიდრე შენ გგონია.
  თათა: ე.ი. აღიარებ? 
  გუგა: რას, წერილის ავტორობას?
  თათა: იმას, რომ ჩემთვის განკუთვნილი წერილი წაიკითხე.
  გუგა: პრინციპში... თვალი გადავავლე.
  თათა: თვალი გადაავლო. (გამომცდელად) შენ ხომ ასეთ წერილს ცხოვრებაში ვერ დაწერდი.
  გუგა: დაწერით არა მგონია, მაგრამ გადაწერას კი ნამდვილად შევძლებდი. მიზანს გააჩნია.
  თათა: მოკლედ, ძალიან ნიანგური სიტუაცია იქმნება.
  გუგა: როგორი?
  თათა: იცი, თურმე მამრი ნიანგი, თავის რჩეულ მდედრს თავი რომ მოაწონოს, ერთგვარ რიტუალს ასრულებს.
  გუგა: არ მითხრა ეხლა, ნიშნობის ბეჭედს აჩალიჩებსო.
  თათა: რა მეშჩანური კითხვაა, გუგა, რა გჭირს! ნიანგები ბევრად უფრო პოეტურები არიან. გულის სწორისთვის სანუკვარ ნუგბარს მამრი ნიანგი სილაში ფლავს. მდედრმა უნდა ამოიცნოს საჩუქრის ადგილი და, რაც მთავარია, ინიციატორი.
  გუგა: მორალი: „ბავშვებო, ნუ გაჩიჩქნით მდინარისპირა ქვიშას, თორემ შეიძლება ერთ მშვენიერ დღეს ნაზი ნიანგური სასიყვარულო ისტორია კრახით დამთავრდეს.” (მოულოდნელად დაეჭვებული ყნოსავს ჰაერს) მგონი რაღაც იწვის.
  თათა: (შეშფოთებული) ვაიმე მიშველეთ!
  გარბის სამზარეულოში.
  გუგა: რა უნდა იწვოდეს ჩემს სამზარეულოში, სადაც ვირთხებიც უსაქმურობის გამო დომინოს თამაშობენ. ეს რა გიჟი დღეა... ლამის დავიჯერო სტენდალი ვარ, ან ანრი ბეილი მაინც. (მიაშურებს სამზარეულოს კარს)
  თათა: (შიგნიდან) არ შემოხვიდე ძალიან გთხოვ!
  გუგა: კი, მაგრამ, რატომ? გამაგებინე რა ხდება ამ სახლში დღეს?
  თათა: მე თვითონ აგიხსნი ყველაფერს, ოღონდ არ შემოხვიდე გთხოვ!
  გუგა: რაა? (თავისთვის) არა, ეს უკვე აღარ გავს ვოდევილის სიუჟეტს, დილაადრიან ცოლი სადღაც იკარგება,  სახლი იწვის და სამზარეულოში არ მიშვებენ, ვეჭვიანობ უცნობის წერილზე, რომელიც მგონი მე
თვითონ ვარ... არა, ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაირკვეს ყველაფერი. (აბრახუნებს კარზე) ბოლოსდაბოლოს შემომიშვებ თუ არა?
  თათა: (ხალისიანად) ეხლავე! - იღება კარი. თათას ხელში ლანგრით რაღაც უჭირავს, რომელსაც ცელოფანი აქვს გადაფარებული. 
  გუგა: გამაგებინე, თათა, რა ხდება?
  თათა: როგორ გგონია, რა შეიძლება იყოს ეს?
  გუგა: (შემცბარი) მე ვფიქრობ, ის მეტისმეტად შავია საიმისოდ...
  თათა: რომ განხორციელებულ ოცნებად ჩათვალო?
  გუგა: ჩემი ოცნების დათუნია. კაცმა რომ თქვას, სიშავე კიდევაც უხდება, ეშხს მატებს. აი, თურმე რატომ მიატოვე თბილი ლოგინი. რის დამტვრევაზე საუბრობდით შენ და მიმოზა.
  თათა: გილოცავ ვალენტინობას, როგორც ხედავ, ზოგჯერ ოცნებებიც სრულდება. (კოცნის).
  გუგა: მეც გილოცავ, თათა, მაპატიე, რომ ვერ...
  თათა: შენ ხომ უკვე მომილოცე!
  გუგა: მეე... რაღაც არ მახსოვს.
  თათა: (პათეტიკურად) ,,შენი იდუმალი სული...” და ასე შემდეგ...
  გუგა: აზრზე არა ვარ, რაზე ლაპარაკობ.
  თათა: ნუთუ? (იცინის)
  გუგა: რა მინდა გკითხო,  იცი, შენთვის მითქვამს, რომ
გადასარევი გოგო ხარ?
თათა: რაღაც არ მახსენდება.
გუგა: გაიხსენე, რა, ხომ იცი, ერთიდაიგივეს ლაპარაკი მეზარება. 
თათა: მესმის, შენ უფრო წერა გეხერხება, არა?
გუგა არ მესმის, რა წერილზეა ლაპარაკი.
თათა: მე მგონი, წერილი არავის უხსენებია.
  გუგა: ისე როგორ ამაგდე ფინთი გოიმივით. მოიცა, მოიცა, შენ რა, თაყვანისმცემლების ბარათებს ხომ არ ღებულობ ჩემგან ფარულად?
თათა: სულ ტყუილად ირჯები ჩემო გუგა, არაფერი გამოგივა.
გუგა: ერთი კი იცოდე, არასოდეს მოგცემ ნებას ჩემი საავტორო უფლებები შელახო.
  თათა: რა სულელები და სასაცილოები ხართ ეს მამაკაცები. სულ იმის ცდაში ხართ თქვენს ძალმოსილებაში დაარწმუნოთ თქვენს ირგვლივ ყველა და იცი რატომ? თავად გეპარებათ ეჭვი და იმიტომ.
  გუგა: თქვენ, თქვენ რაღას აკეთებთ ამ დროს?
  თათა: ჩვენ ეს ილუზია უნდა შეგიქმნათ, რათა დისკომფორტი არ იგრძნოთ ოჯახში. ანუ გაქციოთ დესპოტად, რათა შემდეგ მორჩილება გამოგიცხადოთ.
  გუგა: და უკეთ გვმართოთ, არა?
  თათა: ეს ყველა მამაკაცის მუდმივი შიშის საგანია - მის ჭკუაზე არ უნდა ვიარო. ესაა თქვენი სისუსტე.
  გუგა: თქვენი ძალა კი თქვენს სისუსტეშია.
  თათა: ხანდახან მეჩვენება რომ ჩემი შვილი ხარ.
  გუგა: ოჰო, ესეც ახალი ამბავი.
  თათა: ბავშვებიც ხომ ხშირად ცდილობენ თავიანთ სიდიდეში დაგვარწმუნონ.
  გუგა: ქალებს ერთი მიზანი აქვთ მხოლოდ-  ბრძოლა ძალაუფლების გადანაწილებისათვის.
  თათა: უბრალოდ ყველას თავისი ღვთისაგან მინიჭებული ფუნქცია აქვს ოჯახში, ესაა  და ეს.
  გუგა: ვაღიარებ, რომ ოჯახი მაინც თქვენი ასპარეზია. აქ თავს ისე გრძნობთ, როგორც ნიანგი მდინარის შლამში. ჰო მართლა, როგორ გრძელდება ის ამბავი ნიანგებზე?
  თათა: რა ამბავი?
  გუგა: აი, ნიანგები რომ ნიშნობის ბეჭედს სილაში ფლავენ.
  თათა: ააა, სატრფოსათვის განკუთვნილ სიურპრიზს?
  გუგა: დარწმუნებული ვარ, მდედრს ქალური ალღო არ ღალატობს და ადვილად აგნებს როგორც საჩუქარს, ისე მიჯნურის გულს.
  თათა: ხანდახან, გაზაფხულზე მდინარე ისე დიდდება, რომ ნაპირებს რეცხავს და მასთან ერთად მამრი ნიანგის ოცნებებსაც ასამარებს.
  გუგა: ეს რა სევდიანი ფინალია!
  თათა: მორალი: “გეშინოდეთ წყალდიდობისა, ის ნაკლებად სასიამოვნოა”!”
  გუგა ილუკმება.
  თათა: (პაუზის შემდეგ) როგორია?
  გუგა: კულინარიული შედევრი, ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ დაშაქრული ნახშირი ასე გემრიელი იქნებოდა.   
  თათა: რა საძაგელი ხარ!
  გუგა: შეიძლება კიდევ გადავიღო?
  თათა: შეგიძლია სახლშიც წაიღო
გუგა:იცი, რა იქნება ჩემი უკანასკნელი სიტყვები?
თათა: ეჰ, რად არა ვარ ნილოსის ნიანგი!
Gუგა: არა, მინდა ეხლა მე ქვიშაში ძრომიალი? ჩემი უკანასკნელი სიტყვები იქნება: ,,ეჰ, რად არა ვარ პატარა,შავგვრემანი დათუნია თხილით…
  თათა:მართლა?
  გუგა: ოღონდ დანახშირებამდე.
   
   
დასასრული
          2003

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს