ნაწარმოებები



ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
25 ნოემბერი, 2012


სანიშნებელი


                                                (ციკლიდან -,, მოციონები“)


დილის ჰაერი -
- ფილტვებისაკენ
ჩახერგილი გზის ჩამსერავი!
ციდან მიწამდე რამდენია
დილის ჰაერი,
მე კი მაინც მეცოტავება.

ყივის მამალი.
(აქ რა უნდა? - ქალაქის გულში)
რა უთენია გამოსულა ეს დედაბერიც,
ადრე სახეს რომ იბურავდა,
მერე თანდათან
ჯერ თვალები გამოგვიჩინა,
ხელგამოწვდილმა მერე თავშალიც გადაიძრო,
ცოტა არ იყოს,
ხორციც შეისხა,
სახელიც გვითხრა -
- მარო
(იგივე მარიამი),
ჩვენებიც კარგად დაიხსომა,
ჯამიც დაიდგა,
ზოგჯერ ცალობით ან ათად შეკრულს
სანთლებსაც ჰყიდის
და ჩვენს ქუჩაზე უკვე ისე მოიკალათა,
ამბავს ვუბარებთ
ერთმანეთისთვის გადასაცემად.

აი, მიღიმის!
ჯამს პირმოტეხილს
ქვედაბოლოს ჯიბიდან იღებს.
ერთი, რკინისა ვერ მიშოვია,
იმის ძირში რომ  ხურდა-ფული გაიწკრიალებს, 
იცოდე, ცაში მადლის კარი გაიღებაო.
მერე შიგ ცოტა ხურდას ჩაყრის და დააყოლებს:
- ესეც ჩვენი სანიშნებელი!

სულ  ორიოდე მონეტაა,
არც ისე წვრილი,
ვინმე მოჩქარემ
დასამატებლად 
ჯიბის მოქექვა დაიზაროს,
და არც იმდენი,
რომ გაიფიქროს: -
-  რა უშოვია!
ხელი აქეთ გამიმართოსო.
ყველა საქმეს რომ ცოდნა უნდა!
უსანიშნებლოდ  სიკეთისთვის ვინ შეჩერდება.
ასე  დედლისთვის
საბუდარში  ერთ კვერცხს ტოვებენ.

თურმე,  ნუ იტყვი,
დღე თუ გაეჭვებს,
ცოტაც რომ იყოს დილის მადლი,
სულ ერთი  ბეწო,
იმედის სანთელს
სანთებელად გამოადგება.
დაანთე?  - წადი!
ერთი დაბერვა
და უპატრონოდ  ირხევა და ქრება გვირგვინი,
ჰაერს ერევა გვირგვინშიგა უჰაერობა.

ჩვენ ვვარდებოდით თითო-თითოდ,
ვცვიოდით ერთად,
ვერც სხვას ვშველოდით,
ხელიც არავინ შემოგვაშველა.

გადასარჩენი - გადარჩება!

გამთბარი ნისლი
ფილტვებიდან ზეცას ვუწიე.
ვუჩქარებ ნაბიჯს,
შინისაკენ ვუჩქარებ ნაბიჯს,
წითელ-ყვითელი ფოთლების გროვებს
მივაფრიალებ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები