ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: დომენიკო20
ჟანრი: პროზა
15 იანვარი, 2013


False Alarm-Apocalypto (21.12.12)

False Alarm-Apocalypto 21.12.12
აბსურდული პროზა
------------------------------------------------
გელა გელაშვილი

მაიას კალენდრს თუ დავუჯერებდით, იმ დღეს დედამიწას  ბოლოჯერ დაუღამდა.
დასაძინებლად დავწექი და რამდენი დარტყმული ყავს მეთქი ამ ცოდვილ პლანეტას, მახსოვს ამის გაფიქრებაღა მოვასწარი და სახეზე ცინიკური ღიმილით შევაბიჯე ძილის ნაცრისფერ სამფლობელოში.
არასდროს მჯეროდა მსგავსი სისულელეების. სირობაა–თქო ეს ყველაფერი, ვფიქრობდი.

დილით ასე შვიდი საათი იქნებოდა, თვალი რომ გავახილე.
საშინელი სიცივე და რაღაცნაირი დამწვრისა და ჭვარტლის სუნი მეცა ერთბაშად. თან მცხელოდა, თან მციოდა. თითქოს ცეცხლის ტკაცუნიც შემომესმა და ჰაერში მოხტუნავე ნაპერწკლებიც  ჩემს თავს ზემოთ გაკრთებოდნენ ხოლმე.
სახეზე ხელი მოვისვი. მივხვდი აშკარად გამურული ვიყავი. ყველაფერთან ერთად ხერხემალიც მტკიოდა და ძვლებშიც კარგა გვარიანად მამტვრევდა.
ასადგომად რომ წამოვიწიე, თავი რაღაც მკვრივ საგანს ვდრუზე და უკან, ბალიშზე მივესვენე. კედელს ხელი კი მოვუფათურე, მაგრამ არც ჩამრთველი დამხვდა თავის ადგილზე და კიდევ კარგი, თორემ  შუქი მაინც არ ყოფილა და ღილაკის ტყუილი გაწკაპუნება მთლად მომითავებდა საქმეს.
  გეუბნებით, პირველმა რაც გამიელვა თავში ეს იყო: „აუ ჩემი, მართალი ყოფილა..."
მეორე რაც გავიფიქრე: „ამ ჩემისებმაც  კიარაფერი მკითხეს, აიღეს და პირდაპირ ჯოჯოხეთში არ მიკრეს თავი"-მეთქი.
  მერე უცბად: მოცა მოიცა, მთლად ეგრე არ უნდა იყოს საქმე, რაღაცა "ნიტო" ხდება–თქო და წამოდგომა ვცადე.
ბოლო ძალები მოვიკრიბე და ტანი ძლივ წამოვათრიე საწოლიდან. კიდევ ერთხელ მივუს–მოვუსვი ხელ–ფეხი და რაღაც მომცრო ნივთი შემრჩა ხელში.  სანთებელა იყო.
ჯოჯოხეთს ფული კიარა, "ზიპო" ანათებს–მეთქი და "ზაჟიგალკა" გავაჩხაკუნე.
რაც იმწამსვე თვალში მომხვდა, მამაჩემის პორტრეტი იყო. სევდანარევად მიღიმოდა. ცოტა დავწყნარდი. სადაც თავი მგონია იქ რომ ვიყო, არ არსებობს, ეს კაცი აქ არ იქნებოდა-მეთქი, დავასკვენი.
მერე ფარდა ოდნავ გადავწიე და უარზროდ აჩონჩხილ კორპუსთა უსასრულო რიგი დავლანდე.
ოღონდ არცერთ ფანჯარაში არ ენთო ნათურა.
შემდეგ ძაღლის ყეფაც შემომესმა....
გამახსენდა, ერთს ვკითხე ამასწინათ, ძაღლი რომ კვდება, მისი სული სად მიდის  მეთქი და არსადაც არ მიდის, ბიბლიის თანახმად, ძაღლს არა სული, არამედ სამშვინველი თუ რაღაც საფშვილნველი აქვსო, ასე მიპასუხა.
მე "რექვიემის" მოლოდინი მქონდა და ამ დაყეფებაზე უფრო მუსიკალური თუ რამე მომჩვენებოდა იქ და იმწუთას, სინდისს გეფიცებით.
  ცოტა ხანში მესიჯი მივიღე,  კარფური თუ გუდვილი საშობაო ფასდაკლებას მახარებდა.
აი, რას რას და შობას ან ბეთლემობას იქ ნაღდად არ ზეიმობენ, ტყუილია ეგ ამბავი, მგონი ცოცხალივარ, მაგის დედაც მეთქი და კანტროლკის ამბავში ერთი მაინც ვიჩქმიტე, რა იცი რა ხდება, გამიგია ეშმაკს ნევროზი და მუდმივი უძილობა აწუხებსო.
ალილუია!
სააქაოს ვიყავ!!
არეული რამსები ნელ-ნელა თავის ადგილზე ლაგდებოდა.

არადა ხომ ამბობენ, რაღაცა არსებობსო.
იმასაც ხომ გაიძახიან, თითქოს აქ რაც ხდება, იქითა მხარეს ყველაფერი იწერ-აღინუსხებაო. ჰოდა, ოდესმე განრიგით მართლა ხომ უნდა მომიწიოს იქით მოხვედრა და  პრინციპის ამბავია, ერთი ამ კოშმარი ღამის ვიდეო ფაილი უნდა გამოვითხოვო ოფიციალურად, რომელშიც ეჭვი მაქვს ასეთ რამეს წავაწყდები:

  "ღამით ჩაუკეტავად დარჩენილი ოთახის ფანჯარა ისე იღება, რომ ზედ ჩემი თავის ზომაზე ჩერდება. ამ ღია ფანჯარაში კი ყინვა, ქვედა სართულზე დილაადრიან დანთებული "ფეჩის" შხამიანი სიმხურვალე და საკვამლე მილიდან გამოტყორცნილ ნაპერწკალთა ურიცხვი ჯარი ერთდროულად იჭრება ჩემს საძინებელში და ოთახის ყოველ კუთხე-კუნჭულს ჯოჯოხეთისეული, შემზარავი დეკორაციებითა და სიურეალიზმით ავსებს. ალბათ იმასაც კარგად დავინახავ, შუაღამით როგორ ვდგები, ვხსნი დამაწყნარებლის  ჭრაჭუნა  კოლოფს და როგორ ვყლაპავ  0,5-იან დიაზეპამის მომცრო ტაბლეტს. ხოლო გაღვიძებულზე, გაბრუებულ-გაშტერებული, სანამ საღ ჭკუას დავუბრუნდებოდი, როგორ გავდივარ გეჰენიის ცხრავე კარიბჭეს და  შიშს, ძრწოლს და სინანულს როგორ ერთდროულად დაუყრიათ თავი ჩემს ნატანჯ, გამურულ სახეზე.

  მერე ის იყო, რომ სანთებელას ვეღარ მივაგენი და ასანთიც ძლივს ვიპოვე.
მერე სანთელიც დიდი გაჭირვებით მოვიძიე, არც მეგონა თუ მქონდა საერთოდ.
თავიდან კი გამკრა "იმ ამბავში" ხომ არ დამენთო რა იცი, იქნებ მაფრთხილებენ რაღაცაზე–თქო, მაგრამ სინათლის რაიმე წყარო მჭირდებოდა სასწრაფოდ, სიბნელის შემმუსვრელი, და საბოლოო ჯამში "უფალო შეგვიწყალენ"  და "სულთათანა" სადღა მახსოვდა, მაინც აქაურ ამბავში გამომივიდა სანთლის ანთება.
  და აი ასე, ბრმა ფაკირივით დავბოდიალობდი წინ და უკან კარგა ხანს. ძვლებს ჭრიალი გაუდიოდათ და დარწმუნებული ვიყავი, შუბლზე მოზრდილი კოპიც მეჯდა. თერმომეტრის ძებნა აღარ დამიწყია, ისედაც ცხადი იყო სიცხე მქონდა, კბილს კბილზე მაცემინებდა და ცივი უსიამო ოფლიც ღვარცოფად ჩამომდიოდა.
მახსოვს ისიც გავიფიქრე, ნეტა ჯოჯოხეთი ამაზე უარესი თუ არის–მეთქი.

  არ ვიცი ათი წუთი იყო გასული თუ ერთი საათი, სააბაზანოში რომ შევლასლასდი და სანთლის შუქზე სარკეში ჩავიხედე.
ნეტა სულ არ არ ჩამეხედა.
ბელზებელს ვგავდი, ბნელეთის დემონთა მეუფეს.
რახან ცოცხალი ვიყავი, რაღას დავეძებდი. ბელზებელს კი არა თუნდაც თავად ლუციფერს ვმგვანებოდი.
  ცოტა აზრზე რომ მოვედი, ნეტა ის კორპუსები ეშმაკისეული მირაჟი ხომ არ იყო–მეთქი და  უკანასკნელ ფსონს ჩასული მოთამაშის მოლოდინით, ფარდისმიღმა სამყარო ფრთხილად, გულის ბაგაბუგით ხელმეორდ „გავჩითე“...
...არა, დედამიწაც თავის ადგილზე დამხვდა და მაინცდამაინც არც ცას ეტყობოდა არმაგედონის კვალი. იმ კორპუსთა ამორტიზირებულ ბლოკ–სინკართა ნაცრისფერი ერთობაც არსად გამქრალიყო.
დაილოცოს-მეთქი  ბუნებისა და გრავიტაციის ძალა, ერთი ამოვილუღლუღე და გაზქურაზე ჩაიდანი შემოვდგი.
ცხელს რასმე მთხოვდა ნაგვემი სხეული.

  აი ასე.

თქვენი არ ვიცი და მე კი გავიარე ჩემი პირადი აპოკალიფსი და ჯოჯოხეთში ჩემთვის განკუთვნილი ერთი მომცრო სადგომიც კი ვნახე, თავისი ვანა-ტუალეტით.
დამიჯერეთ, დიდად არ განსხვავდება აქაურობისგან და დიდი სავიშვიშოც არაფერია.
ტყუილად გვაპანიკებენ იმა სოფლის აქაური მოციქულნი.
ოღონდ ერთია კია, მგონი უკუღმართადაა მოწყობილი ის სამყარო.
აქ თუ თავიდან გკიდია და მერე და მერე გერხევა რაც დრო და ხანი გადის, იქ ცოტა კი გიჭირს კაცს თავიდან, სამაგიეროდ მერე და მერე რაღაცნაირად იკიდებ  და ეჩვევი ბოლოსდაბოლოს.
ასე კი მომეჩვენა და რავიცი, ვცდები ვითომ??....
პრინციპში რას ვცდები, თავადაც კარგად იცით, ცოცხალი ადამიანი ხომ ტანჯვაგამძლე  ჯიშადაა გამოყვანილი. ყველაფერს იტანს,  ნებისმიერ გარემოს ეგუება და ყველგან ახერხებს არსებობას .....

                                          ქრისტეშობიდან  21.12.2012 წელი.     
 


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები