ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანი მატისი
ჟანრი: პროზა
23 იანვარი, 2013


ღმერთი 302-ე ქუჩიდან

   

„თუ შეგიძლია ჰორიზონტს შეეხო, ე.ი შენი მოგზაურობა დასასრულს მიუახლოვდა“


-  ელის ღმერთი გინახავს როდესმე?
- არასდროს დიუკ, რატომ მეკითხები?
- იცი, გუშინ როცა ვესტ 130-ე ქუჩაზე დავხეტიალობდი, შავების საერთო საცხოვრებლების წინ  შეთხვევით  სამი ტიპის საუბარს  მოვკარი ყური...
- რაო მერე, რას ამბობდნენ, - არც შეუხედავს ისე კითხა ელისმა და გაყინული ხელები დაიორთქლა.
- რას და ჰარლემში ღმერთიც კი შავკანიანია და 302-ე ქუჩაზე ცხოვრობსო...
- რა სისულელა დიუკ, რამდენი ხანია ამ დაწყევლილ ჰარლემში დავეხეტებით , ისტიდან-ჰუდსონამდე ყველა უბანი, ქუჩა და ადგილი მოვიარეთ, შენც მშვენივრად იცი, რომ 302-ე ქუჩა ჰარლემში არ არსებობს.
- ჰო მაგრამ, ელის...
- არანაირი მაგრამ, დიუკ. შევცდი როცა დაგიჯერე  და აქ წამოგყევი,დაზამთრებამდე დავრჩეთო ამბობდი, ახლა კი აქედან ვეღარც კი გაგვიღწევია,  მდინარეც გაყინულია, ვერც ისტის ორთქმავალს გავყვებით, მშივრები დავეხეტებით ამ ყინვაში, შენ კიდე რაღაც სისულელეებზე მელაპარაკები. არც 302-ე ქუჩა არსებობს ამ დაწყევლილ ჰარლემში და,- ელისმა პალტოს ჯიბიდან გამხმარი პურის ნაფხვენები ამოიღო, ხელის გულზე დაიყარა, დიუკს დამცინავად გახედა და დააყოლა,- როგორც ხედავ, არც ღმერთი.
- ელის...
- ახლა რაღა გინდა დიუკ
- ადამიანი რომ იქცეს ღმერთად?იცი, ამ ბოლო დროს საკუთარ თავს რომ ვაკვირდები, ვამჩნევ რომ კანის ფერი მიმუქდება, არ დამცინო რა ელის...
- რა გინდა თქვა მაგით რომ ღმერთი ხარ?!-ელისმა გადაიხარხარა, თავი უკან გადასწია, ხელები გაშალა თითქოს გაფრენას აპირებსო, რამდენიმე ნაბიჯი ხტუნვით გადადგა წინ და დიუკს პირდაპირ ცხვირწინ დაუდგა,-წარმოვიდგინე ტვიდის დაძონძილ პალტოში და ლანჩამძვრალ ფეხსაცმელებში გამოწყობილი შავკანიანი ღმერთი, უფრო სწორად ჯერ კიდევ თეთრკანიანი, მაგრამ შავკანიანად გადაქცევის პერსპექტივით, როგორ დამყვება დილიდან დაღამებამდე ქუჩაში და სისულელეებზე მელაპარაკება,-სიცილს ვერ იკავებდა ელისი.
- აბა რატომ მიმუქდება კანი ამ შუა ზამთარში.
- ბოლოს როდის იბანავე, თუ გახსოვს?!
დიუკმა თავი მხრებში ჩარგო, მოიბუზა, გაყინული ხელები პალტოს გარღვეულ ჯიბეებში მომუჭა და წინ დაგდებულ ქვას კრა ფეხი.
- სხვა გზა მაინც არ გვაქვს ელის, მთელი დღე  უიმედოდ დავეხეტებით ლუკმის საშოვნად, მოდი ერთხელაც დამიჯერე, მოვძებნოთ 302-ე ქუჩა იქნებ მართლაც არსებობს, თუ ვიპოვეთ მაშინ ღმერთასაც ვნახავთ და...
- და რა მერე დიუკ,-შეაწყვეტინა ელისმა და პასუხის მოლოდინში მიაშტერდა.
- რა და შენს ხელს ვთხოვ ელის, ასე მგონია თუ ღმერთი არსებობს ის ერთადერთია ვისაც შემიძლია შენი ხელი ვთხოვო.
- რა რომანტიული ხარ დიუკ, შენნაირ სულელს ცოლად არასდროს გავყვები.
- წარმოიდგინე ელის, მე და შენ ჰუდსონისპირა მაღლობზე ვცხოვრობთ, მდიდარი ფერმერები ვართ, საღამოობით ხელჩაკიდებულები ვსეირნობთ ლენოქსის ავენიუზე, შენ მდიდრულ ტანსაცმელში გამოწყობილი, თავაწეული მომყვები გვერდით,-დუკმა ნაბიჯი შეანელა, თავი უკან გადახარა და თვალები დახუჭა,- ხო, მეც მდიდრულად ვარ გამოწყობილი, მაგრამ შენ რათქმაუნდა ჩემზე უკეთ გამოიყურები,-ელისმა ხმამაღლა გაიცინა, მაგრამ ეს უფრო ნაძალადევი სიცილი იყო, ვიდრე ბუნებრივი,-შაბათობით სავოის წვეულებათა დარბაზში სვინგის ცეკვებისთვის მივდივართ, შენ ცეკვავ ხოლმე, მე შორიდან ამაყად გადევნებ თვალს,-ელისმა თვალები დახუჭა, დიუკს ხელკავი გაუკეთა და მხარზე ჩამოადო თავი.
- მცივა, შიმშილსაც ვეღარ ვუძლებ, თან ძალიან დავიღალე დიუკ, აღარც ფეხები მემორჩილება,-ელისმა თავის პირდაღებულ ფეხსაცმელს დახედა და შიგნით გაყინული ფეხისთითები აათამაშა.
- ცოტა, სულ ცოტაც მოითმინე ელის, დამიჯერე მალე ვიპოვით და...
- აღარ შემიძლია დიუკ,-ელისმა დიუკის სიცივისგან გალურჯებული სახე, თავის გაყინულ ხელებში მოიქცია,-აღარ შემიძლია, გესმის? თან უკვე დაღამდა, სადმე ჩამოვსხდეთ, ეს ღამეც გადავაგოროთ და რადგან შენსას არ იშლი, ხვალ, გათენებისთანავე გავაგრძელოთ ძებნა...
იქვე, მოყინულ ბორდიურზე ჩამოსხდნენ. ელისი მხრებში მოიბუზა, თავი მხარზე ჩამოადო დიუკს და ჩურჩულით უთხრა:
- მგონი ვიყინები დიუკ...
- ყველაფერი კარგად იქნება, ელის,-ჩურჩულითვე უპასუხა დიუკმა და თვალები დახუჭა.



                        * * *

-  დიუკ, რა სიბნელეა, ვერაფერს ვხედავ...
-  მეც ვერაფერს ვხედავ, ელის...
-  სად ხარ, ხელი მომიკიდე, მეშინია, დიუკ
დიუკმა ხმით მიაგნო და ხელი მაგრად ჩასჭიდა.
-  იქით წავიდეთ, მგონი რაღაც ანათებს...
-  თან რა სიჩუმეა, შენი სუნთქვის ხმაც კი არ მესმის,-ჩაიჩურჩულა ელისმა.
-  არც მე მესმის შენი...
ხელჩაკიდებულებმა სიბნელეში გზა გაიკვლიეს და შუქამდე მივიდნენ. განათებული აბრა ეკიდა, წარწერით „302-ე“. აბრის გვერდით ტვიდის დაძონძილ პალტოში და ლანჩამძვრალ ფეხსაცმელებში გამოწყობილი შავკანიანი კაცი იდგა და იღიმოდა. ელისმა ორივე ხელი მკერდის მარცხენა მხარეს, გულთან მიიტანა  და 2 წუთი გაშეშებული იდგა.
- გული არ მიცემს დიუკ,-შეშინებულმა წაიჩურჩულა, თან თვალს არ აშორებდა გაღიმებულ, შავკანიან მამაკაცს.
დიუკმაც ორივე ხელი გულთან მიიტანა და გაღიმებული სახით ელისს გახედა
- სამაგიეროდ ღმერთი ვიპოვეთ ელის...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები