ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლ. ლორია
ჟანრი: პოეზია
9 იანვარი, 2013


დონ კიხოტი, მინისტრი და მდივანი თინა

           
ეკოლოგიის მინისტრის  მისაღებში მდივანი თინა  სამინისტროს  ელექტრონულ ფოსტას ამოწმებდა, თანაც უცხოეთში გაურკვეველი ხნით გადახვეწილ თაყვანისმცემელს  ეხმიანებოდა სკაიპით, თუმცა ის ზარს არ პასუხობდა, რაც  ფრიად აშფოთებდა. ისე ენატრებოდა გულის სწორი, თითქოს წინა ღამით დილის ხუთ საათამდე არ ესაუბრა.  მინისტრს დაბარებული ჰქონდა არავინ შემაწუხოსო. კუთხეში,  მასიურ ფანჯარასთან ათასფრად გაბრწყინებული ბუნებრივი ნაძვის ხე იდგა. მოწონდა თინას წინასაახაწლო დღეები, სამზადისი,  ფუსფუსი. წელს პირველად გოზინაყის დამოუკიდებლად გაკეთება გადაწყვიტა, რეცეპტიც მოიძია ინტერნეტში  და ახლა იმაზე ფიქრობდა, რა  მიზეზი ვუთხრა,  რომ ცოტა ადრე გავეთავისუფლო მინისტრსო.
სწორედ ამ დროს გაიღო კარი და  ზარადიანი ჩაჩქანით თავშემოსილი, ფარითა  და  შუბით შეიარაღებული ვიღაც ახმახი კაცი შემოვიდა... კიდევ კარგი თინა ყავას არ სვამდა  და საყვარელ შოკოლად ალპენ გოლდს არ აყოლებდა, თორე ერთ-ერთი მათგანი აუცილებლად გადასცდებოდა და შეიძლებოდა მშვენიერი ფეხებიდან ორი თუ არა, ერთი მაინც გაეჭიმა.  ჩაჩქანიანმა კაცმა ჯერ შუბი იატაკზე დადო, მერე კი რამდენადაც აბჯარი საშუალებას აძლევდა,  ცალ მუხლზე მსწრაფლ დაიჩოქა და გაკვირვებისაგან ფერმიხდილ თინას მიმართა:
-    ო, დულსინეა, ჩემი გულის მპყრობელო, მაინც რა ქარმა გადმოგაგდო საქართველოში?  სევილიის თუ ანდალუზიის? რატო დამტოვე,  სული ჩემი რად დამიობლე?
თინას ამ უცნაური სტუმრის შემხედვარეს გულის წასვლას ბევრი არა უკლდა. დაბნეული ფიქრობდა  დაცვამ ეს კაცი როგორ გამოატარა, და საერთოდ რაში იღებენ ხელფასსო.  ძალიან მოუნდა ვინმე სხვა შემოსულიყო სამდივნოში, ან მინისტრი მაინც გამოსულიყო კაბინეტიდან და ვიღაცის ნაბიჯების ხმა რომ გაიგონა, იმედი მოეცა, მეშველაო. ნაბიჯების ხმას ადამიანის, ალბათ მათი პატრონის  ხმაც მოყვა, ხმას კი პატრონიც: დაბალი,  ჩასუქებული, ლოყებღაჟღაჟა კაცი, ძველმანებით შემოსილი, რომელსაც წინ მაისური მნიშვნელოვნად გარღვეოდა ისე რომ ჭიპიც კი მოუჩანდა: 
-    ჩემო კეთილო, ბატონო დონ კიხოტ სად დამეკარგეთ, იქნებ გინდათ  დაპირებული კუნძული  სხვას ვინმეს აჩუქოთ!
-    სანჩო,  ძვირფასო მეგობარო, როდის იყო რომ ჩემს  სიტყვებს ქარებს ვატანდი? ახლა დამტოვე ჩემს სატრფოსთან,  დულსინეას მინდა  ჩემი სევდა გავანდო...
-    ხოდა ბატონო, ჩემი სევდაც არ დაივიწყოთ! 
თქვა, კაცმა, რომელსაც სანჩო უწოდეს და  გავიდა, თუმცა ნაბიჯების ხმით მიხვდა თინა, რომ ძალიან შორს არც წასულა. თინა დიდად არ იკლავდა თავს  ლიტერატურის, მათ შორის მსოფლიო შედევრების კითხვით,  თუმცა  შეუძლებელია დონ კიხოტი და მისი საჭურველმტვირთველი სანჩო პანსა ფილმში მაინც არ ენახა,  მაგრამ  ის თუ რომელ საუკუნეში ცხოვრობდნენ ზემოხსენებული ორი ფრიად ცნობილი გმირი აზრზე არ იყო.  სულ ერთი წამი  რომ ჰქონოდა  დრო  მოვლენებს მოსწყვეტოდა, გუგლში მოიძიებდა მათ შესახებ ინფორმაციას, მაგრამ  ვინაიდან  გამზრდელი ბებია თავადის ქალი გახლდათ, ვერაფრით ვერ აპატიებდა თავს, დაჩოქილი მამაკაცის თვალწინ ინტერნეტში დაეწყო ძრომიალი.  ასევე ფერმიხდილი წამოდგა და ძლივსღა წარმოთქვა:
-    თუ შეიძლება,  აბრძანდით!
-    მხოლოდ მაშინ  მივცემ თავს უფლებას წამოვდგე,  თუ  დამთანხმდებით და ამ ეკლიან  გზაზე, ცხოვრება რომ ქვია,  მეგზურად გამიხდებით.  ვარსკვლავთ გვირგვინებს მე დაგიწნავთ  ყოველი ღამით და ვარდებს დაგიფენთ  ყოველ დილით, ოღონდ გიყვარდე.
ამ დროს მინისტრის კაბინეტის კარი გაიღო და თავად მინისტრი გამოვიდა. ბატონი ალექსანდრე, იგივე ალეკო,  პროფესიით აღმოსავლეთ მცოდნე,  ეკოლოგიის მინისტრად  მორიგე სამთავრობო კარუსელით მოხვდა, მანამდე  უკვე მოასწრო და ჯანდაცვისა და სპორტის მინისტრის პოსტები ისე გამოიარა, თითოეულ სამინისტროში  ყველა თანამშრომელი ვერც გაიცნო და ერთი წესიერი სხდომის ჩატარებაც ვერ მოასწრო... ახლა მდივნის წინ დაჩოქილი ჩაჩქანიანი და ჯავშნიანი  კაცი რომ დაინახა, ერთი გაფიქრება კი გაიფიქრა, ფარული კამერა ხომ არ გვამაიმუნებსო. ერთხელ, როცა სპორტის მინისტრი იყო,  უკვე გაება გადაცემა ობობას ქსელის აბლაბუდაში და შარში, იმიტომ რომ იმ გადაცემის რეჟისორს აგინა და ოპერატორს კამერა ფანჯრიდან გადაუგდო, რაც ბოდიშის მოხდად, ახალი კამერის ყიდვად და კინაღამ თანამდებობის დატოვების ფასად დაუჯდა.
-    თინა, რა ხდება აქ?
-    ბატონო ალექსანდრე, დონ კიხოტია მოსული, რა უნდა ვერ გეტყვით?
-    ვინ არისო?
-    დონ კიხოტი.  მუხლზე დაჩოქილი მეხვეწება, მინისტრის ნახვა მინდაო! – ისე უცებ დაახეთქა საკმაო ზომის ტყუილი თინამ,  თავადის ქალი  ბებია არც გახსენებია.
-    შემოვიდეს, შემოვიდეს... - თქვა  მინისტრმა და ისევ კაბინეტში  შებრუნდა, ისე  რომ  კაბინეტის  კარი არც მიუხურია. 
-    აბრძანდით ბატონო და შებრძანდით, მინისტრი გელოდებათ.
-    თინა ვერ მიცანი, აგული მე ვარ მე, აგული!
-    რომელი აგულ ხარ შენ? პიპინია ერისთავის ბიჭი?  ხუთ ბავშვს და ცოლს რომ გაექცა სახლიდან?
-    თინა, მე შენ ბავშვობიდან მიყვარდი, გახსოვს კოკა  რომ გაგიტეხე?
-    ხირხალ, რა შეუბრალებელი იყავ  ბიჭო!
-  აბა, აბა!
-  ხირხალი ხარ,  აგული ხარ თუ დონ კიხოტი,  შებრძანდით ბატონო, მინისტრი გელოდებათ.
-    კაი თინა, შევალ და  აქ დამელოდე.
მინისტრის კაბინეტიც საახალწლოდ მოერთოთ. ლამის ორმეტრიან ბუნებრივ ნაძვის ხეს ნეილონისგან ვერ გაარჩევდი.  გემოვნებით იყო მოწყობილი მინისტრის კაბინეტიც.  კედელზე რომელიღაც ნაკლებად ცნობილი კუბისტი მხატვრის ორიგინალები იყო განთავსებული. ნახატებს თავს და ბოლოს ვერ გაუგებდა კაცი, რომ არა ავტორის ავტოგრაფი.
-    რა თქვა თინამ ვინ ვარო... – ჰკითხა  შემოსულს მინისტრმა. თინას არ იყოს, არც ის იკლავდა თავს კითხვით.
-    კეთილშობილი იდალგო დონ კიხოტი  ლამანჩიდან.
-    ერთაოზ ბრეგაძე  ძუკნურიდან! – თავაზიანად გაუწოდა ხელი მინისტრმაც.
-    ძუკნური ეძახე შენ, ბატონო ჩემო  და მინისტრობისთვის კი გამოგიკრავს ხელი.
-    და რა გნებავდათ ბატონო ჩემო.
-    კუნძული მინდა  ჩემი საჭურველმტვირთველისათვის!  დავპირდი და ხო იცით კეთილშობილი იდლაგოს სიტყვის ფასი.
-    თუ შეიძლება გასაგებად ამიხსენით,  რა კუნძული, რის კუნძული? 
-    აი, თუნდაც დიდუბის მეტროსთან,  იქ სადაც სამთო ქიმიის გადასასვლელია, მშვენიერი კუნძულია,  მის გუბერნატორობას ნამდვილად შეძლებს ჩემი მეგობარი სანჩო.
-    გადასასვლზე? ხუმრობთ ალბათ!
-    სულაც არა, მშვენიერი გეგმებია აქვს, პირველი რაც სურს, უნდა ის აგური აყაროს,  ბლომად რომ დაულაგებიათ. როგორ არ ეცოდებათ დედამიწა, სულს უხუთავენ, არად მიწაც ხო ისევე სუნთქავს, როგორც ჩვენ ყოველი. მერე სურს მთელი კუნძული მწვანე ბალახით დაფაროს, ირგვლივ ყვავილები გააშენოს შუაში კი  ჩანჩქერი იჩქეფებს... ამ წალკოტს თავს შეაფარებს  უბრალო მგზავრიცა და მინისტრიც  და შეიძლება ლექსიც დაწეროს! თან რამდენი  ასეთი კუნძულია ქალაქში, აგურის კუნძულები.  არ ეცოდებათ მიწა? მერე იტყვიან აისბერგები დნება, გლობალური დათბობა იწყებაო.
-    საინტერესოა,  ანუ თქვენ ფიქრობთ აგურის კუნძულები იწვევენ აისბერგების დნობას?
-    არა მარტო, ადამიანი უამრავი სხვადასხვა სახის სათბობს მოიხმარს. სათბობი წვის დროს იხარჯება ჯანგბადი და წარმოიშობა ნახშირორჟანგი, ანუ იზრდება  ატმოსფეროში ნახშირორჟანგის კონცენტრაცია.  ნახშირორჟანგი  კი ხელს უშლის სითბოს გადაცემას დედამიწიდან კოსმოსში... აქედან გამომდინარეობს ეგრეთ წოდებული სათბურის ეფექტი. ნახშირორჟანგი, ისეა როგორც სათბურის მინის სახურავი.
- …საინტერესოა, საინტერესოა... და გამოსავალი?
-  ნახშირორჟანგის რაოდენობის შემცირება და ჟანგბადის რაოდენობის გაზრდა თუ არა, შენარჩუნება.  სითბური ძრავები არის პირველი მტერი დედამიწის, საჭიროა ალტერნატიული ენერგოწყაროები,  კერძოდ ელექტროძრავები, შიგაწვის ძრავიანი ავტომობილები უნდა შეიცვალოს ელექტრომობილებით.  მაქსიმალურად გამოვიყენოთ  წყლის, ქარისა და მზის ენერგია...
ეკოლოგიის მინისტრმა უცებ წარმოიდგინა სამთავრობო სხდომაზე როგორ გამოდის  ინიციატივით, როგორ  გახდეს სუფთა ჰაერი,  რომელსაც რა თქმა უნდა ყველა მინისტრი  აქტიურად დაუჭერს მხარს.  პრემიერ-მინისტრი აღფრთოვანებულია.  მერე ხო აღარ იტყვიან, მინისტრი ბუზებს ითვლის  და სამინისტრო საერთოდ გასაუქმებელიაო. პირდაპირ ღმერთმა გამოუგზავნა ეს  დონ კიხოტი. ცოტა აბსურდულად ეჩვენებოდა მისი თხოვნა დიდუბის მეტროსთან მდებარე კუნძული ვიღაც სანჩო პანსასთვის გადაეცა, მაგრამ, როცა საქმე დედამიწის  მომავალს ეხება ერთ პატარა კუნძულზე საუბარი სასაცილოც იყო... 
-    ბატონო მინისტრო, გაიღვიძეთ, ტელეფონთან პრემიერ-მინისტრი გეძახით...
-    თოვლის ბებია?
-    თოვლის ბებია კი არა, მდივანი თინა ვარ, ბატონო მინისტრო, გაიღვიძეთ... 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები