ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: დავით შემოქმედელი
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
29 ნოემბერი, 2012


კონფორმისტული ინტელიგენცია და მისი წარმოშობის მიზეზები

ინტელიგენციის კრიზისი, რომელიც დღეს თავისი განვითარების უმაღლეს _ კულმინაციურ წერტილს აღწევს, სათავეს ილიას მკვლელობიდან იღებს. ილიას შემდეგ კი გაძლიერდა ინტელიგენციის ის ნაწილი, რომელიც საზოგადოებრივ ცხოვრებაში ზნეობრივ _ ინტელექტუალური პროცესების წარმმართველ, ეროვნული ცნობიერების მატარებელ, სხვათა შემწე და მფარველიდან, უკვე ხელისუფლების თვალებში შეციცინებულ, საკუთარი სიცოცხლის გადარჩენაზე მოფიქრალ, უსახურ საზოგადობერივ ფენად იქცა. ნამდვილი ინტელიგენცია, რომელიც დინების საწინააღმდეგოდ მიდიოდა, სამწუხაროდ იმდენად ვერ გაძლიერდა, რომ პროცესზე არსებითი გავლენა მოეხდინა. რუსეთის საიმპერიო მანქანა კარგად გრძნობდა, რომ თუ საქართველოში ეროვნული ნიშნით ორიენტირებული ინტელიგენცია იარსებებდა, ის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მძლავრ აღტყინებას გამოიწვევდა. ამიტომ ერის სულიერი წინამძღვარი ინტელიგენციის ნაცვლად, უნდა შეექმნა სრულიად ახალი სახის, ხელისუფლების მსახური ინტელიგენცია _ ავტორიტეტული და პოპულარული, რომ მისი სიტყვა ხალხში უცილობელ ჭეშმარიტებად გასაღებულიყო. ამგვარი ინტელიგენციის შესაქმნელად მას სჭირდებოდა შემოქმედებითი ნიჭით რჩეულნიც, რომელთაც ნელა და შეუმჩნევლად თავისი იდეოლოგიის სამსახურში ჩააყენებდა. სანაცვლოდ, უწევდა მათ შემოქმედებას დიდ პროპაგანდას, უქმნიდა საზოგადოებაში ავტორიტეტს და გავლენის სფეროებს უნაწილებდა. ხოლო ვინც არ ისურვებდა ხელისუფლებასთან ამ ორმხრივ გარიგებაზე წასვლას, საზოგაოებისათვის როგორც ხელოვანი, ნიველირებული იქნებოდა. ასე იქმნებოდა სახელისუფლებო ინტელიგენცია, რომელმაც თავის ზეობის უმაღლეს მწვერვალს ედუარდ შევარდნაძის საქართველოში მოღვაწეობის ჟამს მიაღწია. საქართველოს კპ პირველ მდივნად დანიშვნისთანავე, მან დაიწყო მიზანმიმართული, ფრთხილი მუშაობა საკუთარი ინტელიგენციის შესაქმნელად. ამისათვის ის ყველა საშუალებებს იყენებდა, როგორიცაა, უშუალოდ პირადი ურთიერთობების დამყარება, ხელს გამართვა შემოქმეებითი კარიერის მიღწევაში და მრავალი სხვა. თანდათანობით ინტელიგენციის ეს ფენა ძლიერდებოდა ხელისუფლების ირგვლივ და ერთ მძლავრ კლანად ყალიბდებოდა, რომელიც ანგარიშგასაწევი ძალა ხდებოდა ქვეყანაში. და ეს ინტელიგენცია გახდა შემდეგ სწორედ ხელისუფლების მძლავრი დასაყრდენი. ამიტომაც დაედო ტაბუ საქართველოში ინტელიგენციის კრიტიკული თვალთახედვით შეფასებას, საკმარისია ამ სახელისუფლებო ნაწილის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება გამოხატო, რომ უმალ რეაქციონერად მოგნათლავენ, თითქოს შენ პროგრესისა და განათლების წინააღმდეგი ხარ. დღეს ეს ინტელიგენცია მიზანმიმართულად ატარებს ხელისუფლებისათვის სასურველი საზოგადოებრივი აზრის დამკვიდრებას, თითქოს საქართველოში დაწყებულია აღმშენებლობითი პროცესები და რაღაც შინაგანი ფაქტორების, უფრო სწორად, ოპოზიციური ძალების მიერ ხდება ამ მშენებლობის დაბრკოლება, აქედან გამომდინარე კი, აუცილებელია ამ წინააღმდეგობრივი ძალების მსხვრევა. ე.ი. მთელი ცნობიერება მიმართულია, არა შენებისაკენ, არამედ ნგრევისაკენ. გავიხსენოთ ბაკუნინის გამოთქმა, რომ „ლტოლვა ნგრევისა იმავდროულად შემოქმედი ლტოლვაა.“ რამდენად პარადოქსულადაც არ უნდა მოგვეჩვენოს, ნგრევის პროცესი საღდება შენებად, რადგან შენების საფუძველი სიყვარულია, ხოლო ნგრევის სიძულვილი. საზოგადოების სხვადასხვა ფენებს შორის სიძულვილის დიდი უფსკრული დევს, ღრმავდება უფსკრული ხალხსა და ინტელიგენციის ამ ნაწილს შორის, რომელიც ჯერ მათ შორის გაუცხოებად, რაც შემდგომ ერთმანეთის მიმართ ანტაგონიზმში გადაიზარდა, რომელიც ერთი უმთავრესი ბზარია ჩვენი საზოგადოებრივი ცხოვრებისა. „სურამის ციხის“ ლეგენდაში _ ციხის კედელში ზურაბის ჩატანების მეტაფორულ სახეში ჩადებულია თვითშეწირვის შედეგად შენების, აღმშენებლობის იდეა, რომელი იდეაც კვებავდა ქართულ ცნობიერებას საუკუნეების მანძილზე. აფხაზეთის ომით ხელისუფლებამ შესძლო სამშობლოსათვის თვითშეწირვის აბსურდულობის დამკვიდრება, რადგან კედელი, ანუ სამშობლო მიუხედავად ცალკეულ პატრიოტთა თვითშეწირვისა კი არ შენდება, არამედ ინგრევა. ეს კი ეროვნული ნიჰილიზმის წარმოშობის ერთ-ერთი პირობაა. სწორედ სიძულვილში დევს ის საფუძველი, რომ შევარდნაძის ინტელიგენციისათვის უცხოა ალტრუიზმის გრძნობა, ხალხისთვის, მოყვასისათვის პირადი კეთილდღეობის ხარჯზე რაიმეს დათმობა.
საქართველოში ამჟამად დაბალ დონეზეა ფილოსოფიური აზროვნების კულტურა _ თუ მიმდინარეობს ძიებები, ისიც მხოლოდ ყოფითი მოვლენების ირგვლივ. ნიშანდობლივია მხოლოდ ეგზოთერული მოვლენებისადმი წვდომის, ანალზის უნარი. ხოლო სამწუხაროდ უფრო ღრმად, მისტიკის _ ეზოთერული მოვლენების მიმართ დამოკიდებულება უცხოა აღნიშნული ინტელიგენციისათვის და არც სურვილს აცხადებს შემეცნების ამ სფეროს დაუფლებისათვის. გარე სულიერი მოვლენების მიმართ დაუინტერესებლობამ და მხოლოდ ირგვლივ არსებული რეალიებით მისი ცნობიერების შემოზღუდვამ, აიძულა ის მძაფრად მიბმულიყო ყოველდღიურ ყოფასთან და ემოქმედა იმ ზნეობრივ-სულიერი ნორმებით და კანონებით, რაც საზოგადოების გარკვეულ ეტაპზე მიღებული იყო. ხოლო ამ ნორმების დამდგენი, როგორც საბჭოთა, ისე პოსტსაბჭოთა საქართველოში სახელისუფლებო იდეოლოგია იყო. შევარდნაძის ინტელიგენცია თავის მსოფლმხედველობას ამ იდეოლოგიის ადექვატურად აყალიბებდა, ანუ უფრო სწორად ხელისუფლებასთან ერთად ქმნიდა ამ იდეოლოგიას. რუსი თეოლოგი მამა სერგი ბულგაკოვი წერს: _ „რუსულ ინტელიგენციზე უფრო ათეისტური ინტელიგენცია არ არსებობს.“ რამდენადაც სსრკ-ს ჩამოყალიბებამ და ქართული სახელმწიფოებრიობის გაქრობამ _ ქართული ინტელიგენცია რუსული აზროვნების სივრცეში მოაქცია, ეს სიტყვები ქართული ინტელიგენციის დიდ ნაწილსაც ეხება. ჩეკისტურ-ათეისტურმა პერიოდმა, რომლის დროსაც ყალიბდებოდა შევარდნაძის ინტელიგენციის ცნობიერება, ბუნებრივია, ის რელიგიის გარეთ დატოვა. ანტირელიგიურობა კი, ადამიამანს უპირველესად ცოდვის ჩადენისაკენ უბიძგებს. თანდათან დავიწყებული იქნა მარადიული ქრისტიანული ჭეშმარიტებანი. შტაინერი ასკვნის, რომ _ „თუ ადამიანის სუბიექტური სურვილები ერთადერთი კრიტერიუმია _ მის მიერ სამყაროში პრაქტიკული ორიენტაციისა, მაშინ რის საფუძველზე უნდა ვაღიაროთ ესა თუ ის მოვალეობანი, განა მისი კანონიერი უფლება არ იქნება, ამ ცხოვრებით მარტივი, ეგოისტური ტკბობა.“ აქედან გამომდინარე, შევარდნაძის ინტელიგენცია მომხმარებლური თვალსაზრისით უდგებოდა ჭეშმარიტებას. მოაზროვნეებში და მათ სისტემებში ეძებდა არა მეცნიერულ ჭეშმარიტებას, არამედ ხელისუფლებისათვის სასურველი იდეოლოგიისა თუ აზროვნების წესის გამართლებას. მან რუსული ინტელიგენციის მსგავსად, ღვთისთაყვანისცემის ნაცვლად კაცთაყვანისცემლობის გზა აირჩია. ჩაჯდა რა ერთხელ თავისი ნებით „ხელმწიფის ნავში,“ მიენდო ბრმად იმ დინებას, რომელსაც ედუარდ შევარდნაძე მართავდა. აღნიშნულმა ფენამ ყირაზე დააყენა გაბრიელ მარკესის გამონათქვამი, „მე ვემსახურები სამშობლოს და არა ჩემი სამშობლოს მთავრობას.“ როგორ უცნაურად არ უნდა მოგვეჩვენოს _ ხელისუფლების სამსახური, ჭეშმარიტების, ხალხის, ქვეყნის სამსახურად საღდებოდა. ორ ათეულ წელზე მეტია აღნიშნულ ინტელიგენციას დიქტატორის პალმა უჭირავს _ ჩვენი კულტურულ-საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში, გამომცემლობების, რედაქციების, ტელევიზიის კარები საგულდაგულოდ ჰქონდათ ჩარაზული მათთვის, ვინც ამ კლანის წევრად არ ეღიარებოდა. ამიტომაც საზოგადოებაში იქმნებოდა აზრი, რომ თითქოს მთელ ქართულ ინტელიგენციას შევარდნაძის ინტელიგენცია წარმოადგენდა. დაიგულა რა თავი ხელისუფლების მაღალ ინსტანციებში, ის ხელშეუხებელ ნაკრძალად იქცა. ასე ხელისუფლებასთან ერთად თანხმობითმა, ჰარმონიულმა თანაცხოვრებამ მიიყვანა იგი, თავისი სამშობლოს „ესენგეში“ შესვლის თანხმობის ღილაკზე თითის დაჭერამდე. ხოლო როცა ხელოვანი, თავისი ქვეყნის დამონებას აწერს ხელს, ამით იგი სწირავს თავს, საკუთარი მხრებით ატაროს უმძიმესი ცოდვა აწმყოსა და მომავლის წინაშე. ჩვენ არც იმას გამოვრიცხავთ, რომ შევარდნაძის ინტელიგენციიდანაც, შეიძლება ზოგიერთი ეჭვის თვალით უყურებს ხელისუფლების მიერ გატარებულ პოლიტიკას, აღარ სურს იყოს მისი მხარდამჭერი. ეს კარგად იგრძნო სახელმწიფო მეთაურმაც, როცა პარლამენტის ერთ-ერთ სესიაზე განაცხადა, რომ საქართველოს ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივნად მუშაობისას დაინტერესდა КГБ-ს არქივებით და გაეცნო რა მას, თავზარი დაეცა, საკუთარი თავი შეზიზღდა ქართული ინტელიგენციის ზოგიერთი თვალსაჩინო წარმომადგენლის საქმეების გაცნობისას. როცა მოსთხოვეს არქივების გახსნა, შეახსენა მათ, რომ გერმანიაში ანალოგიური არქივების გახსნის შემდეგ, ხალხმა თავისი რჩეული, საყვარელი ინტელიგენციის ზოგიერთი წარმომადგენელი კინაღამ ჩაქოლა და ხელისუფლებას მათთვის სპეციალური დაცვის დაყენება დასჭირდაო. რა იყო ეს, თუ არა პირდაპირი მუქარა მათ მიმართ _ თუ ისინი ხელმწიფის ნავიდან გადაჯდომას დააპირებდნენ. ამდენად КГБ-ს არქივი ერთი მძლავრი ბერკეტია ხელისუფლების ხელში ამ ადამიანების გარკვეული ნაწილის სამართავად. ბოლო წლების პოლიტიკური პროცესები იმგვარად განვითარდა, რომ მათთან ერთად ქვეყანაში გავლენის სფეროებს დაეუფლა კრიმინალური სამყარო, რომლის ინტერესების სფეროებშიც შედის არსებული ხელისუფლების მხარდაჭერა. თუ გავიხსენებთ კანტის გამონათქვამს, რომ მეგობრობა ინტერესთა ერთიანობაა, აქედან გამომდინარე, ისინი სწორედ ინტერესთა ერთიანობის გამო დაახლოვდნენ და ბოლოს ერთმანეთის გვერდით აღმოჩნდნენ. შევარდნაძის ინტელიგენცია, რომლს უშუალო მხარდაჭერითაც გატარდა ბოლო წლებში  ქართული სახელმწიფოებრიობის დაკნინებისაკენ მიმართული პოლიტიკა _ ოფიციალურ ხელისუფლებასა და ზოგიერთ პოლიტიკურ პარტიასთან ერთად პასუხისმგებელია ქვეყანაში შექმნილ უმძიმეს მდგომარეობაზე. თავისი დროის ინტელიგენციაზე მსჯელობისას, დიდი რუსი ფილოსოფოსი ბერდიაევი ასკვნის:  _ „ისტორიის მოცემულ ეტაპზე ინტელიგენცია საჭიროებს არა თვითგანდიდებას, არამედ თვითკრიტიკას, ახალ ცნობიერებაზე გადასვლა მხოლოდ მონანიებით და თვითმხილებით შეიძლება.“ ეს სიტყვები ზუსტად მიესადაგება ინტელიგენციის შევარდნაძისეულ ნაწილს, ზოგადად კი ინტელიგენცია/რჩეული გამონაკლისის გარდა,/ აუცილებლად უნდა გამოვიდეს რუსული სააზროვნო სივრციდან და გახდეს ის სარკმელი, რომლიდანაც საქართველოში შემოვა ევროპული ცივილიზაცია, ამასთან მან უნდა შესძლოს უმთავრესი _ ცნობიერების ქართულ ნიადაგზე დადგომა.
                                                                                                            1992წელი
                                                                წიგნიდან_ "რატომ ტირიან ჩიტები ზამთარში?"
                                                                                       

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გ.დ. ვულოცავთ დაბადების დღეს