ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფლორენცია
ჟანრი: პროზა
9 თებერვალი, 2013


ავი ბაბე

ავი ბაბე
მაისის თვეში აყვავადა ვარდი...


- შე ძაღლიშაქმნილო, შენა, ტალახში ეგრე სად ამაიგანგლე, ჰა?
- ზემოთ, წყალთან ნავში ვბანაობდით ბიჭები და მერე ტალახით გუნდაობა დავიწყეთ. შენ ისინი უნდა გენახა, რა დღეში ჩავაგდე, სულ ტალახით გავუგანგლე ცხვირ-პირი და გამოვიქე _ჩემი გამარჯვებით გახარებული ვუყვებოდი ბებიაჩემს, რომელიც ჩემს დანახვაზე სკამზე ჩამომჯდარი ხელებს მუხლებზე ირტყამდა.
- ეხლა შენ დაბანას რა წყალი ეყოფა, ქა! _სიცილს ძლივს იკავებდა ბებიაჩემი_ტალახით გუნდაობა აღარ გამიგია, ქალი დავბერდი და ეგეთი რამე?
- არა უშავს, ბაბო, შენ დოქი მამე. ნავიი წყალზე ჩავალ, თან ვიბანავებ და თანაც ცივ-ცივ წყალსაც მოგიტან _დავამშვიდე ბებო, რადგან ძალიან მეშინოდა მისი გაბრაზებისა; მახსოვდა, ერთხელ ძალიან რომ გავაბრაზე, ჭინჭრები მირტყა ფეხებზე, კარგად გაგახსენდება და ცუდად აღარ მოიქცევიო.
- აჰა და ფრთხილად იარე. ე, ტურტლიანი ხელი რო მოიკიდე დოქსა, ჯერ შენ იბანავე კარგად, მერე დოქიც კარგად გარეცხე.ოღონდ ფრთხილად, არ გაიტეხო. ასვალტზე ნუ ივლი, ფეხები არ დაგეწვაი! _ბოლო სიტყვები ეზოდან გასულს მომესმა.
შუა დღე იყო, ცხელოდა და გზაზე სწრაფად თუ არ ვირბენდი, ფეხები ასვალტზე მიმეწებებოდა. წყარომდე მანზილი ორას მეტრზე მეტი არ იქნებოდა. როგორც მივედი, დოქი დავდგი და ნავში ჩავხტი, ოღონდ მესამე ნავში, რადგან პირველ ნავში წყალი ცივი იყო და თან იქ ჩახტომას უფროსები გვიშლიდნენ:- აქ საქონელმა უნდა დალიოი წყალიო. ნავს კი, ალბათ მიხვდით, სამი მეტრი სიგრძისა და ნახევარმეტრიანი სიმაღლის აუზს ეძახდნენ, კახეთში ის დღემდეა შემორჩენილი. ახლოს ჩემი ტოლები არ იყვნენ და მეც მალე გამოვეშურე სახლისკენ. ბებომ პირდაპირ დოქიდან დალია წყალი სვენებ-სვენებით და ცივი წყალი პირზეც შეისხა.
- ყოჩაღ ! ტანიც კარგად დაგიბანია და ტრუსიკიც გაგირეცხია! შემაქო და დოქი მომაწოდა. მეც სარდაფში ჩავირბინე და დოქს სიმინდის ფუჩეჩი დავახურე. დაბლიდან მალევე ამოველ მაღლა, რადგან ჩვენს სარდაფში ძალიან გრილოდა, მე კი სველი ტრუსის ამარა ვიყავი. მთელი ზაფხული სხვა ტანსაცმელი არც ჩემთვის და არც სხვა ბავშვებისთვის არ არსებობდა  მაშინ.
- ბაბო, ბირჟაზე დედაკაცებმა მკითხეი, ვისი ხარო და მე ვუთხარი, რო ავი ბაბეი სვილიშვილი ვარ მეთქი_ამაყად მოვუყევი წყაროსთან, დიდი ვერხვის ჩრდილში დამსხდარი დედაკაცების ამბავი.
- უი, მამიკვდეი თავი!_ჩემკენ შემოტრიალდა და დამაკვირდა_ხო არ დაისიცხე, ბალღო, ჰა? ეგ რამ გათქმევინა, შე ძაღლიდაგდებულო!
- იმ დღეი, ხელიაანებში რომ მკითხეი, ვისი ხარო, მე ვუთხარი ილოაანთ ბაბეი შვილიშვილი ვარ მეთქი, იმათ კიდე მითხრეი, ა, ავი ბაბეიანთი ყოფილხარო_გავიკვირვე ბებიაჩემის წყენა_აუ! რა მაგარია! ავი ბაბე ყოფილხარ, ბაბო!
- მაიცა, მაიცა! სენ უკვე ექვსისა ხარ და ჯერაც არ იცი რა არი ავი?
- ავი როგორ არ ვიცი ბაბო! ძალიან მაგარი და კარგია ავი. აი, ჩვენ ბასარაზე ხო ყველა ამბობს, ავიაო, ბავშვებ გვეთამაშება ხოლმე, სხვა ძაღლებ და საქონელ არ აჭაჭანებს, მინდორში რო წახველ და ღამე არ მოხველ, ბასარა კიბეებთან იწვა, რო არ შამშინებოდა.
- შვილო, ეგ ხო მაინც ძაღლია და მე ძაღლ უნდა შემადარო, შე მამაძაღლო?_უკვე ხმაში სითბო გაერია ბებოს და მომეფერა, რაც ერთ-ერთი იშვიათი შემტხვევა იყო, რადგან მას მოფერება არ უყვარდა, ოღონდ სიტყვიერად ან ხელებით მოალერსებით.
- მე კი, ჩემთვის სიტყვიერად რაც არ უნდა უხეშად მოემართა, მისი თვალებიდან ვგრზნობდი სითბოსა და სიყვარულს.
- მერე, მერე! რა გითხრეი დედაკაცებმა, სენ რო უთხარ, რო ავი ბაბეი სვილისვილი ვარო, ჰა?_დაინტერესდა ბებო.
- რავი, სიცილ-ხარხარი დაიწყეი. მე გავბრაზდი და გამოვიქეცი.
- ხედამ, შვილო, თავი გაიმასხარავე ამხელა ბიჭმა! ახლა კარგად მამისმინე_ბებიაჩემმა ხელი მომკიდა და თვალებში ჩამხედა_შენი ჭკუით რაც არი ავი, მე მართლა მაგეთი ვარ: ვერ ვიტან ქურდებსა და ბოღმიან ხალხ, ძაან მიყვარს ბალღები, რადგან ანგელოზები არიან. მაგრამა, დაიმახსოვრე, ხალხი ავ  ეზახიი ცუდ, ბოღმიან არსებაი. ბასარაი ავი, ალბათ, ცუდმა ხალხმა დაარქვა, მაგათ ფრინველ თუ საქონელ რო ამ არემარეზე არ ააანებ ხოლმე და ქურდებმა და მამაძაღლებმა_ბებომ მცირე ხნით შეისვენა და კვლავ ხელზე მომქაჩა_დაიმახსოვრე, ბალღო, იგეთი სიტყვა არასოდეი გამოიყენო, რომლიი აზრი არ იცი, გაიგე?  ლაპარაკში არც იგეთი სიტყვები იხმარო, მსმენელ რო არ გაუგონია, თორე დაგცინებენ. აი, ტარაკუჭა ელიჭკა რო ეუბნებოდა მეზობლებ, ქალაქ მივდივარ და ლავროვი ლისტი უნდა წავიღოო, ვითომ იგეთი განათლებული მყავ ეგეც, დაფნი ფოთლიი სახელი აღარ მომწონსო, გაიგე?
- გავიგე, ბაბე-ბაბო და ამიი მერე ილოაანთ ბაბეი შვილიშვილი ვარ-მეთქი_ეგრე ვიტყვი და ავ ბასარაი აღარ დავიძახებ, ლამაზ და ჭკვიან ბასარაი ავი რატომღა დავუძახო?_ბებომ ხელი გამიშვა, საქმეს მიუტრიალდა. მე კი ადრეულა ლეღვზე ავხტი და მწიფეებს დავუწყე ძებნა. ცოტა ხანში მომესმა სარდაფში ჩამავალი ბებიაჩემის ცუმი სიცილი და ლაპარაკი:
- ხედამ, ქა, რა ლამაზად მოაწყო ამ მამაძაღლმა ჩემი ბასარაობა?
შემდგომში ცემს მშობლებსა და ბიძებსაც მოუყვა ეს ამბავი და ბევრი აცინა.
ავ ბაბეს კი  კიდე კარგა ხაბს ეძახდნენ. მე ზალიან მწყინდა და ზოგიერთს შევეპასუხებოდი ხოლმე:_ ბებიაჩემი ყველაზე კეთილია, თქვენა ხართ ავები-მეთქი.
II
ჩემს დედულეთს, სადაც მე დავიბადე და გავიზარდე, გარშემო შვიდი ოჯახი ესაზღვრებოდა. ესაზღვრებოდა სიტყვა პირობითია, რადგან მათ ღობეები არ ყოფდა და ამიტომ ჩვენი ბასარა, ყოფილი ცხვრის ძაღლი, რვავე ოჯახს თავის საბატონო-საპატრონოდ მიიჩნევდა.
ამ სამეზობლოში, მიუხედავად იმისა, რომ თითოეულთან სერიოზული კამათიც კი მოსვლია ბებიაჩემს, არავისგან გამიგია „ავი ბაბეს“ ხსენება. ეს უფრო ძირითადად ჩემთვის უცნობი ხალხისაგან მესმოდა, მაგრამ ვერ გამეგო, რა დაუშავა მათ ბებიაჩემმა.
ერთხელ, ბებიაჩემი თბილისში იყო წასული საყიდლებზე, ორმა ადამიანმა, ქალმ ა და კაცმა, მოაკითხეს გვიან საღამოს. მე აივანზე მეძინა, გამეღვიძა, წამოვდექი და გავძახე, ვინა ხართ მეთქი, ბაბე სად არისო-იკიტხეს და როცა გაიგეს, რომ ქალაქში იყო წასული, რაღა ეხლა მოუნდა ქალაქში წათრევაო, ამ სიტყვებით გატრიალდნენ. მეორე დღეს გავიგე , რომ ქვემოუბანში ერთი კაცი დიფტერიას მოეკლა, არა და ბებიაჩემი რომ ყოფილიყო, ის იმ კაცსაც, როგორც ბევრ სხვას და არაერთხელ, გადაარჩენდა ხახაში თითის ჩაყოფით. მას საოცრად გრძელი და ლამაზი თითები ჰქონდა. წერა-კითხვა არ იცოდა იმიტომ , რომ თორმეტი წლისა ძალით გაათხოვა მამამისმა ხნიერ კაცზე, რადგან  ბრმა მამა ვერ პატრონობდა  პატარა გოგონას. მერე ის კაცი რომ მოკვდა, ახლა პაპაჩემზე გათხოვდა და მემკვიდრეობით მხოლოდ ხალხური მედიცინის ცოდნა გამოჰყვა. აგროვებდა ათასგვარ ბალახეულს, ამზადებდა ნაყენებს და დიფტერიას ადვილად კურნავდა, გაციების, გრიპისა თუ ინფექციის საწინააღმდეგო უებარი წამლები და წესები იცოდა. მეუბნებოდა: როგორც კი იგრძნობ გრიპის შემოტევას (ამას ცხვირი ცემინებით გამცნობსო), ხელის გულზე დაისხი არაყი, ჯერ ცხვირის ერთი ნესტოთი შეისრუტე, მერე მეორე ნესტოთიო. თუ არ გაგიარა გრიპმა გაიმეორე და გრიპი არასოდეს მოგეკარებაო. თავად არასოდეს დამინახავს გაციებული და სიცხიანი და ამბობდა ამ ჯადოსნური წესის წყალობითო.
მოკლედ, იმას ვამბობდი რომ ბებიაჩემს არ ეზარებოდა ხალხზე ზრუნვა, წინა დღეებსი ნაცხუბარიც რომ ყოფილიყო, შუაღამეს ადგებოდა და გაიქცეოდა მათ დასახმარებლად, ცხადია, უანგაროდ. მაგრამ მაინც ავ ბაბეს ეძახდნენ.
მოგეხსენებათ, კახეთს ზაფხულობით სეტყვა და გვალვა თითქმის დაბედებული აქვს. ზაფხულის ერთ დღეს კი სეტყვა რომ მოვიდა, მე დღემდე არ მინახავს მისნაირი. ზოგჯერ ლამის თოვლივით დაუდვია კიდეც, ზოგჯერ დიდი ხნით ან მოკლე ინტერვალებითაც მოსულა, მაგრამ იმ ზომისა და ისეთი ხორკლებიანი, მაშინ რომ დასცხო, აღარ მინახავს და ნურც მანახოს ღმერთმა.
ბებიაჩემს გულმა უგრძნო, თუ წერილს მართლა ელოდებოდა ბიძაჩემისაგან, რომელიც ქსნის ციხეში ხულიგნობის მუხლით ჩხუბისათვის იხდიდა ერთწლიან სასჯელს, არ ვიცი, მაგრამ მე სახლში დამტოვა, ცალთვალა, ინვალიდი ფოსტალიონის დასახვედრად. სულ ერთად დავდიოდით ხოლმე ვენახში. დილით 5 საათზე უკვე ვენახში ვიყავით ხოლმე და გზაში ათას ისტორიას მიყვებოდა, გზის შესამოკლებლად და ჩემს დასაინტერესებლად. სახლში მარტო დარჩენილი დიდხანს ვწრიალებდი, სულ გზისკენ ვიყურებოდი ცალთვალა გოგიას მოლოდინში. ვიცოდი რამდენს ნიშნავდა ბაბე ბაბოსთვის შვილის წერილი. სულ იმის შიშში იყო, იქ ცუდ წრეში არ მოხვედრილიყო და გზააცდენილ ხალხს არ მოექცია თავისი გავლენის ქვეშ. თავად წერა არ იცოდა და ხშირად მე მაწერინებდა წერილებს. სითბოს და მზრუნველობის გამომჟღავნების სრცხვენოდა და თავსეკავებულ წერილებს წერდა, მკაცრი და მშობლური დარიგებებით. ისიც გავიგონე, ციხიდან რომ გამოსულა ბიზაჩემი, პერანგი გაუხდევინებია ბაბეს და მტელი ტანი დაუთვალიერებია, რამე ნახატი ხომ არ წაიწერეო. ასე უთქვამთ მისთვის, თუ რამე დაიხატა ტანზე, ესეიგი „იმათ“ გზას დაადგაო. მერე კი, როცა უნახავს ტანი სუფთა ჰქონდა, გულში ჩაუხუტებია და პირველად უთქვამს შვილისთვის :“შენ კი გენაცვალოს დედაო“.
ასეთ მოლოდინში მყოფის აივნიდან მორიგი გადახედვისას, საოცარი და უნახავი სეტყვის შემსწრე გავხდი. ცას ხორკლიანი და სქელი ყინულები წამში წასკდა და მეორე წამს მიწა თეთრ-მონაცრისფრო ყინულის ნამტვრევებით იყო სავსე. ძალიან შემეშინდა, ბებიაჩემი წარმოვიდგინე, მაგრამ მერე გამახსენდა რომ კალათა ჰქონდა წაღებული და თავი იმით დავიიმედე კალათაას გადაიფარებს და არაფერი დაემართება-მეთქი.
მალე, თითქოს არაფერიც არ მომხდარაო, მზემ გამოანათა და ეზოში მიმოფანტული ხეების ყლორტები თუ ფოთლის ნაფლეთებიღა გვახსენენებდა საშინელ წუთებს. სეტყვის ნასახს ვეღარსად ნახავდით.
ცოტა ხანში აივნიდან ბებიაჩემი დავინახე, რომელიც სამ ადამიანს მოჰყავდა, 2 კაცი მხარში ამოსდგომოდა აქეთ-იქიდან და ნელი ნაბიჯით მოუახლოვდნენ კიბეებს.
- ვაიმე, ბაბე ბაბო! რა მოგივიდა, ბაბო?_მის დასისხლიანებულ სახესა და ხელებს რომ შევხედე, შემეშინდა.
- ნუ გეშინია, შვილო, ძაღლი კოჭლობით არ მოკვდება!_ძალდატანებით რიხიანად გამამხნევა, შემდეგ თავის გამცილებლებს შეხედა , უკვე ტახტზე გულაღმა მწოლიარემ. კაცებსაც და ქალსაც სეწუხებული და ცრემლიანი სახეები ჰქონდათ, ვაი-ვიშით დაჰყურებდნენ ბებიაჩემს და თითქოს განაჩენს ელოდებიანო ისე აწურულ-ატუზულები იდგნენ ხის აივანზე.
- თქვენ აქ რაღაი დამტირიხართ თქვე უმაქნისებო, წადით დაკარგული გული იქნებ იპოვოთ სადმე, აქედან კი მამშორდით, უნდა დავიძინო და თქვენი სახეების შემყურეს მაჯლაჯუნები არ დამესიზმროს! _თითქოს უკვე დაძინებას აპირებსო, ბებო გადატრიალდა ტახტზე და ცხვირპირჩამოშვებულ სტუმრებს ზურგი აქცია.
- მართალი ხარ, ბაბე, დასახოცები ვართ, თავმოსაჭრელები. გევედრებით გვაპატიე. მთელი ცხოვრება შენზე ვილოცებთ!
- ილოცებთ? _დატანჯული სახით მოატრიალა თავი ბაბემ, მრისხანედ გადახედა და შემდეგ მე მომიტრიალდა_აი, ესენი და ამათნაირები მეძახიან, ჩემო ანგელოზო ავ ბაბეს! ჰო, ჰო , მეც ბასარასავით ავი ვარ, აბა, ამისთანებთან როგორ უნდა ვიყო, ჰა?
- აღარ დაგიძახებთ, ბაბე! ენა გაგვიხმეი თუ აწი ავი დაგიძახოთ. ამიი მერე ჩვენი მფარველი ანგელოზი, ჩვენი მხსნელი ღმერთი ხარ, დედაკაცო! _ერთმანეთს არ აცლიდნენ ხანში შესული ცოლ-ქმარი, ახალგაზრდა კაცი კი გახევებული იდგა და სულ ერთიანად კანკალებდა. გეგონებოდათ ჩვენს აივანზე ხის , მოცახცახე ქანდაკება დაუდგამთო.
- რააა? თქვენი მხსნელიო? თქვენთანა უგვანოებზე გავწირავდი თავსა? მამშორდით ეშმაკის კოჭებო თქვენა! აძუძგეთ აქედან და აწი ჩემმა თვალმა აღარ დაგინახოთ!_მერე ისევ მე მომიტრიალდა- მე კიდე ჩემი ანგელოზი მამივლიი. აბა, შედი და თახჩიდან არაყი, ბამბა და ყვითელი მაზი გამამიტანე, შვილო.
გამცილებლები ნელა, კიბეებს ჩაშტერებულები, უკან მოუხედავად ჩავიდნენ , იცოდნენ, ბაბეს ბრძანების მეორედ გამეორება არ უყვარდა. იქნებ თავის საქციელზეც იყვნენ ცაფიქრებულები, ან ვინ იცის კიდე რაზე ფიქრობდნენ, მარა ფერი არც ერთს არ ედო, ნირწამხდრები და ყურებჩამოყრილები, თანამდებობიდან გადამდგარი  მინისტრებივით ჩამწკრივებულიყვნენ ჩვენს ხის კიბეზე და ჭრაჭუნით მიაცილებდა მათ ჭიისგან და ნესტისგან შეჭმული საფეხურები.
- ყოჩაღ, კარგად გადაგისწორებია შენი  ლოგინი_ტკივილისაგან მოჭმუჭნულმა ძლივს მითხრა, როცა დავალებული ნივთებით ხელში გულამომჯდარი მივირბინე მასთან. ჩემს კუთხედ ითვლებოდა ის ტახტი, რომელზედაც მოათავსეს ბებო და მასწავლიდა წესრიგსა და სისუფთავეს. მეც, ჯერ  პირი დაბანილიც არ მქონდა , თხელ, კოხტად დაკემსილ ბიკის გადასაფარებელს მივასწორებდი ხოლმე ჩემს მოსასვენებელზე.
დახეთქილ შუბლსა და ლოყებზე არაყში დასველებულ ნაჭერს ვადებდი, ვუსუფთავებდი და თან ძველი გაზეთით ვუნიავებდი სახეს. ლოყებზეცა და შუბლზეც იარები ჰქონდა. ის იარები ყვითელი მაზით ამოვუვსე და ვიდრე თავის დამუშავებაზე გადავიდოდი, გამახსენდა, ასეთი პროცედურებისას უმჯობესია ავადმყოფი ალაპარაკოო, ბებო მასწავლიდა.
- მოიტა, ეგ სველი თავშალი მოგხადო, შენ კიდენა, ერთი მამიყევი, რა ომი გადაიტანე _ თავზე ოთხი კოპი და სისხლიანი იარა დავითვალე.
- აქ რა, სეტყვა არა ყოფილა? _ მიმიხვდა ეშმაკობას ბებო, მაგრამ არ შეიმჩნია და ნაწყვეტ-ნაწყვეტი სიტყვებით დაიწყო მოყოლა _ სოფლით მარან რომ მოვუახლოვდით, მაშინ დაიწყო, რაც დაიწყო., კვერცხიხელა სეტყვები წამოვიდა. ერთად მოვდიოდით, მე და ეგენი, ხუთნი იყვნენ, მეხუთე მაგათი სამი-ოთხი წლიი გოგო იყო. ყველანი ხეებიიკენ გავიქეცით. მე პამიდვრები გადავყარე კალათიდან და თავზე წამოვიფარე ცარიელი და იგრე მივრბოდი, რო ბალღიი ტირილი, ტირილი კი არადა, ღრიალი შამამესმა. უკან მივიხედე და, ქა, რაი უყურებს ჩემი დასაბრმავებელი თვალები, მიწაზე წაქცეული ბალღი ხელებ ჩემკენ იშვერდა ღრიალით, აბა, რა უნდა მექნა, ფიქრიი დრო იყო? ჩემი კალათა თავზე გადავაფარე და მეც მთელი ტანით გადავეფარე. ეგ რა ღვთიი რისხვა იყო, აღარც თავი მგონია ჩემი, და არც ტანი და  ფეხები.
- კი, მაგრამ, ბებო, მაგათები იქ არ იყვნენ? იმათ ვერ დაუძახე?
- რა დროი დაძახება იყო, შვილო, სანამ იმათ გავაგონებდი, ბალღი შაიძლება მამკვდარიყო.
- პატარა ბალღ ხელი როგორ გაუშვეი, გაგიჟდნენ? მერე მაინც ვერ დაგინახეი?
- მაგაში არარი მთელი უბედურება? იქვე იყვნენ, მიყურებდნენ და მეც ვუყურებდი, ქალი გაშლილი „ზონტიკით“ გამოვარდა ჩემკენ, იმიი ღრიალიც მესმოდა, მაგრამ სეტყვამ რო გაუხია თუ გაუტეხა „ზონტიკი“ და ერთი-ორი სეტყვაც მოიხვდა, უკან შავარდა ხიიქვეშ, გესმიი , შვილო?
თავის მერე, მთელი ტანისა და ფეხების დამუშავებაც აუცილებელი გახდა. ერთი ბოთლი არაყი დავაცალე და ბებიაჩემის მთელი მაზების მარაგი ვიხმარე. ცხელოდა, მაგრამ ბებიაჩემს ააკანკალა. მეორე ბოთლი გავხსენი და პატარა ჭიქით არაყი მივუტანე. საღოლ ბიჭოო და არაყი დალია. თხელი ფარდაგი გადავაფარე და მას მალე ჩაეძინა. მე კიდე ბაბალე ბაბოსთან გავიქეცი მაწვნისათვის.
- ე, რა მაისვლია ბაბეი, ბიჭო!_ლოყაზე ხელებს ირტყამდა ჩვენი მეზობელი _ ხალხი სუ მაგაზე ლაპარაკობს. წეღან ქვემოდან მოდიოდნენ და კითხულობდნენ ნეტა როგო არიო, მისვლით ვერ მივსულვართ, ემანდ არ გამოგვლანძღოიო.
- მაწონი მოუხდება ეხლა, რო გაიღვიძებს, ბაბალე ბაბო და თუ დაგრჩა იქნება გამატანო. მეც მამშივდა და თუ ერთი ლიტრა კიდე გექნება, ისიც დამიმატე.
- წადი შენა, შვილო და მეც ეხლავე გადმოვალ, ცხელი პურიც არ მამიწვდია ჯერა და მაწონთან ერთად გადმოგიტანთ.
მართლაც, ცოტა ხანში მეზობლები გვერდიდან აღარ მშორდებოდნენ, მორიგეობდნენ, ბებიაჩემს კი, ეს მე კარგად ვიცოდი, დილამდე აღარ გაეღვიძებოდა და არც აღარაფერი ჭირდებოდა, მაგრამ ხომ ვერ გავყრიდი სახლიდან?! იმდენი ხალხი შეიკრიბა ჩვენს ეზოში, რომ სუფრაც კი გაშალეს, ვითომ ჩემთვის, მშიერია და ვაჭამოთო. აბა, მე ღვინის დამლევი ვიყავი? ამით ბებიაშენს გაუმარჯოს, ამით შენ გაგიმარჯოსო_გასძახოდნენ.
მეორე დღეს ბებო დილიდან წამომდგარიყო (მისთვის დილა სამ საათზე იწყებოდა), როგორც ჩვეოდა, მზის ამოსვლამდე და მეც მალე გამაღვიძა. დავიწყეთ ახალი წამლების დამზადება რაღაც ბალახებისა და ფუტკრის დინდგელისაგან. იმ  ბალახების მხოლოდ სურნელი მახსოვს, სამწუხაროდ. მე ცეცხლის დანთებასა და სხვენიდან ბალახების ჩამოტანაში, გარეცხვა, ქვაბებში ჩაყრასა და მორევა-გადატანაში ვეხმარებოდი. საღამოსთვის წამლები მზად იყო და მე კვლავ ექიმადა თუ სანეტრად გარდავიქმენი. სამ დღეში ბებიაჩემს ძველი ჭრილობები გაუქრა და ცხოვრებაც ჩვეულებრივ კალაპოტში ჩადგა.
რამდენიმე დღე, სოფლის ბირჟაზე სალაყბო თემა ბებიაჩემის ამბავი იყო. გაიჟღერა ამ ამბის რამდენიმე სხვადასხვა ინტერპრეტაციამ, მაგრამ ყველგან მაინც უშიშარ და გმირ ქალად გამაჰყავდათ ბაბე_ამას ჩემი ძმაკაცები, შოთა და თაზო მიყვებოდნენ.
შოთამ ასეთი ამბავი მომიყვა: _ ბაბე ბაბოი ამბავ იყვებოდნენ, რო მყრალაი რო ეძახიან, იმ კაცმა თქვა, მე ხო სუ მაგაი ვამბობდი, ეგ დედაკაცი ვერ არი თავი მატორზე, გიჟია მეთქიო. ზუიტად ამ დროი ქვემოდან ნიკა ძია მოდიოდა ნელ-ნელა, დაღლილი. ეგ სობელძაღლი მყრალა იმხელა ხმით ლაპარაკობდა, რო ნიკა ძიამაც კი გაიგო ეტყობა და ისეთი შეუკურთხა და უღრიალა, ხალხი შეშინებული უყურებდა და ხმას ვერ იღებდა ვერავინ. ასე უთხრა მყრალაი: _ იცი, რო მაგეთი გიჟებიი თავზე ბრუნავს ე, საცოდავი დედამიწაო და  თავისი სახრე იგრე  გადაუჭირა, იი კაც სულ ვაი დედაი იძახოდა.
ერთი თვის შემდეგ ეს ამბავი სოფელს აღარ ახსოვდა და ვითომც, არაფერი მომხდარაო, ბებიაჩემს ისევ ავ ბაბედ მოიხსენიებდნენ. შემდეგ ბიძაჩემიც გამოვიდა ციხიდან, მასწავლიდა ჭიდაობასა და მუშტიკრივს_ემანდ არავის მოუნდეს შენი დაჩაგვრაო. ისე მოვინდომე, რომ ერთ წელიწადში ჭიდაობაში სოფლის ფალავანდი გავხდი ჩემს ტოლებში. ბიძაჩემი ასე მარიგებდა: _შენხელებმა თუ ახსენეი ავი ბაბე, მაგრად მითეთქვე ამიი მთქმელი, მაგრამ უფროსებზე მე მითხარ და მერე მე ვიციო.

ერთხელ ბებიაჩემმა ცალკე გამიხმო, წინ დამისვა და დამტუქსა:
- გავიგე, რომ შენ ტოლებში ცხუბობ ჩემ გამო. დამპირდი შვილო, რო ამაი აღარ გააკეთებ. განა არ იცი, რო ლამი სუყველაი გამოცვლილი სახელები აქ? მეცა ავ ბაბეი განა ბოროტულად მეძახიან? არა, ეგ უბრალოდ გამოსარჩევადა. აგე, მამაშენიი მამაი, შენ შაქრო პაპაი ნიშაი ეძახიან, თქვენ მეზობელ კიდე წრუწუნაი, იმათ შაოი, იმაი კიდე წუკლაი და კიდევ რამდენი ჩამოგითვალო?
- ჰო, ბებო, მაგრამ შენ რამდენი სიკეთე გაგიკეთებია მაგათთვის და ეგეთი უმადურები რატომ არიან? _მე მაშინ უკვე მეოთხე კლასში ვიყავი და ვცდილობდი გრამატიკული შეცდომები საუბარშიც არ დამეშვა.
- აბა, აბა! უმადურობა აქ რაღა შუაშია? შე მამაძაღლო, ბასარაი შენ არ შამადარე? ეხლა ვფიქრობ რო მართალი იყავი. ბასარა ხო ყველაი გვიყვარს, ჰა? ბალღებ, ამ რვა ოჯახ რო გვიყვარს ეგ ხო ცხადია? განა ცოტაა? ნეტა ამდენ ადამიან მეც ვუყვარდე, მეტი რაღა მინდა?!
- შენ უფრო მეტ ადამიანს უყვარხარ, ბაბე ბაბო! თუ გინდა დავთვალოთ!_ჩემი აღმოჩენით გახარებულმა თითებზე ჩამოთვლაც კი დავიწყე.
- ეგე, ხომ ხედამ! მე რაღაი გეუბნებოდი! შენ იგრე ითვლი, რო ბარე ოც კაცზე მეტსა ვყვარებივარ და მეტი რაღა მინდა? ცუდი რო უნდოდეი ჩემთვინ ვინმეი_ამაი ნამდვილად ვერ დავიჯერებ. შენ რაა, დაიჯერებ რომ ვინმე ჩემთვინ  ან შენთვინ ცუდი უნდა?
- არა, ბაბო, ცუდი ჩვენთვის ვის უნდა უნდოდეს!
- ჰოდა, ხედამ, რა კარგი ხალხი გვახვევია გარშემო? ხედამ რამდენი სიკეთე და სიყვარულია გარშემო?ჩვენი ხალხი კი გარეგნულად ეგეთია: მოფერება და ტკბილი სიტყვა ა უყვართ, გულში არც ბოღმაი და არც სიხარულ არ იტოვებენ. აი, დიდი გაიზრდები, ქვეყანაი მოივი, მაგრამ არ უნდა დაივიწყო შენი ხალხიი ამაგი: რამდენი მოგგურგულებია, რამდენ ვირზე დაუსვიხარ, რამდენ კიდე ურმით უტარებიხარ და რამდენ ტკბილეული უჩუქებია შენთვინა.
ასეთი საუბრები ბებიაჩემმა მაშინ იცოდა, მარტონი რომ ვრჩებოდით სახლში, ვენახსა თუ გზაში. ამ საუბრებიდან ბევრი სამწუხაროდ, დამავიწყდა ან ძალიან გვიან გამახსენდა. არადა, ორმოცი წლის წინა, ან უფრო ადრე რომ გამეხსენებინა, ძალიან ბევრ შეცდომას ავიცილებდი თავიდან.
ერთხელ, როცა ვენახიდან შინისაკენ მიმავალ აღმართს მივყვებოდით, წინ დატვირთული ჩემი ვირი მიგვიძღვოდაა, ბებიაჩემმა რატომღაც იღბალსა და სიყვარულზე გამიბა საუბარი. მე მაშინ უკვე მე-6 თუ მე-7 კლასში ვსწავლობდი და უკვე ორი შეყვარებული მყავდა გამოცვლილი და  რამდენიმე სასიყვარულო ლექსიც მქონდა დაწერილი.
- შენა კარგი ბალღი ხარ _ დაიწყო ბებომ_ უკვე კაცობაში შეიდიხარ, სწავლაშიც ვერავინ გჯობია, ეგრე ამბობენ და ალბათ, ბევრ გოგოი უყვარხარ, ჰა?
მე, ასეთ მოულოდნელ თემას არ ველოდი, წამოვწითლდი და აბა მე რა ვიცი მეთქი, ამოვილუღლუღე.
- იმ დღეი ბიძაშენი ფრიდონი გახარებული მიყვებოდა შენზე, ძაან კარგადა იწავლობს და უნდა რომ ნაიწავლი კაცი გამოვიდეიო. ჩემი ბიძაშვილი მათეც შენნაირი ჭკვიანი იყო, ახლა პრაფესორი და ცნობილი კაცია, (მათე მირიანაშვილზეა საუბარი) წიგნებიც კი დაუწერია, რომლითაც სტუდენტები იწავლობენ.
- ეგეთი მაგარი ბიჭი თუ არი, ბაბე ბაბო, შეყვარებულიც ბევრი ეყოლებოდა!
- -როგორ არა, მათეი შეყვარებულები წიგნები იყვნენ. ბევრ გოგოი უყვარდა, მაგაი კიდე არავინ მოუტყუებია, ყველაი სათუთად ექცეოდა და არწმუნებდა, რომ ამიითვინ კიდე მრავალი წელი ვერ მაიცლიდა.
- ვერ დავიჯერებ!_შევეპასუხე_ ალბათ ისეთ, ძალიან ლამაზ გოგოს არ სეუყვარდა, თორემ...
- მამხედე და ყური კარგა დამიგდე!_ გამიბრაზდა ბებიაჩემი_ ამაზე ხომ ადრეც ბევრჯერ გვილაპარაკია. სულ დაივიწყე ყველაფერი? სიყვარული რო არ უნდა გააბრაზო , თორე დაგსჯიი მეთქი, დაგავიწყდა? _ორი-სამი წამით გაჩერდა, ხელჯოხი მომარტყა საჯდომზე და განაგრძო_ სილამაზეი რა მნიშვნელობა აქ, ნეტავ ათასობით ადამიან უყვარდე, თითოი ცალ-ცალკე და ერთადაც გაფრთხილება უნდა, მახინჯიც რო იყოი, იმასაც მადლობა უნდა უთხრა სიყვარულიითვინ და ლამაზ გოგოისაცა, მაგრამ არც ერთი არ უნდა მაატყუო, გაიგე?
- რა, ვიღაც მახნჯმა გოგომ რომ მითხრას მიყვარხარო, მე მადლობა უნდა გადავუხადო?
- ჭკვიანი ბიჭი მგონიხარ და მაინც ვერა ხვდები? შენ რა ვინმე გოგოი ხო არ ატყუებ, მიყვარხარო, ჰა? სიყვარული თამაში ხო არა გგონია, ჰა? იმ გოგოი რო მართლა შაუყვარდე და სხვა აღარავინ მოუნდეი, სანამ სწავლაი არ დაამთავრებ, შენ გელოდოი? სიცოცხლე შენც უნდა გაიმწარო და იმასაც!
- არა, ბაბო, ჯერ არავინ მიყვარს და არც ვაპირებ, რომ  ვინმე მოვატყუო_შეშინებული შევეპასუხე.
- ჰო, შვილო_ხმაში უკვე სითბო შეეპარა ბებიაჩემს_ სიყვარული უფლიი საჩუქარია, დიდი გაფრთხილება უნდა, მთელი შენი არსებით უნდა გაიცემდე მუდამ და რაც მთავარია, სენი საქმე უნდა გიყვარდეი ძალიან, დიდი სიყვარული თუ ჩადე სენ საქმეში, უფალი მოგეხმარება!
- მართალი ხარ ბაბო! ერთი ამოცანის ამოხსნას მე ორი დღე ვეწვალებდი და სიზმარში ზეპირად ამოვხსენი!
- ხედამ, დიდ სიყვარულ რა შაიძლებია?_უკვე სიხარული იკითხებოდა ბებიაჩემის ხმაში _ ხო გახსომს რამდენნაირი სიყვარულია ქვეყანაზე? გოგო-ბიჭიი სიყვარული კი მაშინ უნდა გაჩნდეი, როცა ვაჟი მზად არი ოჯახიი შასაქმნელად, აქ ბუდე და ოჯახიი რჩენიი თავი . უნამუსობაა სხვიი იმედზე ყოფნა, გინდა ეს სხვა დედა ან მამა იყოი.
შემდეგ ორივე გაჩუმებულები მივდევდით ჩემ ვირს და უკვე სოფელში რომ შევედით, სიჩუმე ისევ ბებიაჩემმა დაარღვია:
- ერთი რამეც კარგა დაიხსომე შვილო: ორივეი, ცოლდა ქმარ, ერთმანეთიი ფრჩხილებიც კი უნდა უყვარდეთ, ვიდრე შაირთამ, კარგა  უნდა დაუფიქრდე, კარგა უნდა შაამოწმო შენი საცოლე. იცოდე, ბალღი მუცელში რო ცაისახება, მერე სიბრიყვეა იმიი ძახილი, ვერ შავეწყვე და ერთმანეთიი ნერვებიი შლაი გაყრა იჯობიაო. ამაი ქალაჩუნა არაკაცები ან უტვინო სულით ბოზანდარა ქალები ამბობენ. ხელიი მოწერა და ჯვრიი წერაც კი თამაშად გადააქციეი. რატო თავიი შვილზე არა ფიქრობენ, ქა? იმათ ხო დედაც უნდა და მამაცა. გული მერევა ხოლმე გაყრიი გაგონებაზე!
მართლაც და ახლა, ყოველწლიურად რომ იზრდება დანგრეული ოჯახების რაოდენობა, ტელეგადაცემებში ხშირად აჩვენებენ მრავალ ცოლ და ქმარ გამონაცვალ კაცებსა თუ ქალებს. ერთს ცხრა ცოლი ჰყავდა გამოცვლილი, ერთს ოთხივე ქმრიდან ჰყავდა შვილები, პოპულარულ ადამიანად მოაქვთ ზოგიერთს თავი და ამდაგვარ ამბებს სავსებით ნორმალურ ვითარებად წარმოადგენენ ტელეწამყვანიცა და მათი გარემოცვაც. უპასუხისმგებლობა რომ ოჯახიდან იწყება, ბევრმა დაივიწყა. ბებიაჩემის აზრით კი, ოჯახის დანგრევასი დამნაშავეს, ქალსა თუ კაცს, არც ერთი სამსახური არ უნდა ანდონ. ასეთ ხალხს ვერ იტანდა განსაკუთრებულად და შეიძლება ამიტომაც დაარვეს ავი.
სხვა ბებიაბივით, ბაბე ბაბოს ღრმა მოხუცებულობისთვის არ მიუღწევია, სამოცდაცხრა წლისა გარდაიცვალა. დიდხანს არ სევუწუხებივართ, ერთი თვე იყო მწოლიარე. მანამდე ცოტა ხნით ადრე სიკვდილზეც გვქონდა საუბარი, ისევ ვენახიდან მომავალ გზაზე:
- ძაან დავირალე შვილო და სიკვდილი რატო არსაიდანა ჩანს?
- ჯერ რა დროს სიკვდილია, ბებო_გავიკვირვე, რადგან პირველად ვნახე მუდამ ოპტიმისტი ბებიაჩემის სხვაგვარი განწყობასიცოცხლისადმი_თუ დაიღალე, დაისვენე, ვენახშიც შენ ნუღარ ივლი, დაჯექი სახლში და შვილიშვილებს ეთამაშე!
- შე მამაძაღლო_გაეცინა ბებოს_მაგრე ცხოვრება რომ შემეძლოი, სიკვდილ რაღად ვინატრებდი. ე, ოხერი, ვენახში თუ არ ჩააველ, პური თუ არჩავაკარ და ტახტზე წამოვეთხლიშე მღდვდლიი ცოლივით, მე ხო აღარ ვიქნები? ბალღებ კიდე თავიი ჭკუაზე იზრდიან ეხლა და მე შენ მაინც ხო კარგა მიცნობ, სხვანაირი წესები მაქ!
- კარგი რა, ბებო, შენც ხომ გეკუთვნის დასვენება!
- მეც მაგაი არ გეუბნები, შვილო? ყველანი კარგადა მყავხართ უფლიი მადლითა და მეცა, როცა სხვანაირად ცხოვრება არ შამიძლია, ღირსი არა ვარ მარადისობაში დაბრუნებისა? მზადა ვარ რო მალე ვიხილო დიდი საოცრება_სიკვდილი!
- მოიცა, მოიცა!_ვიფიქრე, რომ ლოგიკაში გამოვიჭირე ბებიაჩემი_ შენ არ ამბობდი, რომ იღბალს ვინც ემდურის, ლაჩარი და რეგვენიაო?
- რაებ მიიქარამ, შე მამაძაღლო! გამიბრაზდა ბებო_რახან სიკვდილი მინდა, იღბალ ვემდური? პირიქით მადლობელი ვარ უფლიი და იღბლიი ყველაფრიითვინ. რაცა უფალ არ ეწადი, არა საქმე არ იქნებიიო და მეც, უფალ სილ იმაი ვევედრები, რო მანამდე წამიყვანოი, სანამ შავაწუხებ ოჯახ, ხალხ და ჰაერ!

მეც მუდამ უფალს იმას ვთხოვ, რომ შეუნდოს ყველა ცოდვა ბებიაჩემს, თუ კი რაიმე ქონდა და ნათელში ამყოფოს მისი სული, ის ამას ნამდვილად იმსახურებს!


_ ასე მიყვებოდა მამა თავის ბავშვობაზე, ბაბეზე, რომელიც ვგრძნობდი, ძალიან უყვარდა. თითქმის მთელი მისი ყრმობა ბებიამისთან იყო დაკავშირებული. მამასაც არ მიუხწევია ღრმა მოხუცებულობისთვის. ისიც ბოლოს დაღლილი იყო ამ ცხოვრებით, უსამართლობით, სიბინძურით, პირფერობით, დილეტანტიზმით, გულგრილობითა და კაცთმოძულეობით გაჯერებული ჰაერის სუნთქვით! ბოლო დღეებში, ხშირად საუბრობდა თავის დასთან ბავშვობაზე, რომელსაც მისგან განსხვავებით დიდი სიყვარული არ ქონდა შემორჩენილი ალალი ბებიისა, ბაბესი, იცოდა რა რომ დედამისი ( ბებიაჩემი) როგორ ძალით გაათხოვა უკიდურეს სიდუხჭირეში მყოფმა ქვრივმა ქალმა და ექიმად გამოსვლისა და კარიერის შექმნის საშუალება სამუდამოდ მოუსპო. მამა თურმე სულ მის გამართლებას ცდილობდა და პირდებოდა, რომ გამოვჯანმრთელდები, ყველაფერს მოგიყვები დაწვრილებით და ვიცი, აზრსაც შეიცვლიო.
ახლა , მამიდა რომ წაიკითხავს მამას მოყოლილ ამბებს, დარწმუნებული ვარ, ეკლესიაში, პირველ რიგში ბაბეს დაუნთებს სანთელს, თუმც მე არ მწამს იმისა, რომ სანთელს რაიმე ძალა ჰქონდეს . ადამიანი ცხოვრებაში უნდა იყოს სანთელივით, ანათებდეს, ათბობდეს და სხვასაც გზას უჩვენებდეს, წყვდიადს განუბნევდეს და ნაღველს უქარვებდეს!


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები