ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ლელა მგელაძე
ჟანრი: პროზა
25 ოქტომბერი, 2012


ჩემი მეგობარი მუხა

ერთი მეობარი მყავს,მუხა. სასაფლაოზე ცხოვრობს. ფესვებით მიცვალებულთა სამყაროშია გაშინაურებული, ტოტებს კი ზეცის საიდუმლოებებში აფათურებს. როცა ბევრი კითხვა დამიგროვდება, მას ვსტუმრობ. ისიც არ იზარებს ჩემს დაბინდულ გონებაში ნათელი შეიტანოს. ნაღდი მეგობრობა იცის. გაფიქრებულიც არ გაქვს, ხვდება შენს სათქმელს. თითქოს სულშიც ისევ გიფათურებს ფესვებს, როგორც ამას მიცვალებულთა საუფლოში სჩადის.
ჩვენს შორის თავიანვე უაღრესად შინაურული დამოკიდებულება დამყარდა:
- მოი აგერ, მოი. მითხარი რეიზა ამოასკდი ამ აღმართს შუაღამეზე - ასე შემეგება პირველი მასპინძლობისას.
- შენც გურული ხარ მუხა?
- აბა ვინ ვიქნები, შენ ადალავ,  ჩვენთან  ერთი-ორი დღით ჩამოსული კაცი გურულობს და მე ოთხას წელზე მეტია აქანე ვცხოვრობ."
მას შემდეგ, როცა სოფელში ჩავდივარ, მასაც ვსტუმრობ.
- როგორა ხარ, მუხა. მე - ცუდად და შენი შველა მჭირდება. – მიკიბვ-მოკიბვის გარეშე ვუთხარი და ხელი დამსკდარ ქერქზე ძმაკაცურად დავუტყაპუვე. – აღარ ვიცი რა ვუყო ამდენ უპასუხო კითხვას. თუ სადმე რაიმე პასუხს ვიპოვი, ისეთია - ათას სხვა შეკითხვას ბადებს. როცა ყველაფერში ჩაღრმავებას მოვინდომებ, ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ქვესკნელში ჩავდივარ და გაშიშვლებულ ფესვებში ვიხლართები.
მოლზე დავჯექი და შესვლისას ნაპოვნ გამხმარ ჯოხს დავუწყე წვალება.
- მოდი, შე საბრალოვ, მოდი. დაიწყე და გზადაგზა ყველაფერს “გავაიასნებთ”.
ამ ბოლოს ჟარგონს ხშირად იყენებს. ასაკით ჩემი პაპის პაპის პაპაზე უფროსია და ფიქრობს, ასე უფრო თანამედროვედ მომაჩვენებს თავს.
- ეჰ, ჩემო მუხა, მოგზაურობით სამყაროს შემეცნებას მე ვერ მოვახერხებ და სიბრძნეს ვუჯერებ: “შეიცან თავი და შეიცნობ სამყაროს.” მოდი, გამარკვიე ზოგ რამეში.
წარბების ადგილას ქერქის ნაოჭები შეიჭმუხნა. იმდენი ხანია ვმეგობრობთ, როგორც იტყვიან, შემწვარს ვიცნობ და მივხვდი რაც გაიფიქრა.
- ახლა მეტყვი: რას გადაეკიდე ამ სამყაროს შემეცნებასო.
- სწორედაც! როცა ტოტების ნაცვლად ფესვებს მოგხვევ, იქ სულერთი იქნება ბევრის შემმეცნებელი იყავი თუ მწერივით, მხოლოდ შენი საქმე იცოდი. - იქვე, საუკუნეების მანძილზე მრავლისმთქმელად მდუმარე გალავნის ნანგრევზე ჩამოჯდა და ჩვეული დაუდევრობით ფესვი ფესვზე გადაიდო.
- ვიცი, ვიცი, რომ ადამიანის საქმე მხოლოდ ქმედითი სიყვარულია.- ხელი ავიქნიე, ამ აზრის მომაბეზრებლობის ნიშნად. - ისიც  ვიცი, (თეორიულად) ადამიანის უმაღლესი დანიშნულება საკუთარ წიაღში სათნოების გაღვივებაა, მაგრამ რა ვუყო ცნობისმოყვარეობას? რა ვუყო, რომ მოსვენებას არ მაძლევს ყოფნა–არყოფნის საიდუმლოებები. მომიყევი, რა ხდება იქ, ქვემოთ.
–ნწ, ნწ, ნწ - ვარჯი გადააქნია  და ისეთი ხალისიანი სახე მიიღო, როგორც შორიახლოს დასაფლავებულ მაგულია ღლონტს ჩვეოდა, სერიოზული თემების გაშარჟებისას. -  უფრო მძიმედ ყოფილა შენი საქმე, ვიდრე მეგონა.  რატომ გიყვართ ადამიანებს, მუდამ ისეთ საკითხებში კირკიტი, რისი გარკვევითაც ვერაფერს შეცვლით. ცოდნას აგროვებთ, რათა მერე „ყავლგასულ“ სამყაროს ლომივით შეუბრდღვინოთ.  არ იჯერებთ, რომ  „ახალი“ არ ნიშნავს უკეთესს. ხომ იცი, ამ გზას ბევრი შეშლილობით ამთავრებს.
- არაა, მე ეგ არ მემუქრება! ჯერ ერთი მაგდენი სად შემიძლია - საკუთარმა სიბრძნემ დამგესლოს, მეორეც, როცა ადამიანს ვინმე ჰყავს, ვის გამოც ზეციერი ძალისადმი ვედრება ჰაერივით ესაჭიროება, ის განგებ დაიჩლუნგებს არწივის მზერას.
რა წინააღმდეგობრივი ხარ, მაგას ამბობ და უფსკრულებში ჩახედვასაც არ ერიდები. – პირის გარშემო ქერქის ნაოჭებზე ირონიული ღიმილი აუთამაშდა.
გავჩუმდი და მზერა მიწას მივაჭდე, 
- ჰო, ჰიუგოსი არ იყოს, უმეცარი ნეტარ წყვდიადში იმყოფება. მემკვიდრული ცოდნისგან განთავისუფლებასაც გვირჩევდა ერთი. - დავიწყე ორჭოფულად.-  მეორე იმასაც კი ამბობდა, ადამიანს ყოვლისმომცველი ცოდნა გულში აქვს დაყოლილი, გარემოებები კი მის აღმოჩენას უწყობსო ხელს... მაგრამ თვითონ ვერასოდეს ძღებოდნენ ცოდნით.
- ამ “სადილზე” ზომიერება უნდა დაიცვა, თორემ გულზე დაგადგება. – მითხრა და მხარზე დავარდნილი ფოთოლი წკიპურტით მომაცილა, დამრიგებლური ტონი მეგობრულად რომ წარმოეჩინა.
გამხმარი ჯოხს მექანიკურად ვაცლიდი ქერქს. ის დუმდა.
-მე ღმერთი მჭირდება, მუხა. - თავი ავწიე და მტკიცე ხმით გავაგრძელე - ყოველთვის, როცა მის არსებობაში ეჭვი ხმამაღლა შემაქვს, ჩემს ქვეცნობიერს სურს მოკამათემ ეს ეჭვი გამიქარწყლოს. არ მაკმაყოფილებს ბუნდოვანი, აბსტრაქტული წარმოდგენები.
-ვითომ ღმერთს ეძებთ ადამიანები?
თავი დავუქნიე.
- ეძებთ არა ჩემი ფესვები - ისეთი მიმიკით, ისე ცინიკურად ჩაილაპარაკა, იქვე დაკრძალული, ცხონებული ნოდარიე სალუქვაძე გამახსენდა.- ერთმა გატანჯულმა კაცმა თქვა ღმერთი მოკვდაო და მესამედმა კაცობრიობამ აიტაცა მისი აზრები.
მხარზე დამიტყაპუნა ტოტი.
-ღმერთი და მისტიკური სამყარო, ჩემო იმანო -( ხდება ხან, მეგობრის სახელს ვერ იხსენებ) - 3D ტელევიზორივითაა. თუ შესაბამისი სათვალე აქ გაქვს, ცუდი გამოსახულებით ხედავ... რა გინდა, რას იქექები, სადაც არ გესაქმება. ჯღაბნე შენთვის ყოფით ამბებზე და დაანებე აქაურობას თავი. - თავზე მსუბუქად წამომარტყა ტოტი.
- ეგრე ადვილია? შენ რა გენაღვლება, ყველაფერი იცი და შენთვის ინახავ. - ხმაში წყენა აშკარად დამეტყო. - რომ გამიმხილო, რა მოგივა?!
-ნუ იბუტები ბაღანასავით. შემხედე, მე რამხელა ვარ და მერე შენს თავს შეხედე. მე რასაც ვიტან, გგონია შენც აიტან?
შემეშინდა მეთქვა, ავიტან-მეთქი. ვარჩიე აღარ ჩავძიებოდი.
მუხამ თემა შეცვალა:
-გირჩევნია მომიყვე მჯღაბნელობით მოღვაწეობაში რაფერ გაქვს საქმე.
- რაღა რაფერ მაქვს, მუხა, - გავხალისდი. - თურმე, სულ რაღაც ექვსი მილიარდი წლის მერე მზე ჩაქვრება და დედამიწა მოკვდება. მერე ვინღა წაიკითხავს ჩემს ნაწერებს?!
მუხამ გადაიხარხარა.
- შენ არ მეისპე, შენ. მიდი, ჰო იარე რედაქციებში და აფორმე შესაფუთი მასალა. - ასე დედაჩემი მწყევლიდა, როცა რამეს ვაფუჭებდი. ეს მიმიკაც მისეული იყო. სითბომ დამიარა თმის ღეროდან ფეხის ფრჩხილამდე. - მაგრამ იცოდე, რაც ნაკლებს დაწერ, ნაკლებ სისულელეს გამოურევ - იხუმრა, თორემ ჩემს შესაძლებლობებში ეჭვი არასოდეს შეპარვია.
შემდეგ სამარისებური სიჩუმე ჩამოწვა სამარეების ველზე. უცებ, როგორღაც, ისე მოხდა, რომ დაირღვა სინათლის სხივის სწორხაზოვნად გავრცელების კანონი, მანძილის და მდებარეობის მიუხედავად, ერთდროულად ყველა საფლავის ქვა დავინახე. მათზე გამოსახული სახეები გაცოცხლებულიყვნენ, ხოლო იქედან მომზირალ თვალებში იკითხებოდა, რომ მათთვის დაფარული აღარაფერი არსებობდა, ყველა საიდუმლო ამოეხსნათ და სევდანარევი სიბრალულით შემომცქეროდნენ.
-  მუხა, მირჩიე რამე. მინდა, მაგრამ ვერ ვღებულობ მოცემულობას კითხვების გარეშე.
ხმაში სევდა შეერია:
- რა გიყო, ჭკუის სწავლება და დარიგება არ გიყვართ ადამიანებს. არც მდუმარების სიბრძნე გესმით და მე მუხა ვარ, მამაღმერთი კი არა, რომ გადაგაკეთოთ.
ნანგრევიდან მკვირცხლად ჩამოხტა და თავის ადგილს დაუბრუნდა.
- ახლა მთვარეს აქვს შენთან საქმე და ქე წაი მერე სახლში.
მთვარისკენ მივტრიალდი. მან თავისი მოსასხამის კალთები გაშალა და სხეულთან ერთად უზარმაზარ ეკრანად აქცია.
უცნობი რეჟისორის უცნობი ფილმი ტიტრების გარეშე დაიწყო. კინონოველა ერთი, ნაცნობი ქალის შესახებ იყო. მთელი ტრაგიკული ცხოვრების მანძილზე მისი უშრეტი სულიერი ძალა, ყოველთვის გამოცანა იყო ჩემთვის. ახლა კი რეჟისორმა წამებში გადამავლებია თვალი მისი ორი შვილის დაღუპვის მომენტებს. მკთიხველს განწყობას არ დავუმძიმებ იმ ტკივილის აღწერით, რასაც ეს ქალი საკუთარ თავთან დარჩენილი განიცდიდა და როგორ დიდსულოვნად ცდილობდა ობოლი შვილიშვილებისთვის და რძლებისთვის ეცა ნუგეში. საოცრება იყო როგორ იპოვა თავის თავში ძალა, რომ სამყაროზე არ გაბოროტებულიყო და ადამიანებისთვის ღიმილი და სიკეთის ქმნა არ დაშურებოდა.
შემდეგი კადრი ამ ქალის გარდაცვალების შემდგომ ვითარდებოდა. ვხედავდი როგორ უჩვეულოდ ლაღად მიაბიჯებდა ბილიკზე. ბილიკს ირგვლივ ქათქათა, სქელი ნისლი ეხვია. ბოლოში კი ნათლად ჩანდა უსასრულოდ მაღალი, თეთრი კარები.კარებს კი მკრთალი მოციმციმე მწვანე წარწერა ამშვენებდა. (მერე ბევრი ვეცადე, მაგრამ ვერაფრით გავიხსენე, რა  წარწერა იყო ასეთი, თმის ღერიდან ფეხის ფრჩხილამდე რომ იდუმალ, გამოუთქმელ სითბოთი წამლეკა). გზადაგზა საიდანღაც ცოცხალთა მოგონებები ისმოდა ამ ქალის შესახებ. ყოველი თბილი მოგონების შემდეგ ბილიკი შესამჩნევად მოკლდებოდა. ორმოცი დღე არც კი იყო გასული, რომ იგი ღია კარებთან აღმოჩნდა. კადრში არ ჩანდა რა ხდებოდა კარს იქეთ, მხოლოდ ქალის უჩვეულოდ ბედნიერი, შვებანაგრძნობი სახე ჩანდა.
შემდეგ ნოველაში შუახნის მამაკაცი აკაციის სარებისგან გაკეთებულ ღობეს არღვევდა. მზე ჯერ არ ამოწვერილიყო. კაცს ზედმეტი სიჩქარისგან ხელები ებორკებოდა, დაძაბული და აფორიაქებული ჩანდა. თვალებს აქეთ-აქეთ აცეცებდა.ის იყო, ოცი მეტრის სიგრძეზე მოარღვია ღობე, რომ თავს ცოლი წამოადგა.
-რას აკეთებ კაცო, ამ დილაუთენია. ან ამ ღობემ რა დაგიშავა. ახლახანს არ შევცვალეთ?
-რას ვაკეთებ და ჩემი შვილების მომავალზე ვზრუნავ. ხომ ხედავ რა კაი მიწაა. სულ ხუთიოდ მეტრით გადავწევ ღობეს და აქედან მალე კაი შემოსავალს მივიღებთ.
-მაგ მიწაში ჩაგმარხე, - ხმადაბლა წაუსისინა ქალმა და ლოყა ჩამოიხოკა, – ობოლ ძმიშვილს ლუკმას აცლი?! თავი სად გამოვყოთ სირცხვილით. რით ვერ გაძეხი, შე სასიკვდილევ.
-ენა გააჩუმე დედაკაცო! შენი ხმა არ გავიგო, თორემ ამ სარს ზურგზე გადაგატეხ. ჩემს რძალს ამდენი მიწის მოვლა სად შეუძლია, მის ერთ შვილს დანარჩენიც თავზე გადაუვა, მე უფრო მჭირდება, ხუთი შვილის პატრონს.
ცოლმა რაღაცის თქმა კიდევ დააპირა, მაგრამ კაცმა სარი მოუღირა მუქარის შესასრულელად:
-სიტყვა აღარ თქვა, იცოდე. გირჩევნია მომეხმარო და დროზე მოვრჩეთ, სანამ გაუღვიძიათ. ქალი გატეხა ქმრის დამაჯერებლობამ. როგორც შევნიშნე, შეჩვეული იყო ქმრის "სიმართლის ფილოსოფიას". დაიხარა და მრჩილად, უხალისოდ მიაწოდა მავთული.
უკვე შუადღე იყო, როცა ქვრივმა შენიშნა მის პატრონად შეგულებული მაზლის ნამოქმედარი. ღობესთან მივიდა, ღონემიხდილი ჩამოეყრგნო მას და უმწეოდ აქვითინდა. დედის ქვითინი  თორმეტიოდე წლის ბიჭის ყურს მისწვდა, მოირბინა და როცა მიხვდა რაც მომხდარიყო, ელდანაკრავივით გაშეშდა.
მალევე მოერია თავს:
-შენ ნუ იდარდებ დედი, გავიზრდები და ათჯერ დიდ მიწას გიყიდი. – ძლივს მოახერხა ხმაში შერეული ტირილის დაფარვა და დედას გაშორდა, რომ მისგან მოფარებულში მიეცა ცრემლებისთვის გზა.
შემდეგ კადრში მკითხველისთვის უკვე ნაცნობი ბილიკი და კარები გამოჩნდა, ოღონდ ეს კაცი ჩვეულებრივ, ნაბიჯებით კი არ უახლოვდებოდა კარებს, ოცი მეტრის სიგრძის აკაციის ღობის იქით იყო. თითოეულ სარს თხრიდა და ზუსტად ნახევარი სანტიმეტრით წინ არჭობდა. უფრო შორს -არაფრით  გამოსდიოდა.
უცებ კაცის ხმა გაისმა:
-ადრე ეს მიწაც ჩვენი იყო ბაბუ, მარა იმ სულცოდვიანმა ბიძაჩემმა წამართვა.
-მერე რატო დაანებეთ, ბაბუ?-გაეპასუხა მოზარდის ხმა.
-მაშინ პატარა ვიყავი. რომ გავიზარდე კი მოვინდომე მიწის დაბრუნება, მაგრამ დედაჩემმა გადამაფიქრებინა: არ ღირს მტკაველი მიწისთვის ნათესავებთან ურთიერთობის გაფუჭებაო. მართალიც იყო.
ეს იყო და რამდენიმე მეტრით დაგრძელდა კართან მისასვლელი ბილიკი. კაცმა სასოწარკვეთილმა წაიშინა თავში ხელები, ღობესთან ჩაიმუხლა და მოთქმით, შესაბრალისად ატირდა.
-მაკმარე გევედრები, უფალო, უკვე ორმოცდაათი წელია ვწვალობ, აღარ კმარა? სადამდე უნდა გაგრძელდეს ასე. ის მაინც შემაძლებინე ჩემს შთამომავალს ხმა მივაწვდინო - დააბრუნოს მიწა. იქნებ ერთი ნაბიჯით მაინც შემიმოკლდეს გზა!..
ამ სულისშემძვრელი კადრის მერე ეკრანი გაშავდა.
მთვარემ კალთები შეიკეცა და ასე დამძიმებული განწყობით დამტოვა.
-წადი ახლა სახლში და თუ კიდევ მოგინდება ჩემთან ლაპარაკი, იცი სადაც ვარ.  – მითხრა მუხამ და ჭიშკრისკენ შემატრიალა.
- თითქმის ყოველდღე გიგზავნებათ პატარ-პატარა სასწაულები, მთავარია გული დახშული-დაგმანული არ გქონდეთ მის შესაგრძნობლად.- მომაძახა ჭიშკრიდან გასულს.
 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები