ნაწარმოებები



ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პროზა
16 ნოემბერი, 2012


ჩემი დილაუზმოს ჩანაწერები

* * *

- რა კარგი ადამიანია, რა უნდათ, რას გადაეკიდნენ! უხსოვარი დროიდან ვიცნობ. ნუ, ახლო მეგობარი არ არის, მაგრამ მუდამ კარგად ვხვდებით ერთმანეთს. ამას წინათაც ერთ წვეულებაზე ისეთი თავაზიანი იყო, ისეთი ყურადღებიანი, ბუნებრივი, ზომიერი იუმორით... - მეუბნება ის.

- ბუნებრივიო, არა? - იჭვნეულად ვერთვები მე - დალაგებულ სიტუაციაში იშვიათად თუ ვინმე გამოაჩენს თავის ნამდვილ სახეს, მაგრამ საკმარისია, მოულოდნელად ოდნავი დისკომფორტი შეექმნას... და საერთოდ, იცი რა? ადამიანებს უჭირთ გამართული ხერხემლით სიარული. ალბათ უკვე მილიონი წელია, ასე დადიან, მაგრამ მათთვის ბუნებრივი - ოთხზე გადასვლაა. უნდა ნახო, რას ემგვანებიან, როგორც კი მოწმე მოსცილდებათ. მუდმივი მოწმე, ხილული ან უხილავი - აი, რა ინახავს ადამიანს ადამიანად!

- რატომ ფიქრობ, რომ ყველა ასეთია? ნუთუ კარგები არ არსებობენ, მე თვითონ იმდენს ვიცნობ პირადად, მრავალზეც მსმენია ან წამიკითხავს. ალბათ ერთ ან ორიოდე ასეთ ადამიანს შეხვდი ბოლოხანს და შენ კი ცდილობ, ყველაზე განაზოგადო.

- ყველაფერი ასე იმიტომ გეჩვენება, რომ შენ ადამიანებთან ოპტიმალური დისტანცია გაშორებს - მანძილი , საიდანაც ასეთებად მოსჩანან. ოპტიმალური დისტანცია - ეს არის მთავარი ურთიერთობისას!

- ასე ფიქრს თუ განაგრძობ, მიხვალ დასკვნამდე, რომ ყველა ცუდია და შენ ერთი - კარგი. იჯექი მერე შენს ბროლის კოშკში ყელმოღერებული - არ მითმობს იგი

და კიდევ კარგი, რომ არ მითმობს.
და საერთოდ, მიხარია, რომ ჩემგან ასეთი განსხვავებულია, ასეთი მიამიტი და საყვარლად კეთილი...
მე ხომ საკუთარ თავს ვესაუბრები.
როგორ მინდა, დავეთანხმო კიდეც, მაგრამ ო, წლები, ოო გამოცდილება!




* * *

  - ერთ აღმოსავლელ ბრძენს უთქვამს: ვინც რაღაც არ იცის და ვინმეს ეკითხება, რისკავს, ცოტა ხნით უცოდინარი გამოჩნდეს, ხოლო ვინც რაღაც არ იცის, მაგრამ არც არავისთან კითხულობს, რისკავს, მთელი ცხოვრება უცოდინრად დარჩესო.
  ჰოდა, იცი, რა მინდა გკითხო?... - ოდესღაც ასე სჩვეოდა საუბრის დაწყება ერთ ჩემს მეგობარს.
ძნელი გამოსაცნობი არ არის, რომ ჩვენს ყმაწვილობისდროინდელ სამეგობროში სწორედ ის გახლდათ ყველაზე ჭკვიანი, თითქმის ბრძენი.
    ამას წინათ დაშემოდგომებულ ქუჩაში დავინახე. ცხადია, ვიცანი, ამდენი წლის შემდეგ.  მაინც,  როგორ გადაუარა ცხოვრებამ-მეთქი, გავიფიქრე და გზა განვაგრძე.
    მეჩქარებოდა.


* * *

    ,,ხმას ამოიღებ - ვაია, ჩუმად იქნები - ვუი . ვინც ლაპარაკობს, ხომ ტყუის, ვინც დუმს, ის უფრო ტყუის”. (მუხრანი)

ვინ ამოიღებს ახლა ხმას! ვის სცალია სამართლიანობისთვის! გულამოვარდნილნი დარბიან ,,ვითარების მკერავებთან'', ახალ მუნდირ-ეპოლეტებს იზომებენ და ეზომებიან.

* * *

    თუ ხვედრად გერგო, მთელი ცხოვრება სხვებმა შენი ხელით ეკლები გლიჯონ, რა გაეწყობა! მუდმივად გამძლე ხელთათმანები ატარე და ნურც გრძელსახელოებიანის ჩაცმას დაივიწყებ.-

- ასეთი ირონია ზოგჯერ  ბალახის ნაყენივით მარტივი,  მაგრამ ოდითგანვე გამოცდილი, უებარი  წამალია.

* * *

    ჭეშმარიტება შეიძლება დაიბადოს ან არ დაიბადოს კამათში, მაგრამ კამათში რომ იწრთობა, ხოლო უკამათოდ - კვდება, ეს მუდამ უნდა ახსოვდეს გონიერ კაცს.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები