ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: დავით შემოქმედელი
ჟანრი: პოეზია
31 ოქტომბერი, 2012


მინიმები_ ძველი წიგნებიდან

...
ჩამოისვენა ნიავმა რტოზე,
თუ ბეღურას აკანკალებს
ყინვით გათოშილს...

***
ჩემს ბავშვობასთან წაგეყვანე,
სოფლის ბილიკო,
სასაფლაოსკენ როცა გარბიხარ...

***
რას მეტყვი, ცაო,
უხიფათო შენაც არა ხარ,
სამხრეთის ცაზე
წუხელ ძერამ გადაიფრინა...

***
დედის საფლავზე
ამოსულო ყვავილო,
ნიავზე რომ ირხევი,
დედის სუნთქვა მგონიხარ...

***
ხმა სარდაფიდანაც გამოაღწევს
ქუჩაში, მაგრამ
ვაი, რომ სხვაა
ამ ხმის ძალა.

***
/პოეტი/
დინოზავრების ნაკვალევზე
სიარული აკრძალულიაო, _
გაფრთხილებენ.
შენ მაინც ბედავ...

***
სექტემბრის დილა,
იელების ყვითელ ხანძარში
შენ შეგამჩნიე, გულთეთრა ჩიტო,
ოღონდ ვერაფრით დავადგინე,
ვის უგალობდი...

***
დაეცა სხივი
აივნის რიკულს,
მეზობლის ქალმა გაიხადა
ამ დილით თალხი...

***
ჩემი უძილო ღამეებიდან
შენს მარადიულ ძილამდე
რამდენი გრძელი ზამთარია,
დედა!

***
ნუ მიწყენ,
ზოგჯერ თუ გიბრაზდები,
ნაგვიანევი გაზაფხულისთვის
საყვედური, მახსოვს, ერთხელ
მზესაც შევკადრე.
***
დედინაცვალი არ მყოლია,
იქნებ ამიტომ, ისე წავიდა,
ვერ შევიცანი ბოლომდე
დედა.

***
" ხე ნაყოფით იცნობის"
და არა ფოთლების შრიალით...

ცხოვრება

საკუთარი თავის და
სხვების დარწმუნება, რომ
მართალი ხარ...
***
შენ სიძულვილი დაასაფლავე
და ახლა შიშობ,
სიყვარულს ხომ არ
ავნე რამე.

სიყვარული

სიცოცხლის არსიც იქნებ ისაა,
ღვთაებრივით თუ ავსებულა
სიცარიელე.

მამა. შვილი.

ორი საწინააღმდეგო მიმართულებით
მოძრავი პარალელური ვექტორი,
სივრცის რომელიღაც ნაწილში
გადაიკვეთებიან.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები