ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნეფერტარი
ჟანრი: პროზა
7 იანვარი, 2013


ბედუინი (თავი XVII ლოდის ჩრდილი )

             
                                                                                                                        "შენ შეგიძლია,
                                                                                                                          სულ უბრალოდ მაჩუქო ფრთები
                                                                                                                          და ჩემი მზერის წაკითხვის გწამდეს.
                                                                                                                          მე შეიძლება ვერ ავცდე ქვიშას, 
                                                                                                                            შენ, მაინც შეძლო - აფრენა ცამდე."

                                                                                                                                            წამიკითხავს სადღაც...

                       
                    მხედრები ნელა უახლოვდებოდნენ სოფელს და გარემოს დაკვირვებით ათვალიერებდნენ.  მათ  ყოველ  ნაბიჯზე ვგრძნობდი, როგორ მეყინებოდა ძარღვებში სისხლი.  ბედისწერის ავი ფურცელი მაინცდამაინც ტუარეგების მომთაბარე სოფელში წამომეწია, ხეზე ძაღლივით მიბმულს, ხელებშეკრულს, ამენოკალიას პირად ტყვეს და არაადამიანური სასჯელის მომლოდინეს.
            ჰილალეს  და მილოშის შეხვედრა  რა უბედურების მომტანიც იყო, - კარგად მესმოდა, ორი ძლიერი მტრის გაერთიანება - ნამდვილად დამღუპველი იქნებოდა. მილოშის გასაკეთებელს ჰილალე თუ გააკეთებდა, ექიმის მიზანი მიღწეული იქნებოდა თანაც ხელსუფთად.  იმ წუთში ვნატრობდი რომ ჰაერში მირაჟივით გავმდნარიყავი და ნისლივით შევრეოდი  ღამეს,  ისე არ მინდოდა ჩემი წამება  და დამცირება,  მტრისთვის გასართობ სანახაობად ქცეულიყო.

            უკან მოტოვებული ყველა განსაცდელი ერთბაშად გაუფერულდა. ჩემი უმწეობით გამოწვეული თავზარი ლოდივით დამძიმდა და კისერზე დამეკიდა. ახლა  ალ კაბირის გამოჩენაზე, მის საქციელზე და გადაწყვეტილებაზე თითქმის ყველაფერი იყო დამოკიდებული. სადღაც ღრმა სოროში შეძვრომა და დამალვა მინდოდა ზუსტად ისე, როგორც ცხოველი ემალება უცნობ საფრთხეს. ჩემს უკან, ორი გაშლილი მკლავის მანძილზე ადამიანის სიმაღლის ბრტყელზედაპირიანი ლოდი ეგდო.  კისერზე  შებმულმა თოკმა რამდენადაც საშუალება მომცა,  იმ მანძილით მოვცილდი პალმას, უკან დავიწიე და ლოდის ძირში გვერდულად ჩავჯექი.  დღის ცხელი მზით გადახურებული ქვა - ჯერ კიდევ თბილი იყო, სხეულით მივეხუტე  და  ყურადღებით დავაკვირდი  სოფლის შემოსასვლელს. 

              მდევრებს აქლემები დაეჩოქებინათ და ქვეითდებოდნენ. მათ მოძრაობაში სიფრთხილე და მოწიწება ირძნობოდა.  მილოში ეგვიპტეში დიდი ხანს ცხოვრობდა.  მისი მონაყოლიდან უკვე ვიცოდი, რომ  წითელი ჯვრის მისიაში მუშაობდა. ალჟირის  საჰარაში ცხადია, არაერთხელ შეხვდებოდა მომთაბარე ტუარეგებს და ბედუინებს და  მათი ათასწლოვანი ჩვეულებების შესახებ  ბევრი წვრილმანი იცოდა.  ამიტომ არ გამკვირვებია, მისი სიმშვიდით გაჟღენთილი მოძრაობა და კეთილმოსურნე გამომეტყველება.
 
            პოლონელი ექიმი  წარმოსადეგი და საკმაოდ მიმზიდველი კაცი იყო. მისი ნათელი ღიმილი და ლურჯ თვალებში ჩამდგარი სხივი, წამით მთელ სადარდელს გადაგყრიდა გულიდან. ვერც მშიშარას დაუძახებდი მაინცდამაინც.  მის  სიტყვა-პასუხში ყოველთვის იგრძნობოდა საკმაო „გულწრფელობა“ და  დამაჯერებლობა საიმისოდ, რომ  ადვილად გერწმუნა მისი.  როგორც ექიმს  ხომ  ისედაც  ადვილად ენდობოდნენ. 
 
          მიუხედავად იმისა  რომ ადამიანების მიმართ უნდობლობის უკმარისობას არ ვუჩიოდი, გამახსენდა  რა სწრაფად დამარწმუნა  დელტაპლანით მეფრინა და საკუთარ თავზე  ხელახლა გავბრაზდი.  მაგრამ მისთვის ძალიან მოულოდნელი აღმოჩნდა რომ დელტაპლანის გასწორებაც შევძელი,  ცაში აფრენაც და  ქარაფიდან გადმოშვებულმა იქვე არ მოვიტეხე კისერი.  ბრაზმა უცბად გამომარკვია სასოწარკვეთილებიდან. მიუხედავად იმისა რომ სიბნელეში ვიჯექი და კოცონების სინათლით დაბრმავებული მდევარი ვერ დამინახავდა,  გადავწვიტე  პალმასთან აღარ დავბრუნებულიყავი, მთვარის ამოსვლას  ლოდთან დავლოდებოდი და ღამეც აქვე, მის განიერ და ფართო ჩრდილში  გამეტარებინა.   

            ჰილალე ანთებული ჩირაღდნით ხელში გუბურასთან იდგა.  მისკენ ტუარეგების თანხლებით მხოლოდ მოწიწების ნიშნად თავდახრილი მილოში დაიძრა. დანარჩენები, იმგადებით გარშემორტმულნი - აქლემებთან დარჩნენ. მილოში ათიოდე ნაბიჯზე შეჩერდა, მოწიწებით დაუხარა თავი ამენოკალიას და ტუარეგების საყვარელი სალმით მიესალმა: 
          - მეტულემ, მეტულემ...
          - ასელამ ალეიჰქუმ - გაისმა პასუხი.
მილოშმა ხელები ერთმანეთზე გადააჭდო და არაბულად თქვა:
          -ბოდიშს გიხდით, გვიან მოვედით, აგაფორიაქეთ, სამტროდ არ მოვსულვართ. ჩვენ ფარაფრას ოაზისისკენ მივდივართ.  წყალი გამოგველია. გთხოვთ მოგვეცით წყალი, სოფლიდან მოშორებით დავბანაკდებით და ღამეს იქ გავათენებთ. სოფელს არ შევაწუხებთ,  დაბრუნდით და მშვიდად დაიძინეთ თქვენს „ჰხაიმებში“. ჰილალემ დაკვირვებით შეათვალიერა მილოში და ხელით ნებართვის მაგვარი რამ ანიშნა.  მილოშმა თავი ასწია, სახეში მიაჩერდა და ისე გაიყინა, თითქოს მის წინაშე მედუზა გორგონა იდგა. ის ქალის გასაოცარი  სილამაზით იყო გაოგნებული. უდაბნოში ამდენი ხნის სიარულის შემდეგ, ტუარეგების მომთაბარე სოფელში ასეთ მზეთუნახავთან შეხვედრას ნამდვილად არ ელოდა და ახლა განცვიფრებული შესცქეროდა ულამაზეს ქალს, მედიდურად აძლევდა ნებას  წყლის მარაგი აეღო და სოფლის გარეთ დაბანაკებულიყო.

        ჰილალეს ყურადღებაც არ მიუქცევია მილოშის გამომეტყველებისთვის, უცერემონიოდ აქცია ზურგი,  უკან მდგომ იმგადს მიუბრუნდა და რაღაც უთხრა. იკლანებმა ტყავის სამიოდე გუდა გუბურის წყლით შეავსეს, იმგადებს დაელოდნენ და მათთან ერთად აქლემებისკენ დაიძრნენ.  მილოშის  ხალხი სოფლიდან მოშორებით შლიდა ბანაკს. მათ გარშემო ოთხმა იმგადმა მოიყარა თავი.  არაბები კოცონს შემოუსხდნენ. ტუარეგები  მათ გარშემო, ასე ოციოდე ნაბიჯის დაშორებით  ოთხივე მხარეს  განაწილდნენ, ფეხმორთხმით დასხდნენ, ხელში თოფები მოიმარჯვეს და ქანდაკებებივით გაირინდნენ.  ინდიგოსფერი ლისამებით შებურული თავებიდან ცეცხლის შუქზე მხოლოდ ნახშირივით შავი თვალები უკიაფებდათ.  არაბებმა ცეცხლზე წყალი შემოდგეს და ჩრდილოეთის ნიავმა ჩაის არომატთან ერთად  ჩემსკენ  მათი საუბრის ნაწყვეტები მოიტანა:

      - ყარაული მოგვიჩინეს? 
      -სანამ აქ ვიქნებით არ მოგვშორდებიან. - თქვა მილოშმა.
      -მთელ ღამე იჯდებიან?
      -არავინაა უფრო მომთმენი და  ამტანი ვიდრე ტუარეგი.   
      -რას გულისხმობ?
      -მათ შეუძლიათ დღეები და ღამეები გაუნძრევლად გაატარონ  ნადირობისას ჩასაფრებულებმა.  შეუძლიათ უდაბნოს ქვად იქცნენ ამ სიტყვის  პირდაპირი გაგებით,  არ ჭამონ, თვალიც არ დაახამხამონ, არაფერზე იფიქრონ, არ იაზროვნონ და თვით გულისცემაც კი შეინელონ, რომ ენერგია უქმად არ დახარჯონ და სხეულში წყლის მარაგს გაუფრთხილდნენ.
      - საშიში ხალხია.
      - ნებისმიერი ქვეყნის არმიას დაამშვენებდა ტუარეგი სნაიპერი. მაგრამ ეს რასა ისეთი თავისუფლებისმოყვარეა, რომ არასოდეს არაფრით შეიზღუდავენ თავს. მათთვის ეს უდაბნო და სიჩუმე,  უსაზღვრო  თავისუფლებას  და თვით სამოთხეს ნიშნავს,  რომელსაც ქვეყნად არაფერზე გაცვლიან.
      - ჩვენ კინაღამ ამოვიხოცეთ ამ წყეულ უდაბნოში, ესენი სამოთხედ თვლიან...

      ნიავმა მხარი იცვალა და გაგრძელებული საუბრიდან ამოსხლეტილი სიტყვები თან გაიყოლა. 

ჩუმი ნაბიჯის ხმა მომესმა. ჩემსკენ მოხუცი მოდიოდა, ხელში ჭიქა და ხმიადი ეჭირა. წყალი ხელებში მომაწოდა, პური ისევ მიწაზე დამიგდო გარემო დაკვირებით მოათვალიერა და გამეცალა. მხოლოდ წყალი დავლიე, პურისთვის ხელი არ მიხლია. როგორც კი მოხუცი თვალს მიეფარა, ისევ არაბების ბანაკს გავხედე. ერთი პირდაპირ მიწაზე შლიდა სახელდახელო სუფრას, აქლემები  ცეცხლის გარშემო წრეზე დაეჩოქებინათ და მათზე მიყრდნობილები მშვიდად საუბრობდნენ.

სოფლის გარშემო ანთებული კოცონები ნელ-ნელა მინელდა. ხალხი კარვებში გაიკრიფა. ფორიაქი შეწყდა. სოფელი ნელ-ნელა მშვიდდებოდა. მხოლოდ აქა-იქ ისმოდა ბავშვების ტირილი და  მათი დასაშოშმინებელი  მოალერსე ხმები. 
      მალე  სიმშვიდემ და იდილიამ დაისადგურა.
ამ სოფელში ყველა მოვლილი და დაფასებული აღმოჩნდა , - ჩემს გარდა.
       
        ჰილალე თავისი კარვის წინ გაჩერდა და სოფელი დაკვირვებით მოათვალიერა, ჯერ  ჩრდილოეთს დააცქერდა, შემდეგ სამხრეთისკენ შებრუნდა და ქარაფს გაუშტერა თვალი.  კარვის კალთა ასწია და თვალს მიეფარა.

        ახალამოსულმა მთვარემ ლოდის განიერი ჩრდილი, ჩემს  მოგრძო ჩრდილს გადააფრა და  სიბნელეს შევერიე.

გათენებას შიშით ველოდი. თუ არაბები შემამჩნევდნენ, ამას კარგი არაფერი მოჰყვებოდა,  მე თუ არა ჯადარს ხომ ნამდვილად შენიშნავდნენ, ეს კი ჩვენს პირისპირ შეხვედრას გარდაუვალს ხდიდა. ამ შეხვედრას კი რა მოჰყვებოდა, ერთმა ღმერთმა იცოდა. ამ საღამოს მომხდარ ამბავში რაღაც მეხამუშა...როგორც კი დავფიქრდი, მაშინვე მივხვდი რომ ჰილალემ არაბული იცოდა. ყოველ შემთხვევაში კარგად ესმოდა და თარჯიმანი ამჯერად არ დასჭირვებია.

          გვარიანად აცივდა. მუხლები ნიკაპთან მივიტანე და ლოდის შემორჩენილ სითბოს მივეკედლე. როგორმე ამაღამვე უნდა გავპარულიყავი. გადავწყვიტე გამთენიას დავლოდებოდი. წყალი უნდა მომეპარა და ცხენიც  წამეყვანა. მაგრამ ეს შეუჩნევლად როგორ უნდა გამეკეთებინა, ახლა მხოლოდ ამაზე ვფიქრობდი. ვგრძნობდი, ეს თითქმის შეუძლებელი იყო. დამშვიდება მინდოდა, თვალები დავხუჭე და ფიქრებით შინ, თბილისში გადავინაცვლე. ვიხსენებდი დედაჩემის სახეს და ხმას, ჩემი პაწია ძმისშვილის ვარდისფერ და ფუნჩულა ხელებს, ჩემი რძლის მუდამ მხიარულ სიცილს. სახლის სუნს და სიმყუდროვეს, მეგობრებს, ჩემს წიგნებს და უნივერსიტეტს. 
       
        მოულოდნელად ძლიერი ხელი ცხვირპირზე შემომეჭდო და სუნთქვა შემიკრა. გავიბრძოლე, მაგრამ  ჰაერზე უკეთესმა არომატმა წამში შეავსო ჩემი ფილტვები. ეს  ჟასმინის, გვირილის, იასამნის და ჟენშენის სურნელი იყო.

გულისკოვზთან ისევ აფეთქდა მოღადღადე ნაღვერდალი. თავბრუ დამესხა. მთელი ჩემი დაძაბულობა დაიმსხვრა, ძვლებიც გაიყოლა  და ამ ქვეყნად ყველაზე ძვირფას მკერდს უღონოდ  მივეყრდენი ზურგით. ვეღარ ველეოდი ხელს,  რომელიც პირზე მქონდა შემოჭერილი და ჩემი საყვარელი ყვავილების სურნელით იყო გაჟღენთილი,  რომელიც ოციოდე დღის უკან, ავადმყოფს და ძალაგამოცლილს  წყალს მასმევდა და ახლაც სულზე მომისწრო.  შეუმჩნევლად ვეამბორე ხელისგულს. რომელიც ფაქიზად ამაცალეს სახდან.  მაშინვე ურწმუნობის ტალღამ დამიარა ცივად:

      „- იქნებ მძინავს, იქნებ სიზმარია?  მხოლოდ სიზმარში მოდის...“ - მაგრამ ყურთან ჩურჩული გავიგონე.
      - ლეტა ტაჰარაკი ნი’ლნა, ჩშშშ... 
      - ცოცხალი ხარ...
      - დიდება ალლაჰს შენ რომ ხარ  ცოცხალი. 
- მაინც მიპოვე...-  მისკენ მიბრუნება დავაპირე მაგრამ მხარზე მოხვეულმა მკლავმა ფრთხილად შემაჩერა.
      -  არ გაინძრე. - ჩამესმა მისი თბილი დაბალი და ძალიან რბილი ხმა.
      - ყველას სძინავს.
      - იმოშაგებს არა...
      - ვის?
      - იმოშაგებს, ასე ეძახის თავის თავს ტუარეგის ხალხი. სამხრეთით, ქარაფზე  ჰილალეს ხალხია,  დარჩეული მონადირეები, სოფელს ყარაულობენ.
      -  გვხედავენ?
      - აქ ლოდი გვიფარავს, მაგრამ სოფელში ქვიშაზე ობობამაც რომ გაირბინოს,  არ გამოეპარებათ,  მკვეთრი მოძრაობას კი აქაც შენიშნავენ.  ვიცი  გასაქცევად  ემზადებოდი,  მოგისწარი. დიდი შეცდომაა იქნებოდა, ცოცხალი ვერ გააღწევდი.
- სხვა გზა არ მქონდა,  უდაბნოდან პოლონელი მოვიდა, მთელი გზაა  მოსაკლავად  მომდევს და  აქ წამომეწია. შენ კი არ ჩანდი. თქვეს  გავთოკეთო,  წყალი და იარაღი წავართვით  და უწყლოდ მოკვდებაო... ამენოკალია და პოლონელი ერთად, სიკვდილია.  უნდა მეცადა,  იქნებ  გამომსვლოდა გაქცევა.
- ეს ადგილი ჩიხია,  მთელი სოფელი უნდა გაიარო რომ ჩრდილოეთის მხრიდან  გახვიდე.  იმოშაგები კი წარმოუდგენელი სიზუსტით ისვრიან...  -  ბედუინმა მეორე ფეხითაც ჩაიმუხლა.  თავი ოდნავ მივაბურნე, თვალის კუთხით დავინახე,  მუქი ლურჯი თითქმის  შავი სამოსი ეცვა, იმავე ფერის  ლისამით  ქონდა პირი შებურული.  ჩრდილზე ჩუმად და შეუმჩნევლად მოპარულიყო. მართლაც ვერავინ  შენიშნავდა კატის ნაბიჯის მქონეს. მხოლოდ თვალები, მისი მწვანე თვალები ისროდნენ  ციმციმა ნაპერწკლებს მთვარის შუქზე.

    - უდაბნოში არაფერი გამიჭირდება. დიდი მორიელის გამოქვაბულამდე ცხენის კვალი ვერ ვიპოვე. თუ ცოცხლები იყავით, ღვარცოფისგან გადასარჩენად ჯადარი იქ  მიგიყვანდა.  სიგარეტის კოლოფმა მიმახვედრა  რომ გადარჩით.  მალე ნაცნობი იმოშაგები შემხვდნენ. ასეთი გრიგალის  შემდეგ, კლდეებზე ოქროს ძარღვები შიშვლდება და  საძებნელად გამოსულიყვნენ.  მეხარი*, წყალი და  სამოსი მომცეს. საღამოდან გამთენიამდე გზას ვადექი  და ვერ დაგეწიეთ, ჯადარი ქარივით სწრაფია.  არწივის გამოქვაბულში  ცხენის ნაკვალევი და . თავმოჭრილი გველი ვიპოვე. ვიფიქრე კობრამ დაგკბინა და  წამებით მოკვდი.  საფლავის დანახვაზე  სული  ამემღვრა. ვერ ვეგუებოდი მარცხს.  სუსტმა ქალმა,  ჩემი გადარჩენა შეძლო, მე კი ვერ შევძელი  სამშვიდობოს გამეყვანა.  მდევრისადმი პატივისცემა გამიჩნდა, მხოლოდ მათ შეეძლოთ შენი დამარხვა. მაგრამ მალევე შევნიშნე კლდეზე ნახშირით  მიწერილი  სამი სიტყვა.  წარწერა  ისეთ ადგილზე იყო, მდევარი აუცილებლად შენიშნავდა  და  წაშლიდა.  ესე იგი საფლავი შენი არ იყო.  ცოცხალი იყავი და იმ გზას ადექი,  რაც მე დაგიხატე და  ფეხსაცმელში დაგიტოვე. 
    - გავიარე. პოლონელი. გელოდები...
- გამეხარდა, თან მიკვრიდა შენი ამტანობა.  ჰარმატანის შემდეგ კვალის ძებნას აზრი არ ჰქონდა მიწისქვეშა მდინარემდე აღარ შემისვენია. მივხვდი  წყლის ხმამ  მიგიტყუა და დახეთქილ მიწაზე გაიარე.  ასეთ სატყუარას  გამოცდილი იმოშაგებიც  ვერ უძლებენ.  უდაბნოს ხალხი  შენზე  ოთხჯერ ნაკლებ წყალს სვამს. უწყლობა ადამიანს ჭკუიდან შლის და  საღი გონება შენარჩუნება შეუძლებელია.  ვნახე  რომ წყლის ძებნაში ქვიშის ჭაობმა ჩაგითრია,  ჯადარის იმედი მქონდა რომ ამოგიყვანდა.  აღვირის კვალიც ვნახე. 
        -  ვერ მომწვდა და მაშველის მოსაყვანად გაიქცა. 
- ახლა გასაგებია აქ როგორ მოხვდი.  შენი  ფეხსაცმლის კვალმა მითხრა რომ ფეხით იარე. აღვირის  კვალი უწყვეტად  გრძელდებოდა.  მოხეტიალე ქვიშას თავი კი დააღწიე, მაგრამ ჯადარი  შენთან აღარ იყო. მოკლული აფთარიც ვნახე,  მუცელში გაზელის ძვალი ჰქონდა გაჩრილი. ნაცეცხლარზეც,  ბრძოლის და  შენი ფეხსაცმლის  კვალი  ჩანდა. ვიცოდი  ჯადარი აქამდე მოვიდოდა, მაგრამ  შენ, არსად იყავი, არც ცოცხალი, არც მკვდარი...
- აფთარი შემთხვევით მოვკალი, შიშმა მომცა ძალა.   
- ამდენი არასოდეს მილაპარაკია...თან ქალთან, უნდა მცოდნოდა რომ უდაბნომ არ შეგშალა.
- იმიტომ მელაპარაკები, მამოწმებ ხომ არ გავიჟდი?   
- მამშალაჰ, ამდენი განსაცდელის შემდეგ ცოცხალიც  ხარ და საღი გონებაც შეგრჩენია. დაუჯერებელია რომ გადატანილმა ვერ გაგტეხა. საჰარა ნამდვილი მახრჩობელაა,  შენ კი მოერიე და უთანასწორო ომში აჯობე.  ამაზე ძნელი ტიქდაბრას დიდი უდაბნოს გადავლა თუ იქნება. დიდი ალლაჰის სასწაულია, რომ ამტანობის და შეუპოვრობის დიდი გამოცდა ჩააბარე სიცოცხლეს.
- როდის მოხვედი?
      - წუხანდლიდან გითვალთვალებ.  ჯერ ჯადარი დავინახე. მერე შენ შეგნიშნე, არც მდევრის მოსვლა გამომპარვია და არც ამენოკალიას საქციელი...   
      - ოჰ ალ კაბირ, შენ ჰილალეს უყვარხარ, ძალიან!
      - შენ ნი’ლნა ?
მოულოდნელი შეკითხვა ისე მომხვდა, თითქოს ტყვია მესროლეს, ენა ჩამივარდა და უცბად დავმუნჯდი, დავიბენი, აღარ ვიცოდი რა მეთქვა, ან მეთქვა საერთოდ რამე თუ არა... მთელი ამ ხნის მანძილზე მეორედ ლაპარაკობდა ბედუინი. პირველად მაშინ,  როცა მთხოვდა მენდეო. აქამდე სულში და გონებაში მისი დაბალი, რბილი და თბილი ხმა მუსიკასავით მეღვრებოდა და ზედ ყურთან მესმოდა.  ზურგზე მისი მკერდის სითბოს ვგრძნობდი, მხარზე მისი ხელი მედო. გამახსენდა როგორ არიდებდა თავს ჩემთან შეხებას როცა ჯადარზე ერთად ვიჯექით. ცდილობდა არ შეეხედა თუ  ჩადრი  არ მეხურა. მხოლოდ ხელით მანიშნებდა სათქმელს. ახლა კი ეს მანძილი როგორღაც თავისით გამქრალიყო, ბედუინი თავისი  წესისა და ადათის მიუხედავად,  უცხოტომელ ქალთან, რომლის  არც ვინაობა იცოდა და არც წარსული, ისე ახლოს დაჩოქილიყო,  მისი სუნთქვა ჩემს  საფეთქელზე იფანტებოდა...ვიგრძენი რომ  სამყაროს გამოვეყავით, ჩვენ ერთად და ცალკე ვიყავით, ხოლო სხვა ყველაფერი დანარჩენი, - თავისი კოსმოსით, თავისი ყოფიერება-ცნობიერებით - სრულიად ცალკე. თითქოს ბედნიერებისთვის სრულიად საკმარისი იყო ჩვენი ერთად ყოფნა, მაგრამ ისეთი შფოთვა შემომიჩნდა, თითქოს მოულოდნელი საფრთხის წინაშე მოუმზადებელი აღმოვჩნდი.

    - შენ ჩემი წყალი და იმედი  ხარ...  შენ და ჯადარი რომ არა... ვერ გავუძლებდი  წყურვილის,  შიმშილს, ამ უდაბნოს. -  როგორღაც თავისით წამომცდა  უხმო ჩურჩული.

პასუხად ვარდის ფურცელივით ნაზი შეხება ვიგრძენი საფეთქელზე,  თითქოს სიცხეს მიზომავდნენ...

    -  სამჯერ მეგონა რომ მოკვდი, ნი’ლნა.  თავს ისე ვგრძნობდი, -  როგორც ყურანი  მუჰამედის გარეშე... როგორც შენი „ახალი აღთქმა“ - ქრისტეს გარეშე. როგორც მდინარე წყლის გარეშე და როგორც გული სისხლის გარეშე. რაკი გიპოვე, ვფიცავ დიდი ალლაჰის წმინდა ხსენებას,  მწარედ ინანებს ყველა, ვინც  შენი თმის ღერის შერხევას გაბედავს.  მალე ინათებს.  უნდა წავიდე.  ორ დღეში  ამენოკალიას ხალხთან  ერთად დავბრუნდები.  თუ აქ უნდა შეიკრას ჩემი და ჩემი მტრის სიკვდილ-სიცოცხლის კვანძი,  მოხდეს რაც მოსახდენია... ამაღამ საფრთხე არ გელის, პოლონელმა არ იცის რომ აქ ხარ. ჰილალე ძალიან ვერაგია  და  ჩემს მოსვლამდე მაინც, მისგან აუცილებლად დაგმალავს. ამიტომ შეეცადე დაიძინო ან დამშვიდდე. 
      - ახლავე გავიქცეთ!
      - აქედან ორი ადამიანი  შეუმჩნევლად ვერ გავა. ნამდვილად მოგკლავენ.  სხვა გზა უნდა მოვძებნო.
      - ხვალ რატომ არ მოხვალ? 
      - ხვალ  ჩემი აქ მოსვლა არ შეიძლება,  იქნებ მდევარმაც  გზა გააგრძელოს და მშვიდად დავტოვოთ აქაურობას.
- რატომ არ შეიძლება?
      - შენ შემპირდი რომ  უნდა მენდო... აი ეს დანა გამომართვი, შორ მანძილზე სროლისთვის ზედგამოჭრილია. სხვა იარაღი ჯერ არ მაქვს.  მშვიდად იყავი,  ჩუმად იჯექი, რასაც მოგცემენ ჭამე,  დაისვენე და ძალა მოიკრიბე.  აქედან უნდა გავაღწიოთ და ეს არ იქნება ადვილი, წინაც გრძელი  გზა გვიდევს, თეთრი უდაბნო უნდა გადავლახოთ, უკვე ზაფხული დადგა და ხამასინს უნდა გავასწროთ...არაფერი მოიმოქმედო. მშვიდად, მაგრამ ფხიზლად იყავი და თვალში ზედმეტად არავის მოხვდე.

      თვალი გავახილე.  ბედუინმა თავი დახარა, მარჯვენა ხელი ჯერ მკერდზე მიიდო, მერე პირზე და შუბლზე, შავი მოსასხამი მჭიდროდ შემოიხვია და გატეხილ ღამეს უჩუმრად შეერია...

                                                              (იხილე როგორ გაგრძელდა)
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
ლისამი - მამაკაცი ტუარეგის თავსაბურავი, საიდანაც მხოლოდ თვალები ჩანს.
იმოჰაგი - ტუარეგი, მონადირე.
მეხარი - აქლემი.
ანაბსია - ვარსკვლავის ფორმის მცენარე, რომელიც ჰამადის კლდეებზე იზრდება, ცხენის და აქლემის საკვები.
ჰარმატანი - ქვიშის მშრალი ქარიშხალი.
გაზელი - ანტილოპა.
ტიქდაბრა - უდაბნო საჰარაში -სრულად უსიცოცხლო დაბლობი,"ცარიელი მიწა",  სადაც ტემპერატურა ოთხმოც გრადუსს აღწევს,  სადაც მწერი და ქვეწარმავალი არ სახლობს, არც ფრინველი  დაფრინავს.
________________________________________________________________________________________________

© საავტორო უფლება დაცულია საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის მიერ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები