ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბეთ ავენ
ჟანრი: საბავშვო
29 ოქტომბერი, 2012


- მოხუცი პუმა -

სევდიანად გაჰყურებდა სივრცეს. რა ხანია მარტოდ იყო. შვილები რაც წამოიზარდნენ, მას შემდეგ ყნოსვით თუ შეიგრძნობდა მათ არსებობას. თვალით არასოდეს უნახავს, არსად შეხვედრია. ყოველივე შეასწავლა, რაც თითონ იცოდა, ყველა ცოდნა გაუზიარა. ისინიც ბრწყინვალე მონადირებად დაიზარდნენ. უამისობა, აქ, ამ ადგილებში დაღუპვას ნიშნავს. ახლა მათ თავიანთი ტერიტორია ჰქონდათ მონიშნული და აქაური წესებით მისი შენარჩუნება გამბედაობას, სიფხიზლეს და ძალას მოითხოვდა. სისუსტეს აქ არავინ არავის პატიობს!  ახლა მოხუცი პუმა თავის ტერიტორიაზე კი იმყოფებოდა, მაგრამ აგერ მესამე დღე გადიოდა, რაც  მისი საზღვრები აღარ შემოუვლია, ძალა აღარ შესწევდა. ეს კი ხშირად უნდა გაეკეთებინა.   
- ეჰ, სიბერევ, თორემ არც ისე დიდი ხნის წინათ, ერთი კი არა და, აფთართა ხროვაც ვერ გაბედავდა ჩემს სამფლობელოში შემოხედვასაც, არამც თუ შემოსვლას! ოხ, ეს თავხედი და გადიდგულებული არსება! როგორ მივლის გარს, როგორ მამოწმებს თუ როგორ მოვიქცევი! ასე დაუძლურებულიც კი გაგაგდებდი აქედან, მაგრამ არ გამოგეპარება ჩემი სიბერე და სხვებს გასძახებ, ისინიც მოცვივდებიან და უმოწყალოდ შეეცდებით ჩემს დაჯიჯგვნას, აბა თქვენ წესიერად კბენაც არ იცით... არა და, რომ არ შევიმჩნიო არ ივარგებს, კარგად გრძნობენ სხვის დაუძლურებას. მახსოვს ჩემს თვალწინ თვით ცხოველთა მეფეს როგორ მოუსწრაფეს სიცოცხლე... ამიტომ ძალას მოვიკრეფ და... 
რაც შეეძლო სწრაფად წამოდგა და ეშვები გამოაჩინა. აფთარი თავიდან შეკრთა და გაიქცა, მაგრამ მერე შეჩერდა, ისევ პუმას გახედა და მისკენ დაიძრა. მოხუცმა პუმამ ისევ გამოაჩინა ეშვები და ახლა როგორც შეეძლო  დაიღრიალა. აფთარს სვლაც არ შეუნელებია, რადგან  გადაცვეთილი ეშვები უწუნდებურად  აღარ უელავდნენ და ხმაც დასუსტებია მოხუც პუმას. აფთარს საზიზღრად ჩაეცინა და სვლას უმატა, ხტუნვა-ხტუნვით უახლოვდებოდა. 
    - მოდი, მოდი... უფრო ახლოს. კი დავბერდი, მაგრამ სისწრაფე ჯერ არ დამიკარგავს... მოდი, მომიახლოვდი, იმდენი ძალა კი შემწევს, რომ ყბა ჩაგილეწო!                                                                       
იმ მანძილზე უნდა მიეშვა, რომ თათით მიწვდომოდა, მოთმინებით ელოდებოდა. აფთარმა სვლა შეანელა, ნაბიჯი ღა აკლდა.   
- ჯერ არა... კიდევ ცოტაც... არ აჩქარდე... 
თავს იმშვიდებდა მოხუცი პუმა, თორემ შიგნიდან დუღდა!  რა ძლიერ უნდოდა წამოჭრილიყო და მაშინ ნახავდა ამ თავხედს შიშისაგან კუდამოძუებულს!   
ნაბიჯიც და აფთარი  პუმასათვის სასურველ მანძილზე იქნებოდა, მაგრამ იგი შეჩერდა და დამცინავად კრეჭდა კბილებს, მეტად არაფრით აღარ მიუახლოვდა.   
პუმამ მოთმინება დაკარგა, ძალღონე მოიკრიფა და დაიღრიალა: 
- მოოდიიი!!!     
 
აფთარი ჯერ შეკრთა, ყურადღებით შეათვალიერა მოხუცი პუმა და  მერე ხმამაღლა აკივლდა-აყმუილდა. ეს ავისმომასწავებელი ნიშანი იყო, აფთარი სხვა აფთრებს იხმობდა. მოხუცმა პუმამ ჰორიზონტს გახედა. ცოტა ხანიც დ დალანდა კიდეც. მრავლად იყვნენ, აქეთ მოემართებოდნენ.   
- ნეტავი ხე მაინც იყოს ახლოს!     
მიხედ-მოიხედა. იქით, მოშორებით, მართლაც შეამჩნია ობლად მდგომი ხე,  წამოდგა და  იმ ხისკენ გასწია. აფთრებს გაურბოდა პუმა! გაქცევაც არის და გაქცევაც! მიძუნძულებდა. შუა გზაზე შეჩერდა და გადაწყვიტა: 
- იყოს რაც იქნება! თავისუფლად მიცხოვრია და ასევე დავასრულებ! რაღა დამრჩენია? შიში და თავისუფლება ერთად ვერ იქნებიან! ჰო,და იყოს რაც იქნება!   
აფთრებისკენ შეტრიალდა და მშვიდად დაელოდა მათ მოახლოვებას. აფთრემბა იგი წრეში მოაქციეს. პუმა არ განძრეულა, სანამ ზურგიდან ორის მოახლოვება  არ იგრძნო, მერე სწრაფად მიუბრუნდა და იმ ორს მძლავრად ჩასხო თათები. ორივე მიწას დაანარცხა, მერე მარჯვნიდან მოიცილა კიდევ ორი, იმათაც ძლიერად მოხვდათ მოხუცი პუმას თათები. მერე ჰაერში აიჭრა და მარცხნივ მდგომი სამი აფთარი რიგრიგობით ძირს დასცა და მათგან ორს თავზე თათი დაადო გამარჯვების ნიშნად. აწკმუტუნდნენ აფთრები.   
- რას გვეძახდი, შე ყეყეჩო?!  ამისათვის გვეძახდი, რომ ვეცემეთ? რომ ჩვენთვის ყბები დაელეწა?! წავედით!  - დაიძახა ერთმა და გაქცევით უშველეს თავს.
მოხუცი პუმა იდგა ამაყი! გული ისევ ახალგაზრდულად უცემდა! ძალა ისევ დაბრუნებოდა!  ხმამაღლა გასძახა აფთრებს: 
- აქ მე ვარ ბატონიიი!         
მერე შეტრიალდა, იმ ობოლი ხისკენ გასწია და როდესაც  მიადგა  მაღალი ნახტომით  მოხერხებულად  მოკალათდა მოგრძო ტოტზე. ერთხელ კიდევ გახედა ჰორიზონტზე კუდამოძუებულთა სილუეტებს. უცებ სმენად იქცა. კი! ნაცნობი ხმა იყო! ეს მისი ნაბოლარა ამცნობდა სხვა ცხოველებს:   
- მე ვარ ჩემს ტერიტორიაზე ბატონი! - ო   
,,ნეტავი ახლა როგორია? მე მგავს თუ მამამისს? ეჰ, რა მნიშვნელობა აქვს... ის ჩემი სისხლისა  არის! ვიცი ისიც ღირსეულად  ჩაატარებს ბოლო ბრძოლას! ბოლო ბრძოლა ყველას ჩასატარებელი აქვს!,, 
მოხუცი პუმა ახლა უფრო მოხერხებულად მოკალათდა  ტოტზე, რადგან ძილში ხიდან არ ჩამოვარდნილიყო და მშვიდ ძილს მიეცა... 
მეორე დილით იმ ობლად მდგომი ხის ქვეშ აფთრები შეგროვილიყვნენ. საზარლად ყმუოდნენ და უკანა თათებზე დგებოდნენ, რათა როგორმე პუმას შეწვდომოდნენ და რადგან ამას ვერ ახერხებდნენ ყმუილს მათი კბილების ღრჭიალიც ემატებოდა. 
მოხუცი პუმა კი  მშვიდად იწვა და ამ სიმშვიდეს იმ დილიდან ვეღარავინ და ვეღარაფერი დაარღვევდა, ვეღარც მარტოობის სევდა, ვეღარც სიბერე და ვეღარც აფთრები...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები