ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თოლიგე
ჟანრი: პროზა
5 ნოემბერი, 2012


ცაბუ

    მანამდე არც ვიცოდი, ნაცრისფერი კატები თუ არსებობდნენ. უცნაურად ნაცრისფერი იყო, ბოლისფერი. ჩვენი ნაცნობობის ხანმოკლე პერიოდში არც კი მომსვლია აზრად გამერკვია ძუ იყო თუ ხვადი. ალბათ, ხვადი, რადგან მასზე უზომოდ შეყვარებულ მის პატრონს არასოდეს წამოსცდენია რამე მის კნუტებზე.
    კატები მაინცდამაინც არ მიყვარდა, მაგრამ სტუმარ-მასპინძლობის დაუწერელი კანონის კარნახით, ვცდილობდი ცაბუ ამეტანა და მისი პატრონიც, ამავე კანონის პატივისცემით, ჩვენს ცაბუსადმი დამოკიდებულებას მოთმინებით ეკიდებოდა.
დეიდაჩემთან ჩვენი იმჟამინდელი სტუმრობა ტრაგიკულ მოვლენებთან იყო დაკავშირებული...  მოკლედ, დევნილები ვიყავით.
    ჩვენი მასპინძლების ეზო საკმაოდ უცნაური რელიეფისა იყო. ჭიშკრიდან ორი დიდი აღმართი იწყებოდა მარჯვნივ და მარცხნივ. მარჯვენა აღმართი მთავრდებოდა სახლით, მარცხენა - ბეღლითა და ბოსლით. ნეტავ გენახათ, რა მარდად გადაადგილდებოდნენ ძროხები ამ თავბრუდამხვევ აღმართებზე. ერთიდან მეორე აღმართზე გადასასვლელი პატარა ჩაღრმავებას წარმოადგენდა და, გამოგიტყდებით, ყველაზე რთული იყო ჩვენთვის, რადგან შეუჩვეველი ვიყავით მთის სოფელში ცხოვრებას.
    ცაბუ დიდად არ იწუხებდა თავს ეზოში სეირნობით, რადგან მთელი სახლი და ყველა საწოლი მის განკარგულებაში გახლდათ, ყოველ შემთხვევაში მანამ, სანამ ვესტუმრებოდით მათ.
    როცა საღამოობით ღუმელთან შეკრებილები და საკმაოზე მეტად დანაყრებულები უჩვეულოდ გემრიელი გოგრის უზარმაზარ ნაჭრებს ზანტად ვებრძოდით, ცაბუ ჩვენი გართობის აუცილებელი ატრიბუტი ხდებოდა.
    ჩემი ბიძაშვილი, რომელიც კატების სიყვარულით ნამდვილად არ გამოირჩევა და მათი წვალება დიდ ცოდვად არ მიჩნია, ხშირად მიმართავდა ცაბუთი ჩვენი გართობის ნაირგვარ ხერხს. ერთ-ერთი მათგანი განსაკუთრებით დამამახსოვრდა და, თუმცა ცრემლებამდე მეცოდებოდა კატა, სიცილს მაინც ვერ ვიკავებდი.
    თემო ცაბუს მთელ ტანს ფეხებს შორის მოიმწყვდევდა, ზედა და ქვედა ყბაში ჩაავლებდა ხელებს, პირს მოუკუმავდა და გამომწვევად ეკითხებოდა:
    - ცაბუნია, ბარკალი გირჩევნია თუ აყვაყვა?
    მერე ნელი მოძრაობით ხან გააღებინებდა პირს, ხან მოუკუმავდა და საცოდავად აკნავლებულ კატასაც - აყვაყვაააააა - გამოსდიოდა. ნეტავ, რას ნიშნავს ეს აყვაყვა? ალბათ, კატის მწვალებელთა  მეთოდური სიტყვაა.
    ჩვენ, სხვა რა გზა გვქონდა, თანდათან შევეჩვიეთ ცაბუს და ზოგჯერ, როცა ძალიან არ გვიშლიდა ნერვებს, მოვუფერებდით კიდეც. ეს პროცესი მას ძალიან სიამოვნებდა და ჩვენს ფეხებთან კრუსუნით გაიგლასუნებდა ხოლმე.
    დეიდაჩემის ქმარს, კეთილ და მხიარულ ადამიანს, გარდა თავისი სტუმრებისა, რომელთათვისაც არაფერს იშურებდა, ძალიან უყვარდა ცაბუ. უყვარდა და პატივს სცემდა ისევე, როგორც რომელიმე ოჯახის წევრს (შეიძლება უფრო მეტადაც). ცაბუ ბიძაჩემს თავისი მეგობრის სახლში აღმოუჩენია. პატარა კნუტი თურმე სიყვარულით აეკრო ალერსიან სტუმარს და როცა ამ უკანასკნელმა უბეში ჩაისვა, იქიდან ამობრძანება არც ისურვა. ასე აღმოჩნდა ამ სახლში. ბიძაჩემი ხშირად ყვებოდა ხოლმე, როგორ გაიქცა და დაიმალა ცაბუ, როცა ახალ სახლში, შეყვარებული პატრონის გარდა, ოჯახის სხვა წევრებიც დახვდნენ. საწოლის ქვეშ შემძვრალი საცოდავად კნაოდა და, ალბათ, ძველ, შეჩვეულ ჭირთან დაბრუნებას ითხოვდა. ბიძაჩემი, მაღალი, გამხდარი კაცი ოთხად მოკეცილი მთელი ღამე ეხვეწებოდა და ეფერებოდა პატარა კნუტს, რომ როგორმე საწოლის ქვეშიდან გამოეყვანა. ცაბუ თურმე მხოლოდ დილაზე „გატყდა” და კმაყოფილი ბიძაჩემიც დასაძინებლად დაწვა. მკერდზე კი პაწაწინა, ნაცრისფერ კნუტს ეძინა და ყოველი მისი გაკრუსუნება სასიამოვნო ტალღად აისახებოდა ახალგამომცხვარი პატრონის სახეზე.
ოჯახის სხვა წევრებსაც უყვარდათ ცაბუ, მაგრამ ფისოს მთელი ერთგულება და სიყვარული მხოლოდ ბიძაჩემს ეკუთვნოდა, რადგან მხოლოდ მას ცნობდა ნამდვილ პატრონად.
    ერთხელ საწოლთან ჩავლილს საწოლი ამობურცული მომეჩვენა და წავიწიე, რომ გამესწორებინა. ხელი კი არ დავარტყი, მხოლოდ გადავუსვი. არ მახსოვს, ჯერ მე შევკივლე და კატა მერე გამოხტა საბნიდან, თუ პირიქით. იმის თქმაც ძნელია, ვინ უფრო დაფრთხა. ამ შემთხვევის მერე ცაბუ ჩვენს საწოლებს ერიდებოდა. სამაგიეროდ ბიძაჩემის საწოლი მისი საკუთრება იყო და იქ ნებივრობას არავინ უშლიდა.
    ცაბუ თანდათან გამიშინაურდა და სადილის დროს კალთაზე ამოძრომასაც კი ცდილობდა, რასაც მხოლოდ შეჩვეულ ადამიანებს თუ უბედავდა. თან ამას ისე აკეთებდა, თითქოს გაგრძნობინებდა, კმაყოფილი და ბედნიერი უნდა იყო, რომ ასე შეგეჩვიე და ჩემიანად მიგიღეო.
    ბავშვობაში მეც მყავდა კატა. ღელეზე გადაგდებული, გალუმპული კნუტი ზურგსუკან დამალული მივიყვანე შინ და ძალინ ბედნიერი ვიყავი, როცა მშობლებმა მისი დატოვების უფლება მომცეს. ფისოს ძალიან უყვარდა ეზოში წანწალი და მე მას ბოშა დავარქვი. ის ყველგან თან დამყვებოდა და აშკარად ვუყვარდი. როცა წამოიზარდა, ჩვენმა სახლმა პირველად იგრძნო თაგვებისგან შვება. უბადლო და უხმაურო მონადირე ფრთხილად დააბიჯებდა უზარმაზარ სხვენში და თაგვებს შიშის ზარსა სცემდა. მე ბიძაჩემივით საწოლში არ ვიწვენდი ფისოს (ვინ ჩამაწვენინებდა!), მაგრამ ბევრი სხვა რამით ვანებივრებდი - ვბანდი, ვვარცხნიდი და ერთხელაც ისე გამიტაცა ბოშას გალამაზების პროცესმა, რომ მისი ზემოთ აფშეკილი ულვაშები არ მომეწონა და... ძირში წავაჭერი.
    იმ დღიდან ჩემმა ფისომ რატომრაც დაკარგა თაგვებისადმი ინტერესი და ისინიც ისევ მომრავლდნენ. სამაგიეროდ, მეზობლის კრუხები სულ უფრო ხშირად გამოსცემდნენ უკმაყოფილო ხმებს იმის გამო, რომ ეს საზიზღარი მხეცი თვალის დახამხამებაში აქრობდა მათ ფუმფულა, ყვითელ წიწილებს. სხვათა შორის, წიწილები ჩვენც გვყავდა, მაგრამ ბოშა თავისიანებს არ ერჩოდა.
    სამწუხაროდ, თუ საბედნიეროდ, ეს დიდხანს არ გაგრძელებულა. ერთხელაც ფისო გაქრა. ადრეც ქრებოდა ხოლმე მთელი დღით ნადირობაში გართული, მაგრამ საღამოს ყოველთვის ბრუნდებოდა. ახლა კი ბოშა არც საღამოს გამოჩნდა, არც დილით, არც ორი დღის შემდეგ და მე მივხვდი, რომ ის სამუდამოდ წავიდა.
    როცა წამოვიზარდე, მივხვდი, რატომ დამადანაშაულა მამამ ბოშას გაქრობაში - ახლა ტირილს გერჩივნა ულვაშები არ შეგეჭრაო. მაშინ ვერაფრით ვხვდებოდი, რა საერთო ჰქონდა ჩემს კოსმეტიკურ ხელოვნებას კატის გაქრობასთან.
    ასე და ამგვარად, ცაბუ მეორე კატა იყო ჩემს ცხოვრებაში.
    მე და ჩემი ბიძაშვილები, ნინო და ეკა, მშობლიურ სახლებს მონატრებულები, ხშირად ავდიოდით მაღალ გორაკზე, კაკლის ხეებთან, რომ იქიდან გადაგვეხედა ამ მშვენიერი სოფლისთვის, მთის ცივი და ჩქარი მდინარის, ოლორის ხეობაში რომ იყო გადაშლილი. გავყურებდით ამ უზარმაზარ მთებს, მზეს რომ უშლიდნენ ჩვენამდე მოღწევას, მწვერვალები თოვლით რომ ჰქონდათ გადათეთრებული ჯერ კიდევ ადრე შემოდგომაზე და ხელს ვიშვერდით იქითკენ, სადაც მთების გადაღმა ჩვენი სახლები გვეგულებოდა.
    აქ უჩვეულო თავისუფლებას ვგრძნობდი, რამდენიც არ უნდა გეყვირა ან გემღერა, შენს ხმას ვერავინ გაიგონებდა. სახლები შორს იყო, თან ხმებს ოლორის მუდმივი შხუილი და შიშინი ახშობდა. ჩვენ მთელი ხმით ვყვიროდით და ექოს ვაყურადებდით, ხან ხმამაღლა ვმღეროდით და ჩვენი სიმღერა ძალიან მოგვწონდა.
    ერთხელაც, როცა ჩვენს ბარიტონებსა და მეცო-სოპრანოებს მთის სუფთა ჰაერზე ვუწყობდით გამოცდას, ნინომ წამოიძახა:
    - ნახე, ცაბუ!
    მე და ეკამ ნინოს თითს გავაყოლეთ მზერა. ეზოში მოსიარულე ადამიანები ისეთი პატარები ჩანდნენ.
    - იქაა, იქ, კიბეზე.
    მე ახლაღა დავინახე თაგვისოდენა მოძრავი არსება. ცაბუც თითქოს ჩვენსკენ იყურებოდა.
    - ეჰეჰეეე, ცაბუუუუ! - ავყვირდით ჩვენ.
    რამდენიმე წუთის შემდეგ ჩვენსკენ სირბილით მომავალი ცაბუ დავინახეთ და ხტუნვა-ხტუნვით მივეგებეთ. ასე გამოხატა ცაბუმ, რომ შეგვეჩვია. ჰო, შეგვეჩვია, თორემ შეყვარებაზე ლაპარაკიც ზედმეტია. ბიძაჩემი მისი ერთადერთი და განუზომელი სიყვარული იყო.
    ამის შემდეგ მზიან დღეებში ცაბუ ხშირად დაგვყვებოდა ეზოში გამოსულებს. თემოს მიმართ კი კატის განწყობა არ შეცვლილა, მის ყოველ გამოჩენაზე ოთახიდან სრიალით გაიძურწებოდა ხოლმე. 
    დეიდაჩემის პატარა და მყუდრო სახლს, ალბათ, არასოდეს მიუღია ამდენი სტუმარი ერთდროულად. ხალხმრავლობა ამხიარულებდა ჩვენს მოსიყვარულე, სტუმართმოყვარე მასპინძელს და უკმაყოფილების ანარეკლსაც ვერ შეატყობდით სახეზე. ერთ საღამოს, მოჭარბებული სტუმრიანობის გამო, ბიძაჩემს თავისი ცოლ-შვილით ძმის სახლში გადაბაგება მოუწია. ბევრნი ვიყავით, ჩვენს სანახავად ჩვენი მშობლები ჩამოვიდნენ. საწოლები კი არადა, ლეიბის დასადები ადგილიც არ იყო. ამიტომ სახლიც და კარიც სტუმრებს დაგვიტოვეს. ამაზეა ნათქვამი, გარეულმა თაგვმა შინაური გააგდოო.
    ჩვენს ღუმელს გარშემო ვუსხედით, ხან ანეგდოტებს ვყვებოდით, ხან სევდიანი მოგონებებით გაგვყავდა დრო. მალე დაბნელდა კიდეც და რომელიღაცამ აღმოაჩინა, რომ მასპინძელთაგან მხოლოდ ცაბუ დარჩენილიყო. ზურგზე გადაწოლილს მუცელი ღუმელისთვის მიეშვირა. თვლემდა და სიამოვნებისაგან კრუსუნებდა. თუმცა, ეტყობა ბოლომდე არ გვენდობოდა და ცალი თვალი ოდნავ ჰქონდა გახელილი.
    ჩაფიქრებული, იდაყვზე დაყრდნობილი ვუსმენდი კატის ნებიერ კრუსუნს. ვიცოდი, იქ, ჩემს საყვარელ სახლში, გაძარცვულში და ნატყვიარში, ღუმელი არ ენთო. გაყინულ კედლებზე ისევ ეკიდა ჩემი საყვარელი სურათები, როგორც ჩვენი უბედურებისა და შიშის უტყვი მოწმეები. იატაკზე მძარცველებს გადარჩენილი ტანსაცმელი, დაფლეთილი ქართული წიგნები და ტყვიით დაცხრილული ყვავილების ქოთნებიდან გადმოყრილი მიწა ეყარა... ამას დედა მიყვებოდა. მე მხოლოდ ვფიქრობდი ამაზე, ტირილი უკვე აღარც შემეძლო. გულშეკუმშულიც და გამოტირებულიც ბევრჯერ მქონდა ეს ტკივილი და მონატრება. ამ ნაცრისფერ ფისოს კი საკუთარი სახლიც ჰქონდა და თავისი წილი სიყვარულიც, თავის ღუმელთან ნებივრობასაც არავინ უშლიდა და შინიდანაც არავინ აგდებდა.
    უცებ თემო წამოდგა. თითქოს ფიქრს მიმიხვდა და ამან გააღიზიანაო, დაავლო მძინარე კატას ქეჩოში ხელი და სიტყვებით: - ბარემ შენც მიბრძანდიო! - ცაბუ გარეთ მოისროლა. კარი გაიჯახუნა,  - ესეც ასეო, - ხელები მოიფშვნიტა და მიაყურადა.
    დაღმართზე, რომელიც პირდაპირ სახლის კიბიდან იწყებოდა, ცაბუ რბილი ბურთივით გაგორდა და მისი ბოლო ამოკნავლება სადღაც ჭიშკართან გაისმა. სწორედ იქ მთავრდებოდა დაღმართი.
    ყველანი წამოვცვივდით, არ გაგვცინებია, ცაბუ ძალიან შეგვეცოდა და სიბნელეში დიდხანს ვუხმობდით. თემოც ჩვენთან ერთად ეძებდა, ეტყობა თავისი საქციელისა შერცხვა, რადგან ყველამ ვუსაყვედურეთ და დავტუქსეთ. არ ვიცი, თოვლმა ჩაახშო ჩვენი ხმები და ცაბუმ ვერ გაიგონა, თუ გაგულისებულმა დაგვტოვა. ვინ იცის, კატებს რას გაუგებ.
    როცა დილით მასპინძლები დაბრუნდნენ, ჩვენ უხერხულად ვიშმუშნებოდით, მაგრამ ბიძაჩემმა გახარებულმა გვითხრა, - ცაბუმ უჩემოდ ვერ გაძლო, მომაგნო და მთელი ღამე გაუნძრევლად ეძინა ჩემს მკერდზეო.
    დავმშვიდდით...
    ღამე, როცა ღუმელში ცეცხლი ჩაქრებოდა, ჩვენ ნაჩქარევად გავიკრიფებოდით ხოლმე ჩვენ-ჩვენი საწოლებისკენ, რომ მანამდე მოგვესწრო დაწოლა, სანამ ყინვა შეგვასწრებდა ლოგინებში. მე ვერაფრით ვთბებოდი. მოკუნტული საბანს წავიფარებდი თავზე და ჩუმად, ისე, რომ არავის გაეგო, ვტიროდი. ჩემი პატარა ძამიკო ფეხთით იწვა. მან იცოდა, რომ ვტიროდი, ფეხებზე ჩამეხუტებოდა და სუნთქვით მითბობდა.
    ერთ დილით ახალგამოღვიძებულმა უჩვეულო სითბო ვიგრძენი. ფეხები გაღუღუნებული მქონდა. ჯერ მესიამოვნა, მერე შემეშინდა, ჩემს ძმას სიცხემ ხომ არ აუწია-მეთქი და წამოვხტი. თქვენ წარმოიდგინეთ ჩემი გაკვირვება, როცა იქ საბანქვეშ გაშხლართული ცაბუ აღმოვაჩინე. ამჯერად ჩემი არ შეშინებია, პირიქით, მეორე გვერდზე ზანტად გადაბრუნდა და ძილი განაგრძო.
    იმ ლამაზი სოფლიდან ჩვენი წასვლის დროც დადგა. სევდა და ბარგაკიდებულები ნათესავიდან ნათესავთან დავდიოდით შინ მალე დაბრუნების იმედით. ჯერ ჩემი ბიძაშვილები გავაცილეთ, მერე მე და ჩემი პატარა ძმაც გავუყევით სოფლის გზას.
როცა თვალცრემლიანი მასპინძლები გვაცილებდნენ, ჩვენდა გასაკვირად, ცაბუც ჩამოვიდა ჭიშკართან და გზაზეც კარგა ხანს მოგვაცილებდა.
    ახლა უკვე ცაბუნიაც ჩვენი მოგონებისა და მონატრების ნაწილი გამხდარიყო.
    P.S. დრო გავიდა. ახლა ჩემს ლამაზთვალება გოგონებს ვუყვები ხოლმე სასაცილო ისტორიებს ჩემი ბავშვობიდან და, ყველა სხვა ამბავთან ერთად, რა თქმა უნდა, ცაბუზეც.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები