ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: დავით შემოქმედელი
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
14 ნოემბერი, 2012


''გრაალის" მისტერიის ისტორიულ–ქრიასტიანული არსი

„გრაალი“ ეზოთერული თვალსაზრისით ტაბუდადებული სიბრძნის, საიდუმლოებისა და მისტერიების სიმბოლოა. ანტიკური ხანის ავტორები დიოდორე სიცილიელი, ჰეროდოტე და სხვები აღნიშნავენ ეგვიპტური მისტერიების სულიერ მემკვიდრეობას კოლხეთთან. მოგვიანებით ჰანს გზენგერი პირდაპირ მიუთითებს, რომ სწორედ „კოლხეთიდან ხდებოდა ეგვიპტური ეზოთერული ცოდნის გამჟღავნება ბერძნული სამყაროსათვის.“ ქრისტიანული ტრადიციის მიხედვით კი გრაალის მისტერია _ უშუალოდ ვნების პარასკევის ანუ გოლგოთის მოვლენიდან იღებს სათავეს. იოსებ არიმათიელმა, რომელიც პილატე პონტოელის სამსახურში იდგა, მაგრამ ფარულად ქრისტეს მოწაფე იყო, მაცხოვრის ჯვარცმისას უფლის ჭრილობიდან გადმოდენილი სისხლი და წყალი იასპის თასში მოაგროვა. ქრისტოლოგიური თვალსაზრისით ეს ის თასია, რომლითაც მაცხოვარმა მოციქულები აზიარა. საიდუმლო სერობა კი, როგორც ცნობილია, სწორედ არიმათიელის სახლში გაიმართა. იესოს სიყვარულისა და ერთგულებისათვის ებრაელებმა შეიძულეს იოსები და დევნა დაუწყეს. აღდგომის შემდგომ ის იძულებული გახდა, თავის ხალხთან ერთად უდაბნოში გადახვეწილიყო. მათ იქ უამრავი განსაცდელი გადაიტანეს; ერთხელ გამოეცხადა უფალი იოსებს და უბრძანა: ზუსტად ისეთივე მაგიდა გააკეთე, როგორზეც სადუმლო სერობის ღამეს მოციქულები ტრაპეზობდნენო. იოსებმა აასრულა უფლის განკარგულება და მართლაც იხსნა ხალხი განსაცდელისაგან. არსებობს გადმოცემა: იერუსალიმის პირველ ეპისკოპოსს ფილიპეს უბრძანებია არიმათიელისთვის, დიდ ბრიტანეთში გამგზავრებულიყო და თასი თავად ჩაეტანა. სხვა გადმოცემის თუ ლეგენდის თანახმად, გრაალი ერთი მთლიანი კრისტალისგანაა გაკეთებული და სასუფეველიდან გამოძევებამდე ლუციფერის გვირგვინი იყო, რომლიდანაც ლუციფერისა და მთავარანგელოზ მიქაელის ზეციური ბრძოლის დროს იასპის ქვა მიწაზე ჩამოვარდნილა. ალქიმიკოსებისათვის „გრაალი“ ზეციდან ჩამოგდებულ ქვასთან, ანუ „ფილოსოფიურ ქვასთან“ არის გაიგივებული. ხოლო „ფილოსოფიური ქვა“ ანტიკურ პერიოდში არის იგივე, რაც შუა საუკუნეებში „გრაალი.“ „ფილოსოფიური ქვის“ ძიება არის სულიერი გზა _ რომელიც ანტიკურ თუ ძველბერძნულ მისტერიებში უშუალოდ უკავშირდება ძიებას „ოქროს საწმისისას.“ რამდენადაც „ფილოსოფიური ქვა“ და გრაალი იდენტურად მოისაზრება, ქრისტიანულ-თეოლოგიური თვალსაზრისით კლასიკურ „გრაალს“ ეწოდება „ოქროს საწმისი.“
უცხოურ წყაროებში სიტყვა „გრაალის“ წარმომავლობის რამდენიმე ვერსია არსებობს. ბერძნული ვერსიით ღვინისა და წყლის შესარევ ჭურჭელს, ლათინური ვერსიით ჭეშმარიტ სისხლს, ხოლო ისლანდიური ვერსიით სიუხვის კალათას ნიშნავს.
„გრაალთან“ დაკავშირებულია ადამიანის ასტრალური სხეულის განწმენდა ქვენა ინსტინქტებისა და ვნებებისაგან. ძველი ბერძნები კი ადამიანის ასტრალური სხეულის გარდაქმნის ამ უდიდეს სულიერ პროცესს „ოქროს საწმისის“ სურათხატით გამოსახავდნენ. არგონავტების ლაშქრობა კოლხეთში პელაზგური არგოსის კულტურის დროს (ნიშანდობლივია, რომ ხომალდის სახელწოდება „არგოსს“ ძირი წმინდა კოლხურია) არის კოლხეთის სულიერ ცენტრებში დაგროვილი ცოდნის ათვისება. სწორედ ამ პერიოდში, გვიანი ბრინჯაოსდროინდელ ეპოქაში, XIII-XII საუკუნეებში ბერძნული კულტურა თანდათან იკავებს მსოფლიოში წამყვან ადგილს.
„გრაალის“ თემა ევროპულ ლიტერატურაში განსაკუთრებით პოპულარული ხდება ჯვაროსანთა ლაშქრობის შემდეგ. ამის მიზეზია ის, რომ ჯვაროსანთა მიერ იერუსალიმის აღებიდან ოცი წლის შემდეგ 1119 წელს იქმნება ტაძრის რაინდთა, ანუ ტამპლიერთა ორდენი. პოეტი იოჰან იოზეფ გორესი (1776-1848 წწ.) თვლის, რომ „გრაალში“ ჩაწნულია უძველეს ქურუმთა საიდუმლო სიბრძნე. იგი პარალელს ავლებს ჰერკულესის თასთან, რომელსაც ბაკხუსის მისტერიების დროს იყენებდნენ. ეს თასი ჰერკულესს მზის ღმერთმა ჰელიოსმა აჩუქა, რომელიც კოლხი მედეას პაპა იყო. ზოგიერთი მკვლევარი „გრაალის“ თასს ჰერმეს მეგვიპტელისა და ჯემშიდის თასსაც უკავშირებს. მათ შორის მთელ რიგ სულიერ დამთხვევებთან გვაქვს საქმე. კერძოდ, პერსეპოლისის ამშენებელი ლეგენდური მეფის ჯემშიდის თასში ჩასხმული სითხეც სიბრძისა და უკვდავების სიმბოლოდ მოისაზრება.
არსებობს ღრმად მისტიკურ-საკრალური მნიშვნელობის ლეგენდა პარციფალისზე (პარსიფალი).
ქრისტეს შობიდან 516 წელს ბრიტანეთის მეფედ აკურთხებენ 15 წლის ართურს. მის სახელს უკავშირდება „მრგვალი მაგიდის“ ორდენის ჩამოყალიბება, რომლის უზენაეს მიზანს „გრაალის“ დაცვა შეადგენდა. ტომას მელორის აზრით (1408-1471 წწ.), მაგიდა მრგვალია იმიტომ, რომ მსოფლიო მრგვალია. არსი კი იმაში მდგომარეობს, რომ მსოფლიო მრგვალი მაგიდისკენ უნდა მიისწრაფოდეს.
„გრაალის ორდენის“ რაინდთა შორის იყო რაინდი პარციფალი (პარსიფალი), რაც სიტყვასიტყვით მოხეტიალეს ნიშნავს. ამასთან, ის „რაინდთა ქვრივის“ სახელითაც არის წოდებული. ის „გრაალის“ უკანასკნელი მეფეა, რომელმაც მოიპოვა წმინდა სასმისი და ღვთაებრივ სიბრძნეს ეზიარა. პარციფალის მამა ჰამურატი _ თავისი რაინდული ვალის მოხდის დროს დაიღუპა. დედამ ჰერცელოიდამ გადაწყვიტა, რომ თავისი ერთადერთი შვილი განერიდებინა ყოველგვარი რაინდული ცხოვრებისაგან, რათა მასაც მამის ბედი არ გაეზიარებინა. მან შვილი ტყეში გახიზნა. პარციფალი მთელ დღეებს ბუნების იდუმალი სილამაზის ჭვრეტასა და შეცნობაში ატარებდა, მიუხედავად იმისა, რომ საღვთისმეტყველო განათლება არ გააჩნდა, შინაგანად გრძნობდა ღვთის არსებობას. ბავშვისათვის ღვთის გამოვლენის ფორმა იმდენად შეუცნობელი იყო, რომ, როდესაც შემთხვევით საბრძოლო ფორმაში გამოწყობილ რაინდს შეხვდა, მიიჩნია, რომ სწორედ ის იყო ღმერთი. ამ შეხვედრით შთაგონებული პარციფალი გადაწყვეტს რაინდობას. ეს შემთხვევა ხდება სწორედ დედის გარდაცვალების მიზეზი. ტრაგედიით იწყება პარციფალის პირველი ნაბიჯი. პარციფალი დაადგება ხუთწლიან ძიების გზას. იგი ხვდება განდეგილს, ვისგანაც ეზიარება სულიერების უღრმეს საიდუმლოებებს. სრულიად იცნობიერებს კაცობრიობის ხსნისათვის დაღვრილი სისხლის მნიშვნელობას. ამ შეხვედრის დროს კულმინაციას აღწევს ვნების პარასკევის განცდა. უმძიმესად განიცდის დედის დაკარგვას _ ჭეშმარიტი ქრისტიანული სინანულით აღვსილი პარციფალი „გრაალის“ წინაშე წარდგება და ეზიარება მას.
პარციფალს სათნოებისათვის ერგო „გრაალის“  თასი, შუბი და დავით მეფის ჯადოსნური ხმალი.
„გრაალთან“ დაკავშირებულია ისეთი მნიშვნელოვანი ქრისტიანული რელიკვია, როგორიცაა სასწაულმოქმედი შუბი, რომლითაც რომაელმა ჯარისკაცმა ლონგინუსმა განგმირა ნაზარეველის სხეული და დავით მეფის ჯადოსნური ხმალი.
წმინდა „გრაალი“ ჰიპოფიზის სიმბოლოა _ ანუ ადამიანის თავის ტვინის ქვედა დანამატის, რომლის მიერ გამომუშავებული ჰორმონები არის სწორედ მთავარი წარმმართველი ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე ფიზიკურ-ფსიქიკური პროცესებისა. ხოლო „სასწაულმოქმედი შუბი“ ეპიფიზის სიმბოლოა. ეპიფიზი თავის ტვინის ზედა დანამატია, რომლის მიერ გამოყოფილი ბიოლოგიურად მაღალაქტიური ჰორმონები ადამიანის სისხლში გამოიყოფა. კაცობრიობა მას „მესამე თვალის“ სახელწოდებით იცნობს. რაც თანამედროვე შედარებითი ანატომიის ცდებითაც დასტურდება. რენე დეკარტის მიერ ჰიპოფიზი მიჩნეულია უდიდეს საკრალურ არსად _ „ეპიფიზი სულის სამყოფელია,“ _ წერს იგი.
ლეგენდის თანახმად, პარციფალმა „გრაალის“ შუბისა და დავითის ჯადოსნური ხმლის საშუალებით კლინგსორის ხიფათებით სავსე სასახლე უვნებლად განვლო. შემდგომ „ხსნის მთა“ დალაშქრა და „ხსნის მთაზე“ მდებარე ტაძარიც დაიპყრო. ეზოთერული თვალსაზრისით, კლინგსორის სასახლე ცხოველური ენერგიაა, რომლითაც ადამიანი ცდუნდება. „ხსნის მთა“ ადამიანის სხეულია, ხოლო მწვერვალზე არსებული ტაძარი _ თავის ტვინი. უდიდესი ქრისტიანული არსი ამ მოვლენისა არის ის, რომ ფიზიკური სხეული უნდა გახდეს სულის მეგობარი. დაეხმაროს ჩვენს არსებას სულიერი ხედვის გაღვიძებაში, რელიგიური ცნობიერებით შეცვალოს ადამიანის ნერვულ-ენდოკრინული სისტემის მუშაობის ცხოველური რეჟიმი.
ეპიფიზისა და ჰიპოფიზის ჰორმონები არეგულირებენ ადამიანის ბიოლოგიურ რიტმს ნერვულ-ენდოკრინული სისტემის ჯანსაღი ფუნქციონირებისას სიცოცხლის ხანგრძლივობა იზრდება. ქრისტოლოგების აზრით, ბიბლიური პატრიარქების ასაკამდე მიღწევა ადამიანისათვის შესაძლებელია.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ტამპლიერთა ორდენის ჩამოყალიბება უშუალოდ ჯვაროსანთა ლაშქრობის პერიოდს უკაშირდება.
ცნობილია, რომ დიდგორის ომში მონაწილე მხედრობის უმრავლესობა ტამპლიერები იყვნენ. დავით აღმაშენებელსა და იერუსალიმის მეფე ბალდუინ II-ს შორის სულიერი კავშირები არსებობდა. ჯვაროსნები დავით აღმაშენებელს უწოდებდნენ მეფე _ ხუცეს იოანეს. ვოლფრამ ფონ ეშენბახის პოემა „პარციფალში“ _ მეფე ხუცესი იოანე არის პარციფალის ნახევარძმის ფაირეფიცის ძე. ფაირეფიცი ეტიმოლოგიურად ნიშნავს „შავ-თეთრს,“ რაინდულ-მისტიკურ ქმნილებებში _ გმირები შუა საუკუნეებში სიმბოლურად აღნიშნავდნენ რომელიღაც მაღალ იდეას, სულიერი ინიციაციისას. პარციფალი წარმოადგენს დასავლური ეზოთერიზმის გზას, რომელიც ეძებს „გრაალს,“ ხოლო ფაირეფიცი _ აღმოსავლური და დასავლური სიბრძნის შერწყმის გზას, იმავდროულად, თეთრი და შავი რასების შერევას. ეზოთერიზმში რასები დაკავშირებულია მნათობებთან, თეთრი რასა პლანეტა იუპიტერთან, ხოლო შავი რასა _ მერკურთან. შავ-თეთრი არის იმიტომ, რომ ქრისტიანულ _ დასავლური სიბრძნე შერწყმულია არაბულ სიბრძნესთან. ამდენად ხდება დასავლურ-აღმოსავლური სიბრძნის სინთეზირება.
დავით აღმაშენებლის ქრისტიანული მსოფლგანცდა დასავლურ-აღმოსავლური სიბრძნის ნაერთია, ამდენად გასაგები ხდება, რატომ არის, რომ ძველ-ისტორიულ=ჯვაროსნულ ქრონიკებში „შავ-თეთრი“ ანუ მეფე-ხუცეს იოანე სიმბოლურად ნიშნავს დავით აღმაშენებელს.
„გრაალის“ სიმბოლოებია აგრეთვე თვალ-მარგალიტი და ქალწულის დახსნა ბნელ ძალთა ტყვეობიდან. ზვიად გამსახურდიას დაკვირვებით, „ვეფხისტყაოსანი“ შესაძლებელია „გრაალის“ პოემად მივიჩნიოთ. ქალწულის დახსნა, ანუ „გრაალის“ მოპოვება, სიმბოლურად განასახიერებს სამშვინველს, რომლის გამოხსნა ხდება დრაკონის ტყვეობიდან.
„გრაალის“ ირგვლივ მსოფლიო ხელოვნებისა და მწერლობის ისტორიაში მრავალი საყურადღებო ნაწარმოებია შექმნილი.
ვოლფგანგ ფონ ეშენბახის უკვდავი პოემა დაწერილია კრეტიენ დე ტრუას დაუმთავრებელი პოემის გავლენით. პარციფალის სახით დაინტერესდა რიხარდ ვაგნერი, რომელმაც 1882 წელს დაწერა ოპერა „პარციფალი,“ ხოლო შემდგომ მეორე ოპერა პარციფალის ძმა ლოენგრინზე. ეს ნაწარმოები შემდგომ ფერენც ლისტმა დადგა ვაიმარში 1850 წელს.
„გრაალის“ თემაზე მედიევისტიკაში სპეციალური დარგიც არის შექმნილი _ ართუროლოგია. აღნიშნულ საკითხებზე, უცხოელი თეოლოგების გარდა, უმუშავიათ ზ. გამსახურდიას, ა. ბაქრაძეს, ო. ქვრივიშვილსა და სხვებს.
გოეთე თავის „იდუმალებაში“ მსოფლიოს 12 რელიგიის შერიგების კონცეფციას აყალიბებს. იერუსალიმის ჯვრის მონასტრის ქართველი ბერები ტამპლიერებთან იყვნენ დაახლოებულნი. ჯვრის მონასტრის აღაპებში კი მათი მოსახსენებლებიც გვხვდება. ტამპლიერები აღმოსავლურ ესთეტიზმს ქრისტიანულ მრწამსს უხამებდნენ. ტამპლიერთა გვიანდელი მემკვირეა როზენკროიცერთა ორდენი, რომელიც რელიგიათა სინთეზს ისახავდა მიზნად, რომლის ემბლემაა ვარდებიანი ჯვარი. ჯვარი ქრისტიანობის სიმბოლოა, ვარდი _ ისლამის. რელიგიათა ასეთი არაბუნებრივი შერწყმის მცდელობა, ჩვენი აზრით, სავსებით სამართლიანად არის მიუღებელი მართლმადიდებელი აღმსარებლებისათვის.
„გრაალი“ უშუალო კავშირშია ქართულ სულიერ სამყაროსთან. გერმანელი მეცნიერი ვილჰელმ სკერტი წიგნში „გრაალის ტაძრები საქართველოში“ წერს: „როცა გოლგოთაზე მაცხოვრის ჭრილობიდან სისხლი მოწვეთავდა _ მოხდა ქრისტეს მისტიკური დაკავშირება დედამიწასთან. ქრისტეს ეთერული, ასტრალური სხეულისა და მე-ს ხატი განაწილებულია წმ. ავგუსტინეში, თომა აქვინელსა და ფრანჩესკ ასიზელში. ასევე გადმოსულია წმ. ნინოში.“ სკერტს მიაჩნია, რომ სვეტიცხოველი „გრაალის“ ტაძარია, რადგან წმ. ნინოს მითითებით იმ ადგილას აშენდა, სადაც უფლის კვართია დაფლული.
ქართულ კლასიკურ მწერლობაში „გრაალის“ თემა ქრისტიანულ სინამდვილესთან მიმართებაში თავისებურადაა დამუშავებული გრიგოლ რობაქიძესთან. რომანში „გრაალის მცველნი“ მოხმობილია ასეთი ისტორია: როცა ფრანგები ნაპოლეონის სარდლობით, იტალიაში, სან ლორენცოს ტაძარში შეიჭრნენ, უბრალო ტყავის შალითაში იპოვეს შვიდკუთხიანი თასი, რომელიც ანტიოქიიდან ჯვაროსანთა მიერ იყო ჩამოტანილი და წმინდა „გრაალად“ ითვლებოდა. ნაპოლეონმა თასი პარიზში გაგზავნა მისი მიწიერი ღირებულების დასადგენად. სან ლორენცოს ტაძარში შეჭრის პარალელურად ფრანგების ჯარი ესპანეთში, ბარსელონაში, ბენედიქტელთა მონასტერში შევიდა. მონასტერში იყო ხატი, რომელიც მოციქულმა ლუკამ გამოჭრა ხისგან, იმ წამს, როცა ეს ბარბაროსობა მოხდა, პარიზში გაიბზარა სან ლორენცოს ტაძრიდან ჩატანილი თასი, რომელიც წმინდა „გრაალად“ ითვლებოდა. ამ ორ მოვლენას შორის ღრმა მისტიკური კავშირი ცხადად იკვეთება.
რომანში მოთხრობილია ეპიზოდი: უკანასკნელი რაინდები უფსკრულის პირას დგანან და ტყვედ ჩავარდნას სიკვდილს ამჯობინებენ. მათი რელიკვიაა წმინდა ნინოს ჯვარი, ხისგან გამოთლილი და მისი თმით შეკრული. ის-ის იყო მიიღეს გადაწყვეტილება _ უფრსკრულში უნდა გადაშვებულიყვნენ, რომ პაწია მტირალი გოგო შეეხო ჯვარს. ამ დროს გამხმარი ხე აყვავდა. ოქროსფერი მტევნები დაისხა. მხედრებმა ღვთაებრივი სისხლი დაწურეს _ როგორც იოსებ არიმათიელმა _ გოლგოთაზე დაღვრილი სისხლი მაცხოვრისა, თასში დააგროვეს ფარულად და შეინახეს. იცავდნენ ვითარცა სიწმინდეს. თასის გარშემო წმინდა „გრაალის“ მსგავსი ორდენი ჩამოყალიბდა. საკრალურად თასში დევს გული, ანუ საქართველოს მზე, ხოლო რაინდები გახდნენ იდუმალი მიწის დარაჯი-გუშაგები.
გრიგოლ რობაქიძის რომანში „გრაალის“ დაცვის მისია ავალიათ არა უშუალოდ „გრაალის“ გუშაგებს, არამედ _ ქართული მწერლობისა და კულტურის მსახურთ. ნაწარმოებში ერთმანეთს უპირისპირდება ორი იდეა _ გრაალის დაცვისა და გრაალის ნგრევის.
ნაწარმოებში გატარებულია საყურადღებო აზრი: „გრაალის“ გადარჩენით გადარჩება ქართული ცნობიერება, ნგრევით კი ქართული სულიერების კატასტროფა გარდაუვალია.
                                                                                                                 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გ.დ. ვულოცავთ დაბადების დღეს