ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნეფერტარი
ჟანრი: პროზა
3 ნოემბერი, 2012


ბედუინი (ნაწილი XVI ჰილალეს სიყვარული)

                                                                                                                  ახლა საჰარის უდაბნოს ვგავარ
                                                                                                                  და როგორც ჰაშიშს ბედუინი,
                                                                                                                  სანამ მომწევდეს  ჰარმატანი ანდა ჰამსინი,                   
                                                                                                                  უნდა მომძებნო!
                                                                                                                                                          ჰანა             


გზაში მხოლოდ ერთხელ შევისვენეთ წყლის დასალევად.  თანამგზავრთან გამოლაპარაკება ვცადე მაგრამ,- ის დუმდა.

საღამოს პირი იყო, როდესაც თეთრი ქვიშის ბარხანების ბმული მოულოდნელად დასრულდა  და  ხეების მწვანე კორომები გამოჩნდა. უდაბნო „შეწყდა“. 

მონატრებულმა სიმწვანემ ისეთი ნეტარი სიმშვიდე მომაფინა, რომ თავბრუ დამესხა. ერთბაშად ისე დავბრმავდი, რომ მწვანე ჰორიზონტის გარდა ვეღარაფერს ვხდავდი.

ცხენი სწრაფად უახლოვდებოდა  მწვანე საზღვარს.  პალმები და ფოთლოვანი ხეები ერთმანეთს ენაცვლებოდნენ და მანათობელი სიმწვანე სიცოცხლის არომატს აფრქვევდა.

მცირე დასახლება გამოჩნდა. პატარა გუბურის გარშემო მწვანე მოლი ღაღანებდა, გუბურა ცას ისე ირეკლავდა რომ გეგონებოდა ცა თვითონ ჩამობრძანებულიყო უდაბნოში. გუბურას გარშემო უდაბნოს ქვიშა ეყარა, ზედ ლურჯი ფერის ქსოვილი გაეფინათ, სუფრა გაეშალათ, სანოვაგე და ხილი ეგვიპტურად დაწნულ ლოტოსის კალათებში  ლამაზად და მიმზიდველად ელაგა.

ჩვენს დანახვაზე ორმოციოდე ადამიანმა სიხარულის  ჟივილ-ხივილი ატეხა. გამოგვეგებნენ და წრეში მოგვაქციეს.  სოფლის მთელ მოსახლეობას ლურჯი ფერის სამოსი ემოსა,  ყელზე ყველას ჯვარი ეკიდა,  სიგანეში ოდნავ გაწელილი და ნაპირებგადმოკეცილი. სამოსის ფერმა და ჯვრის ფორმის სიმბოლომ მიმახვედრა, რომ ტუარეგების ერთ-ერთი მომთაბარე ტომის პატარა, დროებით სოფელში აღმოვჩნდი.

ჩემს დანახვაზე ხალხის აღტაცებული შეძახილები ერთბაშად შეწყდა. ყველა გაჩუმდა. 
მხედარმა ცხენიდან ჩამომსვა და შეჯგუფული ხალხის უკან, ცალკე მდგარი ქალისკენ გაემართა. მოწიწებით დაღუნა თავის მის წინაშე და რამოდენიმე წინადადება უთხრა.
ქალმა შუბლი შეიკრა და მდუმარედ მიაცქერდა. შემდეგ მე შემხედა, დაკვირვებით ამათვალიერა და ჩემსკენ წამოვიდა.

ოცდაათიოდე წლის იქნებოდა, საშუალოზე ოდნავ მაღალი, ბრინჯაოსფერი გლუვი კანით, შავი მბრწყინავი და ღილისფორმის მრგვალი თვალები ნუშის ფორმის უპეებიდან ნაპერწკლებს ისროდნენ,  მაღალი, წვრილი შავი წარბები  საფთქლებამდე გაწოლილიყვნენ, მაღალი შუბლი ქონდა, სახის ოვალი იდეალური, პატარა და მოძრავი ნიკაპი მის მოუსვენრობაზე მეტყველებდა, გრძელი და ხვეული თმა რომელიც თავზე ყვითელი წვრილი ბათფით ქონდა შეკრული,  ფირუზის სავარცხლებით დაემშვენებინა და  წელამდე ტალღებად სცემდა. ლამაზ მკლავებზე ფირუზის სამაჯურები ქონდა ასხმული. იდეალურად ლამაზი მკერდი, წვრილი წელის მოქნილ ხაზში ისე გადადიოდა,  რომ მთლიანად იმეორებდა რომანტიული გულის მოხაზულობას.  მრგვალი მოქნილი, გლუვი და ღონიერი თეძოები, თხელი და სანთელივით ჩამოქნილი  ფეხებით თავდებოდა, რომლებიც კოჭებში ისეთი წვრილი იყო, რომ უნებელიედ იფიქრებდი, - აი ახლა გადატყდებაო. ფეხზე ლურჯი სანდლები ემოსა, კოჭებზე წვრილი ფირუზის მძივები ეხვია, სხეულზეც ლურჯი ბამბის ქსოვილის ნაჭერი მუხლამდე ნაკეცებად ქონდა შემოხვეული, წელი მკერდიდან ჭიპამდე შიშველი ქონდა.  მკერდს ასევე ლურჯი ქსოვილი უფარავდა, რომელიც წვრილი ზონრით კისერზე ჰქონდა შეკრული.  მაღალ ყელზე ფირუზის ისეთი მშვენიერი ყელასაბამი ეკეთა, ინგლისის დედოფალსაც შეშურდებოდა. ყველაზე თვალში  საცემი კი  მისი ტუჩები იყო, პატარა, ხორციანი ძალიან ლამაზი და მუქი ვარდისფერი ტუჩები. ის მართლაც ულამაზესი იყო,  ნამდვილი მზეთუნახავი.  მაგრამ მთავარი ეს როდი იყო, მას ისეთი ღირსეული მიმოხვრა და მანერები ჰქონდა და ნაბიჯსაც ისე ადგამდა,  რომ მსოფლიოს ყველაზე ცნობილ პოდიუმსაც შეშურდებოდა მისი გრაცია.

თავდახრილი ხალხი ორად გაიყო  და გზა დაუთმო  ჩემსკენ მომავალ მშვენიერ ქალს, მას შეხედვასაც ვერ უბედავდნენ. 

მივხვდი რომ ის ტომის ბელადი, მათებურად „ამენოკალია“ *- ანუ დედოფალი იყო.
საჰარაში მომთაბარე ტომებისაგან ტუარეგები ყველაზე  გამორჩეულნი იმით იყვნენ, რომ მათი წესწყობილება მატრიარქატს ეფუძნებოდა და კასტებად იყო დაყოფილი.

ამ ყველაფერს ქალები წყვეტდნენ.

ამენოკალია ახლოს მოვიდა და წარბშეკრული გამომცდელად დამაკვირდა.  ჯადარმა თავი მხარზე დამადო და ქალს ისე დააცქერდა. ცხენის მოძრაობაზე ქალმა უკან დაიხია და ზარივით წკრიალა ხმით რაღაც მკითხა, მხოლოდ ერთი სიტყვა მეცნო - „ალ კაბირ“. მე უჩუმრად თავი გავაქნიე არას ნიშნად. მაშინ მან ცხენზე მიმითითა და ჟესტით მკითხა - „ეს ცხენი შენთან როგორ აღმოჩნდაო.“ - მოვსინჯე არაბული, ინგლისური, რუსული, ქართულიც, - მაგრამ მას ჩემი არაფერი ესმოდა.
ხალხიც ისე მიცქერდა, მივხვდი, რომ მათაც ვერაფერი გაიგეს.

ქალმა ჩემი იჰრამი ხელით მოსინჯა, ჯერ სისხლით დაწინწკლულ სხეულს და მერე ზედ შემორჩენილი აბრეშუმის კაბის ნაგლეჯებს დააკვირდა, მერე ჩემს ფეხსაცმელებს დააშტერდა და დაფიქრდა.

ყველა ჩუმად იყო, ყველა მას ელოდა.

ხალხს შევხედე, უცნაურად ლამაზი ხალხი იყო. ტუარეგები კაიროშიც მენახა, მაგრამ იქ ქალაქური იერი ედოთ. აქ კი საჰარაში,  თავიანთი პირველყოფილი სახით,  გაცილებით კარგი სანახავები იყვნენ ვიდრე  მათი კაიროელი თანატომელები.  მამაკაცებს მხოლოდ თვალები უჩანდათ, ისე ჰქონდათ მოხვეული ლურჯი თავსაბურავები.  ქალებს კი სახე ღიად ჰქოდათ და არ მალავდნენ.

ამენოკალიამ  გულზე ხელი მიიდო და ისევ გავიგონე მისი ზარივით წკრიალა ხმა:

    -  ჰილალე. - მივხვდი რომ სახელი მითხრა.

მე ცალ მუხლზე ჩავიჩოქე და მოწიწებით დავხარე თავი, გულზე ხელი მივიდე და ვუპასუხე:

    -  ნილნა. - მივხდი, ეამა ჩემი საქციელი, მაგრამ როცა წელში გავიმართე და შევხედე, მისმა თვალებმა აფთრის თვალები გამახსენა. მის  გამოხედვაში  მტრული ნაპერწკალი ღვიოდა.

ქალი ხალხისკენ მიბრუნდა და რაღაც ანიშნა. ხილი და სანოვაგე სწრაფად გაქრა. ყველა დაიშალა და  თხის ტყავებით ბეწვით გადახურულ კარვებში შეიყუჟნენ. მხოლოდ მე, ჯადარი, ჰილალე და ჩემი თანამგზავრი დავრჩით,  თუმცა დარწმუნებული ვიყავი რომ ორმოცი წყვილი თვალი დაჟინებით მოგვშტერებოდა. მხოლოდ რამოდენიმე ბავშვი თამაშობდა ქვიშაში გუბურის მეორე მხარეს. ქალმა რაღაც უთხრა ადრარს, მან აღვირს ხელი მოკიდა და ჯადარი გაიყოლა. ცოტა ხანში მობრუნდა, თან ძალიან მოხუცებული, წელში მოხრილი ქალი მოიყვანა და რამოდენიმე სიტყვა უთხრა.
მოხუცმა მოწიწებით ახედა ჰილალეს და თავი დაუქნია. 

ისევ გაისმა წკრიალა ხმა, ჰილალე გაბმულად ლაპარაკობდა, მოხუცი ყურადღებით უსმენდა. შემდეგ მე მომიბრუნდა და დამტვრეული არაბულით მკითხა:

  - ამენოკალია ჰილალეს აინტერესებს, როგორ მოხვდა ეს ცხენი შენთან და მისი პატრონი სად არის!

  - უდაბნოში თავს დაგვესხნენ, მან ცხენი მომცა რომ გავქცეულიყავი. თითონ იქ დარჩა. - მეც დამტვრეული არაბულით ვუპასუხე და ეჭვით შევაჩერდი რამე გაიგო თუ არა. მოხუცმა ჰილალეს ჩემი პასუხი მოახსენა და ისევ მომიბრუნდა.

    - ჰილალეს აინტერესებს ვინ ხარ და როგორ მოხვდი ალ კაბირთან. გიბრძანებს მოყვე შენი ამბავი ! - მომაჩერდა მოხუცი.

იმდენი არაბულის თავმოყრა მთელი ამბავი რომ მომეთხრო, ძალიან გამიჭირდებოდა.  ჟესტებითაც ვერ გავიდოდი იოლას და არც მოხუცის დამტვრეული არაბული მესმოდა მაინც და მაინც.  რა უნდა მექნა აღარ ვიცოდი, აქეთ-იქეთ უმწეოდ მიმოვიხედე და თვალში პატარა ბიჭუნა მომხვდა, რომელიც  გუბურას მეორე მხარეს, ქვიშაზე თითით რაღაცას ხატავდა და ხალისიანად ჭყლოპინებდა.

  - "უნდა დავხატო, სხვა გამოსავალი არ მაქვს!" - გავიფიქრე და იქვე ახლოს მდგარ ფინიკის პალმას ერთი „ეშვი“ მოვატეხე, გუბურის პირას გაშლილ ქვიშაზე დავიჩოქე  და ჩემი თავგადასავლის ქვიშაზე ხატვა დავიწყე.

ჯერ აფრიკის კონტინენტი, ეგვიპტის რუკა და ხმელთაშუა ზღვა მოვხაზე, მერე წინა აზიის ნახევარკუნძული და შავი ზღვა, უფრო ზემოთ კავკასიონის მთაგრეხილი, საქართველოს რუკა, რუკაზე მივუთითე მერე იგივე ხელი გულზე მივიდე  და მშვიდად ვთქვი  -„გურგისტან“!  - ეგვიპტის რუკაზე დაახლოებით იმ ადგილს დავადე თითი სადაც ჩემი აზრით ახლა ვიმყოფებოდი და მშვიდად ვთქვი:

  - „ ჰილალე... ნილნა“. - ჰილალემ მანიშნა რომ გაიგო. - გამეხარდა და უფრო მეტი მონდომებით გავაგრძელე ხატვა.

დავხატე ნილოსი, კაიროს ადგილსამყოფელი და პირამიდები. იქვე სახლი მივახატე და ისევ გულზე მივიდე ხელი. - ქალმა ისევ დამიქნია თავი.  უფრო გულმოცემულმა გავაგრძელე ხატვა. ვხატავდი როგორ ჩამოვედი გურგისტანიდან, როგორ გავიპარე კაიროში სახლიდან, როგორ მოვხვდი საჰარას უდაბოში, როგორ ვიფრინე „ფრთებით“, როგორ დავინახე ხალხი რომელსაც ჩვენი დაჭერა და გაყიდვა უნდოდა, როგორ მესროლეს და ჩამოვვარდი ჰამადში. როგორ მეშინოდა და მაინც მივდიოდი საჰარაში ფეხით დღე და ღამე, მარტო და  წყლის გარეშე. როგორ ვიპოვე შემთხვევით რამოდენიმე დღის შემდეგ  ცხენი, რომელმაც დაჭრილ  და უგონოდ მყოფ კაცთან მიმიყვანა, რომ ის ალ კაბირი იყო. როგორ მოვუარე და გადავარჩინე.  მან კი მადლობის ნიშნად გადაწყვიტა მე გადავერჩინე და კაიროში დავებრუნებინე. როგორ აგვედევნა მდევარი, რომ ალ-კაბირმა რაღაც უფრო მეტი იცოდა მდევარზე ვიდრე მე. როგორ მოგვაგნეს ათი დღის შემდეგ. როგორ იკამათეს ერთმანეთში და როგორ გამოვიქეცი ბედუინის ცხენით . როგორ ვათევდი ღამეს გველებთან და მორიელებთან. როგორ დამეწია მდევარი. ვხატავდი იმას, რაც ერთმანეთს უამბეს ჩემს გამოქვაბულთან და რატომ უნდოდათ ჩემი დაჭერა.  მხოლოდ ბედუინის ოჯახში მომხდარი ამბის, ბიძაჩემის და  ჩემი ოქროს კენჭების შესახებ არ მითქვამს არაფერი.

      გუბურის გარშემო ქვიშა ნახატებით იფარებოდა. მე ადგილს ვინაცვლებდი, სუფთა ქვიშაზე გადავდიოდი და ახლა იქ ვაგრძელებდი ხატვას. უკან ჰილალე მომყვებოდა და ნახატებს თვალს ადევნებდა. დავხატე როგორ გადავლახეთ მე და ალ კაბირმა გველების ქორწილი, როგორ გადავრჩით კლდიდან გადაჩეხვას, ვხატავდი არაქნიდებით სავსე გამოქვაბულს, გველთან ბრძოლას არწივისთავიანი კლდის გამოქვაბულში, როგორ დაკბინა გველმა მდევრებიდან ერთ-ერთი, სად იყო მისი საფლავი. როგორ გადავრჩით ქვიშის ქარიშხალს მე და ცხენი, როგორ დავაღწიე თავი მოხეტიალე ქვიშის ჭაობს, როგორ ვებრძოდი აფთარს და რომ ჩემს სხეულზე აფთრის სისხლის წვეთები იყო.  როგორ მიპოვა ადრარმა და როგორ მოვხვდი აქ.  დავხატე სად დარჩა ბედუინი, ისიც დავხატე რომ მას წყალი აღარ ქონდა, არც იარაღი და საჭმელი, რომ ყველაფერი მდევარმა წაართვა. ხელები შევატყუპე, თითის წვერები შუბლზე მივიდე, მერე ქვიშაზე დახატული ბედუინისკენ ხელი გავიშვირე და სულ ორი სიტყვა ვთქვი არაბულად:

    - დაეხმარეთ, გთხოვთ ! - მოხუცმა სასწრაფოდ უთხრა ქალს ჩემი ნათქვამი. ჰილალე დამაკვრიდა და რაღაც თქვა. მოხუცს მოლოდინით მივაჩერდი.

    - ამენოკალიას არ ჯერა შენი მონაყოლი. ის ფიქრობს რომ შენ მონუსხე და მოკალი ბედუინი, მისი ოქრო და ფირუზი რომ წაგეღო და ცხენი წაგეყვანა. შენ უბრალოდ გზა აგერია. ალ კაბირი ცხენს არავის მისცემდა, მითუმეტეს შენ!  ეს არ მოხდებოდა, არა!  შენ უნდა დაისაჯო!

    - არა, მე არავინ მომიკლავს ! გთხოვთ დაეხმარეთ ალ კაბირს, გაგზავნეთ ვინმე ადრართან ერთად! ის უდაბნოშია და ცოცხალია. გთხოვთ დაეხმარეთ! თუ ცოცხალს იპოვით, თითონაც  ხომ გეტყვით რომ დამნაშავე არ ვარ!

ჰილალე თარგმანს ისმენდა და დუმდა. დაჩოქილი ქვემოდან ზემოთ შევცქეროდი თვალებში. ვხედავდი რომ გადაწყვეტილებას იღებდა. ადრარს დაუძახა და რაღაც უთხრა.  ადრარმა სოფლის გასასვლელთან თხის ტყავით გადახურული ჩარდახისკენ მანიშნა, მეც მორჩილად გავყევი უკან და  ჩარდახთან გავჩერდი.  ადრარმა ჩემთვის მოულოდნელად, ხელები შემიკრა და იქვე მდგარ პალმაზე ძაღლივით კისრით მიმაბა.  გაკვირვებულმა და დაბნეულმა მხოლოდ ერთხელ ვკითხე:

      -„ადრარ, რატომ ?“ - მან თავი ამარიდა.  მხოლოდ მისი თვალები იმზირებოდნენ ყრუ დარდით. ცოტა ხანში ჩემთან ის მოხუცებული ქალი მოვიდა, ჰილალეს ნათქვამს რომ "მითარგმნიდა", ერთი ნაჭერი ხმიადი პური დამიგდო,  ხის ჭიქით რძე დამიდგა და  მდუმარედ გამეცალა.   

ჩავიმუხლე. დავფიქრდი იმაზე, რომ ახლა ჩემი სიცოცხლე მხოლოდ ბედუინის სიცოცხლეზე იყო დამოკიდებული და მხოლოდ გაქცევა თუ მიშველიდა. ჩემი დანა თან მქონდა, თოკის გადაჭრას როგორმე მოვახერხებდი, მაგრამ წყლის და ცხენის გარეშე ადვილად დამიჭერდნენ.

      სოფელში ჩოჩქოლი ატყდა, ჰილალე გუბურასთან იდგა და ბრძანებას იძლეოდა. ტომის მამაკაცები მის წინ გამწკრივდნენ. მან ხუთიოდე ამოარჩია და რაღაც უთხრა. მამაკაცები  სწრაფად მოძრაობდნენ, აქლემები შეკაზმეს, მცირე ბარგი, წყლის მარაგი აიღეს, მაშხალები და ხის ხმელი ტოტები ერთ აქლემს აჰკიდეს, სწრაფად შესხდნენ დაჩოქილ ცხოველებზე და იმ მხარეს წავიდნენ, საიდანაც მე მოვედი.
      ჰილალემ ალ კაბირის საძებნელად უდაბნოში ხალხი გაგზავნა. მიუხედავად იმისა, რომ  ხელებშეკრული ხეზე ძაღლივით ვიყავი მიბმული, ისე ამოვისუნთქე, თითქოს უკვე თბილისში სახლში ვიჯექო და არაფერი მემუქრებოდა, მივხვდი რამხელა დარდად ჩამრჩენოდა სულში ბედუინი და რაკი ალ კაბირს უკვე მაშველი ეძებდა,  - ნეტარი სიმშვიდე დამეუფლა.   

    - ნილნა, - მომესმა ზარივით წკრიალა ხმა. - ჩემს წინ ჰილალე იდგა. ზურგს უკან ისევ მოხუცი ქალი ედგა. 

    - ნილნა, მე ალ კაბირს კარგად ვიცნობ, ის წელიწადში ერთხელ  ორ კვირას აქ ატარებს.  ჩვენ მთელ საჰარაში დავდივართ, მაგრამ წელიწადის ამ დროს ყოველთვის აქ ვჩერდებით, ამ დროს აქ ალ კაბირი მოდის და ჩვენთან რჩება. ახლა კი მისი ცხენი მარტო მოვიდა, მივხვდი,  რაღაც შეემთხვა და ადრარი გავგზავნე, მაგრამ ალ-კაბირის ნაცვლად  მან შენ მოგიყვანა.  სიმართლე უნდა თქვა. მხოლოდ სიმართლით შეგიძლია იყიდო შენი სუნთქვა. თუ ბედუინი კარგად არის და შენ, შენს სახლში უნდა წაგიყვანოს, რატომ აკეთებს ამას? 
ალ კაბირი  ისეთია როგორც მზე, ის ყველა ქალის სულის სიმღერაა. ის შენი სულის სიმღერაა?  - ჰილალე მომლოდინედ მომაჩერდა. 

        უთარგმნელადაც მივხვდი რა მკითხა. რთული კითხვა იყო. საჭირო სიტყვები უნდა მეპოვა. სანამ მოხუცი "თარგმნიდა" მთელი სულიერი ძალა მოვიკრიბე რომ დამაჯერებელი პასუხი გამეცა. როგორც კი მოხუცი გაჩუმდა, უარის ნიშნად თავი გავაქნიე და ძალიან მშვიდად ვთქვი.

    - მე მხოლოდ გურგისტანში  მინდა, სახლში! მე არ მინდა აქ რომ ვიყო!  - მომეჩვენა რომ ის უკმაყოფილო დარჩა ჩემი პასუხით.

    -  შენ  შორი ქვეყნიდან ხარ, სადაც ციდან, - ცივი და თეთრი წვიმა მოდის. თუ უცხო ხარ, რატომ დარჩა საჰარაში შენი გულისთვის ალ კაბირი მარტო?  რატომ მოგცა ჯადარი, ის ხომ მისი ერთგული ძმაა. იქნებ შენ გახდი მისი სულის სიმღერა? თუ ასეა, ალ კაბირს არ გაუჭირდება შენი მოძებნა არც გურგისტანში და არც უფრო შორს, ის ხომ მზის ქარია!

მოხუცი დამტვერულად თარგმნიდა, მაგრამ ჩემთვის ისედაც ნათელი იყო ყველაფერი.

ქალი ეჭვიანობდა. მას ბედუინი უყვარდა.  მთელი წელი მხოლოდ იმ ორი კვირის მოლოდინით ცხოვრობდა როცა ალ კაბირი სტუმრად რჩებოდა ტუარეგებთან. ახლა მივხვდი იმ ჟივილ-ხივილის და გაშლილი სუფრის მნიშვნელობას, მისთვის ნამდვილი ზეიმი იყო ალ კაბირის გამოჩენა.  მის ნაცვლად კი ახლა ვიღაც გაწეწილ, ჭუჭყიან და სისხლით მოსვრილ ქალს ხედავდა, რომელიც ბედუნის ცხენით მოვიდა და ვერაფრით გაეგო, რატომ შეიძლებოდა, რომ ბედუინს სწორედ ის აერჩია და არა  ტუარეგების ტომის წინამძღოლი, ძლევამოსილი და მზეთუნახავი ჰილალე. 

  - ჰილალე, გთხოვ, მომეცი ჯადარი და ცოტა წყალი, მე ფარაფრას ოაზისში მივდივარ, იქედან  კი კაიროში.  ცოტა ხანში კი გურგისტანში წავალ.  მე საჰარაში აღარასოდეს დავბრუნდები და არც ალ კაბირს ვნახავ. ეს მხოლოდ შემთხვევაა ჰილალე, მეტი არაფერი. ტუარეგები მოძებნიან ალ კაბირს და მოგიყვანენ. ის ისევ შენთან დარჩება.  გთხოვ გამიშვი, მომეცი ცხენი, ცოტა წყალი და პური, რომ ფარაფრაში  ჩავაღწიო.  მე სხვა არაფერი მინდა!

მოხუცმა რამოდენიმე სიტყვით უთარგმნა ჩემი ნათქვამი. პასუხად რამოდენიმე გრძელი წინადადება მოყვა, მხოლოდ ერთი სიტყვა გავიგე „ფჰარაონ“. ჰილალე ისე შეტრიალდა და წავიდა რომ ჩემი პასუხით აღარ დაინტერესებულა.

მოხუცი გაშეშებული შემომცქეროდა.

    - რა თქვა? - ჩუმად ვკითხე.

მოხუცმა ხრინწით ამოისუნთქა და ნელა, თითქმის დამარცვლით თქვა:

    - შენ აქ დარჩები სანამ ალ კაბირის საძებნელად წასული ხალხი არ დაბრუნდება.  თუ ალ კაბირი მზეს უყურებს და შენ მისი სულის სიმღერა არ ხარ, მაშინ ის კარავში ღამით ჰილალესთან დარჩება და შენ მოგიწევს ამის ყურება.  თუ შენთვის ბედუინი არ არის მზე და წყალი, -  შენ შეძლებ მშვიდად გადაიტანო ის ღამე.  მაშინ  ჰილალე გაგიშვებს და ჩვენი ხალხი ფარაფრამდე მიგიყვანს. მაგრამ ბედუინი ტუარეგი არ არის და თუ უარს იტყვის ჰილალესთან ღამის გათევაზე,  შენ ისე დაგსჯიან, რომ ვერც  ბედუინი და ვერც სხვა კაცი  ვერასოდეს შეძლებს  შენთან დაწოლას.

    - როგორ? რისთვის?
    - ჩვენი წესით, ქალები ირჩევენ მამაკაცებს. არცერთ კაცს არ აქვს უფლება უარი უთხრას ქალს ან თვითონ აირჩიოს ქალი. ეს სასტიკად ისჯება. გასული ჰამსინის წინ, ჩემი შვილი მალა, ადრარმა აირჩია და სხვა ქალზე უარი თქვა, ამისთვის მალა ისე დასაჯეს როგორც შენ უნდა დაგსაჯონ.
    - რა უქნეს ? 
    - „ელ ხიტან ელ ფჰარაონ“.  მალა მოკვდა და მე მარტო დავრჩი.
    - ადრარი?
    - ადრარი იმგადია** და ამენოკალიას კაცია. 
    - ალ კაბირი? 
    - ბედუინი ტუარეგი არ არის. მას შეუძლია უარი თქვას ამენოკალიასთან დაწოლაზე. ის თავისუფალია.
    - თუ ბედუინი მკვდარია?
    - შენც მოკვდები !

მოხუცი შეტრიალდა და ჩოჩიალით წავიდა. თავზარდაცემული ვიდექი და ნათქვამის გააზრებას ვცდილობდი. რას  წარმოვიდგენდი, უდაბნოში ადამიანის დანახვა ასეთ უბედურებას თუ მოასწავებდა.

მეგონა უბრალო და კეთილი ადამიანები შემიფარებდნენ, შიშის გარეშე გამოვიძინებდი, ცხელ საჭმელს დავაგემოვნებდი,  დავიბანდი, ტანსაცმელს გამოვიცვლიდი და ისევ გზას დავადგებოდი. აქ კი იმაზე უარესი მელოდა რაც კი აქამდე თავს გადამხდენოდა. ალ კაბირზე შეყვარებული ნახევრად ველური ქალი და თან ტომის ბელადი, რომელსაც გადაბრუნებულ სიტყვასაც კი ვერავინ უბედავდა, ჩემში იმ სახიფათო მეტოქეს ხედავდა, რომლისთვისაც ბედუინმა თავისი ცხენი, საგზალი და სამოსი გაიმეტა და სკუთარი თავი საფრთხეში ჩაიგდო.  ვის შეეძლო ეს გაეკეთებინა შეყვარებული კაცის გარდა?! ჰილალეს ნამდვილად ქონდა ეჭვის საფუძველი რომელსაც მხოლოდ ალ კაბირი თუ გაუქარვებდა. 

      ვფიქრობდი იმაზე, რამხელა ტრაგედია დატრიალებულიყო ამ პატარა სოფელში სიყვარულის გამო. სამი ადამიანი, ყველას თვალწინ გამხდარიყო ტუარეგების უძველესიადათის მსხვერპლი, მხოლოდ  იმიტომ, რომ მამაკაცმა ტომის წესები დაარღვია და თავად აირჩია ქალი.  იმასაც მივხვდი რატომ იყვნენ ტუარეგები ასე გამორჩეული ტომი თავისი გარეგნობით, ქალები ხომ თავისთვის საუკეთესო გარეგნობის მამაკაცებს ირჩევდნენ, მათ კი უარის თქმის უფლება არ ქონდათ, ამიტომ ყველა მომდევნო თაობა წინაზე ლამაზი იყო.  ადრარის თვალები გამახსენდა, მიუსაფარი დარდით სავსე ლურჯი თვალები. ვხვდებოდი რომ ჰილალეს მართლაც შეეძლო ჩაედინა ეს საშინელება, მაგრამ ვერ ვხვდებოდი რას მოუტანდა, ალ კაბირის განწყობას თუ ქვეშევრდომების შიშს...
 
      - გამოჩნდი ალ კაბირ, მომძებნე, შენ ხომ ცოცხალი ხარ, ცოცხალი ! - ჩუმად ვჩურჩულებდი.

      - "ელ ხიტან ელ ფჰარაონ!" - ღმერთო ეს რა უბედურებაა, რამ მოაფიქრა. -  ვერ წარმომედგინა რომ კიდევ მოქმედებდა საშინელი წესი, რომლის მიხედვითაც ძველ ეგვიპტეშიც და ახლაც უამრავ ქალს ასახიჩრებდნენ.  "ფარაონული წინადაცვეთა" ეგვიპტეში ოფციალურიად აკრძალული იყო. ბევრმა შეიხმა და ულემმა გამოსცა ფეტვები და შარიათიც კრძალავდა  ქალის წინადაცვეთას და მაინც,  ხშირად ხდებოდა ეს ბარბაროსობა. ეგვიპტელი ქრისტიანი კოპტებიც კი იყენებდნენ ამ წესს. ქალების "ელ ხიტან" - კატეგორიულად იკრძალებოდა ისლამში, მაგრამ დღემდე მისდევდნენ მას ეგვიპტეში, სუდანში და შუა აფრიკის ქვეყნების მთელ სარტყელზე. "ფარაონული წინადაცვეთა", -  ქალის  გარე სასქესო ორგანოების  სრული ამპუტაცია, ღია ჭრილობის მთლიანი ამოკერვა, პირწმინდად  შეხორცებული გლუვი კანი ფეხებს შორის, - ქალის სქესობრივ ცხოვრებაზე დასმული  საშინელ წერტილი იყო. არა შვილები, არა სიყვარული, არა მომავალი...
მომთაბარე ტუარეგებისთვის რა თქმა უნდა ცნობილი იყო  ეს ჩვეულება და როგორც ჩანს, ჰილალეც კარგად იყენებდა მას საკუთარი მიზნებისათვის.

  ვფიქრობდი,იქნებ ბედუინისთვის არ დამეცადა და გავქცეულიყავი. ამაში ორი ადამიანის დახმარების იმედი თუ მექნებოდა, მოხუცი ქალის, რომელიც დამტვრეული არაბულით ლაპარაკობდა და მუდამ მდუმარე ადრარის,  რომელიც უარეს დღეში იყო ვიდრე მოხუცი. მისი გულისთვის ხომ უდანაშაულო გოგო  დაასაჭურისეს, რომელმაც ეს ვერ გადაიტანა და ტანჯვით მოკვდა. ესეც არ აკმარეს, ახლა საყვარელი ქალის მკვლელთან უწევდა ღამეების გატარება და იძულებული იყო ბედნიერის როლი ეთამაშა რომ ადათი არ დაერღვია და მთელი ტომი არ აემხედრებინა. გული დამეწვა ამ ახალგაზრდა კაცის უბედურებაზე. გადავწყვიტე როგორმე დამერწმუნებინა ადრარი რომ აქედან გავეპარებინე და ჩემთვის ცხენი და წყალი მოეცა. თუ შეუჩერებლად ვივლიდი, დარწმუნებული ვიყავი რომ ფარაფრამდე ჩქარა მივიდოდი,  ხოლო თუ ოაზისში შევაღწევდი, ტუარეგების აღარ უნდა მშინებოდა.

პურისთვის ხელი არ მიხლია, მხოლოდ რძე მოვსვი. პალმის ძირას დავჯექი და გარემოს კარგად შესწავლა დავიწყე. მე სოფლის განაპირას ვიყავი პალმაზე თოკით მიბმული. ჩემგან მოშორებით პირველივე კარავი ჰილალეს ეკუთვნოდა, რომლის შესასვლელიც ჩრდილოეთით იყო. კარავს სამი „იკლანი“ ***  იცავდა.  მე სამხრეთით ვიყავი და ჩრდილოეთიდან  ვერავინ დამინახავდა,  თუ ვინმე, სპეციალურად არ მოექცეოდა ჰილალეს კარვის უკან.

კარვიდან მარჯვნივ გუბურა იყო, რომლის გარშემო ათიოდე ბავშვი თამაშობდა. გუბურის ჩრდილოეთით  თხის ტყავებით გადახურული დანარჩენი კარვები იდგა.  ქალები კარვების წინ ფუსფუსებდნენ, გავარვარებულ ნაკვერჩხლებზე დალაგებულ ბრტყელ ქვებზე ხმიადებს აცხობდნენ, სპილენძის დიდ ქვაბში თხის ხორცი იხარშებოდა, თიხის ქოთნებში რძე დუღდა.  მამაკაცები, საქმიანობის სახიდან გამომდინარე როგორც ჩავთვალე - „იმგადები“ **, - ხორბალს ფქვავდნენ, თხებს და ციკნებს უვლიდნენ, ხის დამსხვრეულ ტოტებს და პალმის ხმელ ფოთლებს აგროვებდნენ, იარაღს წმენდდნენ და ბავშვებს თვალყურს ადევნებდნენ.

გაპარვით  ჩრდილოეთის მხრიდან უნდა გავპარულიყავი, სოფელს სამივე მხრიდან მაღალი ქარაფი ერტყმოდა, რომელიც სამხრეთის ქარებისაგან კარგად იცავდა ამ ადგილს. გამოდიოდა, რომ  მთელი სოფელი უნდა გამევლო.  ცხადია ვინმე ამას აუცილებლად შეამჩნევდა. თვალით ჯადარს ვეძებდი. როგორც იქნა ჩემგან მარჯვნივ აღმოსავლეთისკენ დავინახე,  წინ ხის ორი როფი ედგა, ერთი წყლით სავსე, მეორეში კი ქერი ეყარა.  ცხენს, ჩემგან განსხვავებით - არაფერი აკლდა. მისი გაწმენდა და დაბანაც მოესწროთ. შავი ბრილიანტივით ბზინავდა და ძუა-ფაფარი წმინდად ქონდა დავარცხნილი.  თვალში მომხვდა რომ ცხენი დაბმული არ იყო. ამან ძალიან გამახარა.

პირადად მე, დარაჯი მოჩენილი არ მყავდა, მაგრამ  "იკლანები" თვალყურს მადევნებდნენ. პალმას ავხედე, მისი სწორი და მწვანე ფოთლების ცქერა სიმშვიდეს მაფენდა. ეს სიმწვანე, რომელიც ჩემს გარშემო სუნთქავდა, სულაც არ მპირდებოდა იმ უბედურებას რაც ამენოკალიას მუქარა მიქადდა. ვფიქრობდი რომ ის რამოდენიმე დღე, სანამ მაშველი საჰარადან დაბრუნდებოდა, მოხუცის და ადრარის გადმოსაბირებლად უნდა გამომეყენებინა. მანამდე კი ჩემი მორჩილებით "იკლანების" და ამენოკალიას ყურადღება უნდა მომედუნებინა.

დაღლილობისგან თვალები მეხუჭებოდა, მაგრამ მაინც მოვათვალიერე არემარე და პალმა, რომელიც თავზე მადგა. თვალით მამბას ვეძებდი, მწვანე ასპიტს, რომელიც ხეებზე ბინადრობდა და  მისი ნაკბენი  ადამიანს ნახევარ საათში კლავდა. ის  შეიძლებოდა რძის სუნს მოეზიდა, ამიტომ  რძის ცარიელ ჭიქას ფეხი ვკარი და შორს გადავაგდე. არც მორიელები ჩანდნენ ახლო მახლო და არც ობობები. რახუნზე იკლანებმა მოიხედეს, გადავარდნილ ჭიქას თვალი გააყოლეს, - მაგრამ არაფერი შეიმჩნიეს. 

პალმის ძირთან დავჯექი, ხეს მივეყრდენი და თვალის მოტყუება ვცადე. 

სიზმარი მესიზმრა. თითქოს ალ კაბირი სოფელში მოვიდა, ჰილალეს მხედრები ამალად მოსდევდნენ. ბედუინი მშვენიერი ცხენზე იჯდა.  მთელი სოფელი ზეიმით გამოეგება. თავს უხრიდნენ, უღიმოდნენ, ეფერებოდნენ. ბედუინმა ბავშვებს სათამაშოები და ტკბილეული დაურიგა.  მოხუცებს წამლები, მამაკაცებს ტყვია - წამალი და ბოლოს ჰილალესკენ მიბრუნდა, დაუჩოქა და საჩუქარი მიართვა, თეთრი ფერის  ულამაზესი არაბული ბედაური. ჰილალემ მარჯვენა მხარზე აკოცა ბედუინს და ფეხზე წამოაყენა. ალ კაბირმა ქალს ხელი მოხვია და მოლზე გაშლილ სუფრას მასთან ერთად მიუჯდა. დედოფალი თავად მასპინძლობდა. საჭმელს და ხილს აწვდიდა, ხის ჭიქაში რძეს უსხამდა.  ტუარეგების ენაზე ლაპარაკობდნენ.  მე არაფერი მესმოდა. ჰილალე იღიმებოდა, ბედნიერებისგან ბრწყინავდა. ალ კაბირს თვალებში შეჩერებოდა. ბედუინიც უღიმოდა საპასუხოდ და რაღაცას ძალიან თბილად ეუბნებოდა თვისი რბილი  ხმით. ჯადარი პატრონს უკან ედგა და ჩუმი ერთგულებით უცდიდა მის ბრძანებას.  სადაცაა ვახშამი უნდა დაესრულებინათ, რომ მათთან სამი მამაკაცი მივიდა და რაღაც უთხრეს ამენოკალიას. ჰილალემ დაიკივლა. სოფელი ფეხზე ადგა, ყველა მის გარშემო შეგროვდა.  ჰილალემ რაღაც უბრძანა სოფელს, მამაკაცები გაიფანტენ  და სოფელს ალყა დაარტყეს, ქალებმა კაცებთან ერთად აისხეს იარაღი  და მათ გვერდით დადგნენ. 

          ბურანიდან მოულოდნელად ატეხილმა ხალხის  ჩოჩქოლმა გამომაფხიზლა. კარგად შებინდებულიყო.  ჰილალე ანთებული ჩირაღდნით გუბურასთან იდგა. მამაკაცები იარაღს სინჯავდნენ. სიბნელეში რაიმეს გარკვევით დანახვა შეუძლებელი იყო და სმენად ვიქცი. ცოტა ხანში  აქლემების ფრუტუნი და არეული ფეხის ხმა შემომესმა.

    - ნუთუ უკვე დაბრუნდნენ, ასე მალე ? - გამიელვა გონებაში, რატომღაც ალღო ცუდს მეუბნებოდა. - ნუთუ ალ კაბირი მკვდარია და მოასვენებენ. ნუთუ აქ დასრულდა ჩემი თავგადასავალი... - მაგრამ ჯადარი არ განძრეულა, არც დაუჭიხვინია, მშვიდად იდგა. ესე იგი, ეს ბედუინი და მის საძებნელად გაგზავნილი ხალხი არ იყო.

ჰილალეს ბრძანებაზე ტუარეგებმა სოფლის გარშემო კოცონები დაანთეს.  ალყა ცეცხლისფრად აგიზგიზდა. სავარაუდო შეტაკების ადგილი  დღესავით განათდა. მხოლოდ მე ვიდექი ბნელში.   

ვარაუდში არ შევმცდარვარ. ცეცხლის შუქზე  ოთხი მხედარი გამოჩნდა.  მეხუთე აქლემზე მხოლოდ ბარგი ეკიდა.

წინ მილოში მოდიოდა. უკან არაბები მოსდევდნენ.

ეს ჩემი მდევარი იყო.

სოფელში ჩემი მტერი შემოდიოდა... 

                                                                               
                                                                                    (იხილე როგორ გაგრძელდა)

------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
*ამენოკალია - ტუარეგების უმაღლესი ბელადი, ქალი, რომელსაც ვეტოს უფლება აქვს მამაკაცთა საერთო გადაწყვეტილებაზე.
**იმგადი- ტუარეგების კასტაში ვასალი, რომელსაც ტომის ბავშვების, მეურნეობის, იარაღის
და საქონელის მოვლა-გამრავლება ევალება.
*** იკლანი - ტუარეგების კასტაში - მონა.
_______________________________________________________________________________________________________

© საავტორო უფლება დაცულია საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის მიერ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები