ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: დავით შემოქმედელი
ჟანრი: პოეზია
10 ნოემბერი, 2012


წრე

წრე       

ვზივართ მე და ჩემი ბიჭი
მდინარიდან დაბრუნებულნი
გადაჭრილ მორზე,
სოფლის სასაფლაოს გვერდით,
მყუდროებას მხოლოდ
კუტკალიების ხმა არღვევს.
ვზივართ ასე ერთმანეთის
პირისპირ...
მარადისობაში წამით დასიზმრებულები,
ერთი საწყისის
ორი საპირისპირო პოლუსი.
მე სიკვდილისკენ ვიხრები,
ის _ სიცოცხლისკენ.
აქედან ასიოდე მეტრში
მამაჩემის საფლავია.
_ _ _ _ _ _ _ _ _  _ _ _
წუხელ მესიზმრა _
ჩემი ბიჭის ღიმილი ჰქონდა...

* * *
ცოტა გვერდზე ჩაიჩოჩეთ,
ღრუბლებო,
წადით, ჩემი ეზოს ზემოთ
სანისლებოს მთებია და
იქ ჩამოისვენეთ.
შორი გზიდან მოდიხართ
დაღლილები, ნაღვლიანები.
საცაა ცრემლები წაგსკდებათ და,
თითქოს ჩემი სადარდებელი
თავსაყრელად არ მქონდეს,
ზეცის სევდითაც
გინდათ გამლუმპოთ...
ჩაიჩოჩეთ ცოტა გვერდზე,
ღრუბლებო, თორემ
ასე გამოდის,
მზე აღარ არსებობს ჩემთვის,
სულ მუდამ თქვენს გამურულ
სახეებს უნდა ვუმზირო.
ხომ გაგიგონიათ,
ჩვენებური ეზოთერული _
”მზე დედაა ჩემი”... და ა.შ.
არ გამოცხვება ობლის კვერი
ჩამქრალ მზით და
ჩამქრალ ნაკვერჩხლით.
უმზეო ცაზე
მქრქალი სხივიც ვერ აღწევს
ჯარგვალს _ ჩემს საბრალო,
შიშველ ბავშვობას,
წადით, დროზე წადით, ღრუბლებო,
ჭროღა მთებზე ჩამოისვენეთ,
მის სველ მკერდზე
დაჰკიდეთ ცრემლი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები