ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბუდულა
ჟანრი: პროზა
26 ნოემბერი, 2012


სიურპრიზი

    ჩემი ცხოვრების უამრავ გავლილ  ეპიზოდზე  შემიძლია ვიხუმრო,რადგან მიმაჩნია რომ ყველაფერი კარგია,რაც კარგად მთავრდება.თუმცა ის რაც ერთხელ გადამხდა, სახუმარო სულაც არაა.
    მეოცე საუკუნის ბოლო წლებია და ჩემი გათხოვების ლოგიკური გაგრძელების ,  ჩემი ფეხმძიმობის კიდევ უფრო ლოგიკური დასასრულის  დროა....(ფეხმძიმობის და არა ორსულობის).მართალია ,მძიმე დრო იყო,უწყლობა, უშუქობა, უგაზობა, უფულობა,მაგრამ საბედნიეროდ,ექოსკოპია  არსებობდა და მეც მყარად მიკავია ხელში დასკვნა,რომელშიც წერია, რომ ნაყოფი არის დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში, სქესის გასწვრივ----მამრობითი.
    სხვადასხვა გაურკვეველ მდგომარეოაბათა გამო ,ეს დრო დადგა არა ფეხმძიმობის ცხრა თვის, არამედ 8 თვის შემდეგ.დაიბადა კიდევ ერთი გვარის გამგრძელებელი (ერთი ვაჟი უკვე მყავდა)  წონით 2,800.
            ბებია ქალმა მეუღლეს და დეიდაშვილს , რომლებიც მე მგულშემატკივრობდნენ,სასიხარულო ამბავი ჩაუტანა.მეუღლეს სამახარობლოდ ათი ლარი უჩუქებია და ისიც თავს დამტრიალებდა გახარებული.
    როგორც მოსალოდნელი იყო,მეც და ექიმიც ველოდებით ჩემს გამოკეთებას,რომ პალატაში გადამიყვანოს და თავის საქმეს მიხედოს.უცებ,სრულიად მოულოდნელად,ექიმი მუცელზე მოსასმენ ყურმილს მადებს და მეუბნება:
----აქ კიდევ ერთი ბავშვია....
  რამდენიმეწამი შოკში ვიყავი და უცებ ექიმს ვეუბნები:
-----ნანა, (იგი ჩემი მეგობარიცაა),  ეგ გამორიცხული,  ჩანთაში ექოსკოპიის  დასკვნა მაქვს, ვინმემ ჩანთა მომიტანოს,გაჩვენებთ....
-----  გოგო,  დასკვნა რად მინდა, აქ კიდევ არის  ბავშვი....გულისცემა მესმის...
    სერიოზულმა შიშმა შემიპყრო,ეს გრძნობა არ ვიცი რომელ გრძნობას  შევადარო.მერე გულში ასეთი აზრის გავლება მოვასწარი:
------თუ კიდევ უნდა გავაჩინო,  გოგო მაინც იყოს მეთქი.
ნახევარსაათიანი ინტერვალის შემდეგ დაიბადა....წონით 2.700 კგ,  სქესი ----მდედრობითი. ულამაზესი გოგონა,მაშინვე ლამაზი,თორემ ახლა უკვე 16 წლისაა და ლამაზია,ულამაზესი.
    ბებიაქალმა თავის საქმეს არ უღალატა და ჩემ ქმარს ახლა გოგო უმახარობლა.ის ისე დაბნეულა,რომ
------წეღან შეგეშალათო?-----გაუბედია კითხვა.
------არა გენაცვალე,    ბიჭიც გყავთ და გოგოცო.....
ჩემ ქმარს,  ახლა უფრო მეტად დაბნეულს მახარობლისთვის უკანასკნელი 5 ლარიანი უჩუქებია .ბებიაქალი თურმე უარობდა,
მაგრამ მერე მაინც გამოურთმევია.

        ჩემ სახლში დღესაც ხუმრობენ,    ბიჭი 10 ლარიანი და გოგო 5 ლარიანიო...

        ისინი არ არიან იდენტური ტყუპები ,  არასდროს იცვამენ  ერთნაირად და როცა ამ  თემაზე მოგვიხდება საუბარი,ჩემი ქმარი ხუმრობს: ვიღაცას ალბათ მეშვიდე გოგო შეეძინა და რომ გაიგო, შენ მეორე ვაჟის    დაბადებით გულდაწყვეტილი იყავი,  გაჩუქაო.

    ის მართლაც არის  ჩემი ცხოვრების ბონუსი...მოულოდნელი და სანატრელი.

         

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები