ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მელნისფერი
ჟანრი: პროზა
24 იანვარი, 2013


ჭრელი ქალი.

გრძელფეხებიანი ქალი ფანჯრის რაფაზე შემომჯდარიყო, თავი უკან გადაეგდო, შვინდისფერი ფარდის ნაქარგებში თითებს ათამაშებდა და წყალში დალბობილ კორპუსებს გაჰყურებდა.
–მირიან, შენი აზრით, ძალიან ბევრს უჭირს?
–კი ანნა და ვფიქრობ, იმაზე მეტადაც კი, ვიდრე ჩვენნაირებს წარმოუდგენიათ.
–იცი, გუშინ ვითვლიდი, ჩვენ წინა კორპუსსში მხოლოდ შვიდ ოჯახს აქვს ჩასმული ახალი ფანჯრები. დანარჩენებს კი.. ზოგგან მუყაოც აქვთ აფარებული, ან რაღაც პლასმასის ნაჭერი. ერთი სახლის ფანჯრებში მინის ნაცვლად ცელოფანია გაკრული, იქიდან სარეცხის გასაფენად ქერა ქალი გამოვა ხოლმე, ყოველთვის ფოსფორისფერ ხალათშია გახვეული, ამხელა მანძილიდანაც კი ჩანს მისი მაკიაჟით აჭრელებული სახე.. სასაცილოა უბრალოდ.
    ზოგგან  ისეთი ფარდა კიდია, ფარდა რომ არ არის. ერთგან თეთრი, ძველისძველი ძონძი ჩამოუფარებიათ, რამდენი ხანია ვუყურებ, გაშავებამდე ცოტაღა აკლია, გამრეცხავი კი არავინ ჩანს.
    მეცხრე სართულზე ერთი ბინა მიტოვებულია... - მაღალი, ქერა კაცი, განიერი ბეჭებით, სავარძლიდან წამოდგა, ფანჯარასთან მივიდა და ხელებით რაფას დაეყრდნო. – აი იქ, მეშვიდე სართულზე, ფარდები სულ არ კიდია, ხედავ? ნახე, რა საცოდავი სამზარეულო მოჩანს, ყველაფერი ძველისძველია. აი ის კარადა, კარი რომ ღია აქვს, სულ მასეა.. არ იკეტება, ეტყობა. მაქედან ბავშვი იყურება ხშირად. ალბათ  სკამი აქვს მიდგმული, აბობღდება ხოლმე და მინაზე აკრულ ფურცელზე სულ რაღაცას ჯღაბნის.
    კაცის ღიმილში ჩანდა, გარინდულიყო ქალის ემოციებში, რომელიც ასეთი დარდით  საუბრობდა ,,უფანჯრო’’ ოჯახების ბედზე. მერე  მისი წითური თავი დიდ ხელებში მოიქცია და წარბებს შორის მკრთალად დაყოლილი მომავალი ნაოჭის ნაკლაველვზე აკოცა.
–მირიან, წარმოგიდგენია? იმ სახლებში ზამთრობით იყინებიან ალბათ..
–მაგ სახლებში ბავშვები იზრდებიან ანნა, მერე ზოგი მათგანი იმაზე მეტს მიაღწევს, ვიდრე მათმა მშობლებმა და ასე, ნელ–ნელა ეს ,,ფანჯრებიც’’  ფანჯრებს დაემსგავსება.
ცამ თავსხმა დაუშვა.
–იმედია. მეოთხე დღეა წვიმს.. – მინაზე დაცურებულ წვეთს თითი ბოლომდე ჩააყოლა.
–ვითომ, ჩამოარეცხავდა ქალაქს სიბინძურეს?
–რა გინდა ამ ქალაქისგან? წადი შენს სუფთა სოფელში და იყავი იქ, ვინ გიჭერს..
–ზოგადად, შენც ბინძური ხარ ანნა, თუმცა ჩემთვის ყველაზე სუფთად რჩები ისევ.
    ფანჯრის რაფიდან წინდებიანი, სიცივისგან ოდნავ აჭრელებული ფეხები გადმოკიდა ქალმა და გააქან–გამოაქანა. მერე თავი მხარზე გადაიგდო და მშვიდ სახეზე ღიმილი აათამაშა.
–მერედა, როდის შეგაკავე, ,,საზოგადოდ სუფთა’’ გოგონების მეტი რა დაფარფატებს ,,ბინძურ ქალაქში’’ ?!
–მგონი არასოდეს მითქვამს, რომ ყოველთვის მაოცებდა შენს სახეზე ერთი რამ, ანნა.
–შენ მთლიანად ჩემი სახე გაოცებდა, მირიან.
–არ მიწყინო, დავკონკრეტდები,  ნაირ–ნაირი ღიმილი.
–მაშინ მითხარი, დაგითვლია რამდენნაირად ვიღიმი?
–შეუძლებელია, შენ ყველა ემოციას თუ წინადადებას სხვადასხვა ღიმილს აცმევ და ახალ–ახალს ამზეურებ. – ჩაი დაასხა, ორი კოვზი მარწყვის მურაბა გაურია და ფანჯრისკენ წავიდა. ჭრელწინდებიანი, ჭრელსვიტერიანი და ჭრელთვალება ქალის თითები ჩაუნაცვლა თავისას და ფინჯანი მის ხელებში გადაანაცვლა. მის ფეხებს დაეყრდნო, გაყინული კანი იგრძნეს ხელის გულებმა, თითებმა, სასიამოვნო ჟრჟოლვა მოედო წამში მთელ სხეულს.
–აი, ეს მიყვარს ძალიან, რომ გცივა და იისფერი კაპილარებით გეზოლება თეთრი კანი.
–მე კი ვერ ვიტან!
–სამაგიეროდ, შენს გალეულ ტანს ხომ იტან? – წვრილ წელზე შემოეჭდო და დაბლა ჩამოსვა. ფანჯარა გამოაღო, წვიმას შეუშვირა ოდნავ დაძარღვული მკლავები, ქალს გამოხედა და გაუღიმა, ისიც იცინოდა.
    მერე შეიმშრალა და მაგიდას მიუჯდა.
–მიტოვებული სახლი რომ ახსენე წეღან, ის ფანჯრები აქ გადმოსვლის დღიდან მომწონს. მგონია, რომ იმ ჩამტვრეულ მინაში სხივები სულ სხვანაირად იჭრებიან. ძველისძველი წიგნის ფურცლების ფერი კედლებისა და გამხმარი ბალახის ფერი იატაკის წარმოდგენისას ჰარმონიშია ჩემი ფიქრები. მე რომ მხატვარი ვიყო, ყველაფერს ვიზამდი იმისათვის, იქ რომ შევსულიყავით და იმ ფანჯრის ფონზე დამეხატე ისე, რომ აისის სხივებს შენს თმაში ეთამაშა.
    ლამაზი ქალის ჭრელი თვალები უფერული სიკრიალით აივსო, არაფერი თქვა, ფინჯანი მაგიდაზე დადგა და ფანჯარას მივარდა.
    ერთი წუთი უყურა მოპირდაპირე კორპუსის მეცხრე სართულს, მიტოვებულ მინებს..
    მერე გაბრწყინებული  შემოტრიალდა, აღტაცება როკავდა მის წყლიან თვალებში.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები