ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
29 ოქტომბერი, 2012


ჩვილის ”მანეჟიდან” დანახული...

დავიბადე და... ცხარე ცრემლით შევხვდი გარემოს,
გავაპროტესტე დატოვება თბილი სავანის.
სულ არ ველოდი ამ სამყაროს, ასე არეულს,
ხელ-ფეხს მიკრავდნენ, არ ვიგუე რადგან საბანი...
გავიზარდე და... ყოფამ ყოფნა ძვირად დამისვა,
თავს გავექეცი თავგადაღმა აზრის საძებრად.
რაც ჩამოვთვალე,  კი ყველაფერ  გარდა ამისა,
ორპირ ქარების სიყვარულიც მოიაზრება...
მოვიწიფე და...დროს ჩავხედე მეტყველ თვალებში,
საჭირო დროს არ მოხვედიო - თვალით მანიშნა.
რომელ სიმაღლის რომელ ფსკერზე როგორ დავეშვი,
წატეხილ წვივზე მაწერია... თუმცა, მაშინვე,
ჩემს თავს მოვკითხე ნაცალფეხიც,  ნაუკუღმართიც,
თავგადაღმაში დაგროვილი გამოცდილებით
მას მივაშურე, ყველა ნაკლით ვისაც ვუყვარდი,
და დღეუნაკლოდ გავაჩინე მასთან შვილები...
მოვიხანდაზმე... დროს ჩავხედე ისევ თვალებში,
სახელური ხარ სხვა კარისო! - მითხრა სიცხადით. 
ჩემი ბადიში აპროტესტებს ყოფნას ”მანეჟში”,
აქ კი ყველა დარდს მე უბრალოდ გამოვრიცხავდი...
                            25.06.12

***
სიმართლე კორიდის იმ დაჭრილ ხარს მოჰგავს,
ჯერ რომ არ დაცლილა ბოლომდე სისხლისგან.
ნუღარ შემახსენებთ, რომ ახლა სხვა დროა,
ცხვირუხოცველებმა რომ უკეთ იციან
”ახალი დროების” დროული განჭვრეტა,
მომავლის ვადამდე მოყვანაც სალუტით!..
„სახსარმა“ უსასოდ იქავა მარჯვენა,
მერე უსახსრობის გამო სულ გალოთდა...
ყავლგაუსვლელია ცრუ ენის უძვლობა,
მასწავლის ცხოვრებას ”ნამანიქაშარი”.
თუმცა, ამ ”სიამეს” წინ ბრბო მიუძღოდა,
მათი ბელადივით გულქვა და აშარი.
მერე კი გამოჩნდა რა, როგორ დაშავდა,
გონი რომ გარიყეს „გონივრულ ეჭვებმა“...
ჩემმა ცხოვრებამ კი ხელები გაშალა,
და უხმოდ მომხვია შემცივნულ ბეჭებზე...



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები