ნაწარმოებები



ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
15 იანვარი, 2013


იცი

                                      (ციკლიდან: ,,ნათავედი“)*

ზოგჯერ  უღრანში დაეხეტები,
გხვდება, რაც ქვაა, ანდა კეტია,
ან ქარი გაყრის, რაც ცისქვეშეთში
ტყუილ-მართალი დაუხვეტია,
გაუძელ დროს და მიენდე ღიმილს!  -
ტრაფარეტია, 
ეტიკეტია.

მოხდება ისიც,
ტყუი და იცი,
თავისმართლება  - მეტისმეტია,
სხვა გზა არ არის,
ხმაგაკმედილმა
გადაიტანე  პერიპეტია.

მაგრამ თუ იცი სიტყვა მართალი,
თუ გულში სიტყვა ვერ დაგეტია?
თქვი,
ამოხეთქე,
ამოისუნთქე,
გაწყდეს იქ, სადაც გასაწყვეტია,
გაწყდეს იქ, სადაც გასაწყვეტია!

გასაწყვეტია.



- - - - - - - -
    *,,ნათავედი''  - არყის ხდისას  წამოსული  პირველი ჯერი, ნაკლებგრადუსიანი.  ამ სათაურიან
ციკლში ვაერთიანებ ლექსებს, რომელიც  თავისებური მოცალეობისას, ჩემთვის მნიშვნელოვან ლექსთა  შუალედებში  იწერება. 
  როგორც წესი, წინ უძღვის რაღაც უკეთესს. :)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები