ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
9 თებერვალი, 2013


თავშე(მო)საქცევი საუბარი

გესაუბრები შენ,
როგორც მეგობარს სიყრმის.
გულის ნადებებს ვფენ,
ვიცი, რომ არსად იტყვი...
სახლი თავისას მთხოვს,
ვგრძნობ, ვეღარ ვწვდები ყველას.
გესაუბრები, რომ
გადამავიწყდეს წყენა.
ამბავს გიყვები ცუდს,
კარგს მოგიყვები ბოლოს.
შენი ტუჩები დუმს,
სახე მეტყველებს მხოლოდ...
ცუდი ამინდი წუხს,
პირი არ უჩანს ტაროსს.
ჩემს ძუ მგელივით მუხლს
ზოგჯერ აღმართიც სწყალობს...
მისმენ და ფიქრობ რას,
ალბათ, ბოლოსკენ მეტყვი.
ჩემი ცხოვრება მგავს,
მე კი ცხენს ვგავარ ეტლში!
არაფერს ვნანობ დღეს,
უკვე ვინანე გუშინ...
ერთ დიდ ნაოჭად დევს,
რაც მომხვედრია შუბლში.
ფერი დაკარგა ცამ,
მიწამ - სიმყარე ფეხქვეშ.
იმედს აბებად ვსვამ,
ყოფნის ძალა რომ შემრჩეს!
ფუჭსიტყვაობა მღლის,
ვარჩევ დუმილის კლიტეს!
ერთ ამოხეთქვად ღირს,
რასაც უთქმელად ვიტევ...
შენ არ იფიქრო, რომ
რამე არ ხდება  კარგიც. 
ვმეგობრობთ მე და დრო,
მაშინაც, როცა გარბის...
შენი ტუჩები დუმს,
თვალები ჰგვანან მეტყველს.
გჩუქნი ჩემ ნატვრის ბმულს,
მე სულ მეკეთა ერთხელ...
        26.01.13


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები