ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლიჩელი
ჟანრი: პროზა
24 ნოემბერი, 2012


ნაწვიმარი მოგონება

ნაწვიმარი მოგონება


  მოწყენილი დღეა,წვიმიანი, სწორედ ისეთი, ტელევიზორის არსებობას  აზრს რომ ანიჭებს. გარეთ გული არ გიწევს, გიპყრია ხელში მისტიური საგანი, თითებით ეხები რბილ ღილაკებს და საკუთარი ყოვლისშემძლეობის ილუზიით ტკბები. ტელევიზორში რომელიღაც ბრძოლის კადრებს აჩვენებენ. რაღაც ფეთქდება,ბოროტად ზუზუნებენ თვითმფრინავები.
  - მანდა ხარ?- საწოლიდან ისმის ნონას ხმა.
  - რა იყო?
  - უყურებ?
  - არა.
  - გამორთე , რა! ეგეთი ხმები ნერვებს მიშლის.ის ამბები მახსენდება.
  არ ვეკითხები, ისედაც ვხვდები. პულტს ვიღებ და ვრთავ.
  - წვიმს?
  - ხო.
  - ფარდა გაწიე. იცი, რა გამახსენდა?
  - არა!
  - მაშინაც ასე წვიმდა, სახლი რომ დავტოვეთ. არაფერი წამოგვიღია თან, თითქოს ამით შინ დაბრუნების იმედსაც გამოვეთხოვებოდით.
  - ჰოო!
  - ჩვენს სახლთან ახლოს  საგუშაგო ჰქონდათ მოწყობილი ჩვენებს. ერთი სვანის ბიჭი მორიგეობდა ხშირად.ხანდახან ეზოშიც შემოდიოდა ჭიდან წყლის ამოსაღებად. არ ვიცი, აგზავნიდნენ , თუ  თავად ეძებდა მიზეზს შემოსასვლელად.
  -რას შვრებოდა?
  -არ მისმენ?
  - როგორ არა. უბრალოდ ვერ გავიგე.
  -ხოდა, ჩუმად მოგვიგდებდა სალამს და გაბრუნდებოდა. სახელიც არ ვიცოდით, ყველა სვანს ვეძახდით. ჩვენები  მოიპატიჟებდნენ, ხილს შესთავაზებდნენ ხოლმე. ყოველთვის უარს ამბობდა, გაწითლდებოდა და გაგვშორდებოდა. ერთხელაც ჩემმა ბიძაშვილმა შეამჩნია, როგორ აპარებდა ჩუმჩუმად ჩემსკენ თვალს.  მეტი რა უნდოდათ.ბიცოლაჩემმა მითხრა , ნამდვილათ შენ მოსწონხარ. გოგო! ამ ამბავმა ძალიან გაგვახალისა. -ე, მოდის შენი სვანიო.- მახელებდნენ. -მასე ნუ დგეხარ, თუარა გიყურებს ახლა შენი სვანი დურბინდით.
  ჩემზე უმცროსი იქნებოდა. ობოლი. როგორც ამბობდნენ, ბოლნისში ჩამოსახლებული სვანი. ნათესავებთან ჩამოსულიყო კომანში და აქ მოესწრო ომს.
  სიჩუმე.
  - მერე?
  - არაფერი.
  - სულ ეგ იყო?
  - სოხუმს რომ შემოუტიეს, ჩვენ დავტოვეთ იქაურობა, თევზსაჭერი ნავებით გადმოგვიყვანეს ფოთში. მარტო ბიცოლაჩემი დარჩა სახლში, იმას აფხაზი სიძე ჰყავდა და იმედი ჰქონდა რაღაცას იღონებდა..
- მერე
  - რა მერე?
  - შენი სვანი?
  - არ ვიცი, რა დაემართა. თბილისში რომ  გადმოვედით "ივერიაში", ზუგდიდიდან ჩამოსულმა ბიცოლამ მიამბო ერთხელ სხვათაშორის,, -სოფელი რომ დაიცალა და ჩვენებმაც დაიხიეს, შევკარი, რისი შეკვრაც შეიძლებოდა და დაურის გამოგზავნილ კაცს ველოდები, ვხედავ, ის შენი სვანი არა დგას მარტოდმარტო თქვენს ჭასთან.  -აქ რა გინდა-მეთქი,ბიჭო? ვკითხე. -აქაურობა ხომ უნდა გაამაგროს ვინმემო. თქვენი სახლისკენ გაიხედა. -წადი აქედან, ხომ ხედავ არავინ დარჩა, მალე ჩეჩნები შემოვლენ-მეთქი. არაფერი მითხრა, ისევისე გაიღიმა, რო იცოდა.
  იმ ღამეს საარტილერიო ცეცხლი გაუხსნეს მიტოვებულ  სოფელს. როგორც გვითხრეს, ჩვენი სახლი მთლიანად დაფერფლილა, მარტო ჭის ოწინარიღა გადარჩენილა ობლად.
  - მერე, შენი სვანი?
  - აბა იმის გვამს ვინ მოიკითხავდა, პატრონიც არ ჰყავდა. სიჩუმე.
  - და... არც იმას ჰქონია ბედი და არც მე. -ვატყობ ცუდად ვიხუმრე.
- პლედი დამაფარე.- მითხრა ნონამ.
    2012 



                       

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები