ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბუდულა
ჟანრი: პროზა
12 თებერვალი, 2013


ტყუპების ზოდიაქო

მე ზოდიაქოთო ტყუპები ვარ.
შენც ტყუპები ხარ...
მახსოვს, ჰოროსკოპში წავიკითხე, ამ ნიშნით დაბადებულებს შეუყვარდებათ ცხოვრებაში ერთხელო!

            ***************************************************
გათხოვების მერე უმუშევარი ვიყავი და ფინანსურად  ძალიან მიჭირდა.  იძულებული გავხდი ,ხელი რამე სხვა
საქმისათვის მომეკიდა, ორკვირიანი კურსები გავიარე და ყვავილების თაიგულებისა და კალათების გაკეთება
ვისწავლე.
კალათები  ძალიან კარგი გამომდიოდა და მოთხოვნილებაც დიდი იყო ასეთებზე, რადგან ჩემნაირად
ვერავინ აკეთებდა. შემოსავალი გამიჩნდა, ცოტა ამოვისუნთქე. ეგაა, ქუჩაში დგომას და სახალხოდ ყვავილების
გაყიდვას ვერაფრით შევეჩვიე, ძალიან ვითრგუნებოდი და ნაცნობებს თვალს ვარიდებდი, სირცხვილით  ვიწვოდი,
მაგრამ მაინც ჯიუტად ვაკეთებდი და ვყიდდი...მხოლოდ ის მაიმედებდა, რომ შენ ქალაქში არ იყავი,საზღვარგარეთ მეგულებოდი
და  იმედი მქონდა, ვერასდროს გაიგებდი, ჩემი შეცდომა რა ძვირად დამიჯდა,როცა სიყვარული ვერ
დაგიფასე და გული გატკინე. არც ის მინდოდა გაგეგო, მუდმივად ,ზამთარზაფხულ , ცივი წყლისა და ყვავილების ნარჩენებისაგან
ხელები როგორ მქონდა გაუხეშებული და რა  საგულდაგულოდ ვმალავდი.

ჩვენი დახლები ბაზრის შესასვლელთან ახლოს იდგა,ნებისმიერ შემსვლელ-გამომსვლელს შეეძლო დავენახეთ.
ირგვლივ მყოფი  ქალები კი  ყვავილები რომ გაეყიდათ,ისე გაჰკიოდნენ ,თავი ბევრჯერ დასაფლავებაზე მეგონა.
თან ყვავილები  ისეთ  მძაფრ  სუნს აფრქვევდა, სახლში მისვლისთანავე ტანსაცმელს ვიცვლიდი,ბავშვებს
რომ არ ეყნოსათ.

          ***************************************************
საღამო იყო,რამდენიმე კალათა მქონდა გაკეთებული,მხრებში აწურული ვიდექი და მყიდველს ველოდი.
ბავშვი ავად მყავდა და წასვლას ვჩქარობდი.ერთი ხანი ისიც ვიფიქრე,დავტოვებ და ვინმე გამიყიდის მეთქი.
სიცხიანი  შვილის გაფიქრებაზე  ზარალსაც არ ვდარდობდი.
უცებ ჯიპი გაჩერდა , მამაკაცი გადმოვიდა და პირდაპირ ჩემსკენ წამოვიდა.
მე საერთოდ არ მომწონს, ვინმემ მცნობს და მით უმეტეს,ფულით განებივრებულ ადამიანს თვალებში არც ვუყურებ ხოლმე...
- უკაცრავად,თქვენთან კალათა რა ღირს? - მეკითხება
ღმერთო,რა ნაცნობი ხმა აქვს, გააზრებას ვერ ვასწრებ და თვალს ვარიდებ
- 30 ლარი- ვამბობ დაუფიქრებლად  - ცეცხლი წამეკიდა, ალი მომედო, ისააა ნამდვილად მისი ხმააა...
-დიახ, 30 ლარი  - ვაზუსტებ და რომ არ მიცნოს,თავს გვერდზე ვაბრუნებ.
ის მოხდა , რისიც მეშინოდა.  ხომ არის  ხოლმე, მხოლოდ  ის  ერთი გაინტერესებს...სხვა რას იტყვის,სულერთია.
- ქალბატონო.თუ არ შეწუხდებით,  მისამართს მოგცემთ და ყველაზე ლამაზი თაიგული,უფრო დახვეწილი და ლამაზი,ვიდრე აქ გაქვთ,
იმ მისამართზე მიმიტანეთ. ერთი არაჩვეულებრივი ქალისათვის მინდა.
კარგად გადაგიხდით. მე აქვე ბაზარში შევივლი და ასე 15 წუთში დავბრუნდები.

ალბათ, ასეთ დროს  ნატრობენ  მიწის გასკდომას...
- კარგით, გამოიარეთ - დავეთანხმე. რადგან ვერ მიცნო, ნერვიულობამ გამიარა...უიმედო და დათრგუნული კი ვარ,მაგრამ იმ მისამართზე
ვინმეს გავაგზავნი....ახლა ფული მჭირდება,უარის თქმას არც ვაპირებ.

ყვავილების თაიგული მართლაც განსაკუთრებული გამოვიდა .მთელი სიყვარული ჩავაქსოვე,ჩემი და მისი სიყვარული.
დრო ისე გავიდა, ვერც გავიგე.თხუთმეტ წუთში რამდენი რამ გამახსენდა,რაც ერთმანეთს გვაკავშირებდა...ვხედავ, ჩემსკენ მოდის,
უზარმაზარი პარკი რაღაც საჩუქრებით  არის სავსე.....ხილიც ჩანს ....ახლოს მოვიდა და თვალებში ჩამხედა...საშუალება არ მომცა, მისთვის არ შემეხედა.
თვალებში ჩამხედა და მე მივხვდი,რომ წეღანაც მიცნო....წამი  დავიჭირე მისი მზერაში.
- აი, ეგ ყვავილები და ეს საჩუქრები,თუ არ შეწუხდებით, ამ მისამართზე მიიტანეთ - ხელში ლამაზი ბარათი  და ასდოლარიანი ერთად მომაჩეჩა...მასაც აფორიაქება  ეტყობოდა.

ყვავილების გამყიდველი, ცნობისმოყვარე ქალები, შეგროვილიყვნენ და ინტერესით მიყურებდნენ.
უცებ გონს მოვეგე და კარგით მეთქი, უფრო  ამოვისუნთქე , ვიდრე  ხმა  გავიღე....

„მარი, ძვირფასო,ახლა უფრო მეტად მიყვარს შენი ხელები,ვიდრე მაშინ ,როცა ერთმანეთს ვხვდებოდით.ეს ყვავილები შენთვისაა,იმედია საუკეთესო გააკეთე... შენ სილამაზესთან შედარებით მაინც მცირეა.
ყოველთვის შენ გვერდით  ვარ.
            მიყვარხარ“


ბარათი ნაჩქარევად იყო დაწერილი.მე მას უკვე მეათედ  ვკითხულობდი, ტაქსში მჯდომი  და სახლისკენ მიმავალი ,თან ხმამაღლა ვტიროდი. ტაქსის მძღოლს, ალბათ , ახლობლის დასაფლავებაზე მიმავალი ვეგონე...თუმცა მართალიც იყო...
საკუთარ თავს და უიღბლობას ვგლოვობდი.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები